ნინო ყვირილიანი:,,ნუ დააჭრით ბავშვებს ფრთებს”

0
284

რთულია, უცქირო მშობლისა და მასწავლებლის გავლენის ქვეშ მოქცეულ ბავშვებს და არ გამოუცხადო მათ თანადგომა. ურთულეს ეტაპებს გადიან ისინი ფსიქო-ემოციურად. ვისაც შვილის ბედნიერება სურს, გასათვალისწინებელი აქვს, რომ შვილი, რომელიც მუცლით ატარა, ზრდის, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის მის მოლოდინებს უნდა ამართლებდეს და მისი სურვილების ტყვე იყოს.

ბავშვი არის პიროვნება, რომელსაც პატივი უნდა ვცეთ. ბევრს მხოლოდ ლიბერალური და ინდეფერენტული სტილი ჰგონია საშიში და ავიწყდება, რომ ავტორიტარულ რეჟიმში თავისუფლების პრინციპები ირღვევა. მსგავსი კატეგორიულობა არა პიროვნებად, არამედ მონად და ზომბად ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. თუ ასეთ რეჟიმში გაზრდით მას, მომავალში დამახინჯებული ფორმით მოგიტრიალდებათ მახინჯი კანონები. ვისაც ჯერ ეს არ გაუცნობიერებია, უნდა იცოდეს, რომ ჯაჭვურ ფაშიზმშია ჩართული, რაც თაობიდან თაობას გადაეცემა.

ნუ დააჭრით ბავშვებს ფრთებს, ეს არ არის ადამიანის ბუნებრივი მდგომარეობა, ისინი დროებით ატარებენ ამ ნიღაბს, აითვისებენ, მაგრამ ერთხელაც დაარტყამთ საკუთარი არაცნობიერი და გაგექცევიან, თუ ამ ბუნებრივ გზას გაუმრუდებთ. ნუ ეცდებით, იმ ჩარჩოს მოარგოთ, რაც თქვენ მოგარგეს წლების მანძილზე და თავად ვერ გაარღვიეთ. ერთადერთი – მეგობრული, დემოკრატიული მიდგომა მოგცემთ დადებით შედეგს. სხვა დანარჩენი თავის მოტყუებაა.

გაცილებით მარტივია დაბადო შვილი ფიზიოლოგიურად და ბევრად რთულია, მშობელმა დაბადო საკუთარი თავი ფსიქოლოგიურად. ხშირად, ისე ხდება, რაც მეტად ცდილობ, უშეცდომოდ, მზა რჩევებით გაუკვალო გზა ბავშვს, მეტად მოუმზადებელი ხვდება გამოწვევებს. ყველა შეცდომისგან მისი დაცვა ქმნის იმ საფრთხეს, რომ არ იცის რა არის ცხოვრება. მიეცით მათ გასაქანი, ჩამოყალიბდეს ინდივიდუალობის პროცესი, რათა არ შეაფერხოთ მათი განვითარება.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი