ოშო:,,როცა ბოლომდე ივიწყებ ღმერთს, ის მოდის, ის მაშინვე მოდის”

0
623

კითხვა:მე ხშირად ვაღწევ მდგომარეობას, – ან იმას, რაც მდგომარეობად მეჩვენება, – რომელსაც „ცარიელ ბამბუკს“ ვუწოდებთ, – დუმილის, დაკვირვების, სიცარიელის მდგომარეობას. ერთადერთი პრობლემა იმაშია, რომ ამ სიცარიელეში არ არის ნეტარება: ეს მხოლოდ სიცარიელეა. შემიძლია თუ არა მქონდეს იმედი, რომ რაღაც შეავსებს მას უახლოეს დღეებში?

შენ სიცარიელის მთელ სილამაზეს უშვებ ხელიდან ამ წარმოდგენის გამო, ამ სურვილის გამო, რომ რაღაცით შეავსო იგი. სინამდვილეში შენ არ ხარ ცარიელი ბამბუკი, რადგანაც ამ ცარიელ ბამბუკში სურვილია. და ეს სურვილი საკმარისია, რომ ცარიელი ბამბუკი შეავსოს, რომ მისი სიცარიელე შეავსოს. მისი შევსების ეს სურვილი, ეს მოლოდინი, რომ „ღმერთი ერთხელაც მოვა და შეავსებს ჩემს სიცარიელეს“, თავად ეს იდეა გიშლის ხელს, რომ ცარიელი ბამბუკი გახდე. გადააგდე ეს სურვილი, დაივიწყე, რომ ცარიელი ბამბუკი რაღაცით უნდა შეივსოს, – ამ შემთხვევაში გახდები ცარიელი. როცა ცარიელი ბამბუკი ხდები, ის მაშინვე ღმერთით ივსება. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ამის გაკეთებაა საჭირო. თუ სურვილი გექნება, ხელიდან გაუშვებ მას.

ეს რელიგიური ძიების ერთ-ერთი პარადოქსია. რაც შეიძლება სიღრმისეულად გაიგეთ ეს. ნება მიეცით, რომ ღრმად შევიდეს თქვენს გულში, რადგანაც ეს ერთი ადამიანის პრობლემა კი არა, ყოველი თქვენგანის პრობლემაა. ყოველი, ვინც ჭეშმარიტების საძიებლად, საკუთარი არსის საძიებლად, ღმერთის საძიებლად გაემართება, ადრე თუ გვიან შეეჯახება ამას.

შესაძლოა, თქვენ სიცარიელეს გრძნობთ, მაგრამ სადღაც სიღრმეში იმალება სურვილი, მოლოდინი, იმედი: „მაშ, სად არის ღმერთი? უკვე ბნელდება, და მე უკვე დიდი ხანია ვზივარ, როგორც ცარიელი ბამბუკი. რაშია აზრი? ეს მხოლოდ სიცარიელეა“.

შენს სიტყვებში: „ეს მხოლოდ სიცარიელეა“ არის რაღაც განკითხვასავით. შენ არ გიხარია ეს სიცარიელე, ცარიელი ბამბუკის ეს მდგომარეობა. შენ განსჯი მას. როგორღაც შეძელი მისი შექმნა, რადგანაც არაერთხელ გსმენია ჩემგან, რომ  იმ მომენტში, როცა ცარიელი ბამბუკი ხდები, შენზე ღმერთი გადმოდის: „გახდით ცარიელნი, და აივსებით“. შენ ავსება გინდა, ამიტომაც ფიქრობ: „კარგი, მომიწევს, რომ ცარიელი გავხდე. თუ ეს ავსების ერთადერთი საშუალებაა, ამასაც მივმართავ“. მაგრამ ეს არაა ნამდვილი სიცარიელე. შენ ყველაზე მთავარი ვერ გაიგე.

დატკბი სიცარიელით, გაიხარე მისით, ელოლიავე მას. ნება მიეცი შენს სიცარიელეს, რომ ცეკვად იქცეს, ზეიმად იქცეს. დაივიწყე ღმერთი; მოდის თუ არ მოდის – ეს მისი პირადი საქმეა. რატომ უნდა იზრუნო ამაზე? ეს მას მიანდე! როცა ბოლომდე ივიწყებ ღმერთს, ის მოდის, ის მაშინვე მოდის. ის ყოველთვის მაშინ მოდის, როცა არ ელი, როცა არც კი გესმის მისი ნაბიჯების ხმა. რაღაც მომენტში ის ჯერ კიდევ არ არის, შემდეგ კი უცებ ჩნდება. მაგრამ შენი სიცარიელე აბსოლუტური უნდა იყოს. აბსოლუტური სიცარიელე ნიშნავს, რომ არ არის მოლოდინი, არ არის მომავალი, არ არის სურვილი.

შენ ამბობ: „მე ხშირად ვაღწევ მდგომარეობას…“

როგორც ჩანს ხელოვნურად ქმნი ამ მდგომარეობას. როგორც ჩანს ძალისხმევას იყენებ ამისთვის. როგორც ჩანს შენს წარმოსახვაში ქმნი მას. ეს წარმოსახვითი მდგომარეობაა, და არა რეალური.

„…ან იმას, რაც მდგომარეობად მეჩვენება…“

შიგნით სიღრმეშიშენ თვითონაც იცი, რომ ეს არაა ნამდვილი მდგომარეობა. შენ როგორღაც მოახერხე, რომ შიგნით ერთგვარი სიცარიელე შეგექმნა. ეს ხელოვნური სიცარიელეა.

“…რომელსაც „ცარიელ ბამბუკს“ ვუწოდებთ, – დუმილის, დაკვირვების, სიცარიელის მდგომარეობას…”

მე ამას არ ვუწოდებ ცარიელი ბამბუკის მდგომარეობას. ეს სხვაა. ეს რომ ის ყოფილიყო, მასში არ იქნებოდა ღმერთის სურვილი, რადგანაც იქ არანაირი სურვილი არაა. მნიშვნელოვანი არაა რა გსურს, – ღმერთი, ფული, ძალაუფლება, პრესტიჟი. ამას არ აქვს მნიშვნელობა. სურვილი – ეს უბრალოდ სურვილია, მისი გემო ყოველთვის ერთნაირია: სურვილის აწმყო მომენტისგან მიჰყავხარ, მას აქ-და-ახლა-სგან მომავალში, სადღაც შორს მიჰყავხარ; სურვილი არ გაძლევს საშუალებას, რომ მომენტში მოდუნდე. მას შენი არსისგან მიჰყავხარ.

ამიტომ, მნიშვნელობა არ აქვს, რა გინდა: შესაძლოა გინდა ქვეყნის პრეზიდენტი გახდე; შესაძლოა ფული გინდა; შესაძლოა წმინდანად გახდომა გინდა; შესაძლოა ღმერთი გინდა; შესაძლოა ჭეშმარიტება გინდა, – სურვილი მაინც სურვილია. სურვილი ნიშნავს, რომ შენ იხლიჩები იმას შორის, რაც ხარ, და იმას შორის, რაც გინდა გახდე. ეს მოუსვენრობას, შფოთვას ქმნის, და ეს შფოთვა არ მოგცემს საშუალებას, რომ ცარიელი ბამბუკი გახდე.

ცარიელი ბამბუკი – ეს სურვილების არარსებობის მდგომარეობაა. როცა აბსოლუტურად ცარიელი ხდები, ამ სიცარიელეშია სიცხადე, ამ სიცარიელეშია უზარმაზარი სილამაზე, სიწმინდე. მაშინ ამ სიცარიელეში რაღაც ღვთაებრივია. იგი ისეთი სუფთაა, ისეთი უმანკო, რომ შენ ვერ უწოდებ მას „უბრალოდ სიცარიელეს“. ეს სიცარიელე – თავად ღმერთია. როცა ცარიელი ხარ, როცა აქ-და-ახლა იმყოფები, როცა ვერანაირი სურვილი ვერ გაშორებს შენს რეალობას, ამ დროს ღმერთი ხდება. ღმერთი ნიშნავს „იმას, რაც არის“.

ღმერთი უკვე ხდება, უბრალოდ შენი სურვილებით სავსე გონება არ გაძლევს მისი დანახვის საშუალებას. შენი გონება მაიმუნად გაქცევს, რომელიც ერთიდან მეორე ტოტზე დახტის. შენ გამუდმებით დახტიხარ, არასოდეს ხარ სიმშვიდის მდგომარეობაში. ეს სურვილი, ის სურვილი, – ერთი სურვილი მეორეს წარმოშობს და ასე უსასრულობამდე.

როცა სურვილები აღარაა, სად შეგიძლია წახვიდე? როცა სურვილები აღარაა, არის კი მომავალი? როცა სურვილები აღარაა, არის დრო? არის წარსული? თუ სურვილები აღარაა, არის გონება? არის მეხსიერება? არის წარმოსახვა? ყველაფერი ქრება! უბრალოდ გადაჭერი ის ერთადერთი ფესვი, რომელიც გონების ხის მთავარ ფესვს წარმოადგენს: გადაჭერი სურვილები და უბრალოდ იყავი. ყოფიერების ამ მდგომარეობაშ შენ ცარიელი ბამბუკი ხდები. და იმ მომენტში, როდესაც ცარიელი ბამბუკი ხდები, რეალობა ფეთქდება შენს შიგნით! ეს ისე ხდება, თიქოს ის ყოველთვის ელოდა ამ მომენტს, მაგრამ შენ უბრალოდ ჩაკეტილი იყავი მისთვის: ახლა კი ის ბოლომდე გავსებს!

თარგმნა თორნიკე გურულმა

MAGMA

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი