ბარბარე ჭკუასელი:,,რას ვხედავთ როცა ჩვენ შვილს ვუყურებთ?”

0
165

რას ვხედავთ როცა ჩვენ შვილს ვუყურებთ?

მოგეხსენებათ, ბავშვს საკუთარ თავზე წარმოდგენა გარემოდან წამოსული შეფასებების მიხედვით უყალიბდება. სანამ ის პატარაა, მას ძალიან უჭირს ადექვატურად შეაფასოს საკუთარი თავი, შესაძლებლობები. ის ეყრდნობა იმას რასაც აწვდის მას სოციუმი განსაკუთრებით კი მიკროსოციუმი.

შესაბამისად ბავშვს რომ ადექვატური წარმოდგენა შეექმნას საკუთარ თავზე, გადამწყვეტად მნიშვნელოვანია გარემომ მას სწორი შიგთავსით გაჯერებული ინფორმაციას მიაწოდოს. ამაზე კი ძალიან დიდ გავლენას ახდენს ის, თუ როგორ ვუყურებთ ჩვენ შვილებს, რაზე დაყრდნობით ვაკეთებთ დასკვნას, რომელიც მას უნდა მივაწოდოთ. მარტივად რომ დავსვათ კითხვა: რას ვხედავთ როცა ჩვენს შვილს ვუყურებთ?

კითხვა უცნაურად ჟღერს და ბევრი უცნაური პასუხიც შეიძლება მოიძებნო, მაგალითად –
❌ ვხედავთ მომავალის იმედს
❌ განუხორციელებელ მიზნებს
❌ ინვესტიციას
❌ ჩვენი ოცნებების ასრულების საშულებებს

თუ ვხედავთ პატარა პიროვნებას, რომელსაც აქვს –
თავისი ოცნებები
თავისი ემოციები
თავისი აზრი
ძლიერი და სუსტი მხარეები
უფლებები
დამოკიდებულებები
მისწრაფებები

აი ამას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. თუ ჩვენი არჩევანი ამ პასუხების პირველი ნაწილში მოიძებნება ძალიან დიდია ალბათობა იმისა, რომ ბავშვს დაეწყოს თვითშეფასების და საკუთარი თავის მიღების პრობლემები, ჰქონდეს მიდრეკილება პერფექციონიზმისკენ და ნაკლებად ჰქონდეს კმაყოფილების განცდა.

უფრო დეტალურად თუ აღვწერთ პროცესს ყველაფერი იწყება იქედან რომ თუ ჩვენ შვილში ვხედავთ ჩვენი ოცნებების და მიზნების გაგრეძლებას ან მათი მიღწევის გზებს ეს ავტომატურად ნიშნავს რომ მასში არ ვხედავთ დამოუკიდებელ პიროვნებას, არამედ ვხედავთ საკუთარ თავს. მისი განვითარებით ჩვენ ვიკმაყოფილებთ იმ დანაკლისის განცდას, რომელიც საკუთარ თავთან განვიცადეთ. მის მიმართ ვართ რაციონალური მაგრამ ნაკლებად ემოციური. ვართ უფრო სტაბილური და ნაკლებად სპონტანური. მისგან ველით ბევრს და ყოველივე ეს ხდება გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად. ყველაზე მნიშვნელოვანი კი არის ის, რომ არ ვიღებთ მას ისეთს, როგორიც არის.

რას ნიშნავს ეს? ეს ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ ბავშვიც ვერ ხედავს საკუთარ თავს, არ იცის როგორია სინამდვილეში, უჭირს საზღვრის დანახვა. ვერ ხვდება სად მთავრდება მშობელი მისი მიზნებით და სად იწყება ის საკუთრი მიზნებით. შედეგად ვიღებთ ერთ დიდ წრეს და არა ორ პარალელურ ხაზს, რომელიც ერთმანეთის გასწვრივ უნდა ვითარდებოდეს. აქედან გამომდინარეობს თვითშეფასების პრობლემები, პერფექციონიზმისკენ მიდრეკილება, კმაყოფილების განცდის ნაკლებობა და საკუთარი თავის მიუღებლობა.

ხოლო თუ ჩვენი არჩევანი პასუხების მეორე ნაწილში მოიძებნა, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენი და თქვენი შვილის ცხოვრება ყოველთვის განვითარების და თვითშემეცნების ფორმატში ვითარდება. ასეთი ცხოვრება რთულია რადგან მას თან ახლავს ბევრი ემოცია, საზღვრების დაცვაზე მუშაობის დაუსრულებელი პროცესი, მაგრამ ეს პროცესი ძალიან ცოცხალი და მრავლის მომცემია, როგორც მშობლისთვის ასევე შვილისთვის. მხოლოდ ამ პროცესში შეძლებთ თქვენ შვილებში აღმოაჩინოთ გენიოსი და შემდეგ მათ დაეხმაროთ ამ გენიოსის აღმოჩენაში.

გენიოსობა, თავის მხრივ, არ ნიშნავს ყველაფერში ყველაზე წარმატებულობას საკუთარი თავის ხარჯზე. ჩემი აზრით გენიოსია ადამიანი რომელსაც შეუძლია საკუთარი თავის და ბედნიერების პოვნა! საკუთარი თავის პოვნა პროფესიაში რომელიც მოსწონს, საკუთარი თავის პოვნა სოციუმში რომელშიც ცხოვრობს, საკუთარი თავის პოვნა ბედნიერებაში რომელიც ზოგადად არსებობს, საკუთარ თავში ამ ბედნიერების პოვნა და მისი გაზიარება.

ასეთი გენიოსის გაზრდა კი მხოლოდ გენიოს მშობელს შეუძლია რომელმაც იპოვა ეს ყველაფერი და შეუძლია შვილს საკუთარი გამოცდილება გაუზიაროს, არჩევანის თავისუფლება მისცეს და მხარი დაუჭიროს ამ პროცესში.

გისურვებთ თქვენ შვილებში გენიოსის პოვნას!

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი