ბუდიზმი

0
131

ბუდიზმი – მსოფლიო რელიგიაა, რომელსაც შემოქმედი ღმერთის ცნება არ გააჩნია. მას „შინაგან რელიგიას“, ანუ „შინაგანი სამყაროს რელიგიას“ უწოდებენ, რადგან მედიტაციის (ლოცვის) მეშვეობით მორწმუნე არა ღმერთს, არამედ საკუთარი სულის სიღრმეს უკავშირდება. ამ იდეალის მიღწევისათვის საჭიროა დრო და უნარი, პიროვნული მონდომება და ასკეტიზმი. ამ აზრით, ბუდისტების მოძღვრება და პრაქტიკა უფრო ფილოსოფიაა, ვიდრე სარწმუნოება. მისთვის უცხოა საღვთო მოძღვრება და საღვთო გამოცხადება, შესაბამისად, საღვთო წერილი, როგორც შეუვალი ავტორიტეტი. ამის გამო ბუდისტების თეორიასა და პრაქტიკას არ ახასიათებს მკაცრი დოგმატიზმი და არ გააჩნია წეს-განგებათა უნიფიცირებული ნიმუში, ე.წ. ტიპიკონი. ვისაც ბუდისტების ქვეყნებში უმოგზაურია იცის, რომ არამცთუ ოლქებსა და ქალაქებს, არამედ სოფლებსა და უბნებსაც კი ერთმანეთისაგან შესამჩნევად განსხვავებული აღმსარებლობითი ტრადიცია აქვთ.

ბუდიზმს ზოგჯერ ათეისტურ რელიგიას უწოდებენ და არცთუ უსაფუძვლოდ. ბუდისტებისათვის უცხოა პიროვნული ღმერთის რწმენა. მათი რელიგია არც მონოთეისტურია, არც პოლითეისტური და არც პანთეისტერი. ისინი ყურადღებას არ ამახვილებენ სამყაროს შემქმნელის, მფარველისა და განმგებლის შესახებ. ღმერთი, მათი გაგებით, განუსაზღვრელობაა, ოკეანეა, საიდანაც გამოსხლტა ადამიანი და სადაც უნდა დაბრუნდეს მისიის აღსრულების შემდეგ. ბუნებრივია, ასეთ ღმერთს – ნების, ფიქრისა და სურვილის არმქონე არსებას (უფრო სწორად, არარსებობას) – ვერ ვიგულვებთ მხსნელად. გზა ხსნისა პიროვნებამ თვითონ უნდა მოძებნოს. ესაა ცხოვრება ბუდას მოძღვრების კვალდაკვალ.

სახელწოდება დაკავშირებულია დამაარსებელთან – სიდჰარტა გაუტამასთან, რომელიც გახდა ბუდა – გასხივოსნებული. ამიტომ ბუდას მიმდევრები და თაყვანისმცემლები ბუდისტებად (გასხივოსნებულებად) იწოდებიან.

წარმოიშვა ძვ. წ. VI-V საუკუნეების მიჯნაზე. მისი სამშობლოა ინდოეთი, მაგრამ ფართო ასპარეზი ამ ქვეყნის გარეთ პოვა, განსაკუთრებით ჩინეთში, ჩინეთის გზით კი – იაპონიაში, კორეასა და შორეული აღმოსავლეთის ბევრ სხვა ქვეყანაში. ბუდიზმის ძლიერი კერა არსებობდა ტიბეტში, სადაც ტიბეტურ ენაზე შეიქმნა უმდიდრესი ბუდისტური ლიტერატურა. ტიბეტის გავლენით ბუდიზმი მონღოლებს შორისაც გავრცელდა. ბუდისტთა თემები ყველა კონტინენტსა და ქვეყანაშია. იგი სულ უფრო მეტად იკიდებს ფეხს დასავლეთ ევროპასა და ამერიკაში.

ბუდისტების საერთო რიცხვი დღეს 359 მილიონს აღემატება. ამ თვალსაზრისით, ბუდიზმი მეოთხე მსოფლიო რელიგიაა ქრისტიანობისისლამისა და ინდუიზმის შემდეგ.

ისტორია

სიდჰარტა გაუტამა ბუდას ბიოგრაფია თაობიდან თაობას ზეპირად გადაეცემოდა და მხოლოდ რამდენიმე ასწლეულის შემდეგ მისი მიმდევრების მიერ იქნა ჩაწერილი. მისი ცხოვრების ყველაზე ცნობილი ეპიზოდები თავმოყრილია კრებულში ჯატაკა, რომელიც პალიზეა შედგენილი (ერთ-ერთი უძველესი ინდური ენა) ძვ. წ. II საუკუნეში. თანამედროვე მეცნიერების მონაცემებსაც თუ გავითვალისწინებთ, ამ ბიოგრაფიის ძირითადი შტრიხები ასეთია:

სიდჰარტა (რაც ნიშნავს: „მიზანს მიღწეული“) გაუტამა ძვ. წ. 558 წელს (სხვა ვერსიით 567 წ.) დაიბადა ქალაქ კაპილავასტუში, რომელიც ჰიმალაის მთის ძირში, თანამედროვე ნეპალის სამხრეთში მდებარეობს. მისი მამა შუდჰოდანა, გაუტამას საგვარეულოს შაკიების ცნობილი კლანის წარმომადგენელი იყო და მეფემეომრების უმაღლეს კასტას მიეკუთვნებოდა. ცნობილია მისი დედის სახელიც – მაიადევა („მაია“ სანსკრიტზე ნიშნავს წუთისოფელს, მოჩვენებით სამყაროს). სიდჰარტას შობიდან შვიდი დღის თავზე დედა გარდაიცვალა. ჩვილის გაზრდა დეიდამ, მაჰარპრაიაპატიმ, იკისრა. იგი მეფემ ცოლად შეირთო და მან დის, მაიას, ადგილი დაიკავა.

16 ან 19 წლის ასაკში სიდჰარტამ ორი ცოლი მოიყვანა გოპა და იაშოდჰარი, რომლისგანაც ეყოლა ვაჟიშვილი რაჰულა.

გადმოცემის მიხედვით, ერთმა წინასწარმეტყველმა მეფე შუდჰოდანას ამცნო, რომ მისი ვაჟი ოთხ საგანს იხილავდა, რაც უფლისწულის ცხოვრებას სრულიად შეცვლიდა – ისიც მეფე გახდებოდა, ოღონდ არა ამ ქვეყნისა. ამის გამო მამამ ვაჟიშვილი გარესამყაროსაგან სრულ იზოლაციაში მოაქცია, ცდილობდა მემკვიდრეს არ ეხილა ცხოვრების სიმძიმე და ტრაგიზმი, არ დაენახა მათხოვრები, სნეულები, ხეიბრები და ბებრები, არ განეცადა ადამიანის სიკვდილით მოგვრილი ტკივილი. უფლისწული სასახლიდან გაუსვლელად, სრულ ფუფუნებაში ცხოვრობდა, მაგრამ მან მალევე იგრძნო ამგვარი ყოფის ამაოება.

29 წლის გაუტამამ მსახურთან ერთად სასახლის გალავანს გადააბიჯა. გარეთ მან ოთხი „სიახლე“ იხილა, რამაც შეძრა იგი და მისი ცხოვრება შეცვალა. „ოთხი წამიერი ხილვის“ ამბავში გადმოცემულია თუ, მამის მცდელობის მიუხედავად, დაეცვა შვილი გარესამყაროსაგან, როგორ შეიტყო სიდჰარტამ, რომ ადამიანთა ცხოვრება ტანჯვითაა აღსავსე. მან ნახა სიბერე (დაუძლურებული მოხუცი), ავადმყოფობა (დასნეულებული ადამიანი), სიკვდილი (მკვდარი სხეული) და ბოლოს სრული სიმშვიდე (მოხეტიალე თავგადაპარსული გლახაკი ბერისა). ნანახისა და განცდილის სიმძაფრემ გაუტამას საბოლოოდ გადააწყვეტინა განდგომისა და შინაგანი სრულყოფის გზაზე სიარული.

უფლისწულმა დატოვა სახლი და შეუდგა „დიად გზას“ ხსნის საძებნელად. პირველად იგი შეუერთდა ინდუისტ ასკეტ ბერებს, იმ იმედით, რომ სხეულის დათრგუნვა სიმშვიდეს მოუტანდა და ტანჯვას დააძლევინებდა. ექვსწლიანი უკიდურესად ასკეტური ცხოვრების შემდეგ იგი მიხვდა, რომ თავის მიზანს ვერ მიაღწია. გაუტამამ „ოქროს შუალედის“, ანუ „შუა გზის“ პრინციპი ჩამოაყალიბა. მან უარი თქვა როგორც სრულ ასკეტიზმზე, ასევე „მიშვებულ“ ცხოვრებაზე და ღრმა მედიტაციას მიეცა.

ერთხელ სიდჰარტა გაუტამა, რომელიც უკვე 35 წლისა იყო, მდინარე საიას ნაპირას, აშვატჰას (ლეღვის) ხის ძირას დაჯდა და დადო აღთქმა, რომ ადგილს არ მოიცვლიდა, სანამ განსხივოსნებას არ მიაღწევდა. ორმოცდამეცხრე დღეს ოთხი ჭეშმარიტება გამოეცხადა და ამის შემდეგ დაერქვა ბუდჰა, რაც: „გასხივოსნებულს“, „გამოღვიძებულს“ ნიშნავს, ხოლო ხეს, რომლის ქვეშაც ის იჯდა, ეწოდა ბოდჰი (სიბრძნის ხე). ბუდას პირველი ზრახვა იყო ხალხისათვის გაეცხადებინა ეს ჭეშმარიტებანი, როგორც ტანჯვისგან დახსნის გზა, მაგრამ სიკვდილის ღმერთი, მარა, შეუჩნდა მას და ოთხი თუ შვიდი კვირის განმავლობაში ცდილობდა აეძულებინა იგი (ბუდა), ამ მისიაზე უარი ეთქვა. ამის მიუხედავად ბუდამ დაძლია შიში, ცდუნება და თავისი მოძღვრების ქადაგებას შეუდგა.

ბუდამ პირველი ქადაგება ბენარესის მახლობლად, ცხოველთა ბაღში წარმოთქვა. გადმოცემის თანახმად, მისი პირველი მსმენელები ხუთი ადამიანი და ორი ირემი იყვნენ. ქადაგება ასე დაიწყო: „ბჭენი ხსნისა დაე, გაცხადდეს ყველასათვის! ადამიანებო, განიხვენით ყურნი თქვენი და მისმინეთ მე: გზა ხსნისა ნაპოვნია! მე გმოძღვრავთ თქვენ და, თუ ჩემი სწავლის თანახმად იცხოვრებთ, მიიღებთ იმას, რისი გულისთვისაც კეთილშობილნი ჭაბუკნი ტოვებენ სამშობლოს და მიდიან უცხო ქვეყნებში გასანათლებლად. თქვენ იხილავთ ჭეშმარიტებას“. ამის შემდეგ, მომდევნო 45 წლის განმავლობაში, ბუდამ თითქმის მთელი ინდოეთი მოიარა, მრავალი მიმდევარი შეიძინა, დაარსა ბუდისტთა საკრებულოები და მამათა მონასტრები. ბუდას მოძღვრება მისმა მოწაფეებმა მთელ ჩრდილოეთ ინდოეთში გაავრცელეს.

ბუდა ღრმად მოხუცებული, 80 თუ 85 წლისა, გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი გამხდარა სოკოს კერძი, რომლითაც ერთმა ნალბანდმა უმასპინძლა. დაბეჯითებით ვერავინ ამბობს, ბუდა მოწამლეს თუ მოიწამლა. ცნობილია გიგანტური ქანდაკებები, რომლებზედაც მისი უკანასკნელი დაძინებაა აღბეჭდილი. შემორჩენილია გადმოცემა, რომლის მიხედვით მან სიკვდილის წინ ლოტოსის ფორმა მიიღო, ყველაზე ერთგული ბერების წინაშე უკანასკნელი ქადაგება წარმოთქვა, მარჯვენა მხართეძოზე წამოწვა და ხელი თავქვეშ ამოიდო. ამ დროს იგი ღრმა მედიტაციაში ჩაიძირა და პარინირვანაში (სამსარისგან საბოლოო გაღწევა) შევიდა. მისი გვამი დაწვეს და ფერფლი რვა მოწაფემ გაინაწილა.

სიდჰარტა გაუტამა ბუდა კიდევ რამდენიმე სახელითა და ტიტულით მოიხსენიება: შაკიამუნი (შაკიების ბრძენი), ბოდჰისატვა (გასხივოსნებისკენ მსწრაფი), მაჰაპურუშა (დიადი ადამიანი), ჩაკრავარტინი (სამყაროს მეუფე), ტათჰაგატა (ჭეშმარიტების შეცნობის შემდეგ გასული), ჭეშმარიტების მფლობელი, ბჰაგავატი (ბატონი) და სხვ.

გავრცელება

ბუდას მისია მისმა მოწაფეებმა გააღრმავეს. ისინი, ძირითადად, აღმოსავლეთის ქვეყნებში მოღვაწეობდნენ, რის შედეგადაც ნეპალის, ტიბეტის, ვიეტნამის, ჩინეთის, კორეის, იაპონიისშრი- ლანკის, ბირმის, ტაილანდის, ლაოსისა და კამბოჯის დიდი ნაწილი ბუდას მოძღვრებას ეზიარა.

იმის გამო, რომ ბუდიზმში დოგმათა და წეს-განგებათა სისტემა არ არსებობს, ეს რელიგია მრავალ მიმდინარეობად და ტრადიციად დაიყო. ამის ერთ-ერთ მიზეზად ასახელებენ ადგილობრივ (დამხვდურ) რელიგიებთან და კულტურებთან ბუდიზმის შემგუებლობას. აღმოცენდა და ჩამოყალიბდა ბუდიზმის შემდეგი ფორმები: ძენი (ჩინეთი), ჩანი (იაპონია), ამიტაბჰა (სამხრეთაღმოსავლეთი აზია), ვარაიანა (ტიბეტი, ბუტანი, ნეპალი, მონღოლეთი). ბუდიზმის ელემენტებმა სხვა რელიგიურ სისტემებშიც შეაღწიეს და მათ წიაღში ახალ ტრადიციებს დაუდეს სათავე, ესენია: ბიონი, შინტო, შინბესტუ, შიუგო და სხვ.

მთავარი იდეალის, ნირვანას შესახებ კამათის შედეგად ა.წ. III საუკუნეში ბუდისტები ორ ნაწილად გაიყვნენ და ორი მიმართულება წარმოიშვა:

  1. მაჰაიანა, ანუ „ხსნის ფართო გზა“ – „დიდი ეტლი“ და
  2. ჰინაიანა, ანუ „ხსნის ვიწრო გზა“ (ტერავადა) – „პატარა ეტლი“.

პირველი მიმართულება უფრო ნეპალსა და ჩრდილოეთის ქვეყნებშია გავრცელებული, მეორე – სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში. მეტი მიმდევარი მაჰაიანას ჰყავს (60%). ისინი თვლიან, რომ ნირვანაში შესვლა, პოტენციურად, ყველასთვისაა შესაძლებელი. მათ შორის არიან გასხივოსნებული ადამიანები – ბოდჰისატვები, რომლებიც ნებაყოფლობით გადადებენ ნირვანაში შესვლას, რათა სხვებს ტანჯვის შემსუბუქებაში, კარმის გაუმჯობესებასა და სამსარისაგან თავის დაღწევაში დაეხმარონ. ჰინაიანას მიმდევრები ამბობენ, რომ ნირვანას მხოლოდ რჩეულები მიაღწევენ და ისინი მეტწილად ბერები არიან, რომლებიც მკაცრი ასკეტიზმით გამოირჩევიან.

ბუდიზმის ქადაგება ჩინეთში ადრიდანვე დაიწყო, მაგრამ ამ მისიამ წარმატებას VI (ახ.წაღ) საუკუნეში მიაღწია, როდესაც იქ ინდოელი ბერი ბოდჰიდრამა ჩავიდა. ბუდისტებს სწამთ, რომ ის ბუდას ინკარნაცია იყო. ახალ წელს, როდესაც იგი კედლის წინ მედიტაციის წესს ასრულებდა, მისი ფეხები გახმა და სული ნირვანაში შევიდა. ამ ქვეყანაში ბუდიზმის ის სახეობა ჩამოყალიბდა, რომელიც ძენის სახელითაა ცნობილი („ძენი“ მედიტაციას, ლოცვას ნიშნავს). მისი დამაარსებელია ჰუინენგი (673-713), რომლის მოძღვრება XII-XIII საუკუნეებში გადაამუშავეს იაპონელმა ბერებმა აიზიამ და დოგენმა. ასე შეიქმნა ჩანი, ანუ ჩინური ძენის იაპონური ვარიანტი. ძენ-ჩანისათვის დამახასიათებელია ხაზგასმა „საკუთარი ბუნების ხილვასა და შეცნობაზე“ და ჩინურ-იაპონურ ხალხურ რელიგიებთან სინთეზი. მთავარი კითხვა, რომელსაც ძენჩანის მიმდევრები საკუთარი თავის წინაშე სვამენ, ასეთია: „რა იყო შენი ჭეშმარიტი სახე, ვიდრე შენ დედა და მამა გაგაჩენდნენ?“.

გვიან შუა საუკუნეებში ბუდიზმის ყველაზე მძლავრი კერა ტიბეტში ჩამოყალიბდა. მოძღვარმა ტონგჯაჰიმ იქ XIV-XV საუკუნეების მიჯნაზე, ე.წ. ყვითელქუდიანთა სკოლა დააარსა, რომელიც მკაცრი დისციპლინით და ჰუმანური პრინციპების მიმართ განსაკუთრებული ყურადღებით გამოირჩეოდა. მათ, ყვითელქუდიანებმა, შექმნეს თეოკრატიული სახელმწიფო, რომლის უმაღლესი ხელისუფალი დალაი ლამა გახდა. ამის გამო ტიბეტურ ბუდიზმს ლამაიზმს უწოდებენ. სიტყვა მონღოლურია და ნიშნავს: ოკეანის დარი მოძღვარი („დალაი“ – ოკეანე, „ლამა“ – მოძღვარი). ეს ტიტული, რომელიც ბუდისტთა პირველ მოძღვარსა და მსოფლიო ავტორიტეტს ნიშნავს, მონღოლთა მთავარმა ალთან ქანმა 1578 წელს დააწესა და ამ პატივით პირველად ტიბეტელი ლამა სონამ გიტსო მოიხსენია. ლამაიზმი XVII-XVIII საუკუნეებში რუსეთშიც, ძირითადად, ოირატებს (ყალმუხებს), ბურიატებსა და ტუვინებს შორის გავრცელდა.

არსებობს დალაი ლამას გამორჩევის რწმენა და წესი. ეს ადამიანები ბოდჰისატვები არიან და, ამავე დროს, მეორე პირველის რეინკარნაციას წარმოადგენს. მათი არსება ერთია, რომელიც წუთისოფელში სხვადასხვა ადამიანის (ნირმანაკაიას) სახით შემოდის. მათი საერთო სახელი არის „თანაგრძნობის ბოდჰისატვა“. გარდაცვლილი დალაი ლამას ინკარნაციის (ხელახალი განსხეულების) მოძიების, აღმოჩენისა და მოხმობის პროცესს ტიბეტურად ტულკუ ეწოდება. მას ბერების საგანგებო კომისია წარმართავს. დადიან ოჯახებში, სადაც პატარა ბავშვია, ეძებენ ბავშვებს, რომლებსაც გამორჩეული ნიშნები აქვთ (მშობლების უჩვეულო სიზმარი, უჩვეულო უნარი, ცისარტყელა). ასეთ ბავშვებს ერთად შეკრებენ და რამდენიმე დავალებას მისცემენ, რათა გაარკვიონ, მათგან რომელია ხელახლა დაბადებული დალაი ლამა. მთავარი დავალება რამდენიმე რიტუალურ საგანს შორის გარდაცვლილი დალაი ლამას პირადი საგნის ამოცნობაა. ბავშვი, რომელიც ამ გამოცდას ჩააბარებს, ოფიციალურად და საზეიმოდ წინამავალი დალაი ლამას რეინკარნაციად გამოცხადდება. მას მონასტერში გადაიყვანენ და მის აღზრდა-განათლებას შეუდგებიან. სანამ ის სრულწლოვანი გახდება, სახელმწიფოს რეგენტი მართავს.

ამჟამინდელი დალაი ლამა, რომლის სახელია ტენსინ გიატსო, მე-14 ასეთი ლამაა. 1959 წელს, როდესაც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ჯარები ტიბეტში შევიდნენ და იქ კომუნისტური რეჟიმი დაამყარეს, იგი ემიგრაციაში წავიდა და სამშობლოში დაბრუნების უფლება დღემდე ვერ მოიპოვა.

მოძღვრება

კიომიძუ-დერა, ბუდისტური ტაძარი, იაპონია

ბუდას მოძღვრების საერთო სახელია დჰამასაკატავატანასუტა, ანუ, მარტივად, დჰამას ბორბალი. ითვლება, რომ ეს ბორბალი ბენარესში ამოქმედდა, როდესაც ბუდამ პირველი ქადაგება წარმოთქვა. ეს და სხვა ქადაგებები რამდენიმე წლის შემდეგ, ბუდას გარდაცვალებამდე, ჩაიწერეს, რითაც ბუდას მოძღვრების წიგნის ფორმით გადმოცემას ჩაეყარა საფუძველი.

ბუდას მოძღვრება არ იცნობს ყოვლისშემძლე და ყოვლისშემოქმედ ღმერთს და არც მსოფლიო სულს. მისთვის უცხოა როგორც მონოთეიზმი, ისე პოლითეიზმი. მისი ანთროპოსოფია, ნატურ-რელიგია და მისტიკა, ძირითადად, ინდუიზმს ეფუძნება, მაგრამ უარყოფილია როგორც ტრიმურტი, ისე ღვთაებათა კულტი და კასტათა (ვარნათა) სისტემა, შენარჩუნებულია რწმენა მეტემფსიქოზის, რეინკარნაციისკარმის, სამსარისა და დჰარმისა. ამდენად, ბუდას მოძღვრება არ არის თეოლოგია ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით. ესაა მოძღვრება მორალის, მედიტაციისა და ჭეშმარიტების შესახებ. ავტორმა იგი არა ღვთაებრივი გამოცხადების, არამედ მედიტაციის მეშვეობით შეითვისა. მისი გასხივოსნება საკუთარი სულის აქტივობის საფუძველზე მოხდა.

ჭეშმარიტება არის ოთხი:

1. არსებობს ტანჯვა – დუკკა. ყველაფერი ტანჯვაა წუთისოფელში. მთელი სიცოცხლე გადის მორალურ, სულიერ ან ფიზიკურ ტანჯვაში. დაბადება არის ტანჯვა, სნეულება არის ტანჯვა, სიყვარული არის ტანჯვა, სიყვარულის საგანთან განშორება არის ტანჯვა, სიყვარულის ვერმიხვდომა არის ტანჯვა, სიბერე, სიკვდილი არის ტანჯვა…

2. არსებობს ტანჯვის მიზეზი – სამოდაია. ეს არის წყურვილი ყოფნისა, არსებობისა, სიცოცხლისა, რასაც ადამიანი მიჰყავს დაბადებიდან დაბადებისკენ. ტანჯვას იწვევს სურვილები, ვნებები, სწრაფვანი სურვილთა დასაკმაყოფილებლად და სხვ.

3.არსებობს განკურნება – ნიროდჰა: გათავისუფლება ყოველი სურვილისგან.

4. არსებობს გზა განკურნებისა და ხსნისა – მაგგა, რომელიც რვა საფეხურისგან, ბილიკისაგან შედგება:

  1. მართალი სარწმუნოება ანუ, რწმენა, რომ სიცოცხლე ტანჯვაა;
  2. მართალი განზრახვა, რათა მოვიქცეთ ამ ოთხი ჭეშმარიტების შესაბამისად;
  3. მართალი სიტყვა, ანუ მართალი განზრახვის გამოხატვა მართალი სიტყვით;
  4. მართალი საქმე, ანუ მართალი ქცევა, როგორც მართალი სიტყვის რეალიზაცია, რათა ერთი იყოს სიტყვა და საქმე იმ ოთხი ჭეშმარიტების შესატყვისად;
  5. მართალი ცხოვრება: არავის ავნო, არ მიაყენო ზიანი ცოცხალ არსებას;
  6. მართალი სწრაფვა: მისწრაფებანი, ტენდენციები იმ ოთხი ჭეშმარიტების კვალდაკვალ;
  7. მართალი მეხსიერება: ადამიანს ყოველთვის უნდა ახსოვდეს, თუ კიდევ რა რჩება გაუკეთებელი ჭეშმარიტი ცხოვრების გზაზე;
  8. მართალი თვითდაუნჯება: მეხსიერებაში, ხსოვნაში აღარ უნდა ინახებოდეს მიწიერი ცხოვრების შთაბეჭდილებები, რადგან მიწიერი ცხოვრება ილუზიაა.

ტანჯვათა მოსპობის გზა მოიცავს ხუთ მცნებას:

  1. არ მოკლა არც ერთი კაცი, არც ერთი ცხოველი, არც ერთი ცოცხალი არსება,
  2. არ მოიპარო, არ მიითვისო, რაც შენ არ გიმუშაკია,
  3. პატივი ეცი სხვას და არ იმრუშო,
  4. არ იცრუო და არ გაჭორო სხვა,
  5. თავი აარიდე ალკოჰოლსა და ნიკოტინს, რადგან ისინი გონებას აბნელებენ.

ბუდისტების რელიგიური იდეალი არის ნირვანა. ესაა სრული სიმშვიდე: არა სიცოცხლე, არა სიკვდილი, არამედ – თავისებური ყოფნა, უფრო – ზეყოფნა, როცა ყოველი შეგრძნება ნულოვან წერტილშია მოქცეული.

მოკვდავთაგან პირველი, ვინც ნირვანას მიაღწია, იყო ბუდა, რომელიც ისე არ მომკვდარა, როგორც მოკვდავნი კვდებიან. არსებობს ძველი გადმოცემა, რომელიც გვაუწყებს, რომ თავისი მომავალი რეინკარნაციის წრებრუნვიდან გასვლის შესახებ ბუდამ თვითონვე იწინასწარმეტყველა. როდესაც იგი დაიბადა, შვიდი ნაბიჯი გადადგა და წარმოთქვა: მე მსოფლიოს თავი ვარ, ეს ჩემი უკანასკნელი დაბადებაა. ამიერიდან მეტი არსებობა მე აღარ მომეცემა“. და მართლაც, ბუდისტებს სწამთ, რომ ორმოცი წლის ხეტიალისა და ჭეშმარიტებათა ქადაგების შემდეგ, ოთხმოცდახუთი წლის ასაკში, ბუდა ნირვანაში წავიდა, რასაც ისინი ასე სახელდებენ: მაჰაპარინირვანა („დიდი გადასვლა ნირვანაში“). გადმოცემით, ბუდას უკანასკნელი სიტყვები ყოფილა: „ახლა კი, ბერებო, მეტს ვერაფერს გეტყვით გარდა იმისა, რომ ყოველი ქმნილება დასაღუპად არის განწირული. მთელი ძალით ესწრაფეთ ხსნას“.

ხსნა სწორედ ნირვანაშია. იქ წყვეტს მოქმედებას კარმისა და სამსარას კანონი. ამ სფეროში ბუდისტების რწმენა ვედურ ტრადიციას ეფუძნება, კერძოდ, იმის მიხედვით, თუ რას აკეთებდა პიროვნება მოცემულ ცხოვრებაში, განისაზღვრება მომავალი. ზნეობრივი ცხოვრების ხარისხი განაპირობებს ხელახალი დაბადების სახეს. ჩვენ, წინარე ცხოვრებაში მოპოვებული მადლის კვალდაკვალ, შეიძლება დავიბადოთ მცენარედ, ცხოველად, ასეთ ან ისეთ ადამიანად. იდეალი კი დაბადება-სიკვდილთა ციკლიდან გასვლა და ნირვანას მიღწევა, ე.ი. ბუდად გარდასახვაა.

ბუდიზმი პასუხს არ სცემს კითხვას, თუ როგორ წარმოიშვა სამყარო. ყველაფერი, რაც არსებობს, მუდამ არსებობდა, ყველაფერი მუდმივ ცვალებადობაშია. სამყარო მხოლოდ ილუზიაა. ამიტომ ბუდისტები არ სვამენ კითხვას, როდის და როგორ წარმოიშვა სამყარო. ერთადერთი რეალური, ჭეშმარიტი არსებობა აქვს ნირვანას, რისკენაც უნდა მიისწრაფვოდეს ადამიანი. ამისათვის, პირველ რიგში, კარმის გაუმჯობესებაა საჭირო, რათა წუთისოფელს მომავალში უფრო და უფრო მაღალი რეგისტრის არსებად მოევლინო, დაძლიო სამსარა და ნირვანას ეზიარო. ნირვანას გზა სიმშვიდისა და ნეტარების მდგომარეობას გულისხმობს. ბუდა ამბობს: „მწუხარების სამეფოში ნირვანა არ არსებობს, ნირვანა მწუხარების უარყოფაა. მე, სიდჰარტა გაუტამა, ზნეობის თვითგაუმჯობესებას ვწირავ ჩემს თავს, რათა უმაღლეს ზნეობრივ სიმშვიდეს, ნირვანას მივაღწიო“.

ბუდიზმი კატეგორიულად უარყოფს ბოროტების წინააღმდეგ ძალისმიერ ბრძოლას და უმაღლეს ზნეობრივ პრინციპად მტრის სიყვარულს მიიჩნევს. ბუდა ამბობს: „ვაი მას, ვინც ძალადობას ძალადობით ებრძვის!… მტრობა არასდროს მოსპობილა მტრობით. ნუ გძულს, ვისაც ეზიზღები. მოიკალი გულში მტრობის გრძნობა… განრისხება სიკეთით დაამარცხე, ბოროტება – სიქველით“. ასევე: „მან გამლანძღა, მან მტანჯა!… ვინც ასე გოდებს, მტრობის გრძნობა დაიხშოს გულში, რადგან მტრობა მტრობითვე ვერ მოისპობა. მისი დაძლევა არამტრობით თუ მოხერხდება. ამგვარი წესია უკუნისიდან“. თუ რა გზით შეიძლება წუთისოფლის დაძლევა, ამაზე პასუხს ერთ ბუდისტურ იგავში ვპოულობთ: ახალგაზრდა და მდიდარ ქალს, კასაგოტამის, მოულოდნელად მხოლოდშობილი ძე გარდაეცვალა. დედამ ფიქრადაც არ გაიკარა ჩვილის სიკვდილი. მკერდზე მიიკონა იგი და კარდაკარ სიარულს შეუდგა: ავადაა ბავშვი და წამალი შემაწიეთო. – მხოლოდ ბუდა თუ გიშველისო… კარგიო, – უთხრა ბუდამ, მხოლოდ მდოგვის მარცვალი მომიტანე იმ ოჯახიდან, სადაც არავინ მომკვდარა. კასაგოტამი დავალების შესრულებას შეუდგა, მაგრამ ამაოდ, რადგან ყველა ოჯახს ჰყავდა მკვდარი: ზოგი შვილს მისტიროდა, ზოგი – დედმამას, ზოგი – მეგობარს. პასუხიც ასეთი იყო: ცოცხლები ცოტანი არიან, მკვდრები ბევრიო. მაშინ განათდა მშობლის გონება და მან მოიწმინდა ცრემლი, რადგან დარწმუნდა, რომ მისი ვაჟი მოკვდა. გოდება ამის გამო უქმი იყო, მწუხარება – უგუნურება. ბუდამაც უთხრა: უგუნურებაა გიყვარდეს ის, რაც წარმავალია, რაც ჩვენს ხელთ არ არის და, რაც საპნის ბუშტივით იკარგება.

ცხოვრების წესი და მსახურება

ბუდისტი მლოცველის საბოლოო მიზანი გასხივოსნება, ანუ სატარის მიღწევაა, რისთვისაც მედიტაციას მიმართავენ. ამ დროს ისინი, მეტწილად, ლოტოსის ფორმას იღებენ: ფეხებს გადაიჯვარედინებენ, დასხდებიან და სიჩუმეში ჩაიძირებიან.

ბუდისტები გაერთიანებული არიან სანგებში (მორწმუნეთა თემი). არსებობს საკრებულო ტაძრებიც და მონასტრებიც. ფართოდაა გავრცელებული ბერობის ის სახე, რომელსაც მწირ-მონაზვნობა ჰქვია. იგულისხმება, რომ ბერებმა ამქვეყნიური ცდუნებანი დაამარცხეს, ისინი არა მარტო ზემოთ ჩამოთვლილ მცნებებს იცავენ, არამედ უფრო ღრმა ასკეზებსაც:

  1. მარხვა (შუადღის შემდეგ),
  2. გართობა-სანახაობებზე (ცეკვაზე, სიმღერაზე, თეატრზე) უარის თქმა,
  3. მორთვამოკაზმულობაზე ხელის აღება,
  4. რბილი საწოლის უარყოფა,
  5. ოქრო-ვერცხლის საჩუქრად მიუღებლობა.

არსებობს გადმოცემა, რომლის მიხედვით, ბუდა ექსტრემისტულ (უკიდურეს) ასკეტიზმს ეწინააღმდეგებოდა. მან, ერთხელ თურმე ბრაჰმანების მაგალითით შთაგონებულმა, ისე იმარხულა, რომ ნეკნები ამოუვარდა და ვეღარ აზროვნებდა. ამის გამო დარწმუნდა, რომ ასეთი მძაფრი მარხვა ის გზა არაა, რომელიც გასხივოსნებამდე მიგიყვანს.

ბუდისტები, ჩვეულებრივ, პირველი მცნების შესაბამისად ვეგეტარიანელები არიან.

თადაპირველად მათი მსახურება, მედიტაციით ამოიწურებოდა და არც წმიდა წიგნები ჰქონდათ (მოძღვრება ზეპირად გადაიცემოდა), მაგრამ შემდეგ რიტუალები და დღესასწაულებიც დაწესდა, შეიქმნა სუტრებიც (წიგნები). პირველი ბუდისტური წიგნი პალიზე დაიწერა. ესაა დჰამა (კანონი). მას პალიკანონსაც უწოდებენ. სუტრებს ბუდისტების კერძო და საზოგადო პრაქტიკაში დიდი ადგილი უჭირავს.

დღესასწაულები, ძირითადად, ბუდას ცხოვრების უმნიშვნელოვანეს მოვლენებს უკავშირდება. მრავალრიცხოვანი საპილიგრიმო მსვლელობები იმართება იქ, სადაც ბუდას ფეხი დაუდგამს და კვალი დაუტოვებია. ესენია: კაპილავასტუ – ბუდას მშობლიური ქალაქი, ბოდჰიგია, სადაც ის გასხივოსნდა, ბენარესი, სადაც მან პირველად იქადაგა და კუსანარა, სადაც გარდაიცვალა. ტაძრებში ბუდას უზარმაზარი ქანდაკებები დგას, რომელთა ფეხის მტევნებთან მლოცველები განირთხმებიან და ტკბილ ჩაის დაღვრიან. იქვეა ლოცვის წისქვილები, რომელთა დახმარებით მლოცველებს შეუძლიათ გაიგონ, რამდენი მანტრა წარმოთქვეს.

ბუდიზმს სხვა სტილის აზროვნებისა და რწმენათა სისტემის მიმართ ტოლერანტობის მაღალი კულტურა ახასიათებს. ამ ნიშნით ინდოეთის ბუდისტთა იმპერია გამოირჩეოდა. მისი დამაარსებელი აშოკა (ძვ.წ. 273-232), ბევრი დაპყრობითი ომისა და სისასტიკის გამოჩენის შემდეგ ბუდას მოძღვრებას ეზიარა და დაიწყო ზრუნვა, რათა ქვეყანაში ომის ყიჟინა დჰამის სადიდებელ ჰანგებს შეეცვალა. იმის მიუხედავად, რომ იგი ღრმად მორწმუნე ბუდისტი გახდა და სიცოცხლე ამ რელიგიის ინდოეთის საზღვრებს გარეთ გავრცელებას მიუძღვნა, სხვა რელიგიების განვითარებასაც უწყობდა ხელს. ცნობილია მისი ქვაზე ამოტვიფრული ედიქტი, რომელშიც ვკითხულობთ: „იმპერატორი პატივს სცემს ყველა თემის წევრსა თუ ასკეტს. აღავსებს მათ საჩუქრებითა და პატივით. მაგრამ მისთვის თემებზე მუდმივი ზრუნვა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე საჩუქრები და პატივი. ყოველი თემი განსხვავდება ერთმანეთისაგან, მაგრამ მათ აქვთ საერთო საფუძველი, რაც ყველას უნდა ახსოვდეს. უჯეროა მხოლოდ საკუთარი თემის პატივგება ან უპირობოდ სხვისი თემის შებღალვა… ვინც პატივს სცემს თავის თემს, ხოლო სხვებს საკუთარი თემის ერთგულებისა თუ თავისი თავის განდიდების ჟინით შეურაცხყოფს, უდიდეს ზიანს აყენებს საკუთარ თემს. თანხმობა იარსებებს მაშინ, როდესაც ერთმანეთს მოუსმენენ და პატივს მიაგებენ ერთმანეთის მოძღვრებებს. მეფეს სურს, რომ ყველა თემის წევრი საფუძვლიანად ერკვეოდეს თავის რწმენაში და ქადაგებდეს წესრიგს“.

ბუდიზმი და საქართველო

ძველ საქართველოში ბუდისტთა თემის არსებობა არ დასტურდება და არც ქართული კულტურის ბუდისტურ სამყაროსთან ცოცხალი კონტაქტებია სავარაუდებელი. ამასთანავე, ფაქტია, რომ ქართული საზოგადოების ელიტარულ ნაწილს ადრეულ შუა საკუნეებში ამა თუ იმ გზით და ამა თუ იმ ფორმით ბუდას ცხოვრებასა და სამქადაგებლო პრაქტიკაზე წარმოდგენა ჰქონდა. ამის თქმის უფლებას გვაძლევს ძველი ქართული ორიგინალური და ნათარგმნი ლიტერატურა, მათ შორის, იაკობ ხუცესის „შუშანიკის წამება“ (476-483). არსებობს თვალსაზრისი, რომ იქ ნახსენები ეთნონიმი ჰონები („მე ბრძოლად წარვალ ჰონთა ზედა“) ინდოეთის მკვიდრ ხალხს „თეთრ ჰუნებს“ გულისხმობს (ნ. კენჭოშვილი). V საუკუნის II ნახევარში ინდოეთამდე მეფე ვახტანგ გორგასალმაც ჩააღწია და, სავარაუდოა, რომ მან ბუდას და ბუდისტების შესახებაც მიიღო ინფორმაცია. ბუდიზმთან გარკვეულ კავშირს ხედავენ იმ ასკეტურ და მისტიკურ მიმართულებაში, რომელსაც გიმნოსოფისტობა, ანუ შიშველმართალობა ეწოდება და, რაც ქართულ სასულიერო მწერლობაშიც ცნობილია.

ქართული კულტურის ბუდიზმთან კონტაქტის მაგალითია შუა საუკუნეების ქრისტიანულ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული წიგნის – „ვარლაამისა და იოასაფის“ ისტორია. ესაა ბუდას ცხოვრების ქრისტიანიზებული ვერსია, რომელშიც მოთხრობილია ინდოეთის გაქრისტიანების ამბავი. მეცნიერებაში დღემდე აზრთა სხვადასხვაობაა, თუ სად და რომელ ენაზე შეიქმნა ეს თხზულება. მკვლევარები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ მის ქართულ ვარიანტს, რომელსაც „სიბრძნე ბალაჰვარისი“ ან „ბალავარიანი“ ეწოდება. ეს ძეგლი (რედაქცია) საქართველოში არაბობის დროს, VII-X საუკუნეებში, ჩამოყალიბდა და, როგორც გიორგი მთაწმინდელი გვაუწყებს, X-XI საუკუნეებში ექვთიმე ათონელმა ბერძნულ ენაზე თარგმნა, ბერძნულიდან კი ლათინურად ითარგმნა და მთელ კულტურულ მსოფლიოში გავრცელდა.

ქართველები ინდუიზმითა და ბუდიზმით დაინტერესებული იყვნენ აღორძინების ხანაშიც და მომდევნო საუკუნეებშიც. ამას ადასტურებს XVII-XVIII საუკუნეების ანონიმი საზღაპრო მოთხრობა „დაფნის ქალაქის ამბავი“ და ის ლიტერატურული წყაროები, რაც სულხან საბა ორბელიანის იგავ-არაკთა კრებულსა და აღნიშნული ეპოქის სხვა სამოძღვრო-დიდაქტიკურ ნაწარმოებებს უდევს საფუძვლად. ბუდისტურ ლიტერატურაზე, ცხოვრების წესსა და ფილოსოფიაზე ბევრს წერდნენ და მის მიმართ სიმპათიებსაც გამოხატავდნენ XIX-XX საუკუნეების ცნობილი ქართველი მოაზროვნეები და პუბლიცისტები: არჩილ ჯორჯაძე, ივანე გომართელი და ივანე როსტომაშვილი.

დღეს საქართველოში, თბილისში, ბუდისტების მცირე ჯგუფი არსებობს.

ნუგზარ პაპუაშვილი

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი