სოკრატე

ჯონ სტიუარტ მილი – ინგლისელი ფილოსოფოსი და ეკონომისტი.

ამონარიდი ჯონ სტიუარტ მილის წიგნიდან „თავისუფლების შესახებ“.

არასდროს არ არის ზედმეტი შევახსენოთ ადამიანებს, როგორც არ უნდა ხშირად შეახსენებდნენ მათ ამას, რომ ცხოვრობდა ოდესღაც ადამიანი, სახელად სოკრატე, რომელიც ლეგალურმა ხელისუფლებამ და საზოგადოებრივმა აზრმა მოკლა, როგორც ბოროტმოქმედი.

ზოგადად მიჩნეულია, რომ ის ეპოქა და ის ქვეყანა, რომელსაც ის ეკუთვნოდა, მდიდარი იყო ინდივიდუალური დიადებით, სოკრატე კი თავისი დროის ყველაზე უფრო მაღალი ზნეობის ადამიანი გახლდათ. ჩვენ ვიცით, რომ ის თავი და თავი და პროტოტიპი ზნეობის ყველა დიდი მასწავლებლისა, რომელთაც კი მის შემდეგ უცხოვრიათ, რომ ის წყაროა პლატონის უმაღლესი შთაგონებისა და არისტოტელეს უტილიტარიზმისა – „i maestri di color che sanno“ (ფერის ოსტატები, რომლებმაც იციან.), რომ ის არის მასწავლებელი ამ ორი ეთიკური ისევე, როგორც ყველა სხვა ფილოსოფიის შემოქმედისა.  

და მერე რა! ეს უდიდესი ადამიანი, რომელსაც ყველა მისი შემდგომი მოაზროვნე თავის მასწავლებლად აღიარებდა, რომლის დიდება სულ უფრო და უფრო იზრდებოდა ორი ათასწლეულის განმავლობაში და ყველა სხვა მისი სახელგანთქმული თანამემამულის დიდებას აღემატება – სწორედ ამ ადამიანს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს და სიკვდილით დასაჯეს მისივე თანამოქალაქეებმა უზნეობისა და უპატიოსნობისათვის. ის უპატიოსნოდ იმიტომ მიიჩნიეს, რომ უარყოფდა ღმერთებს, რომლებსაც მისი ქვეყანა აღიარებდა. და მართლაც, მისი ბრალმდებელი ამტკიცებდა, რომ მას არცერთი ღმერთი არ სწამდა. მას ბრალი დასდეს უზნეობაში იმიტომ, რომ მისი მოძღვრება და შეგონებები „ახალგაზრდობას რყვნიდა“. ჩვენ სრული საფუძველი გვაქვს ვიფიქროთ, რომ სასამართლომ  სრულიად კეთილსინდისიერად ცნო დამნაშავედ ყველაზე უკეთესი ადამიანი და სიკვდილი მიუსაჯა მას, როგორც ბოროტმოქმედს.

მაგრამ არსებობს კიდევ სასამართლოს უსამართლობის  მაგალითი, უნდა ითქვას ერთადერთი, რომელზეც შეიძლება მიუთითო სოკრატეს დასჯის შემდეგაც კი ისე, რომ მართებული არგუმენტაციიდან არ გადავუხვიოთ და ძლიერი არგუმენტიდან ნაკლებად ძლიერ არგუმენტზე არ გადავიდეთ. მე ვგულისხმობ იმ მოვლენას, რომელიც თვრამეტ ასეულზე მეტი წლის წინ გოლგოთაზე მოხდა. კაცი, რომელმაც თავისი მორალური სიდიადით ისეთი გრანდიოზული შთაბეჭდილება დატოვა იმ ადამიანებზე, რომლებმაც იხილეს ის და მოუსმინეს მის საუბარს, რომ მთელი მომდევნო თვრამეტი საუკუნის განმავლობაში პატივს მიაგებენ მას, როგორც ადამიანში განსხეულებულ ყოვლისშემძლეს, ისე სამარცხვინოდ დასაჯეს სიკვდილით, თითქოს ბოროტმოქმედი ყოფილიყოს. ადამიანებმა ვერ იცნეს თავიანთი კეთილისმყოფელი და სრულიად იმის საპირისპიროდ მიიჩნიეს ის, რაც სინამდვილეში იყო, რის შედეგად თვითონ იქცნენ ნიმუშად ყოველგვარი უკეთურებისა.

იმ გრძნობებით გატაცებულები, რომელსაც ჩვენს დროში ორი ზემოთ მოყვანილი მოვლენა აღძრავს, განსაკუთრებით კი მათგან უკანასკნელი – ადამიანები ჩვეულებრივ უკიდურესად უსამართლოდ მსჯელობენ ამ მოვლენების მონაწილეებზე. ისინი, როგორც ჩანს, სულაც არ იყვნენ ცუდი ხალხი და სულაც არ იყვნენ უარესები, ვიდრე ჩვეულებრივ ადამიანები არიან. და შეიძლება უკეთესებიც კი იყვნენ. ესენი იყვნენ ადამიანები, მთლიანად ან იქნებ მეტისმეტადაც კი, გაჟღენთილები თავიანთი დროის და თავიანთი ხალხის რელიგიური, ზნეობრივი და პატრიოტული გრძნობებით – ისინი იმ ადამიანთა რიგებს ეკუთვნოდნენ, რომელთაც ყველა დროში, და გამონაკლისი არც ჩვენი დროა, უფრო მეტი უნარი აქვთ თავიანთი ცხოვრება უმწიკვლოდ გალიონ და საყოველთაო პატივისცემით სარგებლობდნენ. მღვდელმთავარმა სამოსი შემოიხია, როცა ისეთი სიტყვები გაიგონა, მისი ქვეყანაში უსაშინელეს დანაშაულად რომ იყო მიჩნეული, მისი ძრწოლა და რისხვა, როგორც ჩანს, არანაკლებად გულწრფელი იყო, ვიდრე ჩვენი დროის ყველაზე ღირსეული და ღვთისმოსავი ადამიანების  რელიგიური და ზნეობრივი გრძნობები. და ბევრი მათგანი, ვისაც ახლა ძრწოლა იპყრობს ჯვარცმის გაგონებაზე, იმ დროს რომ ეცხოვრათ და ებრაელებად დაბადებულიყვნენ, იმავეს გააკეთებდნენ, რაც მღვდელმთავარმა გააკეთა. არ უნდა დაავიწყდეს ის მართლმადიდებლები, რომლებიც ფიქრობენ, რომ უკეთესები არიან იმ ადამიანებზე, რომლებმაც პირველი წამებულები ქვებით ჩაქოლეს. არ უნდა დაავიწყდეთ, რომ ქვის მსროლელთა შორის წმინდა პავლეც იყო.

Scroll to Top