რადჰანათა სვამი:,,ყველაფრის უკან, რაც გვემართება, რაღაც მშვენიერი ჩანაფიქრი დგას”

0
762

გზა შინისაკენ – ამერიკელი იოგის მოგზაურობა (გაგრძელება)

ბორანით ლა-მანში გადავცურეთ და ფრანგულ პორტში, კალეში ჩამოვედით. მზიანი დღე იყო. მსუბუქი ქარი არხევდა მწვანე ბალახს. ჩვენ თავისუფლებით ვტკბებოდით. ახლა შეგვეძლო სადაც გვინდოდა იქ წავსულიყავით.
“ახლა საით, მანქ? მე მზად ვარ ნებისმიერი შენი სურვილი შევასრულო! – მე და ჰარი საფრანგეთის დასავლეთში, გზის პირას ვიდექით. ჩემს მეგობარს ახალი თავგადასავლების
მოლოდინში მწვანე თვალები უბრწყინავდა. – მთელი მსოფლიო შენს განკარგულებაშია”. ჰარიმ ჯინსებიდან ევროპის გაცვეთილი რუქა დააძრო და შემომთავაზა:
“მაროკო, ესპანეთი, პარიზი, რომი, შვეიცარია, გერმანია. საით?”
“შენ თვითონ საით გირჩევნია, ჰარი?”
“ყველგან! საკითხავია, რა თანმიმდევრობით?”
მე უცებ ნაკადულები გამახსენდა, რომელთა ცქერაც ასე ძალიან მიყვარდა. ხელები ზემოთ აღვაპყრე და ვუპასუხე:
“ჩვენი ბედი ღმერთს უნდა მივანდოთ”.
ჰარიმ გაიცინა, ზურგიდან ჩათა მოიხსნა და მასზევე დაჯდა. ჩემს ჟესტს გაცინა და მკითხა:
“ეგ როგორ?”
“და შენ როგორ გინდოდა?”
ჰარიმ დამცინავად შეატყუპა ხელისგულები, თითქოს ლოცვას აპირებდა.
“სანამ მე ვერთობი, შენ მთელი დღეები წმინდა წერილებს კითხულობ და მედიტირებ, – ჰარიმ კვლავ აღაპყრო ხელები ცისკენ და ირონიით დაამატა: – ჰოდა შენ უნდა გადაწყვიტო, როგორ მივანდობთ ღმერთს ჩვენს ბედს”. მე ყვითელი მინდვრის ყვავილი მოვწყვიტე და მივუგე:

“როგორც ეს ყვავილი”.
“შენ რა, გინდა რომ ამ ყვავილივით აქ დავრჩეთ მთელი ცხოვრება?!”
“შეხედე ჰარი. პატარა თესლიდან, რომელიც მიწაში ჩავარდა, მშვენიერი ყვავილი გაიზარდა.
როგორ შეიძლება ასეთი რამ მომხდარიყო? მხოლოდ იმიტომ, რომ ღმერთს მიანდო თავისი ბედი”.
“კარგი, ჩათვალე, რომ დამითანხმე. მაგრამ როგორ გადმოვიტანოთ შენი პოეტური ენა ავტოსტოპის მკაცრ პროზაზე?”
მე ყვავილი დავყნოსე და უცებ თავში გამინათდა:
“როცა მანქანა გვიჩერებს, პირველად რას გვეკითხებიან? მოდი შენ მძღოლი იყავი, მე კი ჩვენს თავს განვასახიერებ”.
ჰარიმ მხრები აიჩეჩა:
“გამარჯობა! საით გაგიწევიათ?”
“თქვენ სად მიდიხართ?”
“კასაბლანკაში”, – მიპასუხა ჰარიმ, და თითქოს საჭეს ატრიალებდა. მა ტაში შემოვკარი:
“შესანიშნავია! ჩვენც სწორედ მანდ გვინდოდა”.
ჰარის ყვავილი მივაწოდე და ვკითხე:
“რას იტყვი ჰარი? ახლა ნებისმიერი მანქანა, რომელიც გაგვიჩერებს, ჩვენი ბედის საიდუმლოს გასაღები იქნება”.
ჰარი წამოხტა და ზურგზე მომითათუნა ხელი.
“ზუსტად! სადაც ისინი წავლენ, იქით იქნება ჩვენი გზაც!” – და მოწყვეტილი ყვავილი ქარს გაატანა.

რამდენიმე დღეში რამდენიმე ქალაქი და მრავალი სოფელი მოვიტოვეთ უკან და პარიზის შემოგარენს მივუახლოვდით. ამ ქალაქთან მიახლოებასთან ერთად მისი ნახვის სიხარულის მოლოდინიც გვიძლიერდებოდა. ლუვრი, ეიფელის კოშკი, სახელგანთქმული ძეგლები, სასახლეები და კაფეები – ამ ყველაფრისგან კილომეტრებიღა გვაშორებდა. მაგრამ ბედმა სხვაგვარად გადაწყვიტა. შემდეგი გზად მიმავალი მანქანა შვეიცარიაში მიდიოდა.

რამდენიმე საათში მშვიდი და ნახევარმთვარისებური ფორმის ჟენევის ტბასთან ვმედიტირებდით. ჩვენს გარდა ახალგაზრდულ საერთო საცხოვრებელში კიდევ ოცდახუთი ადამიანი იყო. ჩვენს ოთახში ცხოვრობდა ბიჭი სახელად ჯიმი, ამერიკის არმიიდან ცოტა ხნის წინ დემობილიზებული. ჯიმი აღმოსავლეთის მისტიკით იყო გატაცებული, და ჩვენ საათობით ვსაუბრობდით ამ თემაზე. იგი გამხდარი და ძლიერი იყო. რამდენიმე წლიანი ერთფეროვანი სამხედრო სამსახურის შემდეგ თავგადასავლებს იყო მოწყურებული. ერთხელ, უბრალოდ ცნობისმოყვარეობის გამო, მკითხა:
“მისმინე მანქ, როგორ შეძელი არმიიდან თავის დაძვრენა გახურებული ვიეტნამის ომის პერიოდში?”
მე მოვუყევი, რომ გამწვევ კომისიას შეეშალა და შემთხვევით არასწორად ჩაწერა ჩემი დაბადების თარიღი. შემდეგ დაიწყო მთელი ქვეყნის მასშტაბით ჯარში გასაწვევი ლატარეა. მთელი ქვეყანა გულისფანცქვალით ადევნებდა თვალყურს, თუ როგორ ამოდიოდა გასაწვევების დაბადების თარიღები. ჩემი ნამდვილი დაბადების თარიღი ერთ-ერთი პირველი ამოვიდა, მაგრამ გამწვევი კომისიის შეცდომის გამო სიის ბოლოში მოვექეცი, ასე რომ რიგმა აღარც მომიწია.

ჯიმმა ფიქრიანად ახედა ცას, ნიკაპი მოიფხანა და მითხრა:
“იქნებ ეს არ იყო შეცდომა? იქნებ ღმერთს შენთან დაკავშირებით სულ სხვა გეგმები აქვს?”
ჯიმი მაროკოში მიემგზავრებოდა და მე და ჰარის იტალიამდე ჩაყვანა შემოგვთავაზა. ჯერ გენუაში გავჩერდით – ქრისტეფორე კოლუმბის მშობლიურ მხარეში. იქ ჯიმის
“ფოლკსვაგენში” მის მიერ ჯარში მსახურების დროს მოგროვილი ღირებული ნივთები ჩავტვირთეთ, ასევე ელექტრონიკა, რომლის გაყიდვასაც სარფიანად აპირებდა აშშ-ში. საქმეს მოვრჩით და გზა განვაგრძეთ. მალე მთები და ბორცვები, რომლებიც ტერასასავით ეშვებოდა ხმელთაშუა ზღვისკენ, შუაზე გაიყვნენ და ჩვენს თვალწინ მუქი ლურჯი ზღვის ხედი გადაიშალა, რომელზეც საღამოს მზის სინათლე თამაშობდა. გადავწყვიტეთ გავჩერებულიყავით და გვებანავა, ხოლო როცა მანქანასთან დავბრუნდით, ჯიმის მთელი ავლა-დიდება მოპარული დაგვხვდა.

ჩვენ პოლიციის განყოფილებისკენ გავემართეთ, რათა განცხადება დაგვეწერა გაქურდვის თაობაზე, მაგრამ ჯობდა ასე არ მოვქცეულიყავით. ჩვენდა გასაკვირად, პოლიციელებმა გვიყვირეს, ხელები გვიშალეს და გისოსებში ჩაგვსვეს. მძიმე ლითონის კარი ხმაურით დაიხურა და ზურგში უსიამოვნო სიცივემ დამიარა. რამდენიმე ხნის შემდეგ ჩვენთან პოლიციის განყოფილების უფროსი მოვიდა.
“მე გთავაზობთ არჩევანს, – ხმამაღლა გვითხრა მან. – ან სამუდამოდ წაეთრევით ჩვენი ქალაქიდან, ან ციხეში იჯდებით!”
ბუნებრივია, პირველი ავირჩიეთ. ღამის სიბნელეში პოლიციის ესკორტის თანხლებით დავტოვეთ ქალაქის საზღვარი. ასე დამთავრდა ჩვენი პირველი დღე იტალიაში.
გაუჩერებლად ვიარეთ დილამდე, სანამ ტელეგრაფამდე არ მივაღწიეთ. ჯიმი თავის მეგობრებს დაუკავშირდა გერმანიაში და მათ ტელეგრამით გამოგვიგზავნეს ფული, რათა ჯიმი თავის სამხედრო ბაზაში დაბრუნებულიყო.

ასე დავრჩით მე და ჰარი ისევ მარტონი. გზის პირას ვიდექით და ვცდილობდით გამოგვეცნო, რა გველოდა მომავალში.
“მისმინე, მანქ, რატომ არ გვიმართლებს ასე? ჯერ ფრენკი გაქურდეს, ახლა კი – ჯიმი.
ნებისმიერი, ვინც ჩვენს დახმარებას ცდილობს, თვითონ კარგავს ყველაფერს”.
“არც კი ვიცი რა გითხრა ჰარი. ალბათ ამ ყველაფერსაც აქვს თავისი ახსნა”.
ჰარი შებრუნდა და უკან მორჩენილი გზის ნაწილს მოავლო თვალი.
“შენ მართლა ფიქრობ, რომ შემთხვევით არაფერი ხდება?”
“კი. მე ვთვლი, რომ ყველაფრის უკან, რაც გვემართება, რაღაც მშვენიერი ჩანაფიქრი დგას”.
ჰარიმ კვერი დამიკრა:
“მეც ასე ვფიქრობ”.
ჩვენ ხელები გავიწოდეთ მიმავალი მანქანების გასაჩერებლად და ველოდებოდით, კიდევ რას
გვიმზადებდა ბედი.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი