დროებით ანუ, არასოდეს

0
281

სიტყვები: “მე”, “გააზრება”,”მიღება”, “რეალობა”… შინაგანად გასაგები ხდება. “მიიღე შენი თავი” – მესმის რა იგულისხმება. შეგრძნებით მესმის.

მე ვარ მორცხვი, დაუცველი არსება. ყველა ადამიანი უცხოა, ადამიანები არც არიან. ჩემში არიან. არავისზე მეტი არ ვარ, ყველაზე პატარა ვარ. ყველაზე დაუცველი. ჩემ სამყაროში არსებულ ადამიანებს შორის ყველაზე დაუცველი მე ვარ.
ჩემმა ღმერთმა შექმნა მე და სხვები. ჩემივე ღმერთის შექმნილ სისტემაში მე ყველაზე პატარა ვარ. ჩემით შექმნილ სამყაროში მე ვარ ყველაზე არარაობა. ყველაზე insecure.

თუმცა, ყველა სისულელითაა დაკავებული. არც ვიცი რით. რა აზრი აქვს ყველა-ს არსებობას? არ არსებობს ყველა. მაგრამ მე ხომ ვარსებობ? ფაქტია. გინდა არ ვარსებობდე, მაინც ვარსებობ. სხვა სიბრტყეა და ამაზე გაფიქრებაც კი დეცდომაა. ეს უბრალოდ უნდა მივიღო. ტერმინ არსებობას ტერმინის სახელი არ უნდა მივცე და ფორმა არ უნდა მივანიჭო. თორემ ამავე ფორმაში ვიარსებებ მუდამ და ეს ფორმაა საზღვრები, ჩაკეტილია და თავს ვეღარ აღწევ.

თავისუფლება მხოლოდ უფორმობაა. ფორმას წარმოიდგენ თუ არა, საზღვრებს ქმნი. ამ საზღვრებში კიდევ წესებია და განრიგი, მოძრაობები, არსებები, წესები, მისწრაფებები. მისწრაფება – რა მკვლელი სიტყვაა.

საზღვრებს მიღმა რა არსებობს? არ არსებობს მიღმა. როგორია მიღმა? ისეთი, რა დონეზე ღიაც მე ვარ. რა დონეზეც დაუცველი. რა დონეზეც ვაღიარებ მის არსებობას და მასში ჩემს მეტის არავის არსებობას. არანაირ აზრს. არანაირ ტკივილს. არანაირ სიხარულს. არანაირ დროს. არანაირ ფიქრს. ფიქრი ჩნდება და დროც ჩნდება. საზღვრები ჩნდება. მოძრაობა და ადამიანები. სხვა ადამიანი ჩნდება თუ არა შენ გაკლდება რაღაც.

შეგრძნებით მე ვარ და შესადარებელიც არავინაა, არაფერია. ფარდობითობა არ მუშაობს. დიდი სივრცეა მხოლოდ, სადაც არც ფერს აქვს მნიშვნელობა და არც იმას, ვარსებობ თუ არა. ვინ შემომაგდო ამ ფორმაში და საზღვრებში? რატომ? ვიყავი საშოში, სრული უაზრობა და უფიქრობა, არაფერი და ამავდროულად ერთადერთი ნამდვილი ყველაფერი და უცებ დედამიწა თავისი წესებით და დროით…

რაღაც გასარკვევია. რაღაც დაირღვა უსაზღვრო სივრცეში თითქოს და ჩამომაგდეს სადღაც. მაგრამ ვინ გამიბედა? მე ხომ არ ჩამოვვარდებოდი ჩემი სურვილით? ყველაფრიდან არარეალურ არაფერში, აბსურდში ჩამოვარდნა რატომ მომინდა? 50 დედამიწისეული წელი ამაზე ფიქრში უნდა გავატარო? სუიციდია ყველაზე ჭკვიანური და ფილოსოფიური გადაწყვეტილება. ეს უწესრიგობა უნდა დასრულდეს. მაგრამ რა მეჩქარება? ადრე თუ გვიან, ანუ ყოველთვის თუ არასოდეს, მაინც ხომ წესრიგში ვიქნები.

თუ ორი ვარ? ერთი ფორმაში, დედამიწაზე და მეორე გარეთ და გარეთ მყოფისკენ ვისწრაფვი და საზღვარი მიშლის? არა. არ არსებობს საზღვარი, არც ფორმა. არ ვარ დედამიწაზე. არ ვარ ადამიანი. უბრალოდ რაღაც დამერღვა, უცებ დრო შემოვიდა უსაზღვრო სივრცეში და დედამიწაზე არსებობა გამიჩნდა აზრად და ვბედთრიფაობ უბრალოდ. უბრალოდ ცუდ ხასიათზე ვარ.

დაბადება უბრალოდ ცუდ ხასიათზე ყოფნაა, რაც წამიერია და უცებ გადის. დრო არის დედამიწა. დრო როგორც ჩნდება მოძრაობაც იწყება, მერე შედარება მოყვება და მთავრდება უსასრულობა ჭკვიანურია? არა. არ არსებობს ჭკუა. არ ასებობს აზრი. არც ემოცია. არც დედამიწა. არც დრო. დრო მაშინ იწყებს არსებობას, როცა საზღვარი და გაღმა და გამოღმა ჩნდება. დრო დაავადებაა. ფიქრი დაავადებაა. მაგრამ როდის ჩნდება? რა როდის? არ არსებობს “როდის”. არ არსებობს “ჩნდება”. არც არარსებობა არსებობს და არც არსებობა. ეს სასიამოვნო ჟრუანტელიც არ არსებობს. სიამოვნებაც არ არსებობს.

ვარსებობ მხოლოდ მე. მე შევქმენი ეს ყველაფერი და ჩემ ხელშია. ეხლავე გამოვიჭრი ყელს, მაგრამ რა მეჩქარება? ან სადაა გამოსაჭრელი ყელი?
მაგრამ ყავა მინდა და სიგარეტი. ვწყვეტ ამ სისულელეზე არ ფიქრს. დროებით ანუ არასოდეს.

შოთა ბულბულაშვილი

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი