ზიგმუნდ ფროიდი – ფსიქოანალიზის სიძნელე

0
164

ზიგმუნდ ფროიდი – ფსიქოანალიზის სიძნელე (1917)

შესავალშივე მინდა აღვნიშნო, რომ არ ვგულისხმობ ინტელექტუალურ სიძნელეს, რომელიც ფსიქოანალიზის გაგებას აბრკოლებს, არამედ იმ აფექტური ხასიათის სიძნელეს, რომლის გამოც აღმქმელი ნაკლებად დაინტერესდება ან ირწმუნებს. სხვა სახის სიძნლეები ამ
პირველადი სიძნელიდან მომდინარეობს; რაიმე ძნელად გაიგება, თუკი მისდამი საკმაო სიმპათია არ არის.

შორიდან უნდა დავიწყო: დაკვირვებისა და გამოცდილების საფუძველზე ფსიქოანალიზში საბოლოოდ ჩამოყალიბდა თეორია, რომელიც ლიბიდოს თეორიის სახელითაა ცნობილი. ფსიქოანალიზი ეგრეთწოდებულ ნერვულ აშლილობათა შესწავლასა და მკურნალობას ეწევა;
შესაბამისად, უნდა მონახულიყო ლიბიდოს ადგილიც სულის ლტოლვათა ცხოვრებაში.

ნევროზის გაგება ლტოლვების შესახებ ჩვენეულ დაშვებებს ეფუძნება. ტრადიციული ფსიქოლოგია არადამაკმაყოფილებელ პასუხებს იძლევა სულიერი ცხოვრების თაობაზე. განსაკუთრებული სისუსტით გამოირჩევა მისი დამოკიდებულება ლტოლვათა
სფეროსთან დაკავშირებით. ჩვენ ამ მიმართულებით პირველი ნაბიჯი გადავდგით. გავრცელებული შეხედულება
ერთმანეთისგან გამოყოფს შიმშილსა და სიყვარულს, როგორც განსხვავებულ ლტოლვებს, რომელთაგან ერთი ინდივიდის შენარჩუნებისკენ ისწრაფვის, ხოლო მეორე _
გამრავლებისკენ. ვიზიარებთ რა აღნიშნულ პოზიციას, გამოვყოფთ თვითშენახვის ან “მე”_ ლტოლვებსა და სექსუალურ ლტოლვებს, ხოლო იმ ძალას, რომლითაც სექსუალური ლტოლვა სულიერ ცხოვრებაში ვლინდება, ლიბიდოს ვუწოდებთ.

გამოცდილებამ მიგვიყვანა დასკვნამდე, რომ ნერვულ დაავადებათა გაგებისთვის სექსუალურ ლტოლვებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება და რომ ნევროზი
სექსუალური ფუნქციის სპეციფიკური დაავადებაა. ნევროზი ლიბიდოს რაოდენობაზე, მის დაკმაყოფილებასა თუ დაუკმაყოფილებლობაზეა დამოკიდებული. დაავადების ფორმა კი ინდივიდის სექსუალური ფუნქციის განვითარების პროცესის როგორობითა და ლიბიდოს ფიქსირების თავისებურებებით განისაზღვრება. ასე რომ, გვაქვს საშუალება, ჩვენი ტექნიკისა და ფსიქიკური ზემოქმედების მეთოდებით, შევისწავლოთ და აღვკვეთოთ ნევროზის
გარკვეული სახეები. ასეთი ნევროზები მე-ლტოლვებსა და სექსუალურ ლტოლვებს შორის კონფლიქტიდან მომდინარეობს.

არის შემთხვევები, როდესაც სექსუალური ლტოლვა “მე”-ს
ხიფათს უქმნის, აღიქმება ხაფათის სახით, ემუქრება თვითშენახვასა და თვითპატივისცემას. ასეთ შემთხევაში “მე” თავს იცავს, უარს ეუბნება სექსუალურ ლტოლვას და მას აიძულებს შემოვლითი გზით, ჩანაცვლებით დაკმაყოფილდეს. ეს ჩანაცვლება ნევროტული სიმპტომის
სახეს ღებულობს.

ფსიქოანალიზური თერაპია, განდევნის პროცესის რევიზიით, კონფლიქტის გადაწყვეტას თერაპიული გზით აღწევს. უგუნური კრიტიკოსები გვსაყვედურობენ, რომ სექსუალურ ლტოლვას ცალმხრივად ვაფასებთ და ადამიანისთვის დამახასიათებელ, სხვა სახის
ინტერესებს არ ვითვალისწინებთ. ამ გარემოებას ჩვენ არც ვივიწყებთ და არც უარვყოფთ. ჩვენი ცალმხრივობა შეიძლება შევადაროთ ქიმიკოსის ცალმხრივობას, რომელიც ყოველ სტრუქტურაში მიზიდულობის ძალას ხედავს, თუმცა მას საკვლევად ფიზიკოსებს გადაულოცავს.

ავადმყოფთან თერაპიული მუშაობის პროცესში ჩვენ ლიბიდოს განაწილებაზე ვზრუნავთ. ვარკვევთ, თუ რომელი თაობის წარმოდგენებთან არის ის დაკავშირებული. ვათავისუფლებთ ლიბიდოს, რათა ის “მე”-ს გადაეცეს განკარგულებაში. ჩვენ დავუშვით, რომ დასაწყისში
მთელი ლიბიდო (სექსუალური სწრაფვები და სიყვარულის უნარი მთლიანობაში) საკუთარ პიროვნებასთან კავშირდება; ჩვენი სიტყვებით, ლიბიდო იკავებს “მე”-ს. მხოლოდ
მოგვიანებით, მნიშვნელოვან მოთხოვნილებათა დაკმაყოფილების პროცესში ხდება ლიბიდოს გარე ობიექტებზე გადანაცვლება. ამ ობიექტებიდან ლიბიდოს უკანვე შეუძლია შემობრუნება “მე”-ს მიმართულებით.

მდგომარეობას, რომელშიც “მე” ლიბიდოს ინარჩუნებს – ნარცისიზმი ვუწოდეთ. ტერმინი დაკავშირებულია ბერძნულ მითთან ჭაბუკი ნარცისის შესახებ, რომელსაც საკუთარი
ანარეკლი შეუყვარდა. მაშასადამე, ინდივიდს მივაწერთ განვითარების პროცესს, რომელიც ნარცისიზმიდან იწყება
და ობიექტის სიყვარულით სრულდება. ამავე დროს, არ მიგვაჩნია, რომ “მე”-ს მთელი ლიბიდო ობიექტზე სრულად გადადის. ლიბიდოს გარკვეული ოდენობა და ნარცისიზმის
გარკვეული ხარისხიც “მე”-სთან ნარჩუნდება. “მე” დიდი რეზერვუარია, საიდანაც ლიბიდო გაედინება (ობიექტის მიმართულებით) და უკანვე ბრუნდება. ობიექტის ლიბიდო თავიდან “მე”_ ლიბიდო იყო და მას კვლავაც შეუძლია “მე”_ლიბიდოდ ქცევა.

ჯანმრთელი ფსიქიკითვის აუცილებელია, რომ ლიბიდოს მოძრაობის აღნიშნული უნარი გააჩნდეს. ანალოგიად განვიხილავთ პროტოპლაზმას, რომლის ბლანტი ნივთიერება ფსევდოპოდიებს (წამონაზარდებს) ან მორჩებს გამოყოფს, რომლებითაც ცოცხალი სუბსტანცია შეიწოვება.
ამავე დროს, ფსევდოპოდიების პროტოპლაზმის ბირთვშივე შებრუნება ხდება. ამ შესავალის შემდეგ მინდა მივუთითო, რომ ზოგადმა ნარცისიზმმა, კაცობრიობის თავმოყვარეობამ, მეცნიერული კვლევის მხრიდან სამი მძიმე შეურაცხყოფა იგემა:

ა) თავდაპირველად ადამიანს სწამდა, რომ მისი საცხოვრებელი ადგილი, დედამიწა, სამყაროს ცენტრში უძრავად დგას, ხოლო მზე, მთვარე და პლანეტები დედამიწის გარშემო ორბიტული გზით მოძრაობენ. ამასთან ის გულუბრყვილოდ მისდევდა გრძნობადი აღქმების შთაბეჭდილებას, ვინაიდან ვერ შეიგრძნობდა დედამიწის მოძრაობას და თავისუფლად, საითაც არ უნდა მიემართა მზერა, თავის თავს ხედავდა იმ წრის ცენტრში, რომელიც
სამყაროს აკრავდა. დედამიწის ცენტრალური ადგილი მისთვის გარანტია იყო სამყაროში მბრძანებლის როლისა, და როგორც ჩანს, სავსებით ემთხვეოდა მის მიდრეკილებას თავი ეგრძნო ამა ქვეყნის ბატონად.

ეს ნარცისული ილუზია, ჩვენი აზრით, ნიკოლაი კოპერნიკის სახელსა და შრომებს (მე-16 საუკუნე) უკავშირდება. კოპერნიკამდე დიდი ხნით ადრე, პითაგორელებმა გამოთქვეს ეჭვი დედამიწის უპირატეს ადგილთან დაკავშირებით. ქრისტეს დაბადებამდე მესამე საუკუნეში
არისტარქე სამოსელმა გამოთქვა ვარაუდი, რომ დედამიწა ბევრად პატარაა მზეზე და ამ ციური სხეულის გარშემო მოძრაობს. ასე რომ, კოპერნიკის დიდი აღმოჩენა ფაქტიურად ბევრად ადრე იყო მომხდარი, მაგრამ სწორედ კოპერნიკმა მოიპოვა საყოველთაო აღიარება. ამით ადამიანის თავმოყვარეობამ პირველი, კოსმოლოგიური შეურაცხყოფა განიცადა.

ბ)კულტურული განვითარების პროცესში ადამიანი სხვა ცოცხალ არსებათა ბატონი გახდა. მაგრამ ამ ბატონობით უკმაყოფილომ, მან უფსკრულის გათხრა დაიწყო მათსა და საკუთარ თავს შორის. მან წაართვა ცხოველებს გონება, თვითონ კი უკვდავი სული მიისაკუთრა, თავისთვის მოუხმო მაღალ ღვთიურ წარმომავლობას და ამით ერთობის კავშირი გაწყვიტა ცხოველთა სამყაროსთან. აღსანიშნავია, რომ ეს ქედმაღლობა უცხოა როგორც პატარა ბავშვისთვის, ისე პრიმიტივისა და პირველყოფილი ადამიანისათვისაც. ის განვითარების შედეგია.

ტოტემიზმის საფეხურზე პრიმიტიული ადამიანი საძრახისად არ თვლიდა თავისი ტომის წინაპრად ცხოველი ჩაეთვალა. მითი, რომელიც ამ ძველი აზროვნების ნაშთს შეიცავს,
ღმერთების მიერ ცხოველთა სახის მიღებას უშვებს და ადრეული დროის ხელოვნებაც ღმერთებს ცხოველთა თავებით გამოსახავს. ბავშვი განსხვავებას ვერ გრძნობს საკუთარსა და ცხოველის არსებას შორის. ზღაპარში ბავშვი ცხოველს განცვიფრების გარეშე მიაწერს აზროვნებასა და მეტყველებას, ხოლო მამის მიერ გამოწვეული შიშის აფექტს ძაღლს ანდა ცხენს მიაწერს, მამის დამცირების განზრახვის გარეშე.

მხოლოდ მერე, როდესაც იზრდება, ცხოველისაგან ისე უცხოვდება, რომ, დამცირების მიზნით. ადამიანს ცხოველის სახელი შეუძლია უწოდოს. ცნობილია, რომ ჩ. დარვინის, მისი თანამშრომლებისა და წინამორბედების გამოკვლევებმა ნახევარ საუკუნეზე ცოტა მეტი ხნით ადრე შეამზადეს ადამიანის ქედმაღლობის დასასრული.
ადამიანი არ წარმოადგენს სხვა არაფერსა და უკეთესს, თუ არა ცხოველს; ის წარმოიშვა ცხოველთა რიგიდან და მეტნაკლებად ენათესავება მათ სხვადასხვა სახეობას. მეცნიერების ახალმა მონაპოვარმა ვერ შეძლო მსგავსების მაჩვენებელთა უარყოფა, როგორც სხეულის სტრუქტურის, ასევე სულიერი თავისებურებების თვალსაზრისითაც. ეს ადამიანის ნარცისიზმის მეორე, ბიოლოგიური შეურაცხყოფაა.

გ) ალბათ, ყველაზე მტკივნეული მესამე, ფსიქოლოგიური ბუნების შეურაცხყოფაა. ადამიანი, გარედან დამცირებული, თავს სუვერენულად გრძნობს საკუთარ სახლში; მან „მე“–ს
ბირთვში შექმნა მაკონტროლებელი ორგანო, რომელიც თვალყურს ადევნებს საკუთარ სულიერ მოძრაობებსა თუ ქცევებს და აკონტროლებს, რამდენად შეესაბამებიან ისინი მის მოთხოვნებს. თუკი ეს ასე არაა, ხდება მათი შეკავება და დათრგუნვა. შინაგანი აღქმა და ცნობიერება „მე“-ს ფსიქიკაში მიმდინარე პროცესების შესახებ მოახსენებენ და ნებაც „მე“-ს ბრძანებებს განახორციელებს; ცვლის მას, რაც “მე”-სგან დამოუკიდებლად წარიმართება.

ფსიქიკას რთული სტრუქტურა აქვს; ის იერარქიული წყობისაა. იმ ურთიერთსაპირისპირო იმპულსების სიმრავლეა, რომლებიც განხორციელებას ესწრაფვიან. ამ
ურთიერთსაპირისპირო იმპულსების ფუნქციონირებისთვის საჭიროა, რომ უმაღლესი ინსტანცია დროულად იღებდეს ინფორმაციას, ასევე ნებელობაც ახდენდეს ზემოქმედებას.
ჩვეულებრივ, „მე“ საიმედოდ ფუნქციონირებს; ის იღებს სრულ ინფორმაციას და აგზავნის განკარგულებას.
განსხვავებულად არის საქმე გარკვეული დაავადებების და, რა თქმა უნდა, ჩვენს მიერ შესწავლილი ნევროზების შემთხვევაში; „მე“ თავს უხერხულად გრძნობს საკუთარ სახლში – სულში, მისი ძალაუფლება საზღვრებს აწყდება.

უცებ აღმოცენდება ისეთი აზრები, რომელთა შესახებაც მან არაფერი იცის და არც მათი განდევნა შეუძლია. ეს უცხო სტუმრები უფრო ძლიერნი ჩანან, ვიდრე „მე“-ს დაქვემდებარებული ფენომენები; ისინი უპირისპირდებიან
ნებას და მის ხელთ არსებულ მექანიზმებს. „მე“ მათ უარყოფს, როგორც უცხო წარმონაქმნებს და უფრთხის მათ. „მე“აჯერებს საკუთარ თავს, რომ ეს ავადმყოფაბაა, უცხოს შემოჭრაა; „მე“ დაცვით მექანიზმებს აძლიერებს, მაგრამ არ ესმის, თუ რატომ არის ასე უნარწართმეული.

კამათს იწვევს შემთხვევბი, როდესაც სულიერ ცხოვრებაში უცხო, უზნეო ძალები შემოიჭრებიან ხოლმე. ჩვეულებრივ, ასეთ დროს ფსიქიატრია მხოლოდ მხრებს იჩეჩავს და
აცხადებს: დეგენერაცია, მემკვიდრეობითი დისპოზიცია, კონსტიტუციონალური სისუსტე!

ფსიქოანალიზი ცდილობს ახსნას აღნიშნული უცნაური დარღვევები. ის მიმართავს გულმოდგინე და ხანგრძლივ კვლევას, ქმნის დამხმარე ცნებებსა და მეცნიერულ
კონსტრუქციებს და ბოლოს, მას შეუძლია „მე“-ს ასე მიუგოს: „შენში არაფერი უცხო არ მომხდარა; შენი საკუთარი სულიერი ცხოვრების ერთი ნაწილი ხელიდან გაუსხლტა
გონებისა და ნებისყოფის ბატონობას, ამიტომაც ვერ იცავ თავს. შენი ერთი ნაწილი მეორეს ებრძვის და არ შეგიძლია, როგორც გარე მტრის შემთხვევაში, მთელი ძალები მოიკრიბო. იშვიათად არ ხდება, როდესაც სულიერ ძალებს შორის ყველაზე უმნიშვნელო ან მიუღებელი გიპირისპირდება და შენგან განცალკევებას ცდილობს. ამაში შენვე ხარ დამნაშავე. შენ გადააფასე საკუთარი შესაძლებლობები, როცა ირწმუნე, რომ სექსუალური ლტოლვების მართვა შეგეძლო და მათ სურვილს ოდნავადაც არ უწევდი ანგარიშს. ამიტომ აჯანყდნენ და
წავიდნენ საკუთარი ბნელი გზით, რათა დათრგუნვისაგან განთავისუფლებულიყვნენ. მათ მოიპოვეს უფლებები შენგან დამოუკიდებლად. და თუ როგორ მიაღწიეს ამას და რა გზით
წავიდნენ, შენთვის უცნობია. შენს შეგნებამდე მხოლოდ ამ პროცესის შედეგი, სიმპტომი აღწევს, რომელსაც ავადმყოფობის სახით განიცდი. შენ ვერ სცნობ მას, როგორც საკუთარი გადევნილი ლტოლვების პროდუქტს და არ იცი, რომ სიმპტომი ლტოლვების ჩანაცვლებით
დაკმაყოფილებაა. შენ დარწმუნებული ხარ, რომ ყველაფერი იცი, რაც შენს სულში ხდება, ვინაიდან ცნობიერება ამის თაობაზე მოგახსენებს. თუკი რაიმეს შესახებ ცნობა არ მიგიღია, მაშინ დარწმუნებით
უშვებ, რომ არც არაფერი მომხდარა. დიახ, შენ ისე შორს მიდიხარ, რომ „სულიერს“ „ცნობიერთან” აიგივებ.

ნება დამრთე ამასთან დაკავშირებით ერთი რამ გასწავლო! შენი სულიერი არ ემთხვევა ცნობიერს; შენს სულში მიმდინარე მოვლენა ყოველთვის არ განიცდება და გამოცდილებაში ყოველთვის არ გეძლევა. უფლება გაქვს ილუზიაში იყო, რომ მნიშვნელოვანს განიცდი. მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში, მაგალითად, ლტოლვათა
კომპლექსის დროს, ცნობიერის სამსახური უარს ამბობს და მაშინ შენი ნება ცოდნის მიღმა არ ვრცელდება. ყველა შემთხვევაში ცნობიერი არაა სრულყოფილი და სარწმუნო. ასევე, ხშირად ცნობიერი მაშინ იღებს ცნობებს პროცესთა შესახებ, როდესაც ისინი უკვე განხორციელებულია და მათზე ზემოქმედება შეუძლებელი. მაშ, როგორღა შეძლებ
განსაზღვრო ის, რაც განცდაში არ გაქვს ან რაც არასწორად იცი?

მონარქივით კმაყოფილდები კარის მსახურთა ინფორმაციით და არ მიდიხარ ხალხთან, რათა მათი ხმა გაიგონო. შეაღწიე საკუთარ სიღრმეებში და გაიცანი საკუთარი თავი. შემდეგ გაიგებ, თუ რატომ გელის
ავადმყოფობა და, ალბათ, თავიდანაც აიცილებ მას. “

ჩვენ სრულად ვერ ვთოკავთ სექსუალურ ლტოლვებს. სულიერი პროცესები არაცნობიერია და “მე” მხოლოდ არასრულყოფილად, არაზუსტად აღიქვამს მათ და ექვემდებარება. შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ „მე“ არაა ბატონი საკუთარ სახლში. ეს არის მესამე
დარტყმა ადამიანის თავმოყვარეობაზე, რომლისთვისაც შემეძლო მეწოდებინა ფსიქოლოგიური. აქედან გამომდინარე არაფერია გასაკვირი, რომ „მე“ ფსიქოანალიზს არ მიმართავს და ჯიუტად უარყოფს მას.

ცოტა ვინმე თუ ხვდება, თუ რა მნიშვნელობა ექნებოდა მეცნიერებისა თუ ყოველდღიური ცხოვრებისთვის საბედისწერო ნაბიჯს – არაცნობიერი სულიერი პროცესების დაშვებას. უნდა აღვნიშნოთ, რომ პირველად ეს ნაბიჯი ფსიქოანალიზს არ გადაუდგამს. ეს გაბედეს
ცნობილმა ფილოსოფოსებმა, როგორც წინამორბედებმა. მათ შორის უპირველესად დიდმა მოაზროვნე შოპენჰაუერმა, რომლის არაცნობიერი „ნება“ ფსიქოანალიზის ფსიქიკურ
ლტოლვებს უტოლდება. ამავე მოაზროვნემ ადამიანებს სექსუალური ლტოლვების ჯერ კიდევ არაჯეროვნად შეფასებული მნიშვნელობა შეახსენა.

ფსიქოანალიზის უპირატესობა იმაშია, რომ ის ნარცისიზმისთვის ორ მტანჯველ დებულებას – სექსუალობის ფსიქიკურ მნიშვნელობასა და სულიერი ცხოვრების არაცნობიერობას აბსტრაქტულად კი არ ამტკიცებს, არამედ შესაბამისი მასალით ასაბუთებს. სწორედ ამიტომ წარმოშობს ის საკუთარი თავის მიმართ სიძულვილს, წინააღმდეგობას და ჯერ კიდევ თავს არიდებს ფილოსოფოსის დიად სახელს.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი