ჯორდან პიტერსონი – ღმერთის რწმენა

0
381
ამონარიდი კანადელი ფსიქოლოგის, ჯორდან პიტერსონის ლექციიდან
თარგმანი:ლევან თურმანაულის

 

…ასეთი კითხვა დამისვეს: “გჯერა თუ არა ღმერთის?” – არ მიყვარს ეს კითხვა.

ხალხი ამის გამო მაკრიტიკებდა და დარწმუნებული ვარ, თავიანთი მიზეზები ჰქონდათ, რადგან ჩემი პასუხები არ მოსწონდათ.

მე ორი პასუხივით მაქვს, რომელიც სტანდარტულად იქცა, რაც კარგი არაა. მაგრამ ზუსტად ვერ ვხვდები, რატომ არ მომწონს კითხვა, რასთან დაკავშირებითაც სამი სხვადასხვა მიმართულების ჰიპოთეზა მაქვს:

პირველი – რა შენი საქმეა საერთოდ?!

შეიძლება ითქვას, რომ ეს პირადულობის საკითხია – თემა მეტისმეტად ინტიმურია იმისთვის, რომ პასუხი გავცე! რაც თავის არიდებად შეიძლება ჩაითვალოს და იქნებ, არის კიდეც;

მეორე იყო – რას გულისხმობ “რწმენაში”? სიტყვების თქმას “მე მჯერა ღმერთის არსებობის?” ეს ნიშნავს, რომ ღმერთის არსებობის გჯერა? კარგად ვერ ვხვდები, რას გულისხმობ, როცა ამბობ, “მწამს”. ამგვარმა პასუხმაც პრობლემები შემიქმნა, რადგან ბრალს მდებდნენ, რომ სიტყვების მნიშვნელობის დაზუსტებით ისევ პასუხზე თავის არიდებას ვცდილობდი, რაც სინამდვილეში მხოლოდ კითხვის დაზუსტება იყო;

ვგულისხმობ: იმის გჯერა, რასაც ამბობ? თუ იმის, რასაც აკეთებ?! რაღაც ხარისხით – ორივე, მაგრამ როცა საქმე საქმეზე მიდგება, რაც გჯერა ისაა, რასაც აკეთებ და არა ის, რასაც ამბობ, და თუ პრინციპული ადამიანი ხარ, მაშინ ის, რასაც ამბობ და რასაც აკეთებ, ერთმანეთს ემთხვევა.  შენ ხარ ის, ვისი სიტყვის ნდობაც შეიძლება.

მაგრამ რწმენა საქმეში ჩანს, ასე რომ ისე ვიქცევი, თითქოს ღმერთის მწამდეს (ან შეძლებისდაგვარად ასე). ხალხს ესეც არ მოსწონს. მესამე არის – რომ მეშინია, რომ ის შეიძლება მართლა არსებობდეს და, რომელიც, მგონია, რომ ყველაზე კომიკურია ამ სამი პასუხიდან და შესაძლოა, ყველაზე ზუსტიც;

მაგრამ მერე, სანამ თქვენთან მოვიდოდი, ამაზე ვფიქრობდი და გადავწყვიტე, ურიგო არ იქნებოდა, ცოტა უფრო ჩავუღრმავდეთ საკითხს; ვთქვათ, რომ შენ ამბობ, რომ გჯერა ღმერთის; “მე მჯერა ღმერთის”. კარგი. მე ვიტყოდი, ჰიპოთეტურად ეს ძალიან შთამბეჭდავია. ანუ, ამბობ, რომ არის ღვთიური ძალა, რომელიც ყველაფერს მეთვალყურეობს, რომელიც, არსებითად, ეთიკურია, რომელიც ხედავს ყველაფერს, რასაც აკეთებ და ეს გჯერა! და რა გავლენას ახდენს ეს შენს ქცევაზე?! ეს ნიშნავს, რომ ყველაფერს დათმობ შენი რწმენებისთვის? ყველაფერს სწირავ ამ ტრანსცენდენტურ არსებას, რომელზეც გამოაცხადე, რომ გჯერა? გაწმინდე შენი თავი, ვთქვათ, ყველა შენი ცოდვისგან? ამოიღე დირე შენი თვალიდან?

თუ იმავე პოზიციაში ხარ, ვთქვათ, რომელშიც ახლა კათოლოკური ეკლესია მოსჩანს? საინტერესოა ეს თემა წამოვწიოთ, რაკიღა რომის პაპი შეწუხებული ჩანს იმით, რაც იქ ხდება. ვგულისხმობ დაუსრულებელ პედოფილიურ სკანდალებს, რომელიც მე საკმაოდ სერიოზულად მეჩვენება და რასაც, შეიძლება, ასობით წლების განმავლობაში ან ათასი წლის განმავლობაში ფარავდნენ და რომელსაც ახლა სერიოზულად ეკიდებიან ან – არც, რადგან არც ისე ადვილი განსასაზღვრია, რას ნიშნავს, რომ ამას სერიოზულად მოეკიდო და, შეიძლება, თქვა:

მაშ, იმ ადამიანებს, რომლებიც ამ “ღირსეულ” საქმეებს სჩადიან და შემდეგ მალავენ, რომ ჰკითხო, მორწმუნეები არიან თუ არა, რას გიპასუხებენ? ალბათ, პასუხი დადებითი იქნება, იმიტომ რომ… იმიტომ, რომ მღვდლები არიან! და მიუხედავად ამისა, რა არის ამის მტკიცებულება? მტკიცებულება არც ისე ნათელია. მხოლოდ განაცხადი ან მხოლოდ რიტუალის  ჩატარება (თუმცა, მე არ ვცდილობ დავაკნინო ან ერთი, ან – მეორე) არ ნიშნავს, რომ უფლება გაქვს თქვა, რომ გჯერა.

მე ვფიქრობ, სწორედ ამიტომ მაწუხებდა ამ კითხვაზე პასუხის გაცემა – რა უფლება მაქვს, რომ ეს განვაცხადო? “მე მჯერა ღმერთის” – ეს ნიშნავს, რომ კარგი ადამიანი ვარ, როგორღაც?!  იმიტომ, რომ საფიქრელია, თუკი ღმერთის გჯერა, მართლა, სერიოზულად, მაშინ ამწამსვე კარგი ადამიანი გახდებოდი, სავსებით ცხადი მიზეზების გამო!

და თუ კი ეს არ მოხდა, შენ თუ საუკეთესო პიროვნებად არ იქეცი სამუდამოდ, რომლის წარმოდგენაც შეგიძლია და, თუკი, ამ გზიდან გადახვევის შესაძლებლობა საშინლად არ გაშინებს, მე მიზეზს ვერ ვხედავ, თუ რატომ უნდა გქონდეს უფლება, თქვა, რომ ღმერთის გწამს!

ერთ-ერთი რაღაც, რასაც ნიცშე ამბობდა ქრისტიანობასთან დაკავშირებით, – (ის ქრისტიანობის დიდებული კრიტიკოსი იყო და რაღაც უცნაური აზრით, ძალიან კარგი მეგობარიც,  რადგან ხანდახან შენი საუკეთესო მეგობარი ისაა, ვინც შენს ყველაზე სუსტ თვისებებზე მიგითითებს) – ისაა, რომ რამდენადაც მან იცოდა, ერთადერთ ქრისტიანს იცნობდა და ისიც ჯვარცმისას მოკვდა.  ეს შეიძლება ცოტა გადაჭარბებული ნათქვამია, მაგრამ ისეთი, რომლის გათვალისწინებაც ღირს;

შემდეგ იმაზე ფიქრობ, რა მოგეთხოვება, თუკი აცხადებ, რომ ღმერთის გწამს. ამაზე ბევრი ვიფიქრე, როცა ძველ აღთქმას გავდიოდი (შარშან ბევრი ლექცია ჩავატარე) და რაც შენ მოგეთხოვება ისაა, რომ გარეთ გამოიტანო  ღვთიური ნაპერწკალი, რომელიც შენშია, უპირისპირდები რა პოტენცურს; ეს  გულისხმობს, რომ აიღო ის შესაძლებლობები, რომლებიც შენ წინაშეა და აწმყოდ გადააქციო შეძლებისდაგვარად საუკეთესო სახით, გამოიყენო სიმართლე, გამბედაობა და სათქმელის ჩამოყალიბების ფრთხილ-ზუსტი მანერა, როგორც შენი პრინციპები; ესაა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რამ, რაც მოგეთხოვება.

მეორე ისაა, რომ გაიღო სწორი მსხვერპლი (ესაა კაენის და აბელის ამბავი) – გინდა რამე? ნამდვილად გსურს? გინდა რომ სამყარო გააკეთილშობილო? მაშინ  მოიშორე არასაჭირო, მიუხედავად იმისა, რა არის ეს და მიჰყევი მხოლოდ იმას, რაც საჭიროა; ამის შემდეგ შეიძლება შენი შვილები შესწირო ღმერთს – ესაა კიდევ ერთი ისტორია, რომელიც გვახსენდება – და შენ ფიქრობ, რომ ეს ძალიან ბარბაროსულია და ის ფორმა, რა ფორმითაც ისტორია არის წარმოდგენილი, ასეც არის; მაგრამ მისი მნიშვნელობა სხვაა – ეს ნიშნავს, რომ შვილების აღზრდისას ბოლომდე ეცადო, რომ მათზე შთაბეჭდილება დატოვო შენი მაგალითით და დარიგებით, სიყვარულით და გამხნევებით, რომ ისინი მნიშვნელოვანი არსებები არიან სამყაროში, რომელთა ეთიკური გადაწყვეტილებები დიდ როლს თამაშობენ თვით რეალობის ფორმირებაში და რომ მათ ამაზე მორალური პასუხისმგებლობა აკისრიათ!

ამის შემდეგ კიდობანს გაამზადებ, რომელიც, შეიძლება ვთქვათ, შენი ოჯახია, ასე რომ, როცა შტორმი დაიწყება, წყალს ზემოთ დარჩები ორმოც დღიანი წარღვნის შემდეგ; ან შეგიძლია შენს ხალხს გაუძღვე უდაბნოში, როცა უდაბნო გაამჟღავნებს თავისთავს და შეგიძლია გაექცე ტირანიას დროულად, იმიტომ რომ საკმარისად ბრძენი ხარ ამის განსაჭვრეტად;  არსებობის მთელ სიმძიმეს შენს თავზე იღებ, ყველა ტანჯვა-წამებას, შენივე ნებით და ყველაფერს აკეთებ იმისთვის, რომ დაუპირისპირდე ბოროტებას, რომელიც შენი ნაწილია, რომელიც ქვეყნის ნაწილია და რომელიც მსოფლიოს ნაწილიც არის; ქმნი ბაღს შენ გარშემო (ესაა სამოთხე), შემოღობილ ბაღს, რომელიც კარგად ირწყვება, ასე რომ ბუნების ძალები და საზოგადოება ჰარმონიულად თანაარსებობენ და შენ შენს ოჯახს აქ განათავსებ; ექცევი შენს მტერს ისე, თითქოს შენი თავი იყოს და ასევე – შენს ძმასაც; ამ შემთხვევაში, შეიძლება უფლება გქონდეს თქვა, რომ ღმერთის გჯერა… სხვაგვარად, სანამ რამეს იტყოდე, კარგად უნდა დაფიქრდე!

ახალ აღთქმაში ორი ადგილია, რომლებიც ამ თემასთან რელევანტურია, რომელთა პერიფრაზსაც გავაკეთებ:

მდიდარი კაცი მიდის ქრისტესთან და ეუბნება: კეთილო ლიდერო, როგორ ვიყო უკეთესი პიროვნება? ხოლო ქრისტე პასუხობს, “არ დამიძახო კეთილი, რადგან არავინაა კეთილი, ღმერთის გარდა”. ეს ამბავი დაფიქრების ღირსია, რადგან ერთი პიროვნება, რომელსაც, იდეაში, უფლება ჰქონდა ღვთაებრივთან კავშირზე პრეტენზიის, ამაზე უარს ამბობს, როცა გამოიწვევენ! ასე რომ აზრს მოკლებული არ უნდა იყოს დასკვნა, რომ თითოეული ჩვენგანი გაფრთხილდეს, სანამ ასეთ განცხადებას ბრმად გააკეთებდეს!

ხოლო მეორე ფრაზა ასე ჟღერს: “ყველა, ვინც “ღმერთო ღმერთოს” იძახის, სამოთხეში როდი შევა”,

რაც დაახლოებით ნიშნავს შემდეგს – მხოლოდ იმიტომ, რომ შენ აცხადებ, რომ მორალური ღირსებები გაქვს, ვთქვათ, შენი ღმერთის რწმენა, რომელზე მაღალი განაცხადის გაკეთებაც, ჩემი გადმოსახედიდან, შეუძლებელია…

არ აქვს მნიშვნელობა, აგნოსტიკოსი ხარ თუ ათეისტსი, საკითხი ამგვარად დგას: წარმოიდგინეთ რაღაც, რომელსაც ზღვრული (მეტი რომ არ შეიძლება) მიღმიერი ღირებულება აქვს, რომლის ერთგულებასაც იფიცებ, რაც გულისხმობს თქვა, რომ ამის გჯერა… მძიმე მორალური ტვირთი მოჰყვება ამას, რომ თავს უფლება მისცე და ასეთი სიტყვების წარმოთქმა გაბედო იმ განცდის გარეშე, რომ ახლა მეხი დაგეცემა!

და ვფიქრობ, ამიტომ არ მომწონს ეს კითხვა…. არ ვფიქრობ, რომ უფლება მაქვს ასეთი განაცხადი გავაკეთო.

                                                                            ***

კიდევ ერთი რამ, რასაც წავაწყდი, როდესაც ბიბლიასთან დაკავშირებით ვკითხულობდი ლექციებს,  ესაა იაკობის ისტორია, რომელიც მოგვიანებით ისრაელად იქცა. ის ნამდვილი თაღლითი იყო და მორალურად ბუნდოვანი ფიგურა, რბილად რომ ვთქვათ; იმას ვგულისხმობ, რომ მან თავის უფროს ძმას დაბადებით მიცემული უფლება თაღლითობით წაართვა, ბევრი ხრიკები იცოდა და  ისიც, თავის დროზე, ბევჯერ მოატყუეს, ხოლო შედეგად, როგორც ჩანს, რაღაცები ისწავლა.

თავისი ძმისგან გაქცევის შემდეგ, რომელსაც მისი მოკვლის ფიქრები აწუხებდა,(და არც თუ უმიზეზოდ), მანდ 14 თუ 20 წლის შემდეგ, დაბრუნება გადაწყვიტა და უნდოდა,თავის ძმასთან მშვიდობა დაემყარებინა. ის მდინარეს გადააწყდა, რომლის გადაღმაც თავისი ოჯახი, მთელი თავისი საკუთრებით, გაუშვა, როგორც მშვიდობის შეთავაზება, ხოლო თვითონ, მეორე მხარეს დარჩენილმა სიზმარი, ხილვა, ჰალუცინაცია ან ღმერთი ნახა. მან ნახა, რომ ანგელოზს ეჭიდავებოდა მთელი ღამის განმავლობაში და რომ ეს ანგელოზი ღმერთი იყო და მოუგო.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი