როგორ იცვლება მამაკაცის სხეული, როცა ის მამა ხდება

0
361

როგორც ანთროპოლოგი, რომელიც ოქსფორდის უნივერსიტეტში ადამიანის მამობას სწავლობს, მე ფართოდ გავრცელებულ და ღრმად გამჯდარ რწმენას ვაწყდები კაცებში: რახან ისინი ორსულობასთან დაკავშირებულ ძალიან ბევრ ბიოლოგიურ ცვლილებას არ განიცდიან, არ აჩენენ და არ კვებენ, ამიტომ, ისინი ისე „მომართული“ არ არიან ბავშვის მოვლაზე, როგორც – ქალები.

შედეგად, ისინი ნაკლებ თავდაჯერებული არიან და კითხვისნიშნის ქვეშ აყენებენ თავიანთი მშობლობის შესაძლებლობას: იქნებიან კი კარგი მშობლები? შეძლებენ ბავშვებთან კავშირის დამყარებას? როგორ მიხვდებიან, რა გააკეთონ?

ჩემი პირადი და პროფესიული გამოცდილება მკარნახობს, რომ იდეა, რომ მამები ბიოლოგიურად „ნაკლებად მომზადებული“ არიან მშობლობისთვის, უფრო მცდარია, ვიდრე მართალი. მშობლობის დიდი ნაწილი არავისთვისაა ინსტინქტური. (მახსოვს დედობის სწავლის რთული პირველი დღეები – იმის მიხვედრა, თუ რას ნიშნავდა ჩემი პატარას თითოეული ტირილი, საფენის ჩქარ გამოცვლაში დაოსტატება და უდიდესი რაოდენობის ხელსაწყოების მენეჯმენტი, რომ უბრალოდ გარეთ გამეყვანა)
და როდესაც ბიოლოგიური ცვლილებები, რომლებსაც მამები გადიან, არც ისე კარგად ცნობილია (და არც იმდენად გარეგნულად დრამატული), როგორც – დედების, მეცნიერები ნელ-ნელა ხვდებიან, რომ მამაკაციც და ქალიც გადის ჰორმონალურ და ტვინისმიერ ცვლილებებს, რომლითაც აღბეჭდილია ეს მნიშვნელოვანი გარდასახვა მშობლის ცხოვრებაში.

როგორც ჩანს, ტესტოსტერონი იკლებს

ვნახოთ ტესტოსტერონი, სტერეოტიპიულად „კაცური“ ჰორმონი, რომელიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს მამრის ჩანასახის განვითარებასა და სქესობრივ მომწიფებაში. ის მნიშვნელოვნად აგებს პასუხს კაცის მოტივაციაში, რომ იპოვოს პარტნიორი და, კვლევები მიუთითებს, რომ მაღალი ტესტოსტერონის მქონე მამაკაცები უფრო მიმზიდველები არიან პოტენციური მეუღლისთვის. მაგრამ ადამიანისთვის, იყო წარმატებული მამა, ნიშნავს ოჯახზე ფოკუსირებას და წინააღმდეგობის გაწევას იმ სურვილისათვის, რომ მოძებნო სხვა პარტნიორი. ასე რომ, ექსპერტებს სჯერათ, კაცებმა განიცადეს ევოლუცია ტესტოსტერონის ნაწილის მოსაშორებლად.

2011 წელს გამოქვეყნებულ ხუთწლიან, პიონერულ კვლევაში, მაგალითად, დოქტორი ლი გეტლერი (ph.d), ამერიკელი ანთროპოლოგი, აკვირდებოდა 624 მარტოხელა, უშვილო მამაკაცს ფილიპინებში, 21 დან 26 წლამდე.
მან აღმოაჩინა, რომ როდესაც ზოგმა ნორმალური, ასაკთან დაკავშირებული ტესტოსტერონის დაცემა განიცადა, 465-მა, რომელიც ამ ხუთ წლიან პერიოდში მამა გახდა, ბევრად უფრო მნიშვნელოვანი, საშუალოდ 34% იანი ვარდნა ნახა (საუბარია ღამით გაზომვაზე) – იმათთან შედარებით, ვინც მარტოხელა დარჩა, ან უბრალოდ დაქორწინდა.

გლობალურად, სხვადასხვა – მათ შორის, ჩემი გამოუქვეყნებელი აღმოჩენებიც დიდ ბრიტანეთში – მსგავს შედეგებამდე მიდის. ტესტოსტერონის შემცირება სწორედ მამაკაცის პირველი ბავშვის დაბადებამდე ცოტა ხნით ადრე ხდება. და როდესაც ცნობილი არაა, კერძოდ რა იწვევს ამ ვარდნას, დოქტორმა გეტლერმა თქვა, რომ მისი წინასწარი ცნობებით, რამდენადაც დრამატულია ვარდნა, მით უფრო დიდი გავლენა აქვს ამას მამაკაცის მზრუნველობით ქცევებზე. „ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ თუ მამებს ჰქონდათ ტესტოსტერონის უფრო დაბალი დონე ბავშვის დაბადებისას – ამბობს ის“, „ ისინი უფრო მეტ მზრუნველობით და ბავშვთან დაკავშირებულ საშინაო საქმეებს აკეთებდნენ“.

მიუხედავად იმისა, რომ ეს ვარდნა ზოგ მამაკაცში წუხილს და უარყოფას იწვევს – „აირჩიე მამობა და ჩათვალე, რომ კაცობა დაკარგე“, ფიქრობენ ისინი, – ზოგიერთი კვლევა აჩვენებს, რომ რაც უფრო დაბალია მამაკაცის ტესტოსტერონი, უფრო მეტი შანსია ბავშვთან ყოფნის მომენტში გამოიყოს ისეთი ჰორმონები, როგორიცაა ოქსიტოსინი („სიყვარულის ჰორმონი“) და დოპამინი (“ბედნიერების ჰორმონი“). ამგვარად, ბავშვზე ზრუნვა არა მხოლოდ ძლიერ კავშირს გიბამთ მასთან, არამედ ნეიროქიმიურ „ჯილდოსაც“ გთავაზობთ, მათ შორის ბედნიერების, კმაყოფილების და სითბოს განცდას.

ტვინი იცვლება

აღმოჩნდა, რომ ტვინიც სტრუქტურულ ცვლილებებს განიცდის იმისთვის, რომ მამებმა მშობლობის ძირითადი უნარ-ჩვევები გამოავლინონ. 2014-ში, დოქტორმა პილიუნგ კიმმა (Ph.D.), დეველოპერულმა ნეირომეცნიერმა დენვერის უნივერსიტეტში, 16 ახალბედა მამა მოათავსა მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის მანქანაში: ჯერ მშობლობის პირველ ორიდან ოთხ კვირამდე შუალედში, შემდეგ – თორმეტიდან თექვსმეტს შორის. მან აღმოაჩინა ტვინის ცვლილებები, რომლებიც იმეორებენ იმავეს, რაც მანამდე ნახეს ახალბედა დედებში: ზოგიერთ არეას, რომელიც დაკავშირებულია მიჯაჭვულობაზე, გამოკვებაზე, ემპათიაზე და უნარზე, რომ შეძლო ბავშვის ქცევების სწორი ინტერპრეტაცია და მათზე სწორი რეაგირება, ჰქონდა მეტი ნაცრისფერი და თეთრი მატერია თორმეტიდან თექვსმეტი კვირის შუალედში, ვიდრე – პირველ ორიდან ოთხ კვირაში.

დოქტორ კიმს სჯერა, რომ ტვინის ეს ცვლილება უკავშირდება მშობლის უნარ-ჩვევების გაზრდას – როგორიცაა ბავშვის გამოკვება და მისი საჭიროებების გაგება – და აუცილებლობით აჩქარებს სწავლის პროცესს, რომელიც ორივემ, დედამ და მამა, უნდა გადალახონ. კერძოდ, რადგან კაცი არ განიცდის ისეთსავე ჰორმონალურ ზვირთებს რომელიც ფეხმძიმობასა და მშობიარობას უკავშირდება, „იმის სწავლა, თუ როგორ დაუკავშირდე ემოციურად შენს ბავშვს, შეიძლება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ნაწილი იყოს მამად გახდომისას“. „ანატომიური ცვლილებები ტვინში შეიძლება დაეხმაროს მამობის თანდათანობით სწავლას მრავალი თვის განმავლობაში“. მაგრამ ავლენენ რა დედებიც და მამებიც ტვინის იმ რეგიონების აქტივაციას, რომლებიც უკავშირდება ემპათიას და ქცევით განზრახვებს, ბარ-ილანის უნივერსიტეტის ნეირომეცნიერების 2012 წლის კვლევა ისრაელში მიუთითებს, რომ ტვინის ის ნაწილები, რომლებიც ყველაზე მეტად ანათებენ, განსხვავებულია თითოეული მშობლისთვის. დედებისთვის, რეგიონები რომლებიც ტვინის სხეულთან ახლოსაა – რაც საშუალებას აძლევს მათ, რომ იზრუნონ და გამოკვებონ, გამოავლინონ რისკები – იყო ყველაზე აქტიური. მაგრამ მამებისთვის, ადგილები რომლებიც ყველაზე მეტად ანათებდა, განლაგებული იყო ტვინის გარე ზედაპირზე, რაც უფრო ცნობიერ კოგნიტურ ფუნქციებს უკავშირდება, როგორიცაა ფიქრი, მიზანზე ორიენტაცია, დაგეგმვა და პრობლემის გადაჭრა.

დოქტორი შირ ატზილი, (Ph.D), ფსიქოლოგი იერუსალიმის ჰიბრიუს უნივერსიტეტში და კვლევის მთავარი ავტორი, დარწმუნებულია – დოქტორ კიმთან ერთად – რომ მამის ტვინები ასევე ადაპტირდებიან, თუმცა განსხვავებულად, რომ კავშირი დაამყარონ და პატარებზე ზრუნვა შეძლონ, იმის მიუხედავად, რომ ისინი მათ არ აჩენენ. იგულისხმება, რომ დედაც და მამაც მომართულია „გამოავლინონ მოტივაციის და ბავშთან ჰარმონიული ურთიერთობის მსგავსი დონე“ – თქვა დოქტორმა ატზილმა.

ამას გარდა, განსხვავებული ნაწილების აქტივაცია ტვინში შეიძლება მიუთითებდეს განსხვავებას როლებზე, განსხვავებულ, მაგრამ თანაბრად ძლიერ კავშირზე დედებსა და მამებს შორის. კლიშეა, როდესაც ბავშვი დედასთან მირბის ჩასახუტებლად, როცა რამე სტკივა, მაშინ როდესაც მამა „გასართობი მშობელია“, მაგრამ ფაქტები მიგვითითებენ, რომ დედები და მამები იღებენ განსხვავებულ ნეიროქიმიურ „ჯილდოს“ გარკვეული მშობლური ქცევების გამოვლენისას.

დოქტორმა რუთ ფილდმენმა, (Ph.D), სოციალურმა ნეირომეცნიერმა ისრაელიდან, გამოაქვეყნა 122 დედის და მამის კვლევა 2010-ში, რომელმაც გამოავლინა, რომ ოქსიტოსინის (და მასთან დაკაშირებული დოპამინის) მაქსიმალურად აწევა დედებში მაშინ ხდებოდა, როდესაც ბავშვს კვებავდნენ. ამის საპირისპიროდ, მამაკაცებში ეს ხდებოდა მაშინ, როდესაც ისინი ფიზიკურად აქტიურ თამაშებში ერთვებოდნენ მათთან. იმის გამო, რომ პატარა ბავშვის ტვინი „ბაძავს“ მშობლების ოქსიტოსინის დონეს, ეს ნიშნავს, რომ მას შეუძლია ერთნაირად კარგად იგრძნოს თავი როგორც მამასთან თამაშისას, ასევე – მაშინ, როცა დედა კვებავს. ბავშვები, ძალიან სავარაუდოა, რომ კიდევ და კიდევ გაიმეორებენ ამ მოქმედებებს სწორედ ამ მშობელთან, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია მათი განვითარებისთვის. ფიზიკურად აქტიური თამაშები არა მხოლოდ ამყარებს მამასა და შვილს შორის კავშირს, არამედ უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს ბავშვის სოციალურ განვითარებაში.

რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ ბევრი კითხვაა პასუხგაუცემელი ამ შედარებით ახალ „მამობის ბიოლოგიაში“. 10 წლიანი შესწავლის შემდეგ, ახლა გვჭირდება რომ ეს შედეგები უფრო ფართო და მრავალფეროვან ჯგუფებშიც გავიმეოროთ. მაგრამ თუ შანსი მეძლევა, მე ახალბედა მამებს ვეუბნები, რომ ევოლუციამ ისინი ისევე მოაწყო მშობლობისთვის, როგორც – დედები. ბიოლოგია მათ ზურგს უმაგრებს.

დოქტორი ანა მაჩინი,(Ph.D). ევოლუციორი ანთროპოლოგი ოქსფორდის უნივერსიტეტში. ავტორი წიგნისა „მამის ცხოვრება:თანამედროვე მამის შექმნა“.

თარგმანი ლევან თურმანაულის

წყარო:https:parenting.nytimes.com

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი