რადჰანათა სვამი – შეხვედრა ჯონი ვინტერთან

0
90

 ,,გზა შინისაკენ” – ამერიკელი იოგის მოგზაურობა (გაგრძელება)

ჩემი გამგზავრების დღეც დადგა. თვითმფრინავში სავარძლის რიგებს შორის ვიკვალავდი გზას და ვცდილობდი თავში არავის მოხვედროდა ჩემი სპორტული ჩანთა.

“მაპატიეთ, მემ, – მივმართე ქალბატონს სქელი და ფუმფულა ვარცხნილობით, ნება მიბოძეთ გავიარო, ჩემი ადგილი ილუმინატორთანაა”.

მან ამომხედა და ჩემი გრძელი თმის დანახვაზე აიმრიზა. სახეზე მკაფიოდ ეწერა: “სხვა ადგილი მოძებნე”. ასეც მოვიქცეოდი, მაგრამ სხვა თავისუფალი ადგილი ახლო-მახლო არსად იყო, უკან კი სხვა მგზავრები მედგნენ, რომლებიც თავისი ადგილების პოვნას მოუთმენლად ლამობდნენ. მე ფრთხილად გავიარე ქალის გვერდზე, ჩემს სავარძელში ჩავჯექი და დემონსტრაციულად მივაშტერდი ილუმინატორს.

რამდენიმე წუთში მალულად შევხედე ჩემს მეზობელს, მაგრამ კვლავაც მის მტრულად განწყობილ სახეს გადავაწყდი და ისევ შემოვბრუნდი. აფრენა ყოვნდებოდა. მოგვიანებით კიდევ გავიხედე ქალბატონისკენ, მაგრამ ჩემდა გასაკვირად მის ადგილას ახალგაზრდა კაცი იჯდა შავი ჯინსებით, შავი უსახელო მაისურით და შავი ჩექმებით. ვერცხლისფერი სამაჯურები მის ნატიფ და დახვეწილ ხელებს ფარავდა. გრძელი და სწორი თმა თოვლივით თეთრი ჰქონდა, და ასეთივე თეთრი იყო მისი კანიც. თვალები მოვარდისფრო ჰქონდა, რაც ხშირად გვხვდება ალბინოსებში, ხოლო ტუჩებზე ანცი ღიმილი უთამაშებდა, რამელმაც ჩემი გული მაშინვე გაამხიარულა. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი თანამგზავრი ძალზე უჩვეულოდ გამოიყურებოდა, იყო მასში რაღაც ნაცნობი. სადღაც უკვე მენახა იგი. და მაშინვე გამახსენდა: ეს ხომ ჯონი ვინტერია, ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი მუსიკოსი, როკ-ენ-როლის ლეგენდარული ვარსკვლავი!

“გაუმარჯოს, მეგობარო! მე ჯონი მქვია”.

“მე კი მეგობრები პატარა მანქს მეძახიან”.

ჯონიმ ხელი ისე ჩამომართვა, თითქოს მისი საუკეთესო მეგობარი ვყოფილიყავი.

“როგორ აღმოჩნდი აქ? – ვკითხე მე. – ერთი წუთის წინ აქ ვიღაც ქალი იჯდა”.

ჯონიმ გაიცინა და სიტყვების გაწელვით, დამახასიათებელი ტეხასური აქცენტით მიპასუხა:

“შენ იმ დეიდაზე ამბობ, რომელსაც ასე არ მოეწონა შენს საზოგადოებაში ყოფნა? ის წამოხტა აქედან, სტიუარდესა მოძებნა და ისტერიკა მოუწყო. სხვა ადგილას მოითხოვა გადაჯდომა! არ მოვწონვართ და მოკალი თუ გინდა. მაგრამ ეს უკეთესიცაა. სტიუარდესამ აქ გადმომსვა, და ახლა ერთად ვიმგზავრებთ, ძამიკო!”

ჩვენ საკმაო დრო გვქონდა სასაუბროდ. მე ჩემი სულიერი ძიების შესახებ მოვუყევი, მან კი რამდენიმე ისტორია მომიყვა თავისი ცხოვრებიდან. მე ვახსენე საუბარში, რომ მის გრანდიოზულ შოუს დავესწარი ფლორიდაში, სადაც იგი ჯენის ჯოპლინთან ერთად გამოდიოდა.

როგორც კი მისი სახელი ვახსენე, ჯონის ნაფოტივით გამხდარი სხეული სიცილმა შეძრა:

“ჯერ არასოდეს მისისიპის ნაპირებზე ასეთი ფსიქოპატკა არ ყოფილა!”

ჯონიმ მომიყვა, რომ ჯენისი – გაუწონასწორებელი, აღვირახსნილი, მუდამ მთვრალი, მაგრამ ძალიან კეთილი გოგო იყო. დასავით უყვარდა და განიცდიდა მის გამო:

“პატარა ჯენისი უაზროდ ფლანგავს თავის სიცოცხლეს. სანთელს ჰგავს, რომელსაც ორივე ბოლოში ცეცხლი უკიდია. არ ვიცი რამდენ ხანს გასტანს ასე.”

ჯონი უცებ სერიოზული გახდა და დაჟინებულად შემომხედა.

“იცი მანქ, ფულმა და სახელმა შეიძლება ნებისმიერი დაღუპოს. როგორმე ილოცე ჯენისისთვის”.

ძრავებმა დაიბღუვლეს, თვითმფრინავმა საფრენ ბილიკზე სიჩქარე აკრიფა და ღრუბლებს ზემოთ აიჭრა. მე და ჯონი ჩიკაგოელ და მისისიპელ ბლუზის ლეგენდებზე ვსაუბრობდით, და თითქოს ჩვენი გულებიც ცაში ლივლივებდნენ. მასზე უკეთეს თანამოსაუბრეს ვერსად ვიპოვიდი.

“ძამიკო, მზად ვარ მთელი მარადისობა გელაპარაკო. არ მეწყინება, თუ ეს ბებერი თვითმფრინავი საერთოდ არ დაეშვება მიწაზე”. როგორც კი ღვედზე ჩემი ჰარმონიკა შეამჩნია, ჯონიმ წამოიძახა:

“მოდი ერთად დავუკრათ! – და თავისი ჰარმონიკაც დააძრო. – აირჩიე სიმღერა”.

“იცი ჯუნიორ პარკერის Mother-In-Law Blues?” – ვკითხე მე.

“კარგი არჩევანია!” – მოწონების ნიშნად ცერა თითი მაჩვენა.

და აი, მიწიდან ათიათასამდე მეტრით მაღლა, ჩემდა მოულოდნელად, სახელგანთქმულმა ჯონი ვინტერმა დუეტი შეასრულა ჩემთან ერთად. უფროსი თაობის მგზავრები გამკიცხავად გვიყურებდნენ, ახალგაზრდები კი მხიარულად იღიმოდნენ. ახალგაზრდა სტიუარდესა გასასვლელში შეყოვნდა უფასო კონცერტის მოსასმენად და მუსიკის ტაქტს აყვა. მე და ჯონი კი მუსიკით გართულები აღარავის ვაქცევდით ყურადღებას.

თვითმფრინავი კენედის სახელობის ნიუ-იორკის აეროპორტში დაეშვა, და მე და ჯონი აეროპორტის შენობისკენ გავემართეთ. გასასვლელთან ჯონის მისი მეგობარი გოგო ელოდა – ეფექტური დანიელი მოდელი. გარშემომყოფები დაუფარავი ინტერესით აკვირდებოდნენ მათ. ფრენკი და ჰარი, გაოგნებულნი იმით, რომ ჯონი ვინტერთან ერთად მხედავდნენ, ვერ მალავდნენ გაკვირვებას ჩემი წარმატების გამო. ჰარის ულვაშებში ეღიმებოდა და ტალღოვან წვერზე ხელს ისვამდა.

“მისმინე, მანქ, – ჯონის მეგობარ გოგონაზე მიმანიშნა, – აღიარე, გერჩივნა ჩვენს ნაცვლად ის დაგხვედროდა, არა?”

“დღეს საღამოს, – ხელი ჩამოვართვი და ვუპასუხე მეგობრებს, – ჩვენი სულიერი თავგადასავლები იწყება. ვფიქრობ, თქვენი საზოგადოება უფრო გამომადგება ამისთვის, მეგობრებო”.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი