სარტრი – არსებობა და თავისუფლება

0
420

ჟან-პოლ სარტრი (პარიზი, 1905-1980 წწ.) გენიალური და მრავალმხრივი მწერალია, ვისი ნიჭიც სრულიად განსხვავებულ ლიტერატურულ ჟანრებში გამოვლინდა: ,,ფსიქოლოგიური ნარკვევიდან ლიტერატურულ ნარკვევამდე”, რომანიდან (,,გულზიდვა” 1938 წ.; ,,გონების ხანა” 1945 წ.; ,,გადავადება” 1945 წ.; ,,სიკვდილი სულში” 1949 წ.) ,,თეატრალურ დადგმამდე” (ბუზები 1943 წ.; ,,დახურული კარი” 1945 წ.; ,,მფრთხალი მეძავი” 1946 წ.; ,,ჭუჭყიანი ხელები” 1948 წ.; ,,ეშმაკი და უფალი ღმერთი” 1951 წ.; ,,ნეკრასოვი” 1956 წ.; ,,ალტონელი ტუსაღები” 1960 წ.) და პოლიტიკურ პამფლეტამდე (,,ანტისემიტიზმი”, 1946 წ.; ,,კომუნისტები და მშვიდობა”, 1952 წ.). სარტრი ასევე ფილოსოფიური ხასიათის მნიშვნელოვანი შრომების ავტორიცაა. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ ფილოსოფიური ხასიათით სარტრის ყველა ნაშრომი გამოირჩევა, თუმცა ამ ავტორის ფილოსოფიური ნააზრევი ძირითადად გადმოცემული შრომებში: ,,ego-ს ტრანსცენდენტურობა”, ,,ფენომენოლოგიური ძიების მონახაზი” 1936 წ.; ,,წარმოსახვა” 1936 წ,; ,,ნარკვევი ემოციათა თეორიის შესახებ”, 1939 წ.; ,,წარმოსახვითი. წარმოსახვის ფენომენოლოგიური ფსიქოლოგია” 1940 წ.; ,,ყოფნა და არარა. ფენომენოლოგიური ონტოლოგიის ნარკვევი”, 1943 წ. ,,ექსისტენციალიზმი ჰუმანიზმია” 1946 წ.; ,,დიალექტიკური გონების კრიტიკა” (ამ ნაშრომს წინ უსწრებდა ,,მეთოდის საკითხები”), ი ტ.; პრაქტიკულ ერთობლიობათა თეორია 1960 წ.

სარტრი ჰაიდეგერის პოზიციას იზიარებს და უკიდურესობამდე მიჰყავს მისი ჰუმანიზმი, როგორც რეალობის ადამიანზე კონცენტრირება. სარტრის პოზიციის საკუთარისგან გასამიჯნად ჰაიდეგერმა განაცხადა, რომ მისი აზრით ადამიანი სრულებით არ არის ცენტრალურ პოზიციაში. ცენტრში აბსოლუტური ყოფნაა, ადამიანი კი მისი მცველი, ანუ შეგრძნობილი და შემგრძნობი რეალობაა. სარტრის ექსისტენციალიზმი ჰაიდეგერის ექსისტენციალიზმის ფრანგული ვერსიაა ადამიანის არასრულყოფილება-შემოქმედითობის უკიდურესი გამწვავებით.

ამოსავალ წერტილად სარტრი იღებს მოსაზრებას, რომ თანამედროვე ფილოსოფია მივიდა ყოფნისა და ფენომენის დუალიზმის უარყოფამდე, რომელზეც შეჩერდა კანტი. სარტრის აზრით, ეს პროგრესია. მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ არსებულის წარმოდგენების, ანუ ფენომენების სერიამდე დაყვანის მიუხედავად, მაინც არსებობს მიღმეული, როგორც ამ წარმოდგენების განუსაზღვრელობა. ერთი სიტყვით, მოცემულია ტრანსფენომენური ყოფნა, როგორც ნარჩენი ყოველივე იმისა, რაც წარმოგვიდგება.

ყოფნა თავისთავად და ყოფნა თავისთვის

მაშასადამე, ტრანსფენომენური ყოფნა რაღაც ბუნდოვანი, მასობრივი, შეჩერებული, საკუთარ თავში ჩაკეტილია. მის წინაშეა უარყოფა, არარა, როგორც ნაპრალი ყოფნის მასობრივ მთლიანობაში. ბუნდოვანი ყოფნა თავისთავად ყოფნაა, ხოლო არარა, ანუ უარყოფა, რომელიც ადამიანში მჟღავნდება, არის თავისთვის ყოფნა, ცნობიერება, არსებობა. არსებობა მთლიანად ორიგინალურობაში, შემოქმედებითობაში, სიახლეშია, ერთი სიტყვით, მასობრივი თავისთავად ყოფნის გახლეჩვაში მდგომარეობს. არარა არის ყოფნა თავისთვის.

თავისუფლება

თითოეული ადამიანი შემოქმედებითობა, არჩევანი, ორიგინალურობა, მუდმივი ჩანაფიქრია, ის გამუდმებით გეგმავს. ეს კი სწორედ ტრანსცენდენტობაა. ამაში მდგომარეობს თავისუფლება, რომელიც ადამიანის არსია. ადამიანი ირჩევს და არჩევისას გამუდმებით ქმნის ნორმებსა თუ ღირებულებებს.

არსებობა და არსი

თუ ცალკეულის რეალობას, მის ინდივიდუალირ არჩევანს ,,არსებობას” დავარქმევთ, ,,არსს” კი-ნორმას, იდეალს, ღირებულებას, მაშინ, სარტრის აზრით, უნდა ითქვას, რომ არსებობა წინ უსწრებს არსს და ბრძანებლობს მასზე. ანუ: არჩევანის უბრალო ფაქტი ქმნის ნებისმიერ ღირებულებას, ისე, რომ არ მიიღება ღირებულება, რომელიც უსწრებს და მართავს ინდივიდის არჩევანს. თუმცა, თუ ადამიანური რეალობა წმინდა არჩევანამდე დაიყვანება (ისე, რომ მას არ მიეკუთვნება არსი ან არსებითი მნიშვნელობა), ადამიანი ვერ ახერხებს იმ დასრულებულობის მიღწევას, რომელიც არჩევანისა და აბსოლუტურობის ნაერთია.

ცნობიერების წინასწარგანზრახულობის ექსისტენციალისტური ინტერპრეტაცია

სამწერლო ასპარეზზე გამოსული სარტრი თავდაპირველად ,,ფენომენოლოგიურ” ფსიქოლოგიას იკვლევს, რომლის საგანია ,,მე”, ფანტაზია და ემოციები. ამ კვლევათა ამოსავალი წერტილია ცნობიერების წინასწარგანზრახულობის ცნება, თუმცა სარტრი თავიდანვე უპირისპირდება ჰუსერლს ამ ცნების მისეული ექსისტენციალური ინტერპრეტაციის გამო. სარტრის ნარკვევი ,,მე-ს ტრანსცენდენტალურობის შესახებ” იწყება მტკიცებულებით: ,,მე” არ არის ცნობიერების ბინადარი”. ეს გამოთქმა გულისხმობს, რომ ,,მე” არ წარმოადგენს საკუთარ თავში ჩაკეტილ სუბსტანციას, არამედ ეს არსებითად სამყაროსა და სხვათა მიმართ გახსნილი დამოკიდებულებითი სტრუქტურაა.

ემოციები

ნარკვევში ,,ემოციათა თეორიის შესახებ” სარტრი განიხილავს ცნობიერებას, როგორც ,,ყოფნას სამყაროში”, ხოლო სპეციფიურად ემოციურ დამოკიდებულებას-როგორც რეალობასთან ურთიერთობათა განცდის შესაძლო ხერხს, რომელიც სამყაროს ჯადოსნურ სახეცვლილებაში მდგომარეობს. ანუ ეს კონკრეტულ შეფერხებათაგან ,,დაცვისკენ” მიმართული სახეცვლილებააა: მაგალითად, გარდაუვალი საფრთხის წინაშე გულის წასვლა საფრთხის უარყოფა და მისი განეიტრალების სურვილია არა დამხმარე საშუალებათა, არამედ მისგან გაქცევის მეშვეობთ.

წარმოსახვა

განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს წარმოსახვის უნარის სარტრისეული ანალიზი, რამეთუ ავტორი ცდილობს წარმოსახვითი დაუკავშიროს მისი ფილოსოფიისთვის ძირეულ ცნებას: ეს თავისუფლების ცნებაა. მართლაც, წარმოსახვა ის საშუალებაა, რომლითაც ჩვენი ცნობიერება სცილდება რეალობას შესაძლებლის შუქზე. როგორც ასეთი, ის გამოხატავს ადამიანის უნარს, თავისუფლად უარყოს სამყარო ნებისმიერ დროსა და ვითარებაში.

ყოფნა თავისთავად და ყოფნა თავისთვის

ეს ცნებები გვხვდება ასევე ნაშრომში ,,ყოფნა და არარა” (1943 წ.), რომელიც სარტრისეული ექსისტენციალიზმის მწვერვალად ითვლება. ჰაიდეგერის მსგავსად, სარტრიც ინტერესდება ყოფნის სტრუქტურით. ის ფენომენოლოგიურ სვლას ირჩევს და ამტკიცებს, რომ ყოფნა ორი ძირეული სახით მოგვეცემა: ესენია ყოფნა თავისთავად და ყოფნა თავისთვის. ყოფნის პირველი სახეობა იგივდება ყოველივე იმასთან, რაც არ არის ცნობიერება, მაგრამ რასთანაც ცნობიერება კავშირს ამყარებს-ანუ, ეს სამყაროს საგნებია. ყოფნის მეორე ტიპი თვით ცნობიერებასთან იგივდება, რომელსაც საკუთარ თავთან და საგნებთან თანსწრების პრეროგატივა აქვს. შედეგად, ყოფნა თავისთავად არის მონაცემი, რომელსაც ცნობიერება თავის პირისპირ ხვდება, როგორც რაღაც ბუნდოვანს, რაც ,,არის ის, რაც არის”. ხოლო ყოფნა თავისთვის არის ცნობიერება, რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ არის საგნებთან თანსწრება, საგნებისადმი მნიშვნელობათა მინიჭების უნარს ფლობს. ორმაგი პრეროგატივის გამო, არ იყოს მონაცემი და მიანიჭოს მას მნიშვნელობები, სარტრი თავისთვის ყოფნას ,,არარას” უწოდებს. თუმცა ამით ის ყოფნის საპირისპიროს კი არ გულისხმობს, არამედ თვით ცნობიერებას, როგორც წმინდა მონაცემის გამანადგურებელ ძალასა და თავისთავად ყოფნასთან მიმართებაში მნიშვნელობათა წყაროს.

მაშასადამე, მტკიცება იმისა, რომ ადამიანი ცნობიერება, ანუ თავისთვის ყოფნაა ნიშნავს იმის მტკიცებას, რომ ადამიანი თავისუფალია, რადგანაც ის უარყოფს რეალობას იმ მნიშვნელობათა შუქზე, რომლებიც რაიმე სახით ბატონობენ ამ რეალობაზე (მაგალითად, როგორც კი შევდივარ ოთახში, სადაც ადამიანები იმყოფებიან, ჩემი თავისუფლება კონკრეტულად იწყებს მოქმედებას, რადგანაც ადამიანებსა და საგნებზე მნიშვნელობათა და ღირებულებათა მთელი ქსელი გადამაქვს: ლამაზი, უშნო, სიმპატიური, ანტიპატიური, მოსაწყენი, სახალისო და ა.შ.).

თავისუფლებით დაწყევლა

სარტრის აზრით, თავისუფლება, როგორც სამყაროს გაცნობიერებული ანულირება მნიშვნელობათა საშუალებით, ემთხვევა თვით არსებობის სტრუქტურას, რომელიც ონტოლოგიური წყობიდან გამომდინარე, თავისუფლებითაა დაწყევლილი: ,,არსება, რომელიც, როგორც ცნობიერება, აუცილებლად განცალკევებულია ყველა დანარჩენისგან, რადგანაც ისინი მასთან დამოკიდებულებაში მხოლოდ იმდენად არიან, რამდენადაც მისთვის არიან; არსება, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას ტრადიციის ფორმით არსებული თავისი წარსულის შესახებ თავისი მომავლის შუქზე, ნაცვლად იმისა, რომ აცალოს მას მისი აწმყოს განსაზღვრა; არსება, რომელიც საკუთარი თავის წარმოდგენას მიანდობს თავისგან განსხვავებულს, ანუ მიზანს, რომელიც არ არის, და რომელსაც ის თავად წარმოსახავს სამყაროს მეორე მხრიდან,-აი რას ვუწოდებთ თავისუფალ არსებას”.

პასუხისმგებლობა

შედეგად, სარტრი მიიჩნევს, რომ ადამიანი პასუხს აგებს სამყაროსა და საკუთარ თავზე, როგორც ყოფნის წესი. ყოველივე ის, რაც სამყაროში ხდება, თავდაპირველი არჩევანის თავისუფლებასა და პასუხისმგებლობას მიემართება, ამიტომაც, იქიდან, რაც ადამიანს გადახდება თავს, ვერაფერს ვერ ვუწოდებთ არაადამიანურს. ,,ყველაზე სასტიკი ომები, საშინელი წამების მაგალითები სრულიად არ ქმნიან არაადამიანურ ვითარებას. არაადამიანური ვითარება არ არსებობს: მხოლოდ შიშით, გაქცევითა და მაგიურ საშუალებათა მოშველიებით გადავწყვეტ, თუ რა არის არაადამიანური. მაგრამ ეს გადაწყვეტილება ადამიანურია და მასზე მთელ პასუხისმგებლობას ვკისრულობ”. საგანთა დაპირისპირების მაჩვენებლისა და მათი წინასწარ გაუთვალისწინებლობადობის შესახებ მხოლოდ მე ვიღებ გადაწყვეტილებას საკუთარ თავზე გადაწყეტილებათა მიღებით. არ არსებობს შემთხვევითი მოვლენები: სოციალური მოვლენა, რომელიც მოულოდნელად აღმოცენდება და ჩამითრევს, გარედან არ მოდის. თუ ომში გამიწვიეს, ეს ჩემი ომია, ჩემი საკუთარი ხატებაა და მე მას ვიმსახურებ: ,,პირველ რიგში მას ვიმსახურებ, რადგანაც მისგან თავის დაღწევა თვითმკვლელობისა და დეზერტირობის მეშვეობით შემეძლო: ეს უკიდურესი შესაძლებლობები ყოველთვის უნდა იყოს წარმოდგენილი, როდესაც რაიმე სიტუაციის წინაშე აღმოვჩნდებით. თუ ომს თავი არ დავაღწიე, ის მე ავირჩიე: შესაძლოა, მხოლოდ ჩემი სირბილის, საზოგადოებრივი აზრის წინაშე ჩემი სისუსტის გამო, რადგანაც სხვა ღირებულებებს მეტ უპირატესობას ვანიჭებ, ვიდრე ომში მონაწილეობის მიღებაზე უარის თქმას. ყველა შემთხვევაში, აქ არჩევანზეა საუბარი.”

კონფლიქტი, როგორც თანაარსებობის კანონი: ,,ჯოჯოხეთი სხვები არიან”

ეს თავისუფლება იწვევს იმას, რომ ინდივიდი სხვებთან მუდმივი და ენდემიური კონფლიქტის მდგომარეობაში იმყოფება. მართლაც, იმ დროს, როდესაც ჩემი მნიშვნელობების მეშვეობით სხვას ,,ვაქვავებ”, იმავე მოქმედებას ჩადის ჩემი მეზობელიც. მაშასადამე, სარტრისეულ სამყაროში გარდაუვალია თავისუფლებათა დაპირისპირება და მნიშვნელობათა ომი: ,,ჯოჯოხეთი სხვები არიან”, აცხადებს ერთ-ერთი პერსონაჟი წიგნისა ,,დახურულ კარს მიღმა”. ეს ფრაზა იმას გულისხმობს, რომ მეტ-ნაკლებად დაფარული სხვებთან კონფლიქტი ადამიანური მდგომარეობის შემადგენელი მონაცემია.

სიყვარულის მარცხი

სარტრის აზრით, თვით სიყვარული, რომელიც ,,მე”-სა და სხვას შორის ერთიანობის, ანუ ასიმილაციის განხორციელების ძირითად მცდელობას წარმოადგენს, გარდაუვალად მარცხისთვისაა განწირული. მართლაც, სიყვარულში თითოეულ ადამიანს სურს, მეორისთვის იყოს აბსოლუტური, მთელი სამყარო, უსასრულო მთლიანობა. მაგრამ ამისათვის საჭიროა, რომ მეორე თავისუფალ და ასევე აბსოლუტურ სუბიექტურობად დარჩეს. მაგრამ, იქიდან გამომდინარე, რომ ორივე მხარეს ზუსტად ერთი და იგივე რამ სურს, სიყვარულის ერთადერთი შედეგი აშკარა ან დაფარული კონფლიქტია.

დიალექტიკური გონების კრიტიკა

ექსისტენციალიზმიდან მარქსიზმამდე

მოქმედებისა და სოციალური ვალდებულების თემათა გაღრმავებამ სარტრი ,,ჩვენი დროის გადაულახავი ფილოსოფიის” სახით დანახული მარქსიზმის მიღებამდე მიიყვანა. ამ პროცესის საბოლოო პუნქტია ,,დიალექტიკური გონების კრიტიკა”, რომელიც, ცალკეული ექსისტენციალისტური სქემების შენარჩუნების მიუხედავად, წარმოადგენს მარქსიზმის ორიგინალურ ხელახალ ინტერპრეტაციას, რომელიც საბჭოთა ყალიბის ,,სკლეროტიკული” და ,,სქოლასტიკური” დიალექტიკური მატერიალიზმისგან კრიტიკულ დისტანცირებას ისახავს მიზნად.

ისტორიის დიალექტიკური სტრუქტურა და ადამიანი

ამ შრომის (რომელიც ,,ისტორიის ფორმალური პირობების განსაზღვრას” ისახავს მიზნად) ძირეული თეზისია ისტორიული კურსის დიალექტიკური სტრუქტურა, ხოლო ეს კურსი დანახულია, როგორც ქმნადობაში მყოფი პროცესი, ანუ მთლიანობა, დაუსრულებელი და მუდამ მოძრაობაში მყოფი ტოტალიზაცია. სარტრის აზრით, ეს იმიტომ ხდება, რომ დიალექტიკა არ წარმოადგენს ენგელსის კანონთა თანახმად კოდიფიცირებად ბუნებრივ რეალობას, არამედ ესაა პროცესი, რომლის სუბიექტია ადამიანი თავისი მოთხოვნილებებით. როგორც ასეთი, დიალექტიკა უნდა მოიაზრებოდეს განცდილი გამოცდილების ფარგლებში, იმ პრინციპის საფუძველზე, რომლის თანახმადაც ადამიანი ექვემდებარება დიალექტიკას, რამდენაც მას ქმნის და ქმნის, რამდენადაც ექვემდებარება მას.

გაუცხოების საშიშროება

სწორედ ეს დიალექტიკური სტრუქტურა განაპირობებს იმას, რომ ისტორია თავის თავში გაუცხოების შესაძლებლობას შეიცავს, ანუ იმის ალბათობას, რომ ადამიანი თავისივე საქმიანობის პროდუქტების ზეგავლენის ქვეშ მოექცეს. მართლაც, ადამიანი ერთი მხრივ დიალექტიკის ,,შემადგენელი” სუბიექტია, მეორე მხრივ კი ,,შედგენილი” დიალექტიკისგან გაუცხოებულ შესაძლო ობიექტად გვევლინება. უპირველეს ყოვლისა, ამგვარი რამ ბუნებასთან ადამიანის დამოკიდებულებაში ხდება. თავდაპირველად ინდივიდები საჭიროებისა და მოთხოვნილების ძალით შრომაში პოულობდნენ საკუთარ განხორციელებას, შემდეგ კი ამგვარი დაკონკრეტება, განსაკუთრებით, კაპიტალისტურ და ინდუსტრიულ საზოგადოებაში, პროდუქტებთან და შრომის ჰუმანურ არსთან მიმართებაში ნამდვილ ,,გაუცხოებად” იქცევა.

რევოლუციური დინამიკის ფენომენოლოგია: სერია და ჯგუფი

გაუცხოების შესაძლებლობა ადამიანთა შორის დამოკიდებულებებშიც არსებობს. ამ საკითხზე სარტრი განსაკუთრებით საინტერესო მოსაზრებებს გვთავაზობს, კერძოდ, ისტორიულ-პოლიტიკური თვალსაზრისით და იმასთან მიმართებაში, რასაც ,,რევოლუციური დინამიკის ფენომენოლოგია” შეიძლება ეწოდოს. უპირველეს ყოვლისა, სარტრი ,,სერიისა” და ,,ჯგუფის” ცნებებს განასხვავებს ერთმანეთისგან. პირველი მათგანი წმინდა ,,კოლექტივს” გულისხმობს, ერთმანეთისადმი ფარულად მტრულად განწყობილი ,,მრავალი მარტოობისგან” შემდგარ ინდივიდთა ,,მნიშვნელოვან სიმრავლეს” (დიალექტკური გონების კრიტიკა). სერიის ცნება მიუთითებს ინტერსუბიექტურ დამოკიდებულებებზე, რომლებშიც ინდივიდი არ განიცდის სხვებთან ერთიანობის ჭეშმარიტ გრძნობას (ავტობუსის ლოდინი, საყიდლებზე წასვლა ბაზარში და ასე შემდეგ). ჯგუფი, რომელიც იქმნება, როგორც ,,სერიულობის” უარყოფა, არის ინდივიდთა ორგანიზაცია, რომელსაც განზრახვათა ერთიანობა ახასიათებს. ჯგუფში თითოეული სხვებთან ,,მიმსგავსებულად”, ერთდროულად მეთაურად და რიგითად გრძნობს თავს: ,,ჩემი ჯგუფში ყოფნა იმანენტურობად იქცევა, სხვათა შორის ვიმყოფები და პრივილეგირებულის სტატუსი არ გამაჩნია… სხვებთან ერთად მივრბივარ, ვყვირი: ,,შეჩერდით” და ყველა ჩერდება, ვიღაც დაიყვირებს: ,,გაიქეცით!” ან ,,მარჯვნივ გასწიეთ!”, ,,მარცხნივ გაუხვიეთ!” და ყველა კვლავ ადგილიდან იძვრება…”

ჯგუფის ინსტიტუციონალიზაცია და ახალი გაუცხოებული სერიულობის საფრთხე

როგორც ზემოთ ციტირებული ნაწყვეტიდან ჩანს, ჯგუფს რაიმე საფრთხის ან საერთო მოწინააღმდეგის წინაშე ჩამოყალიბების ტენდენცია ახასიათებს და მისი ტიპიური შემაკავშირებელი მომენტია რევოლუციის ცენტრალური მომენტი. თუმცა, რევოლუციური და შურისმაძიებელი ,,შერწყმის” ,,გმირული” მომენტის ჩავლის შემდეგ ჯგუფს ბრძოლა უწევს იმისთვის, რათა ჯგუფად დარჩეს და კვლავ სერიად არ დაიშალოს. მაგრამ ჯგუფის ,,საძმო” სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნებას მხოლოდ მზარდი ,,ტერორის” წყალობით ახერხებს, რომელიც ,,დისციპლინაში”, ,,დამორჩილებასა” და ,,დესპოტურ კონტროლში” ვლინდება (მაგ. ე.წ. ,,წმენდებში”). თავის მხრივ, ეს ღონისძიებები ერთვის ,,ბიუროკრატიულ” და ,,იერარქიულ” კურსს, რომელსაც იღებს რევოლუცია და რომლის კულმინაციასაც წარმოადგენს მთელი ძალაუფლების ერთადერთი ,,უმაღლესი მმართველის”, ანუ ქარიზმული ლიდერის ხელში თავმოყრა. ამგვარად, ,,ორგანიზაციისა” და ,,ინსტიტუციის” სტადიათა მეშვეობით ჯგუფი გაუცხოების ვითარებამდე მიდის. მაშასადამე, ,,სერიის” გადალახვის მცდელობად ჩამოყალიბებული ჯგუფი დასასრულს აღმოჩნდება ახალ გაუცხოებულ სერიულობად გარდაქმნის საფრთხის წინაშე, რომელშიც საკუთარ ინდივიდუალობასა და სხვებთან თავისუფალ ურთიერთობას მოკლებული ინდივიდები ისევ უცხოებად გრძნობენ თავს ერთმანეთთან და რეალურ საზოგადოებასთან მიმართებაში. აქედან, ადამიანური პრაქტიკული საქმიანობის რამდენიმე ფორმალურ სეგმენტზე დაყრდნობით სარტრს განზრახული ჰქონდა (კრიტიკის მეორე ტომის სახით, რომელიც შემდეგ აღარ დაიწერა) გადასვლა დიალექტიკური ჭეშმარიტების ორგანულ დამუშავებაზე, რომელიც ისტორიაში ხორციელდება.

აბსურდულის” თეორიიდან ,,ვალდებულების” დოქტრინამდე

არსებობის ფაქტი აბსურდულია: მოსაზრებები და მნიშვნელობები მხოლოდ ადამიანის თავისუფლების ძალით არსებობს

სარტრის აზრით, ადამიანური ვითარება რაღაც პარადოქსულს შეიცავს: მართლაც, მიუხედავად სამყაროს წინაშე თავისი თავისუფლებისა, ინდივიდი არ არის თავისუფალი იყოს თავისუფალი. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ინდივიდი ირჩევს თავისი ყოფნის არსს, მაგრამ ის არ ირჩევს თვით საკუთარ ყოფნას, ანუ იმ ფაქტს, რომ ის სამყაროშია ,,გადაგდებული” და არსებობს, როგორც თავისუფლება. მაგრამ სამმყაროში არსებობის ფაქტი ადამიანისთვის, ისევე, როგორც ყველა სხვა არსებისთვის რაღაც აბსურდულია, ანუ ისეთი რამეა, რასაც არ აქვს სხვა განმარტება თვით არსებობის ფაქტის გარდა. მიზნები აღმოცენდება მხოლოდ ადამიანთან ერთად, ვინც ანიჭებს აზრს იმას, რასაც თავისთავად აზრი არა აქვს.

გულზიდვის გამოცდილება

არსებობის ამ ძირეული აბსურდულობის ემოციური გამოცდილება გულზიდვაა, რომელსაც სარტრი თავის 1938 წელს გამოსულ ამავე სათაურის მქონე რომანში აღწერს. წიგნი მოგვითხრობს ისტორიის პროფესორის, როკანტენის თავგადასავალს, რომელიც თანდათანობით აცნობიერებს არსებობის გაუმართლებლობასა და უაზრობას. ამ განცდამდე გმირი სამყაროსა და სხვებთან მიმართებაში საკუთარი თავის ზედმეტად შეგრძნების მეშვეობით მიდის:

,,ერთი გროვა დაბნეული არსებები ვიყავით, ვინც საკუთარი თავის გამო განიცდიდა უხერხულობას. არც ერთს იქ ყოფნის არავითარი მიზეზი არ გვქონდა და ბუნდოვანი მოუსვენრობით შეპყრობილი თითოეული არსება თავს ზედმეტად გრძნობდა სხვებთან მიმართებაში”; ,,არსებობა უბრალოდ იქ ყოფნაა, არსებები წარმოდგებიან, შეიძლება მათთან შეხვედრა, მაგრამ არ შეიძლება მათი დედუქცირება. ვფიქრობ, ვიღაც ამას მიხვდა. უბრალოდ, ამ ვითარების გადალახვა სცადა აუცილებელი არსების გამოგონებით, რომელიც საკუთარი თავის მიზეზია. მაშასადამე, არ არსებობს არც ერთი აუცილებელი არსება, რომელსაც არსებობის განმარტება ძალუძს: არსებული ვითარება არ არის ცრუ მსგავსება, გარეგნული იერი, რომელიც შეიძლება გაიფანტოს. ის აბსოლუტურია და შედეგად, ის თვით გაუმართლებლობაა” (,,გულზიდვა”).

მიუხედავად იმისა, რომ ადამიანებმა მეტაფიზიკისა და რელიგიის მეშვეობით ამ შეგნების გადალახვა სცადეს, ის თითოეული ადამიანის სიღრმეში რჩება, როგორც გამოუხატავი, მაგრამ მკაფიო მიგნება და ჭეშმარიტება: ,,გულზიდვა: აი რის დამალვას ცდილობენ საკუთარი თავისთვის ბურჟუები და თვითკმაყოფილი ადამიანები უფლების თავიანტი ცნებით. რა უბადრუკი ტყუილია: არავის აქვს უფლება: სხვა ადამიანთა მსგავსად ისინიც სრულიად გაუმართლებლები არიან და ვერ უმკლავდებიან საკუთარ ზედმეტობას. თავიანტი არსების სიღრმეში, შინაგანად და მალულად ისინი ზედმეტები არიან, ანუ ამორფულნი და ცარიელნი, მოსაწყენნი”.

ადამიანი, როგორც არშემდგარი ღმერთი, ანუ უსარგებლო ვნება

აქედან მომდინარეობს ადამიანის განზრახვა, იქცეს ღმერთად (ანუ იქცეს ყოფნად, რომელიც არის საკუთარი თავის მიზეზი და საფუძველი) თავისთავად ყოფნასა და თავისთვის ყოფნას შორის სინთეზის განხორციელებით. მაგრამ ეს შეუძლებელია: ცნობიერება შეიძლება აღმოცენდეს მხოლოდ ყოფნის შემდეგ და როგორც თვით ყოფნის არარა, არა როგორც ყოფნის საფუძველი. საკუთარი თავის დამფუძნებელი ცნობიერების იდეალი მხოლოდ ჩვენი გონების მიერ შექმნილი ქიმერაა. არსებობის მიზეზები და მიზნები ისაა, რასაც ჩვენ ვიგონებთ მხოლოდ სამყაროში მოსვლის შემდეგ. ადამიანამდე არის მხოლოდ ნედლეული, მატერია, რომელიც ყოველი არსისა თუ მნიშვნელობის მიღმა არსებობს. მაშასადამე, ღმერთად გადაქცევის ადამიანისეული ძალისხმევა მარცხისთვისაა განწირული. ამიტომაც წარმოადგენს სარტრი ადამიანს, როგორც არშემდგარ ღმერთს ანუ ,,უსარგებლო ვნებას”.

საქციელთა ტოლფასიანობის თეორიიდან სოციალური ვალდებულების დოქტრინამდე

ამ უარყოფითი ონტოლოგიის თვალსაზრისით ადამიანის ნებისმიერი საქციელი ერთ სიბრტყეში ექცევა და თანაბრად წარუმატებელია. ნაშრომის ,,ყოფნა და არარა” დასასრულს სარტრი წარმოადგენს აბსურდისტულ თეზისს, რომლის თანახ-მადაც ,,საბოლოოდ, მარტოობაში თრობა თუ ხალხთა გაძღოლა ერთი და იგივეა”. თუმცა, მეორე მხრივ, სარტრის ეს მთავარი შრომა მთლიანად თავისუფლებისა და პასუხისმგებლობის ცნებას ემყარება. ამით აიხსნება ის, რომ წინააღმდეგობის მოძრაობისა და ომის შემდომი აღმშენებლობის მიერ განსახიერებულ ,,ვალდებულების” ატმოსფეროსთან თანადროულად სარტრი უარს ამბობს თავდაპირველ ნეგატივიზმსა და აბსურდიზმზე, სულ უფრო მეტად უსვამს ხაზს ადამიანის ინდივიდუალური და სოციალური პასუხისმგებლობისა და თავისუფლების თეორიას (ექსისტენციალიზმი ჰუმანიზმია, 1946 წ.) და განიხილავს ექსისტენციალიზმს მოქმედებისა და ისტორიის თეორიის ფორმით.

სარტრის ეპიგონები და ლიტერატურა

თითოეულს შეუძლია დარწმუნდეს, რომ ლიტერატურაში გადატანილმა სარტრის აბსურდისტულმა კონცეფციამ სრულიად წარმოუდგენელ სიტუაციებამდე შეიძლება მიგვიყვანოს. რომანი ,,გულზიდვა”, რომელიც გადმოგვცემს ადამიანის გულზიდვის გრძნობას ყოველივეს ირაციონალურობის წინაშე, ამის ნათელი მაგალითია. ალბერ კამიუსთან და სიმონ დე ბოვუართან ერთად სარტრმა დიდი გავლენა იქონია ფრანგულ კულტურაზე. მეტიც, მან გამოიწვია მოდა უკიდურეს ბოჰემურობაზე ფრანგულ და არა მარტო ფრანგულ ახალგაზრდობაში. ესაა დროის ნიშანი!

უნდა აღინიშნოს, რომ სარტრს თანმიმდევრული იმანენტისტური პოზიციის ყველა შედეგის გაცნობიერების სიმამაცე ეყო. სარტრი მიიჩნევს, რომ კანტის კრიტიციზმის თანმიმდევრული განვითარების შედეგად მივდივართ მის ჰუმანიზმამდე, როგორც ადამიანის რადიკალურ შემოქმედებითობამდე და თან დართულ ყოველივეს ფარდობითობამდე. ითქვა და ამბობენ კიდეც, რომ ეს ანარქიაა. მაგრამ უპირველესად ეს არის ანარქია აზროვნებაში, რადგანაც დოქტრინის საფუძვლად ყოველივეს რადიკალური აბსურდულობაა მოცემული. ჰეგელის რაციონალისტური ოპტიმიზმიდან აბსურდიზმამდე მივედით. ადამიანი ირჩევს, მან უნდა აირჩიოს ყოველივეს თანაბარ დაუსაბუთებლობასა და ტოლფასიანობაში. მაგრამ მაშ როგორ, რა უნდა აირჩიოს? ეს თანამედროვე აზროვნების გარკვეული წრეების დახვეწილი კრიტიკულობის საიდუმლოებაა.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი