ლევან ჩახაიას მესიჯი:,,ჩემი მხილებლები ჩემი “ანგელოზები” არიან იმ წამს, როცა მამხელენ”

0
158

ჩემი კოსმიური ვალები – ანუ დისკომფორტი დღეს

მგონი უკვე დადგა დრო, როცა აღარ ვაპროტესტებ არაფერს. მოვიდა მდგომარეობა, როცა არ მიკვირს ადამიანებისგან არაფერი. არ მაქვს მოლოდინი და პატარა იმედგაცრუებებიც არ მტკენენ ძველებურად გულს.

დადგა წამი, როცა აღარ ვუბრაზდები ღმერთს.. არ ვთვლი, რომ უსამართლოა. არ მიმაჩნია, რომ ვინმეზე მეტად ვუყვარვარ ან ჩემზე მეტად უყვარს ვინმე.

არ მიმაჩნია, რომ სიღარიბეს არ ვიმსახურებთ ადამიანები.

არ მიმაჩნია, რომ თუ არ გვიმართლებს ეს სწორი არ არის სამყაროსგან.

აღარაფერი არ არის არასწორი. ყველაზე არასწორიც კი ცამდე სწორი ყოფილა თურმე.
გავიღვიძე და მივხვდი , რომ დღეს თუ, რამე მანგრევს  ისევ ჩემი პასუხისმგებლობაა.

ღმერთი ადამიანები არ წყვეტენ ჩემს ბედს.
მე ვარ მთავარი შემოქმედი.
და მანამ, სანამ დავაჩქარებ პოზიტიურ ცვლილებებს იქნებ ბოლომდე მიმეღო ,,სასჯელი” რაც ჩემმა თავმა დამაკისრა წარსულის შეცდომებისათვის?

იქნებ კარგად მეთხოვა პატიება იმ ათასი დაცემისათვის, იქნებ განმეწმინდა ჩემი სული გადამეხადა ყველა ვალი და შემდეგ მეთხოვა ნეტარებები მიწიერი თუ არამიწიერი?

მივხვდი, რომ ვაჩქარებ პროცესებს ისე, რომ ვარიდებ თავს პასუხისმგებლობას ჩემი თავის წინაშე, ჩემი სამყაროს წინაშე.

ძველი ვალები მახსენებენ თავს. ისინი მოდიან სხვადასხვა უსიამოვნებების სახით. ზოგჯერ მტკივნეულია ისე, რომ გატირებს მწარედ. ზოგჯერ დეპრესიას გმართებს. ზოგჯერ უიმედობას აღძრავს.. ზოგჯერ გაკარგვინებს მომავლის რწმენას. ზოგჯერ მოდის მდგომარეობა, რომელიც ყველაზე დიდი იღბალი ყოფილა, რადგან მწმენდს. მწმენდს შინაგანად. მამზადებს სიახლეებისათვის.

როდის ვიწყებთ ფულის შეგროვებას? მაშინ, როცა ყველა ვალს გავისტუმრებთ..

მე ყოველდღიურად ვისტუმრებ ვალებს… ვალებს ჩემი სულის წინაშე.

ვაკვირდები ჩემს მდგომარეობებს და ვფიქრობ, თურმე რამდენი შეცდომა გამომივლენია წარსულში. რამდენჯერ დავცემულვარ. რამდენჯერ ვყოფილვარ ცუდი ადამიანი.
მაგრამ ბევრი ყოფილა სწორი ჯანსაღი, ამიტომაც მხოლოდ ვალებს არ ვისტუმრებ – უამრავ საჩუქარს ვიღებ…

მჯერა, რომ, რაც ხდება ჩემს ცხოვრებაში დღეს, გუშინდელის ანარეკლია. და თუ ვინმე მოვიდა და განმსაჯა ის მეხმარება გავაცნობიერო, რომ – განმსაჯეს, რადგან განვსაჯე ერთ დროს.

თუ ვინმემ შემიძულა დღეს, გუშინ მე თვითონ ვყოფილვარ სავსე სიძულვილით.

თუ მომატყუეს, მომიტყუებია უამრავი ადამიანისათვის. რადგან განვიცდი იმას, რაც სხვას განვაცდევინე ერთ დროს.

თუ მინდა, რომ ადამიანად ვიქცე ნამდვილ სულიერ ადამიანად, უნდა დავინახო ის შეცდომები, რაც დამიშვია, რათა ამოვძირკვო ჩემი შინაგანიდან.
ამიტომაც მტკივნეულია, მაგრამ სამართლიანი. თავზარდამცემია, მაგრამ სწორი.
დამანგრეველი, მაგრამ ადეკვატური.

ღმერთი ყოველთვის ყველგან ბრძენია და ეს მე აღმოვაჩინე საკუთარი თავი, როგორც არაფრის მცოდნე .. სისუსტეებით სავსე ქმნილება, რომელსაც თავისივე არარაობრივი ბუნება აგებს და აშენებს.

ჩემმა სიცარიელემ ამავსო. ჩემმა სიცივემ გამათბო საბოლოოდ. ჩემმა პიროვნულმა არასრულყოფილებამ გადამარჩინა, რადგან მივხვდი, რომ კი არ უნდა მეშინოდეს, მრცხვენოდეს ჩემივე ამპარტავნების, ჩემი ქედმაღლობის, არამედ თვალი გავუსწორო, მივიღო და გამოვართვა ის ძღვენი, რაც სამყაროსგან მომართვა.

მომართვა უნარი დამენახა ჩემს ბაღში სარეველა ბალახი და ამომეძირკვა ის.
მტკივნეულია, მაგრამ მინდა დახმარება გთხოვოთ, მათ ვისაც გიყვარვართ არასოდეს მომცეთ უფლება ვიცხოვრო ილუზიაში და მამხილეთ. მამხილეთ ნებისმიერ დროს, როცა შევცდები და ეს აუცილებლად მოხდება, თან ბევრჯერ.

მამხილეთ მიუხედავად იმისა, რამდენად მტკივნეული იქნება ეს ჩემთვის, რადგან ტყუილში ყოფნა მართმევს დროს საკუთარი თავის გაჯანსაღებისათვის.
ჩემი მხილებლები ჩემი “ანგელოზები”
არიან იმ წამს, როცა მამხელენ.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი