ოშო:ცხოვრება უფრო საოცარია, ვიდრე რომანები”

0
417

სწორედ ასეა. ასეც უნდა იყოს, რადგანაც რომანები – ეს ცხოვრების ნაწილობრივი ანარეკლია, ძალიან შეზღუდული ანარეკლი. ცხოვრება უსასრულოდ მრავალფეროვანია. ცხოვრებას არ აქვს დასაწყისი და დასასრული, ის მუდმივად ხდება, ყველა დროში. ესაა მოგზაურობა მიზნის გარეშე.

რომანები – ეს მხოლოდ ცხოვრების მცირე ნაწილის ანარეკლია. რომანი პატარა ფანჯარას ჰგავს თქვენს ოთახში. დიახ, როცა ცაზე უამრავი ვარსკვლავია, თქვენ შეგიძლიათ დაინახოთ ცის ნაგლეჯი ამ ფანჯრიდან, მაგრამ ცა ფანჯრით იქნება შეზღუდული. თავად ცას არ აქვს საზღვრები, – იგი უსასრულოა, იგი არაფრითაა შეზღუდული, – თქვენი ფანჯარა კი საზღვრებს ქმნის. რომანი – ეს ცის შეზღუდული ნაწილია. როგორი საოცარი, იდუმალი, არაჩვეულებრივიც არ უნდა იყოს რომანი, იგი ფერმკრთალდება ნამდვილ ცხოვრებასთან შედარებით.

ნამდვილი ცხოვრება – ეს საიდუმლოთა საიდუმლოა… რომელსაც ვერანაირად ვერ ავხსნით. რომანი ადამიანის გონებაში იბადება. გონება – ეს სარკეა. იგი ასახავს ცხოვრების ზოგიერთ გამოვლინებას. და თუ თქვენ კარგი სარკე გაქვთ, შემოქმედებითი სარკე გაქვთ, თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოეზია, თქვენ შეგიძლიათ შექმნათ მუსიკა, თქვენ შეგიძლიათ წეროთ რომანები, თქვენ შეგიძლიათ ხატოთ. მაგრამ რაც არ უნდა დახატოთ, რაც არ უნდა დაწეროთ, რაც არ უნდა შექმნათ, – ყველაფერი ეს რეალობის ძალიან პაწაწუნა, ატომარულ ნაწილად დარჩება, – არა უბრალოდ ნაწილად, არამედ რეალობის ნაწილის ანარეკლად, თქვენი გონების ანარეკლად.

ცხოვრების ისეთად დანახვა, როგორიც სინამდვილეშია, გამაოგნებელია. ცხოვრების ისეთად დანახვა, როგორიც სინამდვილეშია, ეს ფსიქოდელიური განცდაა. ცხოვრების ისეთად დანახვა, როგორიც სინამდვილეშია, ეს ცნობიერების გაფართოების განცდაა.

რომანს დასაწყისი უნდა ჰქონდეს. ასეა თუ ისე, იგი სადღაც უნდა იწყებოდეს. მას უნდა ჰქონდეს პირველი გვერდი, და სადღაც უნდა ჰქონდეს ბოლო გვერდიც, ის ვერ გაგრძელდება უსასრულოდ. შეგიძლიათ ძალიან გრძელი რომანი დაწეროთ, როგორც ტოლსტოის „ომი და მშვიდობა“, – მაშინ ის გაიწელება და გაიწელება, ძალიან დამღლელი და გრძელი მოგვეჩვენება. მაგრამ მაინც, დგება მომენტი, როცა წერტილი უნდა დაისვას. რომანი ვერ გაგრძელდება უსასრულოდ.

ცხოვრება უსასრულოდ გრძელდება. ერთი ტალღა მეორე ტალღად იქცევა, ერთი ხე მეორე ხეს შობს, ერთი ადამიანი სხვა ადამიანებს ჰბადებს, – და ასე უსასრულოდ: დასაწყისის და დასასრულის გარეშე.

ხელოვნება – მხოლოდ საცოდავი იმიტაციაა ცხოვრებისა. ამიტომ მხატვარი მხოლოდ წარმოსახვაში, ოცნებებში რჩება. მხატვარი – ეს მეოცნებეა, კარგი მეოცნებე, – მეოცნებე, რომელსაც შავ-თეთრი კი არა ფერადი წარმოსახვა აქვს. მაგრამ ის მხოლოდ მეოცნებეა.

მისტიკოსი – ეს ისაა, ვინც გადააგდო ყველა ოცნება, ვინც გადააგდო გონების სარკე, ვინც ცხოვრებას უშუალოდ უყურებს, რაიმე შუამავლის ჩარევის გარეშე. ასე ხედავს იგი ყველაფერს, რაც უწყვეტად მიმდინარეობს ცხოვრებაში, ასე ხედავს იგი ერთ წამში მთელ მარადისობას, ერთ ატომში კი – მთელი ყოფიერების ანარეკლს.

მხოლოდ დაფიქრდით: თქვენში ნაწილია თქვენი დედისა, მამისა, მამის მამისა, დედის დედისა, და ასე შემდეგ. თქვენს შიგნით ადამი და ევაა, – თუ, რა თქმა უნდა, იყო მომენტი, როდესაც ყველაფერი დაიწყო… მე არ მგონია, რომ იყო ისეთი მომენტი, როცა ყველაფერი დაიწყო. „ადამი და ევა“ – ეს მაინც მხატვრული გამონაგონია, რელიგიური გამონაგონია. ყოფიერი არასოდეს დაწყებულა. იგი ყოველთვის იყო.

თქვენს შიგნით მთელი წარსულია. თქვენს უჯრედებში მოთავსებულია თქვენი დედისა და მამის, მათი დედების და მამების ყველა ოცნება, და ასე შემდეგ – მთელი კაცობრიობის ოცნებები, რომლებიც თქვენამდე იყვნენ. თქვენში არა მხოლოდ მთელი კაცობრიობის ოცნებებია, არამედ ყველა ცხოველის, რომლებიც ადამიანის წინ იყვნენ; რა მხოლოდ ყველა ცხოველის, არამედ ყველა ხის, ყველა ქვის, ყველა მთისა და მდინარის, რომლებიც წინ უძღოდნენ ხეებს. ყველაფერი ეს თქვენშია. თქვენ უსაზღვრო ხართ!

იგივე შეიძლება ითქვას მომავალზეც, – თქვენში ჩადებულია ასევე მთელი მომავალი; ბავშები, რომლებიც კიდევ დაიბადებიან, პოემები, რომლებიც კიდევ დაიწერებიან; არა მხოლოდ წარსულის შექსპირები, არამედ მომავლის შექსპირებიც, სიზმრები, რომლებიც უკვე დაგესიზმრათ, და სიზმრები, რომლებიც მომავალში დაგესიზმრებათ. თქვენში ჩადებულია ყველა პოეტი და მხატვარი, რომლებიც მზად არიან, რომ დაიბადონ, ყველა მეცნიერი, ყველა მისტიკოსი, – მთელი მომავალი, მთელი მარადიული მომავალი.

თქვენში ჩადებულია მთელი წარსული, თქვენში ჩადებულია მთელი მომავალი. მთელი წარსული და მთელი მომავალი ამ პაწაწინა წამში ხვდება ერთმანეთს. იგივე შეიძლება ითქვას დროსა და სივრცეზეც: თქვენში მთელი სივრცეა, ყველა ხე და ყველა ვარსკვლავი.

დიდმა ინდოელმა მისტიკოსმა სვამი რამატირტამ, მას შემდეგ, რაც გასხოვოსნებას მიაღწია, ისეთი რაღაცეების ლაპარაკი დაიწყო, რაც სიგიჟეს ჰგავდა. ხალხმა იფიქრა, რომ იგი ჭკუიდან შეიშალა, რადგანაც ის ამბობდა: „მე ვხედავ, როგორ მოძრაობენ ჩემში ვარსკვლავები; არა გარეთ, არამედ შიგნით. როცა მზის ამოსვლას ვხედავ, მე ვხედავ, როგორ ამოდის იგი ჩემში და არა ჩემს გარეთ“.

ეს რაღაც სიგიჟეს ჰგავს. მაგრამ ასე არაა. რასაც იგი ამბობდა, ღრმა აზრის მატარებელია. ის ამბობდა: „მე მთელი ყოფიერის ნაწილი ვარ, მთელი ყოფიერი კი ჩემი ნაწილია. ჩემს შიგნით ყველაფერია, რაც ჩემს გარეთაა; და რაც ჩემს გარეთაა, იგივე ჩემს შიგნითაცაა. ჩემს შიგნითაა ყველაფერი, რაც უკვე მოხდა, რაც უნდა მოხდეს, და რაც ახლა ხდება.

ამის შეგრძნება, ამის დანახვა – ნიშნავს ლოცვის მდგომარეობაში ყოფნას, აღტაცებული გაოცების მდგომარეობაში ყოფნას, მოწიწების შეგრძნებას ყოფიერების სასწალის წინაშე. როგორ შეიძლება მადლობელი არ იყო, როცა ამ მისტიური ყოფიერების ნაწილს წარმოდგენ? როგორ შეიძლება მადლიერება არ იგრძნო იმისთვის, რომ რაღაც კავშირი გაქვთ ამ არაჩვეულებრივ სილამაზესთან? როგორ შეიძლება არ იგრძნო მადლიერება ყველაფერ იმისთვის, რაც თქვენს გარშემოა, ყველაფერ იმისთვის, რაც თქვენს შიგნითაა?

როდესაც თქვენ ხედავთ ამ მისტიურ ყოფიერებას, როცა გულის ყველაზე დიდ სიღრმეშ გრძნობთ მას, მყისიერად იბადება ლოცვა – ლოცვა, რომელშიც არ არის სიტყვები, ლოცვა-დუმილი, ლოცვა, რომელიც არაფერს ამბობს, მაგრამ საოცრად ბევრს გრძნობს, ლოცვა, რომელიც თქვენგან გამოდის, როგორც არომატი, ლოცვა, რომელიც უსიტყვო მუსიკას ჰგავს, ზეციურ მუსიკას, ან იმას, რასაც პითაგორე „ვარსკვლავების ჰარმონიას“, სამყაროს მელოდიას უწოდებდა. როცა შიგნით ეს მუსიკა იბადება, ხდება ის, რაზეც „ოქროს ყვავილის საიდუმლო“ საუბრობს: უეცრად თქვენს შიგნით იფურჩქნება ყვავილი, ოქროს ლოტოსი. მაშინ თქვენ მიხვედით, თქვენ სახლში დაბრუნდით.

ეს სურვილი, ეს მისწრაფება, ეს წყურვილი, ეს მადა – ესაა ის, რისკენაც გიბიძგებთ, ის, რისი გამოღვიძებაც მინდა თქვენში. როცა ეს შიმშილი გიპყრობთ, ცხოვრებაში პირველად აცნობიერებთ ყოფიერების წყალობას და სილამაზეს. თქვენ აღარ იგრძნობთ, რომ თქვენი ცხოვრება უაზრობაა, რომ თქვენი ცხოვრება შემთხვევითობაა. არ იგრძნობთ თავს ისე, როგორც ამაზე ჟან-პოლ სარტრი ამბობდა: „ადამიანი – ეს უსარგებლო ვნებაა“. არა, სრულიადაც არა. თქვენ იგრძნობთ, რომ თქვენს ცხოვრებას უზარმაზარი საზრისი გააჩნია, რადგანაც უსასრულო საზრისის ნაწილს წარმოადგენთ, და თქვენი აქ ყოფნით რაღაც წვლილი შეგაქვთ მასში.

მაშინ შემოქმედი ადამიანი გახდებით, რადგანაც შემოქმედ ადამიანად ყოფნა, ყოფიერების ცოტა უფრო გალამაზება, ვიდრე თქვენამდე იყო, – ეს ერთადერთი საშალებაა ღმერთისადმი მადლიერების გამოსახატავად. იმ დღეს, როცა თქვენ წახვალთ, ცხოვრებისგან დაკმაყოფილებულობის შეგრძნება მხოლოდ იმ შემთხვევაში გექნებათ, თუკი ყოფიერება ცოტათი მაინც გაალამაზეთ.

როცა ბუდა მიდის, ის დიდი კმაყოფილებით მიდის, რადგანაც მან იცის, რომ ყოფიერებას ცოტათი მეტ პოეზიას, ცოტათი მეტ გაცნობიერებულობას, ცოტათი მეტ ლოცვას უტოვებს.

გახსოვდეთ, რომ როცა ამ სამყაროს დატოვებთ, მხოლოდ მაშინ შეძლებთ სიხარულით სიკვდილს, თუკი ეს სამყარო ცოტა უფრო მნიშვნელოვანი, ცოტა უფრო გააზრებული, ცოტა უფრო მოცეკვავე, მოზეიმე გახადეთ. თუკი ცოტათი მეტი სიცილი, მეტი იუმორის გრძნობა აჩუქეთ მას, და თუ შეძელით რომ სანთელი აგენთოთ და ცოტა სიბნელე მაინც გაგეფანტათ, მაშინ უდიდეს სიხარულში მოკვდებით, – თქვენ რეალიზდით, თქვენი ცხოვრება გაიფურჩქნა და ნაყოფები მოიტანა. წინააღმდეგ შემთხვევაში უბედური მოკვდებით.

ჟან-პოლ სარტრის გამოთქმა სამართლიანია მხოლოდ ადამიანთა უმეტესობასთან დაკავშირებით, რომლებიც უმეცრებაში, გაუცნობიერებლობაში ცხოვრობენ. მათ ჯერ უფლებაც კი არ აქვთ, რომ ადამიანებად გამოაცხადონ საკუთარი თავი. მხოლოდ ბუდას ან კრიშნას, ან ზარატუსტრას, ან მუჰამედს შეუძლიათ განაცხადონ, რომ ისინი – ადამიანები არიან. ისინი ადამიანური არსებები არიან, რადგანაც ისინი გაიფურჩქნენ: მთელი მათი არსება გაიფურჩქნა. მათ არაფერი არ დარჩათ, ყველაფერი რეალიზებული აქვთ.

შექმენით ეს მისწრაფება, ეს წყურვილი საკუთარ თავში. თქვენში არის თესლი, რაც გჭირდებათ – მხოლოდ წყურვილია. ეს წყურვილი დაეხმარება თესლს, რომ აღმოცენდეს. თქვენში უზარმაზარი პოტენციალია ჩადებული; რაც გჭირდებათ, – ეს უდიდესი მისწრაფებაა. თუ ეს მისწრაფება აინთება თქვენში, მაშინ გაიწმინდებით. თქვენი ცხოვრების უხეში მეტალი ტრანსფორმირდება უმაღლეს მეტალად, ოქროდ. სწორედ ესაა ალქიმია. ხოლო „ოქროს ყვავილის საიდუმლო“ – ალქიმიური ტრაქტატია.

თარგმნა მამუკა გურულმა

MAGMA

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი