რადჰანათა სვამი:,,სად მეპოვა ისეთი ადამიანები, ვისთანაც საკუთარ ადგილზე ვიგრძნობდი თავს?”

0
228

(გაგრძელება)

სასწავლო წელი დასრულდა და არდადაგები დაიწყო. ზაფხულის ცხელ დღეს გზატკეტილის ნაპირზე ვიდექი სადღაც პენსილვანიაში და გზად მიმავალი მანქანის გაჩერებს ვცდილობდი, ქარი კი გრძელ თმას მიწეწავდა. ნიუ-იორკში მივდიოდი, ჩემს მეგობართან.

ცხრამეტი წლის ვიყავი, 168 სმ სიმაღლის ორმოცდაათ კილოზე ოდნავ მეტს ვიწონიდი. უნდა ვაღიარო, რომ
სხეულის ასეთი აღნაგობით საკმაოდ უმწეოდ ვგრძნობდი თავს ყოველთვის, როცა გზად მიმავალი მანქანის დაჭერა მიხდებოდა. სამი საათის შემდეგ ჩემს წინ 59 წლის გამოშვების ჟანგიანმა პლიმუთმა დაამუხრუჭა. ავტომობილთან მივირბინე და მძღოლს მადლობა
გადავუხადე:
“მადლობა! ძალიან დიდი მადლობა, სერ!”
მძღოლმა ფანჯრიდან შუა თითი გამომიყოდა გაბრაზებულმა შემომხედა: “ჯობია სამუშაო იშოვო, უსაქმურო!” – უეცრად მსხვილი ხელი თმაში ჩამავლო და ღია ფანჯრისკენ შემითრია. მაშინვე დამწვრის და თამბაქოს სუნი მეძგერა. მძღოლმა გადააპურჭყა, ბინძურად შეიგინა და თან დაამატა:
“ეი, მათხოვარო! იარაღი რომ მქონდეს დაუფიქრებლად მიგაცხრილავდი!” და მანქანა საბურავების კივილით მოწყდა ადგილიდან. ავტომობილის შავი კვამლისგან სულშეხუთულმა ამოვახველე და ვიგრძენი, როგორ იფეთქა
ჩემში წყენამ, მაგრამ მაშინვე ვცადე მისი შეკავება. ჩემი მიზანი ხომ სულიერი ცხოვრება იყო. ავტოსტოპით მოგზაურობისას არაერთხელ გავმხდარვარ სამიზნე იმათთვის, ვინც ეძებდა, რომ სხვაზე ამოენთხია თავისი ბრაზი და გაღიზიანება. მაგრამ მე ვიმედოვნებდი, რომ ეს
განსაცდელები სულიერ ზრდაში დამეხმარეობოდა. ვიცოდი, რომ მოთმინება და სიმტკიცე უნდა მესწავლა და დაბრკოლებების გადასალახად უნდა მელოცა.

სამოცდაათიან წლებში გრძელი თმა უბრალოდ მოდა არ იყო, ეს იყო ღია გამოწვევა მთელი საზოგადოებისადმი მასში გამეფებული ფულისა და ძალაუფლების კულტით. იმ წლებში გრძელი თმა რწმენის ერთგვარი სიმბოლო იყო. მე და ჩემს მეგობრებს უბრალოდ კი არ გვჯეროდა ჩვენი იდეალების, არამედ ცხოვრებაშიც ვანხორციელებდით მათ.

ერთი წლით ადრე, როცა ჩიკაგოში, დემოკრატიულ კონვენციაზე პროტესტით გამოვდიოდით ომის წინააღმდეგ, ცრემლმდენი გაზით დაგვშალეს. პოლიციელებს არ ვუყვარდით და ხშირად გვიჭერდნენ ხოლმე სტუდქალაქში. და ეს ყველაფერი მხოლოდ იმის გამო, რომ ჩვენ ცხოვრების აზრს ვეძებდით და გვჯეროდა იდეალების, რომლისთვისაც მხოლოდ ცხოვრება კი არა, სიკვდილიც ღირდა. და თუმცა მე თვითონ ცუდს არავის ვუსურვებდი, ჩემი გარეგნული
იერი ჩემს მიმართ არაკეთილ განწყობას უნერგავდა გარშემომყოფებს.

კიდევ რამდენიმე საათის ლოდინის შემდეგ კეთილად განწყობილმა ახალგაზრდამ გამიჩერა და გამიყოლა თავის სახლამდე, გეტისბურგში. იქ მარტო ჩამოვჯექი ტყის ნაკადულთან. ხეებსა და ქვებს შორის მიმავალი წყლის რაკრაკი დამამშვიდებლად მოქმედებდა ჩემზე. მეჩვენებოდა, რომ ნაკადულმა ისეთი რამ იცოდა, რაც ყოფიერების საიდუმლოს კარს გამიხსნიდა. თუკი ამ ნაკადულივით, უბრალოდ გავყვები მოწოდებას, – ვფიქრობდი მე, – მაშინ შესაძლოა ბუნებამ თავად გამიხსნას თავისი საიდუმლო და უმაღლეს მიზნამდე მიმიყვანოს.

რამდენიმე დღის შემდეგ, ნიუ-იორკში, ჩემმა მეგობარმა ჰეკეტმა როკ-ფესტივალზე “Randall’s Island” წამიყვანა. სცენაზე ერთიმეორეს მიყოლებით გამოდიოდნენ სხვადასხვა ჯგუფები და შემსრულებლები – ჯიმი ჰენდრიქსით დაწყებული Mountainნ-ით დამთავრებული.

შესვენების დროს გასეირნება გადავწყვიტე და ახალგაზრდა ამერიკელი მომიახლოვდა გადაპარსული თმით. ის მთლიანად თეთრებში იყო ჩაცმული და რომელიღაც უჩვეულო ბერად აღვიქვი. ზედმეტი საუბრის გარეშე გამომიწოდა თხელი წიგნი და შესაწირი მთხოვა. მე ვუთხარი, რომ ფული არ მქონდა, სანამ ვსაუბრობდით, ბარიგა მომიახლოვდა და ჰაშიში შემომთავაზა.
მე მასაც იგივე გავუმეორე, და ეს ორნი ერთმანეთთან კამათით გამეცალნენ.

ბერს ჩემთვის წიგნის გამორთმევა დაავიწყდა, მე კი ისე, რომ არც კი დამიხედავს, ჩანთაში ჩავიდე იგი. მომდევნო დღეს, როცა ბრუკლინში ვიყავი ჰეკეტთან, ჰარიმ დამირეკა და სტუმრად დამპატიჟა ჩვენს საერთო მეგობართან – ფრენკთან, რომელიც ჩერი ჰილში ცხოვრობდა ნიუ-ჯერსის
შტატში. როცა მივედი, ჰარი და ფრენკი მუხლდაჩოქილნი იდგნენ დიდ რუქაზე, რომელიც სასტუმრო ოთახში, ხალიჩაზე იყო გაშლილი. “რამდენიმე დღეში ევროპაში ვაპირებთ წასვლას, – მითხრა ჰარიმ, – და შენც ჩვენთან
მოდიხარ”. მე ერთი ცენტიც კი არ მქონდა და ჩიკაგოში ვაპირებდი დაბრუნებას, რათა მთელი ზაფხული
მემუშავა. მაგრამ ფრენკმა დამარწმუნა, რომ სამივესთვის ჰქონდა სამყოფი ფული. “კარგი, – ვუპასუხე მე, – მაშინ წამოვალ”. ისღა დამრჩენოდა, რომ ჰეილენდ პარკში წავსულიყავი და მშობლებისთვის ამეხსნა ვითარება.

აქამდე არავინ ჩვენი ოჯახიდან ამერიკის საზღვრებს არ იყო გაცდენილი. რას იტყვიან მშობლები? ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად მივდიოდი სახლში, სადაც მთელმა ჩემმა
ბავშვობამ ჩაიარა. მრგვალ სასადილო სუფრასთან ვიჯექი და მასზე დალაგებულ კერძებს ვათვალიერებდი. დედა
მზად იყო ყოველდღე გაემზადებნა ჩვენთვის სადღესასწაულო სუფრა. ოთახში ბალახების და
სანელებლების სასიამოვნო არომატი იდგა. “გადავწყვიტე ჰარისთან ერთად ევროპაში წავიდე”, – განვაცხადე მე. სუფრის წევრებს სახეები გაუქვავდათ. მათი მზერის ქვეშ ნერვიულად ვაქანავებდი საპილპილეს ჩემი თეფშის თავზე.
“ეს ჩემს მსოფლმხედველობას გააფართოვებს, რას ფიქრობთ?” პასუხი არ ყოფილა.

მე სამზარეულო მოვათვალიერე: ლამაზად იყო შეღებილი. ელექტრო პლიტა და მაცივარი ერთი ფირმის იყო. ერთიც და მეორეც – ვარდისფერი. ეს დედაჩემის საყვარელი ფერია.
“სამაგიეროდ ბევრ ახალს გავიგებთ. არ ინერვიულოთ, სექტემბერში დავბრუნდები, როცა არდადაგები დამთავრდება. სამ დღეში მივემგზავრებით.” სიჩუმე იდგა. დედა ისე გამოიყურებოდა, თითქოს ახლო ნათესავის სიკვდილის ამბავი გაიგო.
“რიჩი, – უეცრად აქვითინდა იგი, – რად გინდა ეს ყველაფერი? რას შეჭამ იქ? ან სად დაიძინებ?” ნერვიულად გააქნია თავი და ჩემს მოლბობას შეეცადა: “შენ ხომ ჯერ ბავშვი ხარ. ვინ დაგიცავს იქ?”
მამამ განაცხადა:
“შვილო, სრულ ჭკუაზე ხარ? ეს სამყარო – სახიფათო ადგილია. შენ კი ახალგაზრდა და გამოუცდელი ხარ. ნებისმიერი რამ შეიძლება შეგემთხვეს”. ღრმად ჩაისუნთქა და დაამატა: “მე დაგიშლიდი წასვლას, მაგრამ მაინც არ დამიჯერებ”. მამა თვალს არ მაცილებდა და ისე
მიყურებდა, იმ იმედით, რომ გადავიფიქრებდი, მაგრამ ვცდილობდი არ შემემჩნია. მაშინ
ნერვიული ხმის კანკალით მითხრა:
“მე დღე და ღამე ვიღელვებ შენზე, სანამ არ დაბრუნდები”.
ჩემმა ძმამ ლარიმ კი წამოიძახა:
“მაგარია! მეც წავიდოდი! – მაგრამ დაინახა რა გაბრაზებული მშობლები, უცებ სერიოზული
გახდა, – რიჩი, იშვიათად მაინც მოგვწერე წერილები”.

ჩვენი პირველი ევროპული ღამე ლუქსემბურგში, კარვების ქალაქში გავატარეთ. ერთადგილიან ვიწრო კარავში, საძილე ტომრებში გვეძინა და ვფიქრობდით იმაზე, თუ რას გვიმზადებდა მომავალი დღე. როგორც იქნა, მამლის ყივილმა განთიადის დადგომა გვამცნო. კარვიდან
დილის სუფთა ჰაერზე გამოვედით, მე და ჰარი გავიზმორეთ, აყვავილებული ხეებისა და ბალახების არომატი შევისუნთქეთ და ბედს მადლობა გადავუხადეთ. უცებ წუწუნი გაისმა:
“არა! ოღონდ ეს არა!”
კარვიდან ფრენკი გამოძვრა, მკვდარივით გაფითრებული.
“გაგვქურდეს! მთელი ფული დაიკარგა!”
მე და ჰარი კარავში შევვარდით და ყველაფერი გადავაქოთეთ.
“აზრი არა აქვს, – ამოიოხრა ფრენკმა. – უკვე ყველგან დავძებნე”.
ჰარიმ ფრენკს მხარზე ხელი დაადო და უთხრა:
“გამაგრდი, შენთან ვართ”.
“რაც დაგვრჩა ყველაფერს გაგიზიარებთ, – ვცდილობდი ფრენკის დაწყნარებას. – დაივიწყე ფული. მთავარია ერთად ვართ”.

ფრენკმა თავი გაიქნია და თქვა, რომ დარჩენილი ფული ყველას არ გვეყოფოდა. ამიტომ სახლში ბრუნდებოდა, თანაც სასწრაფოდ. “მოდიხართ ბიჭებო?” ჩემი ფული ოც დოლარამდე მქონდა. მე და ჰარიმ ერთმანეთს გადავხედეთ და ის მიხვდა, რომ დარჩენას ვაპირებდი. ჰარიმ თანხმობის ნიშნათ თავი დამიქნია, და ჩვენ გულისტკივილით
დავემშვიდობეთ ფრენკს, რომელმაც ევროპაში მხოლოდ ერთი ღამე გაატარა. მან მხარზე გადაიგდო თავისი ზურგჩანთა და უკანა გზას გაუდგა, ჩვენ კი მიმავალ ფრენკს გავცქეროდით და ვფიქრობდით, რა გველოდა წინ.

მოგვიანებით, იმავე დღეს ნაკადულს მივადექით და მის ნაპირთან დასვენება გადავწყვიტეთ. ქარი არხევდა ხის ფოთლებს, ქვემოთ კი წყალი მირაკრაკებდა. ფრენკის წასვლასთან ერთად თითქმის საარსებო სახსრების გარეშე დავრჩი. უცნაურია, მაგრამ ამასთან ერთად სრულ
თავისუფლებას ვგრძნობდი. მე და ჰარიმ ჰოლანდიელ ჰიპებთან ერთად ვისაუზმეთ, რომლებსაც კოსმოსი და ჩუჩი ერქვათ. “მიუსლით” გაგვიმასპინძლდნენ და მათთან ერთად ჰოლანდიაში წასვლა შემოგვთავაზეს თავიანთი ძველი “ფოლკსვაგენით”. მალე დონოვანის, ბიტლების და როლინგ სთოუნზის სიმღერების თანხლებით ვმგზავრობდით ბელგიასა და ჰოლანდიაში, და თან ტიტების
უსაზღვრო მდელოების ცქერით ვტკბებოდით. წითლები და ყვითლები, თეთრები, ვარდისფერები და იისფერები, აკურატული და სწორი რიგებით გაზრდილიყვნენ და თვალს
ახარებდნენ.

იდილიურ ადგილას, ებკაუდში გაჩერების შემდეგ, სადაც ერთ-ერთი ჩვენი ახალი მეგობარი ცხოვრობდა, ამსტერდამში ჩავედით. იქ მიტოვებულ საცავში მიგვიყვანეს, სადაც რამდენიმე ათეული ჰიპი იატაკზე იწვა და მარიხუანას ეწეოდა. მქრალი ნათურები ძლივს ანათებდნენ. აქა-იქ ვირთხები გაირბენდნენ ხოლმე. რძის ყუთებზე დადგმული ფანერებისგან შეკოწიწებულ იმპროვიზირებულ სცენაზე გაბურძგნული მუსიკოსები უკრავდნენ.

ჰაშიშის ყალიონით ხელში და არაამქვეყნიური ღიმილით ჩუჩმა წარმოთქვა: “ღმერთმა ინებოს ჰეიტ-ეშბერში შევხვდეთ – ჰიპების მექაში”. გამომოსამშვიდობებლად ხელი
დაგვიქნია და კვამლის ბოლქვებში გაუჩინარდა.

მე და ჰარიმ თითქმის უფულოდ არსებობა ვისწავლეთ. დილით ადრე რამდენიმე ცენტად ახლადგამომცხვარი ცხელი პურის “ბუხანკას” ვყიდულობდით, ხის ქვეშ ვჯდებოდით, პურს შუაზე ვჭრიდით და მადიანად ვილუკმებოდით. სადაც არ უნდა ვყოფილიყავით, ეს ჩვენთვის ყოველდღიურ ტრაპეზს წარმოადგენდა. განსაკუთრებულ შემთხვევებში ყველის ნაჭრის ყიდვის
უფლებასაც ვაძლევდით საკუთარ თავს. ჩვეულებრივ ახალ ნაცნობებთან ვათენებდით ღამეს, ხანდახან კი ხეების ქვეშ, მიტოვებულ სახლებში, ან ღამის გასათევებში.

ვცდილობდით შეძლებისდაგვარად გამოგვეზოგა დარჩენილი ფული. ევროპული კონტრკულტურის დედაქალაქად იმ დროს ამსტერდამი ითვლებოდა.
საზოგადოებრივი ცხოვრების ცენტრს ამსტერდამში დამის მოედანი წარმოადგენდა. ასობით თავგადასავლების მაძიებელი გასართობად და მუსიკის მოსასმენად მიემართებოდა ისეთ კლუბებში, როგორებიცაა “ფანტაზიო”, “პარადიზიო” და “მელკვეგი”. კიდევ ერთი პოპულარული ადგილი იყო “სულიერი ღამის კლუბი “კოსმოსი””. ერთ საღამოს იქ შევხვდი მაღალ ამერიკელს, თეთრი ტანსაცმლით, თავგადაპარსულს და თმის მცირე ბღუჯით თხემის მიდამოში. “გინდა სულიერი საკვები გასინჯო?” – შემომთავაზა მან. მე მორცხვად დავუქნიე თავი. “მაშინ ხელები მომიშვირე”. მე ხელები გავუწოდე და ჩემს ხელისგულებზე ხილის სალათის მთელი გუნდა აღმოჩნდა. მე დაბნეული ვიდექი, იოგურტი კი თითებს შორის ჟონავდა.
“რა ვუყო ამას?” – ვკითხე მე.
“ჭამე!” – გაიცინა ამერიკელმა და წავიდა.

რავიცოდი მაშინ, რომ ბედი კიდევ შემახვედრებდა მას– აქედან ათასობით კილომეტრის მოშორებით, სიტუაციაში, რომელსაც ვერც კი წარმოვიდგენდი!

მე და ჰარიმ მსოფლიოს ყველა კუთხიდან გავიჩინეთ მეგობრები. ყველაფერი მომწონდა, მაგრამ ჩემი გული მაინც ვერ პოულობდა სიმშვიდეს. შინაგანი ხმა მესმოდა, მაგრამ ვერ ვხვდებოდი ვისი ხმა იყო და საით მიხმობდა. ბევრ დროს ვატარებდი მუზეუმებში, ვათვალიერებდი რა რელიგიური ხასიათის ნახატებს, და ვონდელ-პარკში, სადაც
ვმედიტირებდი და სულიერ წიგნებს შევისწავლიდი. მაგრამ ყველაზე მეტად განმარტოებულ ადგილას, არხის პირას ჯდომა მიყვარდა.

ნებისმიერი დიდი ქალაქის ატმოსფერო ძალაუფლების, სიმდიდრის და სიამოვნებების წყურვილითაა გაჟღენთილი; დიდ ქალაქში მოდა ისევე სწრაფად იცვლება, როგორც წელიწადის დროები, მაგრამ არხები, დაუმორჩილებელნი
ქალაქის გავლენისადმი, თავის ცივ წყალს მთელი ქალაქის გავლით დაატარებდნენ და სიმშვიდეს ჰფენდნენ. მე საათობით ვიჯექი არხის ნაპირთან, წყლის ცქერით ვტკბებოდი და ვფიქრობდი იმაზე, თუ საით მივყავდი ჩემი ბედის ტალღებს.

ჩვენი მოგზაურობა გრძელდებოდა. გზად მიმავალი მანქანებით ჰოლანდიის ერთ-ერთ პორტამდე ჩავაღწიეთ და დარჩენილი ფულით დიდი ბრიტანეთისკენ მიმავალ ბორანზე ავიღეთ ბილეთები. ცას ტყვიისფერი ღრუბლები ფარავდნენ. წვიმა ცრიდა. ტალღების ნებას აყოლილი
ბორანი ხან მაღლა იწეოდა, ხან დაბლა. ვაკვირდებოდი, როგორ მიარღვევდა დინებას და ვფიქრობდი, თავად საით მქონდა გეზი აღებული. მე ჩემი ცხრამეტი წლის ასაკში უკვე
კარიერით უნდა დავინტერესებულიყავი, მაგრამ კარიერა საერთოდ არ მაინტერესებდა. რას ვეძებ? რატომ არ შემიძლია კონცენტრირება არაფერზე, გარდა იდეალებისა, რომლებითაც ჩემი თავია გამოტენილი? და თუ სულიერებაზე ცოტა წარმოდგენა მაინც მქონდა, ჩემი საკუთარი მომავალი შვიდი ბოქლომის მიღმა არსებულ საიდუმლოდ რჩებოდა ჩემთვის.

ჩემმა მზერამ ბორტზე გამოფენილი სამაშველო ჟილეტები დააფიქსირა და ლოცვა დავიწყე, რათა გადავრჩენილიყავი ამ გაურკვევლობის ოკეანეში. თუ ადამიანს არა აქვს იდეალი, რომლისთვისაც მზადაა მოკვდეს, – გამახსენდა მე, – ეს ნიშნავს, რომ მის ცხოვრებას აზრი არა აქვს. მე სამშობლო მივატოვე ასეთი იდეალის საძებნელად და ახლა ბედის ქარი გაურკვეველი მიმართულებით მიმაფრიალებდა, როგორც შემოდგომის ფოთლს.

როგორც იქნა ბურუსში დუვრის თეთრი კლდეებ გამოიკვეთა. ბორანი ბრიტანეთის ნაპირს მიადგა და მგზავრები რიგში დადგნენ საპასპორტე პუნქტის გასავლელად. საიმიგრაციო
ჩინოვნიკები ეჭვის თვალით გვიცქერდნენ. ჰარი დაბალი და გამხდარი იყო. გრძელი წაბლისფერი თმით, წვერით და გამომხატველი სახით ქრისტეს წააგავდა. ლურჯ ჯინსები და
მწვანე მაისური ეცვა. ზურგზე ამერიკული ზურგჩანთა ეკიდა, მასზე მიმაგრებული საძილე ტომრით. რაც შემეხება მე, მიუხედავად გრძელი თმისა, ჩემს ყმაწვილურ სახეზე წვერის
ნასახიც კი არ იყო. მეცვა რუხი ჯინსები, რუხი პერანგი და შავი ჟილეტი. მათთვის, ვინც მიცნობდა, ეს უბრალო შავი ჟილეტი ჩემი სავიზიტო ბარათი იყო – უკვე წელიწადზე მეტია
ყოველდღე ვატარებდი. ფეხზე მოკასინები მემოსა, ხოლო ჩემს ეკიპირებას ყავისფერი სპორტული ჩანთა და საძილე ტომარა ასრულებდა.

აშკარად ვამჩნევდით საიმიგრაციო ინსპექტორების არაკეთილ მზერას ჩვენი მისამართით. როცა ჩვენი ამერიკული პასპორტები წარვადგინეთ, გვთხოვეს, რომ რომელიღაც ოთახში გავყოლოდით. რამდენიმე წუთში ორი საიმიგრაციო ინსპექტორი გამოჩნდა პოლიციელის
თანხლებით. უფროსმა ინსპექტორმა თავის თანაშემწეს უბრძანა: “ნარკოტიკები უნახე”.

თანაშემწემ ჩემი ჩანთა ამოატრიალა, მაგრამ გადმოყრილ ნივთებში ვერაფერი იპოვა გარდა მწვანე მაისურისა, საცვლებისა, კბილის ჯაგრისისა, სავარცხელისა და საპნის ნაჭრისა, ასევე ბიბლიისა და პატარა ბროშურისა როკ-ფესტივალიდან.
ინსპექტორი დაიჯღანა:
“სულ ესაა?”
მე მორჩილად ვუპასუხე:
“დიახ სერ, თუ არ ჩავთვლით ჰარმონიკას”. და ჰარმონიკა გავუწოდე.
ჰარიც გაჩხრიკეს. შემდეგ პროვოკაციული კითხვა დაგვისვეს:
“ფული რამდენი გაქვთ?” როცა ჩვენი მწირი დანაზოგი ვუჩვენეთ, მათი გაღიზიანება რისხვაში
გადაიზარდა. უფროს ინსპექტორს ბრაზისგან სახე აუწითლდა:
“ჩვენ არ გვჭირდება თქვენისთანა მაწანწალები და მათხოვრები, – დაგვიყვირა მან, – ახლავე
შეგაჭრით მაგ გაბურძგნულ თმას და ციხეში ჩაგსვამთ!”
პოლიციელს მიუბრუნდა და უბრძანა:
“მაკრატელი იპოვე და ბოლომდე გადაპარსე!”
ყველა ტანსაცმელი წაგვართვეს და გულდასმით გაჩხრიკეს.

დაგვიწყეს ხანგრძლივი დაკითხვა, რომელმაც მთლიანად გამოგვფიტა და ბოლოს ვეღარც ვაზროვნებდით. შემდეგ დიდი უსიამოვნებებით დაგვემუქრნენ და ოთახი დატოვეს.
შიშისგან მე და ჰარი ხმას ვერ ვიღებდით. ჩაკეტილში ვიჯექით და ჩვენს ხვედრს ველოდით. ერთი საათის შემდეგ კარი გაიღო და ორმა პოლიციელმა კორიდორის გავლით საკონტროლო პუნქტთან წაგვიყვანა. იქ ჩვენს პასპორტებში ბეჭდები დაარტყეს და მუქარით: “ერთი არასწორი მოძრაობა – და ციხეში ხართ!” გაგვანთავისუფლეს.
ჯერ კიდევ შთაბეჭდილებების ქვეშ მყოფნი ვიდექით გზის პირას, მადლიერებით ვუცქერდით

იდილიურ ინგლისურ პეიზაჟს და ავტომობილის გაჩერებას ვცდილობდით. როგორც იქნა ერთ- ერთმა დაამუხრუჭა. საჭესთან მჯდომმა გოგონამ და მისმა მეგობარმა ბიჭმა კეთილად გაგვიღიმეს, ხოლო მათი სკოჩ-ტერიერი სიხარულით შემოგვახტა მუხლებზე.
“საით გაგიწევიათ?” – გვკითხა გოგონამ.
“ჩვენ თვითონაც არ ვიცით”, – უპასუხა ჰარიმ.
ბიჭმა ლუდის ბოთლი მიიტანა ტუჩებთან და შემოგვთავაზა:
“ჩვენ როკ ფესტივალზე მივდივართ კუნძულ უაიტზე. კარგად გავერთობით. წამოხვალთ ჩვენთან ერთად?”
მე და ჰარი სიხარულით დავთანხმდით. ასე გავემგზავრეთ როკ-ფესტივალზე ახალგზარდა წყვილთან და მხიარულად მყეფარე ტერიერთან ერთად, რომელიც გამუდმებით ცდილობდა ჩვენი სახეები აელოკა. კუნძულზე ბორანით გადავედით და ახალგაზრდების მღელვარე ბრბოს
შევუერთდით. ფესტივალის ადგილი ყველა მხრიდან მწვანე ბორცვებით და ტყით იყო შემოსაზღვრული. შემოღობილს იქით მრისხანე პოლიციელები იდგნენ ძაღლებთან ერთად და უბილეთოებს გარეთ ყრიდნენ. სამ დღიანი ფესტივალი გახურების პიკს აღწევდა. ჰაერში მარიხუანას კვამლი იდგა. ბევრი “მჟავასაც” იღებდა. ქალები და მამაკაცები როგორც
შეეძლოთ ისე ერთობოდნენ – ჩახუტებულები და ნახევრად შიშვლები მაღლობებიდან ტალახზე სრიალით ეშვებოდნენ.

ფესტივალის უკანასკნელ დღეს კოკისპირულმა წვიმამ დაუშვა. მე და ჰარი სცენასთან ახლოს ვიდექით, როცა ექსტრავაგანტულად გამოწყობილი ჯიმი ჰენდრიქსი გამოვიდა – ნარინჯისფერ ვილვეტის კოსტუმში ფოჩებიანი სახელოებით. მაგრამ მიუხედავად ნათელი მორთულობისა,
ჯიმი მოწყენილად გამოიყურებოდა. ის ნაკლებად ჰგავდა იმ შოუმენს, რომელიც ადრე მინახავს და რომელსაც შოკში მოჰყავდა ხალხი თავისი საკუთარი გიტარის დაწვით. იმ
საღამოს, როგორც არასდროს, სერიოზული და თავის მუსიკაზე კონცენტრირებული იყო. ჯიმი The Star Spangled Banner-ს უკრავდა – აშშ-ს ჰიმნის ფსიქოდელიურ ინსტრუმენტალურ ვერსიას. ჰენდრიქსი ჩვენი თაობის ერთ-ერთი დიდი კუმირი იყო, კონტრკულტურის წინასწარმეტყველი. ის თვითგამოხატვის თავისუფლებას და “ისთებლიშმენტისადმი” პროტესტს ქადაგებდა.

ჩემთვის მისი გზავნილი იმაში მდგომარეობდა, რომ გულის ხმას გავყოლოდით მიუხედავად გარშემომყოფების აზრისა.
ისე ჩანდა, თითქოს სცენიდან წამოსული დამაყრუებელი მუსიკა მთებს აზანზარებდა, ზღვას აღელვებდა და ღრუბლებს ფანტავდა. მაგრამ უსიტყვო ხმა ჩემს შიგნით, რომელიც არ ვიცოდი ვის ეკუთვნოდა, კიდევ უფრო ხმამაღლა ჟღერდა.

კონცერტის შემდეგ მე და ჰარი ლონდონისკენ მიმავალმა ფურგონმა გაგვიყოლა, რომელიც თავქარიანი ახალგაზრდებით იყო გატენილი. თავის მომაბეზრებელი თანამგზავრებისგან რომ დამეცვა თავი, ჩანთაში მოვიჩხრიკე და უცნაური ბერის მიერ როკ-ფესტივალზე ნაჩუქარი ბროშურა მოვძებნე. ბროშურის უკანა ყდაზე ხის ქვეშ მჯდარი ხანშიშესული კაცის ფოტო იყო გამოსახული. მისი დიდი მენდალისებური თვალები სულიერ ექსტაზს ასხივებდა. მიუხედავად ხანდაზმული ასაკისა, მისი სახე ახალშობილივით უცოდველს ჰგავდა და მის ბაგეებზე
მშვიდი ღიმილი თამაშობდა. არ ვიცოდი ვინ იყო და საიდან იყო, მაგრამ მისმა გამოხედვამ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. თუკი არის ვინმე მსოფლიოში, ვინც სულიერი ნეტარება გამოსცადა, – გავიფიქრე მე, – ასეთი სწორედ ესაა.

ჩვენ მომცრო ბინაში გავჩერდით ლონდონის გარეუბანში ორ ძმასთან, რომლებიც კუნძულ უაიტზე გავიცანით. რამდენიმე დღის შემდეგ ერთ-ერთი ძმა, გაზეთის კითხვისას, გაფითრდა
და მძიმედ დაიკვნესა.
“რა მოხდა?” – ვიკითხეთ ჩვენ.
“თქვენთვის ცუდი ამბავი მაქვს ბიჭებო. ჯიმი ჰენდრიქსი მოკვდა”.
“შეუძლებელია! როგორ?”
გაზეთი ნელა გადადო გვერდზე და წარმოთქვა:
“აქ წერია, რომ გასულ ღამეს ის დამაძინებლის გადაჭარბებული დოზის გამო დაიღუპა –
საკუთარმა ამოღებინებულმა მასამ დაახრჩო”.
ჰარიმ თავი ხელებში ჩარგო, მე კი მღერვალებისგან სუნთქვა შემეკრა.

თავში ერთადერთი აზრი მიტრიალებდა: რა გაკვეთილი უნდა გამოვიტანო აქედან? ჯიმი ჰენდრიქსი ახალგაზრდა იყო და ჰქონდა ყველაფერი, რაზე ოცნებაც შეეძლო, – სიმდიდრე, სახელი და საოცარი ნიჭი. მაგრამ ამ ყველაფერმა ვერ მოუტანა ბედნიერება. ჩვენი კუმირი
თავისივე ზედმეტი გამონაყოფის მსხვერპლი გახდა.

ათასობით ადამიანი დარწმუნებული იყო, რომ სექსი, ნარკოტიკები და როკ-ენ-როლი – ერთადერთი ჭეშმარიტი გზაა ცხოვრებაში. ასეთი ხალხისთვის თავისუფლება უმაღლესი ღირებულება იყო, მაგრამ იყვნენ კი მართლა
თავისუფლები? მე გავიხსენე ჩემი ნაცნობები კონტრკულტურის მომხრეებიდან. უმეტესობა თავისებურად ლამაზი იყო, მაგრამ მათ შორის უკულტურო, უმადური ადამიანებიც იყვნენ.

მე ვგრძნობდი დიდ მადლიერებას მშობლებისადმი იმის გამო, რომ მე და ჩემს ძმებს ყველაზე ღირებული – მადლიერების გრძნობა გვაჩუქეს. ნამდვილად მინდა კონტრკულტურის ნაწილი ვიყო? სრულიად ნათელია, რომ ვერ ვეთვისებოდი იმ გარემოს, რომელსაც ჩემი მშობლების
თაობა ეკუთვნოდა. მაგრამ სად მეპოვა ისეთი ადამიანები, ვისთანაც საკუთარ ადგილზე ვიგრძნობდი თავს? ღმერთო, მომეცი გონიერება! – ასეთი ფიქრებით ჯიმისთვის ლოცვა
დავიწყე.

ამ შემთხვევამდეც უკვე ვგრძნობდი იმედგაცრუებას კონტრკულტურის მიმართ. იმისთვის, რომ მისი ნაწილი ვყოფილიყავი, მსხვერპლად გავიღე ჩემი ოჯახის წეს-ჩვეულებები. ადრე ვიმედოვნებდი, რომ კონტრკულტურა ნათელ მსოფლიოს შექმნიდა. მაგრამ ახლა ვხედავდი,
რომ კონტრკულტურაში დესტრუქციული იდეები ჭარბობდა, ისეთები, როგორიცაა “ბუნტი ბუნტისათვის” ან “იცხოვრე საკუთარი სიამოვნებისთვის”. ჯიმი ჰენდრიქსის უაზრო და
ტრაგიკულმა სიკვდილმა უკანასკნელი იმედი ჩაკლა ჩემში. და მაინც, ხავსს მოჭიდებული დამახრჩვალის განწირულობით, მზად ვიყავი თავით გადავშვებულიყავი იმ უკიდურესობებში, რომლებიც ჩემს თაობას ახასიათებდა.

ლონდონში მე და ჰარის პიკადილის მოედანზე გვიყვარდა სეირნობა გამომწვევად ჩაცმულ პაციფისტებს, “კისლოტნიკებსა” და მარიხუანას მწეველებს შორის. ჰიპები მღეროდნენ, ბარიგები ნარკოტიკებს სთავაზობდნენ, მეძავები კლიენტების გამოჭერაზე იყვნენ, სკინჰედები
კი გამვლელებს ეუხეშებოდნენ. პოლიციელები ყურადღებით ადევნებდნენ თვალ-ყურს ყველა ზემოთჩამოთვლილს, ხოლო ტურისტები სიამოვნებით იღებდნენ მიმდინარე
მოვლენების ფოტოებს.

ლამბეტ როუდზე, ტემზას ნაპირზე, ზუსტად პარლამენტის შენობის პირდაპირ კათოლიკური ეკლესია იდგა. მისი წინამძღვარი სიმპათიით იყო განწყობილი ახალგაზრდა
მოგზაურებისადმი. ყოველ საღამოს ცხრა საათზე აღებდა ეკლესიის სარდაფს და უფასო ღამის გასათევს სთავაზობდა ახალგაზრდებს. სარდაფში ცივი იატაკის გარდა არაფერი იყო, მაგრამ ჩვენ ამითაც ძალიან კმაყოფილები ვიყავით, მითუმეტეს, რომ ყველა მოგზაურს საძილე ტომარა ჰქონდა თან. ყოველ საღამოს თავისუფალი ადგილის ძიებაში გავძვრებოდი ხოლმე მწოლიარეებს შორის. ჰაერში ჰაშიშის და დაუბანელი სხეულების სუნი იდგა. როცა შუქი ქრებოდა, სხვადასხვა მხრიდან ისმოდა წყვილების ოხვრა და კვნესა. რამდენჯერმე დავინახე, როგორ იჩხირავდნენ ნარკომანები სარდაფის კუთხეში ჰეროინს.

გარშემომყოფების გავლენის გამო გაცილებით უფრო ხშირად დავიწყე ჰაშიშის და მარიხუანის მოწევა. ამის გამო გარეგნულად თითქმის არ გამოვირჩეოდი სხვებისგან. მაგრამ თუ სხვები აქტიურად ურთიერთობდნენ ერთმანეთთან, მე პირიქით, უფრო და უფრო
ვიკეტებოდი საკუთარ თავში. ისევ და ისევ ვეკითხებოდი საკუთარ თავს: რატომ ვიღებ ნარკოტიკებს? ხანდახან, საღამოობით, სანამ ჰარის დაბრუნებას ველოდებოდი, ტემზას ნაპირზე საათობით ვსეირნობდი. წყლის მძლავრი დინება ჰიპნოტურად მოქმედებდა ჩემზე, და მე ცხოვრებაზე ვფიქრობდი. ვუყურებდი რა უმოწყალოდ მოძრავ “ბიგ ბენის” ისრებს, საკუთარ თავს ვეკითხებოდი, იქნებ ტყუილად ვფლანგავ დროს? ამასთან ერთად ძალიან მინდოდა საკუთარი თავისთვის დამემტკიცებინა, რომ შემეძლო
მორცხვობის გადალახვა და ყველას მსგავსად ცხოვრებით ტკბობა. ცხრამეტი წლისას ჯერ კიდევ არ მყავდა მეგობარი გოგო. ზედმეტი სიმორცხვის გამო არ დავდიოდი პაემნებზე და ამისნაცვლად მუსიკას ვუსმენდი სახლში, ან მეგობრებთან ერთად დავეხეტებოდი. ბევრი გოგო იჩენდა ჩემდამი ინტერესს, მაგრამ გავურბოდი მათთან ურთიერთობას, რადგანაც თავისუფლების დაკარგვის, ან რაც უარესია, ვინმეს გულის გატეხვის მეშინოდა. ჩემი
მეგობრები მუდამ ტრაბახობდნენ სასიყვარულო თავგადასავლებით, და მე ვიტანჯებოდი იმის შეგრძნებით, რომ ისეთი არ ვიყავი, როგორც ყველა. მე დავიწყე გოგოებთან შეხვედრა და ვცდილობდი სერიოზული ურთიერთობა მქონოდა მათთან, მაგრამ ყველაფერი ამაო იყო. რაღაც ძალა ხელს მიშლიდა. ამ ძალასთან ბრძოლაში, ვცდილობდი საზოგადოებისთვის მიუღებელი შეუზღუდავი სიამოვნებები მიმეღო. ვის ვებრძოდი საკუთარ გულში? იქნებ თავად ღმერთს? გამარჯვება აღარც ისე შორსაა, – შთავაგონებდი საკუთარ თავს, მაგრამ საღამოს,
ვბრუნდებოდი მდინარესთან, ვუცქერდი მის დინებას და სინდისი მქენჯნიდა. ბრძოლას ბრძოლაზე ვიგებდი, მაგრამ საკუთარ თავს ვკარგავდი.

ერთ საღამოს თვალდახუჭული ვიჯექი ტრაფალგარის მოედანზე და უსიტყვო მედიტაციაში ვიყავი ჩაძირული. ჩემს გარშემო საქმიანად დადიოდნენ მტრედები, ყვიროდნენ ბავშვები, ერთმანეთში საუბრობდნენ ტურისტები და საყვირის ხმას გამოსცემდნენ ავტომობილები. უეცრად ვიგრძენი, რომ ჩემი კავშირი ჩემს შინაგან სამყაროსთან ბევრად უფრო ძლიერი იყო, ვიდრე იმ სამყაროსთან, რომელიც ჩემს გარშემოა. ღრმად ჩავისუნთქე და გავიღიმე. რაღაც მომენტში აღარ ვაიგივებდი საკუთარ თავს სხეულთან და შევიგრძენი, როგორ იძირებოდა ჩემი
ჭკუა სიმშვიდის ოკეანეში. ამ შეგრძნებასთან შედარებით ყველა ჩემი სიამოვნებით ტკბობის მცდელობა და შინაგანი ბრძოლა, რომ საკუთარი თავი გამუდმებული თვითანალიზისგან გადამეჩვია, უბადრუკი აღმოჩნდა. თვალი გავახილე და უცებ დავინახე, რომ მარმარილოს
ლომები, ნელსონის ძეგლი, მტრედები, ტურისტები, მათხოვრები, ვაჭრები და მყიდველები – ერთი დიდი ოჯახია, მჭიდრო ნათესაური კავშირით შეკრული.

მოედნის მეორე მხარეზე გადავედი ეკლესიის საქველმოქმედო სასადილოსთან. იქ სუფით სავსე თეფში მომცეს პურის ნაჭერთან ერთად და მადიანად მივირთვი სხვა უსახლკაროების კომპანიაში. შემდეგ გულწრფელი მოწიწებით შევაბიჯე წმინდა მარტინის სახელობის ეკლესიაში, ხის სკამზე დავჯექი და ბიბლიის კითხვაში ჩავიძირე. ჩემი მზერა ფრაზას გადააწყდა, რომელმაც ჩემი
ყურადღება მიიპყო. იესო თავის მოსწავლეებს მოძღვრავდა: “და ამიტომ გამოეყავით მათ და იყავითცალკე.” ამ ფრაზაზე ვფიქრობდი: რატომ უნდა დავხარჯო ჩემი ცხოვრება იმაზე, რომ თანატოლებს მივბაძო? რატომ ვერ უნდა ვიცხოვრო საკუთარი კანონებით? და იქნებ ოდესმე – ღმერთის კანონებით?

ამონარიდი წიგნიდან ,,გზა შინისაკენ” ამერიკელი იოგის მოგზაურობა

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი