ზიგმუნდ ფროიდი – ფსიქოანალიზის ისტორია

0
444

ფსიქოანალიზი, შეიძლება ითქვას, მეოცე საუკუნესთან ერთად დაიბადა. ის ქვეყანას მოევლინა პუბლიკაციით „ჩემი სიზმრის ინტერპრეტაცია“, რომელიც 1900 წლით თარიღდება. მაგრამ ფსიქოანალიზი, თავისთავად ნათელია, ქვესკნელიდან არ ამოხეთქილა ან ზეციდან არ ჩამოვარდნილა. ის დაკავშირებულია ძველთან და მისი გაგრძელებაა.

ფსიქოანალიზი მჭიდროდ შემოსაზღვრულ ნიადაგზე აღმოცენდა. თავდაპირველად მას მხოლოდ ერთი მიზანი გააჩნდა. კერძოდ, რაიმე გაეგო ეგრეთწოდებულ „ფუნქციონალურ“ ნერვულ დაავადებათა ბუნების შესახებ, რათა მათ მიმართ “სამედიცინო უძლურება” დაეძლია. ამ დროის ფიზიკო-ქიმიური და პათ-ანატომიური ფაქტებისადმი დიდი პატივცემით აღზრდილი ნევროლოგები ჰიტციგისა და ფრიჩის, გერარის, გოლცისა და სხვათა მონაცემების შთაბეჭდილების ქვეშ იმყოფებოდნენ. ეს მეცნიერები გარკვეული ფსიქიკური ფუნქციების ტვინის განსაზღვრულ უბნებთან კავშირს ასაბუთებდნენ. ფსიქიკური ასპექტი იგნორირებული იყო. მეცნიერებას არ შეეძლო მისი წვდომა და ის ფილოსოფოსებს, მისტიკოსებსა და შარლატანებს გადაულოცეს. არამეცნიერულად თვლიდნენ მის განხილვასაც კი. შესაბამისად, არ იყო გახსნილი ნევროზების, და უპირველეს ყოვლისა, ისტერიის საიდუმლო.

ჯერ კიდევ 1885 წელს, სალპეტრიერში ჩემი პრაქტიკის
დროს ისტერიული დამბლის შემთხვევაში ასეთი ფორმულირებით კმაყოფილდებოდნენ – ეს ტვინის უბნების მარტივი ფუნქციონალური დარღვევაა, რომელთა მძიმე დაზიანებაც ორგანულ დამბლას იწვევს.

ზ. ფროიდის აღნიშნული ნაშრომი 1923 წლის ოქტომბერ–ნოემბერში დაიწერა „ენციკლოპედია ბრიტანიკასთვის“. ამ ნაშრომის ავტორისეული თარგმანი ინგლისურ ენაზე პირველად 1924 წელს გამოქვეყნდა სათაურით „Psychoanalysis”, გერმანეულად 1928 წელს გამოქვეყნდა სახელწოდებით „ფსიქოანალიზის მოკლე ნარკვევი“.

ბუნებრივია, გაგების ნაკლოვანება თერაპიასაც ნაკლოვანს ხდიდა. ის მოიცავდა საერთო გამაჯანსაღებელ ღონისძიებებს, წამლებით მკურნალობას და მიზანშეუწონელ, არაეთიკური ხასიათის სულიერი ზემოქმედების ცდებს, როგორიცაა პაციენტის დაშინება, დაცინვა, გაფრთხილება თუ იძულება. ნევროზის სპეციფიკური თერაპიის სახით ელექტრო მეთოდიც
იყო გამოყენებული. მაგრამ ვისაც ოდესმე W. Erb – ის აღნიშნული დეტალური დანიშნულება მიუღია, განცვიფრებულა, თუ რა დიდი ადგილი ეთმობა ფანტაზიას თითქოსდა ზუსტ მეცნიერებაში.

ვითარების რადიკალური შეცვლა დაიწყო, როდესაც, ოთხმოციან წლებში, ჰიპნოტიზმის ფენომენი ისევ შემოვიდა მედიცინაში, ამჯერად ლიბოს (Liebeault), ბერნჰაიმის
(Bernheim) ჰაიდენჰაინის (Haidenhail) და ფორელის (Forel) ნაშრომების წყალობით. უპირველეს ყოვლისა, ამ მოვლენების უტყუარობა აღიარეს. შემდეგ ჰიპნოტიზმიდან ორი ფუძემდებლური და საგულისხმო დებულება გამოიყვენეს: ჯერ ერთი დარწმუნდნენ, რომ უცნაური სხეულებრივი ცვლილებები იმ ძლიერი ზემოქმედების შედეგი იყო, რომელსაც თავად მიმართავდნენ. მეორეც, ჰიპნოზის შემდეგ ცდის პირების ქცევიდან იღებდნენ ისეთი
სულიერი პროცესების არსებობის ფაქტს, რასაც მხოლოდ “არაცნობიერი” შეიძლება ეწოდოს.

“არაცნობიერი” დიდი ხნის მანძილზე ფილოსოფიის სადისკუსიო თეორიული ცნება იყო, მაგრამ ჰიპნოტიზმის შემთხევაში ის პირველად გახდა ექსპერიმენტების ცოცხალი და ხელშესახები ობიექტი. ამასთან, ჰიპნოტური ფენომენები ზოგიერთ ნევროტულ სიმპტომთანაც ავლენდნენ მსგავსებას.
ადვილი არაა გადააფასო ჰიპნოტიზმის მნიშვნელობა ფსიქოანალიზის ჩამოყალიბების პროცესში. როგორც თეორიული, ისე თერაპიული თვალსაზრისით, ფსიქოანალიზი ჰიპნოტიზმის მემკვიდრეა. ნევროზებისა და, პირველ რიგში, ისტერიის შესწავლის საქმეში ჰიპნოზი უმნიშვნელოვანესი საშუალებაა.

უნდა აღინიშნოს შარკოს (Charcot) ცდები. შარკო ვარაუდობდა, რომ უბედური შემთხვევის შედეგად გაჩენილი გარკვეული ტიპის დამბლა ისტერიული ბენებისაა და
ჰიპნოზში, ტრავმის შთაგონების გზით, დამბლის ხელოვნურად გამოწვევა არის შესაძლებელი. ველოდით, რომ ტრავმული ზემოქმედებები განმსაზღვრელ როლს
ითამაშებდნენ ზოგადად ისტერიული სიმპტომების აღმოცენებაში.

თავად შარკო არ ცდილა ისტერიული ნევროზის ფსიქოლოგიურ გაგებას, მაგრამ მისმა მოწაფემ პ. ჟანემ მისი შეხედულებები გაითვალისწინა და ჰიპონოტიზმის დახმარებით შეძლო ეჩვენებინა, რომ ისტერიის გამოვლინებანი გარკვეულ არაცნობიერ აზრებთან არის (ideus fixes) მტკიცე კავშირში. ჟანეს ისტერია ესმოდა, როგორც სულიერ პროცესთა გამთლიანების
კონსტიტუაციონალური უუნარობა, რომელიც სულიერი ცხოვრების დაშლის (დისოციაციის) მიზეზი ხდება.

ფსიქოანალიზი არაა პიდაპირ კავშირში ჟანეს გამოკვლევებთან. მისთვის ბიძგის მიმცემი ვენელი ექიმის, დოქტორ იოზეფ ბროიერის (Breuer) გამოცდილება გახდა. 1881 წელს, სრულიად დამოუკიდებლად, ბროიერმა ჰიპნოზის გამოყენებით შეისწავლა და განკურნა ისტერიით დაავადებული მაღალნიჭიერი გოგონა. ბროიერის შედეგები მხოლოდ თხუთმეტი წლის შემდეგ გამოქვეყნდა, ფროიდთან მისი თანამშრომლობის შემდეგ. . .

აუცილებელია იმის გარკვევა, თუ რაში მდგომარეობს ბროიერის შემთხვევის თავისებურება.

გოგონა საყვარელი მამის მოვლის დროს დაავადდა. ბროიერმა აჩვენა, რომ დაავადების ყველა სიმპტომი ავადმყოფი მამის მოვლას უკავშირდებოდა და მისით აიხსნებოდა. ასე მოხდა პირველად იდუმალი ნევროზის შესწავლა და ავადმყოფობის სიმპტომებს გარკვეული
აზრი და მნიშვნელობა მიენიჭა. სიმპტომების თავისებურება იყო, რომ ისინი მოქმედებისადმი იმპულს შეიცავდნენ, მაგრამ ითრგუნებოდნენ. განუხორციელებელი ქცევითი აქტების ადგილზე ისტერიული სიმპტომები აღმოცენდნენ. ასე რომ, ისტერიული სიმპტომების ეთიოლოგიაში გრძნობების (აფექტურობისა) და სულიერი ძალების
მოქმედების (დინამიზმის) მნიშვნელობას გაესვა ხაზი. ეს თვალსაზრისი შემდგომშიც მისაღები აღმოჩნდა.

სიმპტომების აღმოცენების მიზეზი ბროიერმა შარკოს ტრავმებს გაუტოლა. ყურადღებას იმსახურებს ის, რომ აღნიშნული ტრავმატული მიზეზებისა და მათთან დაკავშირებული სულიერი პროცესების გახსენება ვერ ხერხდება; თითქოს ისინი არც მომხდარიყვნენ. და ეს
მაშინ, როდესაც მათი შედეგები ანუ სიმპტომები, უცვლელად განაგრძობენ არსებობას ისე, თითქოს მათზე დროს არც კი მოეხდინოს ზემოქმედება. ასე რომ, პოსტჰიპნოზური
შთაგონების ანალოგიურად, არაცნობიერი (და სწორედ ამიტომ განსაკუთრებით ძლიერი) სულიერი პროცესების არსებობას ახალი დასაბუთება მოენახა.

ბროიერის თერაპია შემდეგში მდგომარეობდა; მას ავადმყოფები ჰიპნოზში გადაჰყავდა, რათა დავიწყებული ტრავმები გაეხსენებინათ და მათზე ძლიერი აფექტური რეაქციით ეპასუხათ. ამის შემდეგ სიმპტომები ქრებოდა. აღნიშნული მეთოდი, ასევე, ვნების კვლევასა და დათრგუნვას ემსახურება, რასაც გვიანდელმა ფსიქოანალიზმა მიმართა.

ოთხმოცდაათი წლების პირველ ნახევარში ფროიდმა ავადმყოფთა დიდ რაოდენობაზე დაადასტურა ბროიერის შედეგები. ბროიერმა და ფროიდმა გამოცდილება და მასზე
დაფუძნებული თეორია ერთობლივ ნაშრომში (Studien ueber Histerie, 1895) წარმოადგინეს. ავტორების მიხედვით, ისტერიული სიმპტომი მაშინ აღმოცენდება, როდესაც აფექტურად დამუხტული სულიერი პროცესი განიდევნება და ამით მახინჯდება. ისტერიის შემთხვევაში ის სხეულის ინვერსიაში (კონვერსია) გადადის. მაგრამ ჰიპნოზში განცდის გაცოცხლების გზით მისი მიმართულების შეცვლა და ამოწურვა ხდება შესაძლებელი.

ამ მეთოდს ავტორები კათარზისს (განწმენდა, შენახული აფექტებისგან განთავისუფლება) უწოდებენ. კათარზისული მეთოდი ფსიქოანალიზის უშუალო წინამორბედია და მუდამ რჩება მის გულად. ეს მეთოდი გარკვეული ნევროტული დაავადებების თერაპიის ახალი გზაა და არაა გასაკვირი, რომ ის საერთო ინტერესისა და მძაფრი წინააღმდეგობის საგნად იქცა.

მალევე, “Studien ueber Histerie”-ს გამოქვეყნების შემდეგ, ფროიდსა და ბროიერს შორის თანამშრომლობა შეწყდა. ბროიერმა, როგორც ინტერნისტმა, უარი თქვა ავადმყოფთა
მკურნალობაზე. ფროიდმა კოლეგის მიერ გადმოცემული მეთოდის დახვეწა სცადა; მის მიერ შემოტანილმა ტექნიკურმა სიახლებმა კათარზისული მეთოდი ფსიქოანალიზად აქციეს. ამ მხრივ, ფროიდის მიერ ჰიპნოზზე უარის თქმა გარდამტეხი აღმოჩნდა. ეს ორი მოტივით მოხდა; პირველი, სასწავლო კურსის მიუხედავად, ფროიდმა ნანსში ბერნჰაიმთან ვერ მიაღწია ჰიპნოზს პაციენტთა საკმაოდ დიდი რაოდენობის შემთხვევაში და მეორე _ აღმოჩნდა, რომ ჰიპნოზზე დამყარებული კათარზისული შედეგი მტკიცე არაა და დიდად
არის დამოკიდებული ექიმსა და პაციენტს შორის პიროვნულ დამოკიდებულებაზე.

ჰიპნოზზე უარის თქმა გარდატეხასა და ახლის ძიებას ნიშნავდა. ჰიპნოზი, დავიწყებულის ცნობიერ მოგონებად გარდაქმნის თვალსაზრისით, დიდ დახმარებას გვიწევდა, მაგრამ ის ახლა სხვა ტექნიკით უნდა შეგვეცვალა. ფროიდს აზრად მოუვიდა ჰიპნოზის ნაცვლად თავისუფალი ასოციაციის მეთოდი გამოეყენებინა; ავადმყოფებს აიძულებდა უკუეგდოთ ყველა ცნობიერი აზრი, მისცემოდნენ მშვიდ კონცენტრაციასა და სპონტანური (არაცნობიერი) აზრების მდინარებას. თავში უეცრად მოსული აზრები უნდა გაეზიარებინათ მკურნალისთვის მაშინაც კი, როდესაც ისინი
მიუღებელნი ჩანდნენ (მაგალითად, როგორც არასასიამოვნო, უაზრო, უმნიშვნელო აზრები) და მაშინაც, როდესაც აზრი საქმეს არ ეხებოდა. დავიწყებული არაცნობიერის კვლევის მიზნით თავისუფალი ასოციაციის მეთოდის შერჩევა განმარტებებს საჭიროებს. . .

“ძირითადი ანალიზური წესის” დაცვითა და თავისუფალი ასოციაციის გამოყენებით უეცრად მოსული აზრების მდიდარ მასალას ვიღებთ, რომლებსაც დავიწყებულის კვალთან
მივყავართ. ამ მასალას, მართალია, თავად დავიწყებული არ მოაქვს, მაგრამ მასზე ისეთ მკაფიო და მდიდარ მითითებებს იძლევა, რომ მკურნალს, გარკვეული შევსებითა და ინტერპრეტაციით, მისგან დავიწყებულის ამოცნობა (მისი რეკონსტრუქცია) შეუძლია.

დღეს თავისუფალი ასოციაცია და ინტერპრეტაცია იმავე როლს ასრულებს, რასაც ადრე ჰიპნოზის ფენომენი. როგორც ჩანს, ამით სამუშაო გავირთულეთ. მაგრამ ფასდაუდებელი სარგებლობაც მივიღეთ, რადგანაც გვაქვს შესაძლებლობა გავეცნოთ იმ ძალთა მოძრაობას, რომელთა
შესწავლაც ჰიპნოზის გამოყენებით შეუძლებელია. ჩვენთვის ნათელი გახდა, რომ პათოგენური დავიწყებულის აღმოჩენისთვის გაწეულმა მუშაობამ თავი უნდა დაიცვას
მუდმივი და ინტენსიური წინააღმდეგობისაგან.

ამ წინააღმდეგობის გაწევის გამოვლინებებია პაციენტთა კრიტიკული შეპასუხებანი, რომლითაც ისინი აღმოცენებული
აზრების გაზიარებას ეწინააღმდეგებიან. ეს პროცესი ანალიზს უპირისპირდება. სწორედ წინააღმდეგობის ფენომენის აღიარებიდან მომდინარეობს ნევროზის ფსიქოანალიზური მოძღვრების ქვაკუთხედი _ განდევნის თეორია. ახლოს ვიყავით დაშვებასთან, რომ ის
ძალები, რომლებიც აწმყოში ეწინააღმდეგებოდნენ პათოგენური მასალის გაცნობიერებას, ადრე წარმატებით ვლინდებოდნენ; ნევროტული სიმპტომის ეთიოლოგიაში ამოსავსები იყო ხარვეზი. წარმოდგენები და სწრაფვები, რომელთათვისაც სიმპტომი შენაცვლებას წარმოადგენდა, არ იყვნენ საფუძველს მოკლებულნი ანდა, სინთეზისადმი
კონსტიტუციონალური უუნარობის გამო, როგორც ამას ჟანე თვლიდა, დავიწყებულნი. მათ სხვა სულიერი ძალების ზემოქმედება განიცადეს, რომელთა შედეგი და ნიშანი სწორედ რომ ცნობიერებაში მათი შეჩერება და მოგონებიდან გათიშვა იყო. სწორედ ამ განდევნის შედეგად
გახდნენ ისინი პათოლოგიურნი _ მიიღეს უჩვეულო გამოხატულება, როგორც სიმპტომებმა.

განდევნის მოტივად და ამით, ყოველი ნევროტული დაავადების მიზეზად სულიერ ლტოლვათა ორ ჯგუფს შორის კონფლიქტი უნდა ჩაგვეთვალა. გამოცდილებამ გვიჩვენა
ერთმანეთთან მებრძოლი ძალების სრულიად ახალი და საკვირველი ფაქტი. განდევნა დაავადებულის ცნობიერი პიროვნებიდან (“მე”-დან) კანონზომიერად მომდინარეობს და ეთიკურსა და ესთეტიკურ მოტივებს ემყარება. განდევნა ეგოისტურსა და აგრესიულნ ლტოლვებსაც ეხება, რომლებიც შეიძლება ბოროტების სახელითაც გაერთიანდნენ. აქვე
შედის მწვავე და აკრძალული სექსუალური სწრაფვებიც.

შესაბამისად, ავადმყოფური სიმპტომი აკრძალული დაკმაყოფილების ჩანაცვლებაა, ხოლო ავადმყოფობა _ ამორალურის არასრულყოფილი ძლევა. შემეცნების წინსვლა სულ უფრო ცხადად აჩვენებს, თუ რა დიდ როლს თამაშობს სექსუალური ლტოლვა სულიერ ცხოვრებაში. ეს საბაბს იძლევა უფრო დაწვრილებით შევისწავლოთ სექსუალური ლტოლვის ბუნება და განვითარება (იხ. Freud, drei Abhandlungen zur Sexualtheorie, 1905).

ჩვენს მიერ მოპოვებულ იქნა ემპირიული მონაცემები, რომლებმაც დაადასტურა, რომ ბავშვის პირველი წლების განცდები და კონფლიქტები არნახულად მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ინდივიდის განვითარების პროცესში და მოწიფულობის დროისთვის წარუშლელ დისპოზიციებს ტოვებენ. ასევე აღმოჩნდა (რაც აქამდე მეცნიერების
მიერ პრინციპულად იყო იგნორირებული), რომ ინფანტილური სექსუალობა ადრეული ასაკიდანვე ვლინდება როგორც სხეულებრივ რეაქციებში, ისე სულიერ პროცესებშიც. . .

ჰიპნოზის თავისუფალი ასოციაციის ტექნიკით შენაცვლებასთან ერთად ფსიქოანალიზად ბროერის კათარზისის მეთოდიც ჩამოყალიბდა, რომელსაც ერთ ათეულზე მეტი ხნის განმავლობაში მხოლოდ ფროიდი მიმართავდა. ფსიქოანალიზი ამ დროის მანძილზე
თანდათანობით თეორიად იქცა, რომელიც ნევროტული სიმპტომების აღმოცენების, საზრისისა და განზრახვის შესახებ გვაწვდიდა ცნობებს და საექიმო პრაქტიკისთვის
რაციონალურ საფუძველს გვთავაზობდა.

მინდა კიდევ ერთხელ მოვუყარო თავი ასპექტებს, რომლებიც თეორიის შინაარსს შეადგენენ, ესენია: ლტოლვაზე (აფექტზე) ხასგასმა; სულიერი დინამიკა, უწყვეტი საზრისიანობა და დეტერმინაცია, მოძღვრება ფსიქიკური კონფლიქტისა და განდევნის პათოგენური ბუნების შესახებ, ავადმყოფური სიმპტომის, როგორც
ჩანაცვლებითი დაკმაყოფილების გაგება, სექსუალური ცხოვრების ეთიოლოგიური მნიშვნელობა, ბავშობის ხანის სექსუალობის განსაკუთრებული მნიშვნელობა.

ფილოსოფიური პოზიციიდან, თეორიას უნდა დაეშვა, რომ სულიერი არ ემთხვევა ცნობიერს, რომ სულიერი პროცესები თავისთავად არაცნობიერია და მხოლოდ განსაკუთრებული ორგანოს (ინსტანციის, სისტემის) მოქმედებით ცნობიერდებიან. ამ ჩამონათვალის შევსების მიზნით დავუმატებ, რომ ბავშვობის აფექტური განწყობის ზეწოლით მშობლებისადმი რთული ემოციური დამოკიდებულება აღინიშნება, ე.წ. იოდიპოსის კომპლექსი, რომელშიც მუდამ ცხადად შეიმჩნევა ნევროზის გული. ასევე, ავადმყოფის ქცევაში მკურნალის წინააღმდეგ გრძნობის გადატანა ვლინდება. მითითებულ ასპექტებს როგორც თეორიის, ისე ტექნიკისთვის ერთნაირად დიდი მნიშვნელობა ენიჭება.
ნევროზის ფსიქოანალიზური თეორია გაბატონებულ შეხედულებებს უპირისპირდება და ამით გაოცების, ანტიპათიისა და ეჭვის გამოწვევა შეუძლია. უპირველეს ყოვლისა, აქ იგულისხმება არაცნობიერის პრობლემისადმი პოზიცია, ბავშვის სექსუალობის აღიარება და, საზოგადოდ, მთელს ფსიქიკურ ცხოვრებაში სექსუალურ მომენტზე ხაზგასმა

აკრძალული სურვილის მტკივნეულ სიმპტომად გარდაქმნის (ისტერიული გოგონას შემთხვევა) გაგებისათვის უნდა წარმოგვედგინა, ასევე, ფსიქიკური აპარატის სტრუქტურისა
და მუშაობის შესახებ ზოგადი დებულებებიც. ფსიქოანალიზის დებულებები უნდა მუშაობდნენ როგორც ისტერიის, ასევე სხვა ფსიქიკურ მოვლენათა განხილვის შემთხვევაშიც.

შესაბამისად, ფსიქოანალიზი მხოლოდ ნევროლოგიისთვის არ იქნება საინტერესო და ზოგადად, ფსიქოლოგიური კვლევის (როგორც პათოლოგიის, ასევე ნორმის შემთხვევაში) ყურადღების ფოკუსში მოექცევა. ნევროტული სულიერი პროცესების გარდა, ფსიქოანალიზმა, ასევე, ორი ნორმალური ფენომენიც იკვლია. როგორიცაა ხშირი და ყოველდღიური შეცდომები მოქმედებაში, დავიწყებასა თუ წამოცდენაში და ჯანმრთელი, ფსიქიკურად ნორმალური ადამიანის სიზმარი. მცირე შეცდომითი მოქმედებები, მაგალითად ცნობილია საკუთარი სახელების დროებითი დავიწყება, წამოცდენა, შეცდომით წერა და სხვ. აქამდე საერთოდ ახსნის ღირსად არ ითვლებოდა ანდა მათ დაღლილობითა და ყურადღების გადატანით ხსნიდნენ.

“ყოველდღიური ცხოვრების ფსიქოლოგიაში” (1901) ფროიდმა მრავალი მაგალითით დაამტკიცა, რომ ასეთი ცდომილებანი ღრმა აზრის მქონეა და ცნობიერი ინტენციის
დარღვევით, სხვა დათრგუნული შინაარსებიდან და ხშირად პირდაპირ არაცნობიერიდან აღმოცენდება. უმრავლეს შემთხვევაში საკმარისია წამიერი დაფიქრება ან ხანმოკლე
ანალიზი, რათა ხელისშემშლელი ზეგავლენა მიგნებულ იქნეს. იმგვარი მცდარი მოქმედებების სიმრავლე, როგორიცაა წამოცდენა, ხშირია და იმ არაცნობიერი პროცესების არსებობაში გვარწმუნებს, რომლებიც შეკავებისა და სხვა, განზრახული აქტების მოდიფიკაციების სახით ვლინდებიან.

შემდგომ მივმართეთ სიზმრების კვლევას და 1900 წელს გამოვაქვეყნეთ ნაშრომი „სიზმრის ანალიზი“. ნაშრომში წარმოდგენილი თვალსაზრისის მიხედვით, სიზმარი ნევროტული სიმპტომის მსგავსია; ის შეიძლება უცხო და უაზრო გვეჩვენოს. მაგრამ თუკი მას ფსიქოანალიზში გამოყენებული თავისუფალი ასოციაციის მეთოდით შევისწავლით, მაშინ სიზმრის მანიფესტურ შინაარსში ფარულ აზრს მივაკვლევთ. ეს ლატენტური აზრი ყოველთვის სურვილია, რომელიც აწმყოში დაკმაყოფილებულად წარმოიდგინება. მაგრამ იდუმალი სურვილი, ბავშვის ანდა იმპერატიული სხეულებრივი მოთხოვნილების შემთხვევაში, აშკარად არასოდეს გამოითქმის. ამიტომაც მას დამახინჯება, როგორც მაცენზურებელი ძალების შემზღუდველი ზემოქმედება ანდა მანიფესტური სიზმარი უნდა მოეხსნას.

ცენზურისადმი დათმობით სიზმარი მახინჯდება, თუმცა ანალიზით მასში სურვილის დაკმაყოფილება აშკარავდება. ის კომპრომისია ორი სახის, ერთმანეთისადმი
დაპირისპირებულ, სულიერ ძალებს შორის. ფორმულა – სიზმარი განდევნილი სურვილის შენიღბული ასრულებაა – საუკეთესოდ ესადაგება სიზმრის ახსნას. იმ პროცესების
შესწავლის თვალსაზრისით, რომლებიც სიზმრის ლატენტური სურვილის სიზმრის მანიფესტურ შინაარსად გარდაქმნას ემსახურება (სიზმრის მუშაობა), მართლაც დიდი
გამოცდილება დაგვიგროვდა.

სიზმარი არაა ავადმყოფური სიმპტომი, ის ნორმალური სულიერი ცხოვრების შედეგია. სურვილები, რომელთაც ის ასრულებულად წარმოგვიდგენს, ნევროტული განდევნის
მიზეზად იქცევიან. სიზმარი თავის აღმოცენებას მხოლოდ იმ ხელსაყრელ გარემოებას უმადლის, როგორიცაა ძილის მდგომარეობაში მოძრაობათა შეკავება და სიზმრის ცენზურის დაქვეითება. თუკი სიზმარი გარკვეულ საზღვრებს გადააბიჯებს, სიზმრის სუბიექტი მას წყვეტს და შეშინებული იღვიძებს. მაშ, დასაბუთდა, რომ ნორმალურ სულიერ ცხოვრებასა და, ასევე, დაავადების დროს ერთი და იგივე ძალები და პროცესები მოქმედებენ.

ფსიქოანალიზს ორნაირი მნიშვნელობა აქვს. ის არა მხოლოდ ნევროზის ახალებური თერაპიაა, არამედ ახალი ფსიქოლოგიაც. ის პრეტენზიას აცხადებს ყურადღება მიიქციოს არა მხოლოდ ნევროლოგების მხრიდან, არამედ ყველასგან, ვინც გონისმეცნიერებითაა დაინტერესებული.
ფროიდს გულითადი მიღება როდი მოუწყვეს მეცნიერულ სამყაროში. ათწლეულის მანძილზე მისი ნაშრომები არავის აინტერესებდა. დაახლოებით 1907 წელს შვეიცარელ
ფსიქიატრთა ჯგუფმა (ბლოილერი და იუნგი ციურიხში) ფსიქოანალიზს ყურადღება მიაპყრო. აღშფოთების ტალღა განსაკუთრებით გერმანიაში გაღვივდა, რომელიც
მოურიდებელი იყო მეთოდებისა და არგუმენტების თვალსაზრისით.

ფსიქოანალიზმა არა ერთი სიახლის ბედი გაიზიარა და, გარკვეული დროის შემდეგ, საერთო აღიარება მოიპოვა.
რა თქმა უნდა, განსაკუთრებულად მძაფრი წინააღმდეგობა მისი არსიდანვე მომდინარეობდა. მან შეურაცხყო კულტურული ადამიანების ცრურწმენა ზოგიერთ, განსაკუთრებულად მტკივნეულ საკითხებთან დაკავშირებით. მან, გარკვეულ წილად, ადამიანები ანალიზურ რეაქციას დაუმორჩილა, როდესაც აღმოაჩინა, რაც საყოველთაოდაა განდევნილი არაცნობიერში.

ის აიძულებდა თანამედროვეებს მოქცეულიყვნენ ავადმყოფებივით, რომლებიც ანალიზური მკურნალობის მიმართ წიმააღმდეგობას ავლენენ. საერთო მტრობის მიუხედავად, უახლოესი ათწლეულის განმავლობაში ფსიქოანალიზი ორი მიმართულებით გავრცელდა: ერთი _ გეოგრაფიულ რუკაზე; მისადმი ინტერესი ახალ და
ახალ ქვეყნებში იღვიძებდა და მეორე _ გონისმეცნიერების სფეროში; ის სხვადასხვა დისციპლინებში გამოიყენებოდა.

1909 წელს პრეზიდენტმა გ. სტენლი ჰოლმა (G. Stanley Hall)
კლარკის უნივერსიტეტში (ვორჩესტერი, მასაჩუსეტის შტატი) ფსიქოანალიზში ლექციების წასაკითხად ფროიდი და იუნგი მიიწვია, რის შემდეგაც ფსიქოანალიზი ამერიკაში პოპულარული გახდა. თუმცა, სწორედ ამ ქვეყანაში თეორიის სახელით ბევრი სცოდავდა.

უკვე 1911 წელს (გერმანულად 1912 წელს) ჰ. ელისმა (Havelock Ellis) შეძლო ეჩვენებინა, რომ ანალიზზე ზრუნავენ და მას სწავლობენ არა მხოლოდ ავსტრიასა და შვეიცარიაში, არამედ შეერთებულ შტატებში, ინგლისში, ინდოეთსა და კანადაში.

დაპირისპირებისა და პირველი აღმავლობის პერიოდში აღმოცენდა ლიტერატურული ორგანოები, რომლებიც ფსიქოანალიზს ემსახურებიან. ესენია: ”Jahrbuch fuer psychoanalytische und psychopathologische Forschungen”, _ გამომცემლები ბროილერი და ფროიდი, რედაქტორი
ლენგი (1910-1914), რომლის გამოცემა მსოფლიო ომის დაწყებისთანავე შეწყდა. “Zentralblatt fuer Psychoanalyse” (1911), რედაქტორები ადლერი და შტეკელი, რომელიც მალევე შეცვალა ორგანომ “Internationale Zeitschrift fuer Psychoanalyse” (1913).

1912 წლიდან გამოიცემოდა რანკისა და ზახსის მიერ დაფუძნებული “Imago” – ჟურნალი განკუთვნილი ფსიქოანალიზის გონისმეცნიერებაში გამოყენებისათვის. ფსიქოანალიზისადმი ინტერესის გამოვლინება იყო
1913 წელს ანგლოამერიკელი ექიმების მიერ “Psychoanalytic Reviuw”-ს დაფუძნება _ ეს ჟურნალი დღესაც არსებობს. დამფუძნებლები არიან White, Jelliffe. მოგვიანებით, 1920 წელს ინგლისში გამოვიდა “International Journal of Psycho-Analysis”, რედაქტორი ერნსტ ჯონსი (Yones).

ანალიზური პუბლიკაციების უწყვეტ რიგს უშვებენ: ინტერნაციონალური ფსიქოანალიზური გამომცემლობა და მისი ინგლისური შესატყვისი წარმოება (Y. PSA. Press)-
სახელწოდებით “ინტერნაციონალური ფსიქოანალიზური ბიბლიოთეკა” (I. PSA. Library). ფსიქოანალიზური ლიტერატურა, ასევე, გაფანტულია დიდი რაოდენობით მეცნიერულსა და ლიტერატურულ თხზულებებში. იმ ჟურნალებიდან, რომლებიც განსაკუთრებულ
ყურადღებას აქცევენ ფსიქოანალიზს, გამოვყოფდი ქ. ლიმაში (პერუ) ჰ. დელგადოს მიერ გამოცემულ “Rivista de Psiquiartria”-ს.

პირველი ათწლეულისგან განსხვავებით, მეორე ათწლეულში ფროიდი აღარაა ფსიქოანალიზის ერთადერთი წარმომადგენელი. ფროიდის გარშემო შეიკრიბა მოსწავლეთა და მიმდევართა მზარდი წრე. ისინი ფსიქოანალიზური მოძღვრების გავრცელებისთვის
ზრუნავდნენ და მას ავსებდნენ და აღრმავებდნენ. ამავე დროს, ფსიქოანალიზს წლების მანძილზე არა ერთი ჩამოშორდა, რომლებიც საკუთარი გზით წავიდნენ ანდა ოპოზიციაში გადაინაცვლეს, რაც ფსიოქოანალიზის განვითარებისადმი მუქარას შეიცავდა.

1911 _ 1913 წლებში კ. გ. იუნგმა (ციურიხი) და ალფრედ ადლერმა (ვენა), ანალიზური ფაქტების განსხვავებული ინტერპრეტაციითა და ანალიზიდან თეორიული გადახვევით, გარკვეული შერყევა გამოიწვიეს. მაგრამ როგორც აღმოჩნდა, მათ გამოყოფას ხანგრძლივი ზიანი არ
მოუტანია. აღნიშნული ავტორების ხანმოკლე წარმატება ადვილად აიხსნება მასის მზადყოფნით განთავისუფლდეს ფსიქოანალიზური მოთხოვნების ზეწოლისაგან.

თანამშრომელთა უმრავლესობამ კი მუშაობა ფროიდის მიერ დასახული მიმართულებით გააგრძელა. მათ სახელებს ფსიქოანალიზის შედეგების გადმოცემისას შევხვდებით.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი