რადჰანათა სვამი:,,მე მართლა უჩვეულო ჩვევები მქონდა, და არავინ იცოდა საიდან მოვიდნენ ისინი”

0
255

გზა შინისაკენ – ამერიკელი იოგის მოგზაურობა (გაგრძელება)

მე და ჩემი საუკეთესო მეგობარი დენი მისი სახლის ცივ და ნესტიან სარდაფში, ჭრიალა კიბეებით ჩავდიოდით. მოულოდნელად გავიფიქრე: “ტყუილად მივდივარ იქ!”. გული გამალებით მიცემდა. სარდაფის შუაში რკინის კაუჭებზე შტანგა ეკიდა სხვადასხვა წონის გირებით. დენიმ
დაიტრაბახა: “მამა ყოველდღე სწევს ამას”

მე სულ რაღაც შვიდი წლის ვიყავი, გამხდარი, არც სიმაღლით გამოვირჩეოდი, მოკლე შავი თმით, მუქი ფერის კანით და ყავისფერი თვალებით. როცა უზარმაზარ შტანგას შევეხე, უსუსურად ვიგრძენი თავი. დენი ჩემსკენ მობრუნდა, თითი ტუჩთან მიიდო და მიჩურჩულა: “რიჩი, რაღაც მინდა გაჩვენო, ოღონდ არავის უთხრა, კარგი?” თაროზე აძვრა და სადღაც დამალული ბრინჯაოსფერი გასაღები ჩამოიღო. შემდეგ ხის კარადასთან მიმიყვანა, რომელშიც ორივენი თავისუფლად დავეტეოდით, გასაღებით გახსნა
და ორივე კარი ფართოდ გამოაღო. დენიმ ჟურნალების დასტაზე მიმითითა. “მიდი, – გამიღიმა მან, – ნახე”.
მე დათვალიერება დავიწყე. ჟურნალში შიშველი ქალების მრავალი ფოტო იყო შეუფერებელ პოზებში. ჩემი პატარა სხეული კანკალმა აიტანა. აქამდე არასოდეს მენახა, რა ჰქონდათ გოგონებს ტანსაცმლის მიღმა. მოულოდნელობისგან ავჩქარდი.
“ხო მაგარია?” – მკითხა დენიმ.

არ ვიცოდი რა მეპასუხა და მხოლოდ თავი დავუქნიე. ჟურნალი დავხურე და თავის ადგილზე დავდე.
“მოიცა, ჯერ არ გინახავს ყუთში რა დევს! – დენიმ ყუთი გამოსწია, ყუთში ორი პისტოლეტი და რამდენიმე ხელყუმბარა იდო. – მამა დატენილს ინახავს ამათ, ყუმბარებიც ნაღდია”. დენიმ ერთი მე მომაწოდა: “აჰა, გამომართვი”. ხელში ცივი მეტალის სიმძიმე ვიგრძენი. “ხო, კარგი რამეა”, – ჩავილაპარაკე მე. ვცდილობდი რა არ მენახვებინა ჩემი შიში, ფრთხილად დავაბრუნე ხელყუმბარა ყუთში. “მოიცა რიჩი, კიდევ რაღაცას გაჩვენებ!” – დენიმ კიდევ სხვა კარები გამოაღო კარადაში, მის მიღმა ერთგვარი საკურთხეველი იყო, რომელზეც ჩარჩოიანი ფოტო იდო. ფოტოდან გამჭოლად მიყურებდნენ ვიღაცის არც თუ კეთილი თვალები. შეძრულმა, გავაცნობიერე, რომ ადოლფ ჰიტლერის პირისპირ ვიდექი.

ორივე მხრიდან ფოტო გაფორმებული იყო სახვევებით, რომლებზეც ნაცისტური სვასტიკა იყო გამოსახული. ქვემოთ კი მახვილი ეკიდა, მბრწყინავ სახელურზე სვასტიკით. ჩემი გული შეიძრა, და ცნობიერებაში საშინელმა ხატ-სახეებმა გაირბინა. მე ხშირად მქონდა გაგებული უფროსებისგან, ნაცისტების მიერ ებრაელების მასიურ განადგურებაზე, რომლის დროსაც ჩვენი ნათესავები დაიღუპნენ. ეს მოგონებები ჯერ კიდევ საღი იყო. 1941 წლიდან, როცა ნაცისტებმა ჩვენი მშობლიური ლიტვა დაიპყრეს, ჩემი ბაბუის
ოჯახისგან არანაირი ცნობა აღარ მიგვიღია.

დენიმ ჩამსისინა: “ეს საიდუმლოა, მაგრამ ჩემი მშობლები ვერ გიტანენ”. ცხელი ბურთი დამადგა ყელზე.
“რატომ? რა დავაშავე ასეთი?”
“იმიტომ რომ შენ ებრაელი ხარ. მშობლები თვლიან, რომ თქვენ მოკალით იესო.”
“რა?!” – მე გაოგნებული ვიდექი. ეს სიტყვები სრულ უაზრობად მეჩვენა.
“მამა თვლის, რომ ღმერთიც ვერ გიტანთ”.
უცებ დენის მშობლების მძიმე ნაბიჯების ხმასთან ერთად ჩვენს თავზე ჭერმა დაიჭრიალა. არ ვიცოდი რა მექნა: გავქცეულიყავი, დავმალულიყავი თუ მეტირა. “დენი, შენც ვერ მიტან?” “არა, შენ ჩემი საუკეთესო მეგობარი ხარ. მაგრამ რადგანაც მაინც ებრაელი ხარ, ვინ იცის,
შეიძლება ოდესმე მეც შემძულდე. თუმცა ეს სულაც არ მინდა.”

მეგონა, რომ სულ ცოტაც და გონებას დავკარგავდი.
დენიმ კარადა ჩაკეტა და ზემოთ, სამზარეულოში ამიყვანა, სადაც მისი დედა გველოდებოდა ვანილის ორი ნამცხვრიანი თეფშით და ცივი რძით სავსე ორი ჭიქით. მან ფართოდ გაწელილი პირით გამიღიმა. მალე დენის მამაც გამოჩნდა – მამაკაცი კვადრატული ყბებით, მოკლედ
შეჭრილი ჭაღარა თმით, წვრილი ღრმადჩამჯდარი თვალებით და ყინულისმაგვარი ნახევარღიმილით. მის გვერდით ძალიან უმწეოდ ვიგრძენი თავი.
იქნებ ნამცხვარი მოწამლულია? – გავიფიქრე მე. მაგრამ რაღა დამრჩენოდა? შემეშინდა შემოთავაზებულ სასუსნავზე უარის თქმა. “ჭამე რიჩი, რა გჭირს?” – ფიქრი შემაწყვეტინა დენის დედამ. მე ჭამა დავიწყე და მთელი ძალით ვცდილობდი, რომ შიში არ დამენახვებინა. ყოველ მოკბეჩილ ლუკმასთან ერთად შევთხოვდი ღმერთს შემწეობას.

სახლში მოჩვენებასავით გაფითრებული დავბრუნდი. ჯერ კიდევ პატარა ბავშვი ვიყავი და ვერ ვხვდებოდი, რა ხდებოდა. მხოლოდ ერთს ვაცნობიერებდი – ძალიან დიდი ტკივილი მომაყენეს. დედა ნაზი ღიმილით შემხვდა. როცა შევედი წინსაფრით იდგა და ცომს აბრტყელებდა
სასადილო მაგიდაზე. “ვაშლის შტრუდელს გიკეთებ რიჩი. შენს საყვარელს”. “დე, – ვკითხე მე, – მართალია, რომ ღმერთი ვერ მიტანს?” “რა თქმა უნდა არა! ღმერთს უყვარხარ, – მერე შუბლშეჭმუხნულმა მკითხა. – და რატომ
მეკითხები ამას?” ვერ გავბედე სიმართლე მეთქვა: “არ ვიცი. უბრალოდ, საინტერესოა.”

დაკითხვისთვის რომ თავი ამერიდებინა, ჩემს საძინებელში გავიქეცი. მე მჯეროდა დედაჩემის. ვიცოდი, რომ ღმერთს ვუყვარვარ. საწოლზე ვიწექი, ჭერს ვუყურებდი და მთელი ძალით ვცდილობდი გამეგო, როგორ შეიძლებოდა ერთ ღმერთში ორი შეუთავსებელი გრძნობა – სიყვარული და სიძულვილი არსებობდეს. ბავშვური უშუალობით საიდუმლოდ ვლოცულობდი ღმერთისადმი – ფიქრით, ან ჩურჩულით. ჩვეულებრივ ამას ძილის წინ ვაკეთებდი, ლოგინში. ლოცვის დროს ვგრძნობდი, რომ ღმერთი
მიცავდა. ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ ღმერთს ესმოდა ჩემი, და რომ ჩემთან იყო. მაგრამ მაინც, მრავალი კითხვა მქონდა მასთან დაკავშირებით.
ვინ არის ღმერთი? როგორია იგი – როგორც უზარმაზარი ღრუბელი თუ როგორც ოდნავ
შესამჩნევი ჩრდილი? ან იქნებ ღმერთი – მეგობარია, რომელსაც ყველა ჩემი ლოცვა ესმის და
ამასთან იმდენად რეალურია, რომ ფიქრებში შემიძლია თითქმის შევეხო მას?

ჩემი მშობლები, ჟერალდ და ადელ სლავინები, არ იყვნენ რელიგიურები ამ სიტყვის ჩვეულებრივი გაგებით. მათი რწმენა ღმერთისადმი უფრო მადლიერებაში, სულგრძელობაში, ოჯახისადმი გულითად მიჯაჭვულობასა და თავგანწირულ ერთგულებაში გამოიხატებოდა. ისინი დიდი დეპრესიის პერიოდში გაიზარდნენ და ადრეული ბავშვობიდან იძულებულნი იყვნენ მუხლჩაუხრელად ეშრომათ, რათა ოჯახი გამოეკვებათ. ჩვენთვის, თავისი
შვილებისთვის, ყველაფერი საუკეთესო უნდოდათ, ამიტომ იმაზეც ზრუნავდნენ, რომ განებივრებულნი არ გავეზარდეთ. მშობლები ყველანაირად ხელს უწყობდნენ ჩვენში
მადლიერების გრძნობის გაზრდას ყველაფერ იმისათვის, რაც გაგვაჩნდა.

1955 წელს, როცა ოთხი წელი შემისრულდა, ჩვენი ოჯახი ჩიკაგოდან სოფელ შერვუდის ტყეში გადავიდა, რომელიც ჰაილენდ პარკში, ილინოისის შტატში მდებარეობს. იქ ჩემს ორ ძმასთან ერთად ბუნებაში ვიზრდებოდი, დიდი ქალაქის საფრთხეებისა და საცდურებისგან მოშორებით. ჩვენი
წყნარი სოფელი ვაკეზე იყო გაშენებული და მის გარშემო ტყე იყო. სხვა ბავშვებთან ერთად ერთმანეთის მსგავსი სახლების რიგებს შორის, და დაცარიელებულ სახლებში ვთამაშობდით.
“ჩვენი რიჩი – ძალიან კარგი ბიჭია, მაგრამ საერთოდ არ ჰგავს სხვებს, – ამბობდნენ ჩემს შესახებ მშობლები. – ვის ჰგავს ასეთი?” მე მართლა უჩვეულო ჩვევები მქონდა, და არავინ იცოდა საიდან მოვიდნენ ისინი.

მაგალითად, ცხრა წლამდე უარს ვამბობდი, რომ საჭმლის ჭამის დროს სკამზე დავმჯდარიყავი. მერჩივნა იატაკზე მჯდომს მეჭამა, მიუხედავად იმისა, რომ მშობლები
მიშლიდნენ ამას. კომპრომისის სახით ნება დამრთეს, რომ ფეხზე მდგარს მეჭამა, რესტორნებშიც კი. ჩვეულებრივ ასეთ სიტუაციებში ოფიციანტი ჩემთვის სკამის მოტანას
გვთავაზობდა, რაზეც დედა მხრების აჩეჩვით პასუხობდა: “მას არ უყვარს სკამები”. ჩემი მშობლები დიდ ყურადღებას უთმობდნენ საკუთარ გარეგნობას და ყოველთის გემოვნებით ეცვათ. რაც შემეხება მე, კატეგორიულ უარს ვამბობდი ახალი ტანსაცმლის ტარებაზე, და დედას უხდებოდა, რომ რამდენჯერმე გაერეცხა ისინი, სანამ ნახმარივით არ გამოჩნდებოდნენ. მხოლოდ ამის შემდეგ ვიცვამდი მათ. თუ ახალ ფეხსაცმელს მიყიდიდნენ, სპეციალურად ვფხეკდი ქვით, სანამ გაცვეთილ სახეს არ მიიღებდნენ. როცა მშობლებმა ახალი ავტომობილი
შეიძინეს, ერთი პერიოდი უარს ვამბობდი უკანა სავარძელში ჯდომაზე და ძირს, სავარძლებს შორის ადგილას ვჯდებოდი.

მე მრცხვენოდა, რომ მქონოდა ისეთი რამ, რაც სხვებს არ ჰქონდათ. ჩემი კუმირები ღატაკები და უსახლკაროები იყვნენ. ერთხელ მამამ რესტორანში წაგვიყვანა, მე მთელი დღესასწაული ჩავუშალე და სუფრიდან ყველაზე მოულოდნელ მომენტში გამოვიქეცი. მიზეზი ის იყო, რომ
ოფიციანტი ჩემი თანაკლასელი აღმოჩნდა, და ვერ დავუშვებდი, რომ მე მომმსახურებოდა. ბაბუა ბილმა მანქანაში მიპოვა და მომიხდა მისთვის ამეხსნა ჩემი ქცევის მიზეზი. “ყველაფერი რიგზეა რიჩი, – მიპასუხა მან. – შენ სწორად მოიქეცი. ვამაყობ შენით”.

ბილ სლავინმა, ბაბუამ მამის მხრიდან, მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ჩემს ცხოვრებაში. ის ღრმად მორწმუნე ადამიანი იყო, და ეს ვლინდებოდა იმ სიყვარულში, რომლითაც გარშემომყოფებისადმი იყო განწყობილი. მე აღტაცებული ვიყავი იმით, თუ როგორი სიმშვიდით და უბრალოებით იცავდა თავის ძველმოდურ ტრადიციებს და სიბრძნე ჰყოფნიდა, რომ ცხოვრების ამერიკულ წესთან შეეთავსებინა ისინი. როცა მთელი ოჯახი სუფრასთან
იკრიბებოდა, ვამჩნევდი, რომ ბაბუა ჩუმად ლოცულობდა იმ დროს, როცა დანარჩენები სადილს მიირთმევდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ მამას არ ჰქონდა ჩემი ებრაულ სკოლაში ტარების საშუალება, იგი ცდილობდა, რომ სულიერი განათლება მოეცა ჩემთვის. როცა ცამეტი წელი შემისრულდა, მამამ მიმართა რებე ლიპისს თხოვნით, რომ ჩემთვის ბარ მიცვას (ებრაული სრულწლოვანების) რიტუალის ყველაზე მარტივი ვარიანტ ჩაეტარებინა. დიდებული რაბინი ჭაღარა თმით გულმოდგინებით მასწავლიდა ძირითად ლოცვებს, ისე რომ ცენტიც არ აუღია
ამაში. ერთხელ ვკითხე მას: “რებე, თუ შეიძლება ამიხსენით, რას ნიშნავს ეს ლოცვები?” მისი კეთილი ყავისფერი თვალები ცრემლებით აივსო, და ისეთი სიყვარულით ჩამიხუტა, რომელსაც ვერასოდეს დავივიწყებ. მღელვარებისგან აკანკალებული ხმით რებემ მიპასუხა:
“რიჩი, მე მომწონს შენი გულწრფელი სურვილი ლოცვების აზრის გაგებისა. სამწუხაროდ ასეთი რამ უფრო და უფრო იშვიათია.” “როგორ უნდა ვილოცო, რებე?” მისი სწორი სახე თვალების გარშემო მცირედი ნაოჭებით ღიმილით გაიბადრა, და ამის გამო თბილად და მყუდროდ ვიგრძენი თავი. ისევე როგორც ნებისმიერი ბავშვი, მეც ვსაჭიროებდი
ამას. “თალმუდი, – დაიწყო რებემ, – ეს ებრაული კანონების წიგნია, დაწერილი ათასობით წლის წინ რაბინების მიერ. როგორც თალმუდი ასწავლის, ჩვენ უნდა შევთხოვოთ ღმერთს იმის შესახებ, რომ ძალა მოგვცეს ცდუნებების, ეჭვებისა და დაბრკოლებების დასაძლევად და მისი
ნების აღსასრულებლად. ეს უკეთესია, ვიდრე ღმერთისათვის ჩვენი სურვილების შესრულების
თხოვნა.”

როცა ცამეტი წელი შემისრულდა, დაბადების დღეზე ჩემმა უფროსმა ძმამ მარტიმ პიტერის, პოლის და მერის პირველი ალბომი მაჩუქა. ეს იყო ფოლკ-ტრიო გრინვიჩ ვილიჯიდან. თავის სიმღერებში ისინი ომის, უსამართლობის და სოციალური უთანასწორობის წინააღმდეგ გამოდიოდნენ, მაგრამ ყველაზე მეტი შთაბეჭდილება მოახდინა სიმღერებმა, რომლებიც ღმერთისადმი იყო მიმართული.
თვალებდახუჭული ვუსმენდი ამ ალბომს და ყოველი სიტყვა მაგნიტივით მიზიდავდა.

პირველი სიმღერა ფირფიტაზე ამ სიტყვებითიწყებოდა: “დილით, სანამ მზე გამოანათებს, ღმერთს ვევედრები: ჩემი გზა გაანათე”. ისევ და ისევ ვუსმენდი ამ ლოცვას და ვერც კი წარმომედგინა, რა როლს ითამაშებდა ჩემს ცხოვრებაში.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი