ნათია ფანჯიკიძე – სტრესი

0
1089

ჯერ კიდევ ათასწლეულების წინ, ადამიანების თვითგადარჩენა სტრესის დაძლევის უნარზე იყო დამოკიდებული. სტრესი არსებობდა ყოველთვის და ყველა ადამიანის ყოველდღიურობაში, თუმცა ცხოვრების აჩქარებულმა ტემპმა მისი რაოდენობაც და სიმძლავრეც გაზარდა. ჩვენი სიცოცხლის ხანგრძლივობა მხოლოდ კარგი მედიცინის ხარჯზე კი არა, მოვლენათა ინტენსივობის გამოც გაიზარდა. ცხოვრება შინაარსებისა და მოვლენათა ცვლაა – რა განვიცადე, რა გადამხდა თავს.

ტექნოლოგიური განვითარების დახმარებით, მთელი მსოფლიოს მოვლენათა ცენტრში ვართ. თითო დღეში ერთ მთლიან ცხოვრებას გავდივართ და ეს მთლიანი ცხოვრება ფსიქიკისათვის დიდი ტვირთია. დინამიურ და დატვირთულ სამუშაო პროცესებში ჩართული ადამიანებისათვის სტრესის მართვის ცოდნა კრიტიკულად მნიშვნელოვანია, სწორედ ამიტომ, საგანმანათლებლო პლატფორმის – თიბისის სტატუს-შეხვედრების ფარგლებში, ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე თიბისი სტატუსის მომხმარებლებს ამ თემაზე ესაუბრა.

ზოგადად სიტყვა სტრესი ნეგატიურ მოვლენებთან ასოცირდება. სინამდვილეში კი, სიხარულის სტრესიც იმავე ჰორმონებს გამოყოფს ჩვენს ტვინში, როგორსაც ტრავმული სტრესი. თუ უმძიმესი ტრაგედია არ ხდება, სტრესული იმპულსი მაცოცხლებელი და სასარგებლოც კია ჩვენი გარდატეხისთვის და შინაგანი ცვლილებისათვის.

ყველაზე მარტივ, ყოველდღიურ პროცესზეც კი ავტომატურად სტრესით ვრეაგირებთ. თვითონ სიცოცხლეა სტრესი ჩვენი დაბადების პირველი წამიდან, თვალის გახელით დამთავრებული. დილით გამოგვეყოფა სტრესის ჰორმონი – კორტიზონი და სწორედ ეს ჰორმონი გვაღვიძებს. ტვინის ქერქის ჯანსაღი გაღიზიანებით მიღებული შფოთვითი რეაქცია აუცილებელია ჩვენი სიცოცხლისთვის და ფუნქციონირებისათვის.

სხვადასხვა ასაკის სტრესი

უშფოთველი და უდარდელი ჩვენი ცხოვრების არც ერთ ეტაპზე არ ვართ. რეალური ტრაგედია ცხოვრებაში 2 სახისაა – მძიმე ავადმყოფობა და ახლობლის გარდაცვალება. სხვა ყველაფერი დიდი ან პატარა უსიამოვნებაა, რომლის გადალახვაც ყველას შეუძლია. როდესაც ამბობენ, რომ რა უდარდელი იყო ბავშვობა, ესეც ფანტაზიის ნაყოფია.

„თუ გავიხსენებთ, პირველი შეჯახება უსამართლობასთან, ჩაგვრასთან, მიტოვებასთან, ყველაზე ცხარე და მკტივნეული ცრემლები სწორედ ბავშვობაში გავიარეთ. ტერიტორიისთვის და ნივთებისთვის ბრძოლას ადამიანი ოჯახიდანვე სწავლობს. ბავშვები ყოველთვის ჩხუბობენ და ეს კარგია ნორმის ფარგლებში. ბავშვობის სტრესი ერთგვარად ცხოვრების რეპეტიციაა – გამოცდილება, რომელიც ცხოვრებაში უნდა ექსპორტირდეს. ადამიანს რაც უფრო მეტი პრაქტიკა აქვს გავლილი არაცნობიერ ასაკში, ცნობიერ ასკაში ბევრად სწორად იქცევა.“

მოგვიანებით, ზრდასრულ ასაკში ადამიანები ხშირად განუწყვეტელი შრომის რეჟიმში არიან. კონკურენტული გარემოს გამო მუდმივად ეშინიათ, რომ თუკი დაისვენებენ, სხვა ამ დროს წინ წავა. 40-დან 65 წლამდე ყველანაირი პასუხისმგებლობის მწვერვალზე ვართ.

„ამ დროს მატულობს შემოპარული ასაკის სტრესი, რა დროსაც ქალების ნაწილი პლასტიკურ ქირურგიას მიმართავს, კაცები კი ხშირად უცნაურ სასიყვარულო თავგადასავლებში გადაეშვებიან ხოლმე. ამ დროს ჩვენი თინეიჯერი შვილები იცვლებიან, ჩვენ კი ვდარდობთ, რომ საყვარელი ბავშვისგან სხვა ადამიანი მივიღეთ. ამავე ასაკში გვიწევს მშობლების მოხუცებულობასთან შეგუება. სამსახურებრივადაც ყველაზე მოთხოვნადი და ავტორიტეტული წესით ამ დროს ვართ. ამიტომ, ცხოვრების ამ პერიოდში ყველა ფლანგზე იმატებს პასუხისმგებლობა, მაგრამ არ იმატებს ენერგია.

ერთი მხრივ ეს სტრესულია, თუმცა, სწორედ ეს არის სრულფასოვანი, ინტენსიური ცხოვრება. მოგვიანებით გვიწევს მშობლების გარდაცვალებასთან და შვილებისგან დაცარიელებულ სახლთან შეგუება. ამ დროს თუკი შვილიშვილი არ გახდა ზრუნვის ობიექტი, ან რაიმე ახალი ჰობით და საქმით არ დავკავდით, ძალიან გაგვიჭირდება. 65 წლის შემდეგ კრიზისი მოდის, როდესაც ადამიანი პროფესიულად აღარ არის მოთხოვნადი და დატვირთული ცხოვრებიდან ნელ-ნელა უმოქმედობაში ინაცვლებს. ამ ასაკის ადამიანებს ხშირად ვეკითხები – ცხოვრების ყველაზე დატვირთულ, დამღლელ პერიოდში, რამდენჯერ გიოცნებიათ – ნეტა წიგნის წაკითხვის, გასეირნებისა თუ ფილმის ყურების დრო მქონდესო. როდესაც ეს დრო რეალურად დგება, ადამიანებს არ შეუძლიათ მისი სასიამოვნოდ გამოყენება. არადა, ეს ზუსტად ის პერიოდია, რომელიც ცხოვრების დამღლელი პროცესების შემდეგ, მშვიდად უნდა გავატაროთ.“

ცხოვრებაში არსებობს 4 ძირითადი მიმართულება, რომელიც კმაყოფილებისა და ბალანსის, შესაბამისად კი დადებითი თვითშეფასების მიღწევაში გვეხმარება.

ოჯახი

ფროიდის აზრით, რომ არა მშობლები, არ იარსებებდა ნევროზი.

„მშობლები ჩვენი „იდეალური მე“-ს შემქმნელები არიან, 12 წლამდე ბავშვისთვის ყველაზე მაღალი ავტორიტეტები. თუკი ოჯახში კონფლიქტური ატმოსფეროა, ბავშვი შფოთვით და ნევროტულობით ავადდება. მეორე მხრივ, იდეალური, უშეცდომო მშობლების ხელშიც გარდაუვალია ტრავმირება. „ჩვენ არასოდეს გვიჩხუბია იმიტომ, რომ ჩემი შვილის მეგობარი ვარ“ – ეს უკვე მცდარი პოზიციაა. მეგობარი სრულიად სხვა სოციალური სხეულია მოზარდისთვის – მას მეგობრები სახლის გარეთ ჰყავს, სახლში კი დედა სჭირდება. ასე რომ, უშეცდომო მშობლები, რომლებსაც ბავშვები გარკვეულ ასკაში არ უჯანყდებიან, მოზარდობის პერიოდში იღებენ შვილებს პრობლემებით, რადგან ე.წ აჯანყება არის ნორმა, როდესაც შვილმა მშობლების სახით კერპები უნდა დაამსხვრიოს, რის შედეგადაც ცხოვრებაში აღარ უნდა შეიქმნას იდეალები, ადამიანები უნდა მიიღოს ნაკლით და სისუსტით, შეძლოს მათი შეყვარება და არა მორჩილება და თაყვანისცემა.“

თუკი შვილი მშობლების მხრიდან ძალიან ბევრ აკრძალვას ან გადაჭარბებულ მოლოდინს აწყდება, მას შესაძლოა დამარცხებულის სინდრომი განუვითარდეს. გარკვეული ტიპის ტრავმა ადამიანს ოჯახში ყოველთვის ექნება. მთავარია, ეს ტრავმა ოპტიმალური იყოს. იმისთვის, რომ ადამიანი ჯანსაღ, სრულფასოვან პიროვნებად ჩამოყალიბდეს, მის აზრსა და სურვილებს უნდა უსმენდნენ და მაქსიმალურად ითვალისწინებდნენ ოჯახის წევრები.

„ასეთ შემთხვევაში ის მომავალში ყველაფერს ღირსეულად გაართმევს თავს და აღარ დასჭირდება თავისი თავის ხშირად ღალატი. თუ ჩვენი თავისა და ჩვენი ნამდვილი სურვილების წინააღმდეგ ზედმეტად ხშირად გვიწევს წასვლა, სწორედ ასეთ შემთხვვეაში გვიყალიბდებდა აშლილობა და შფოთვა.“

სამსახური

რამდენად მოგვწონს ის საქმე, რომელსაც ვაკეთებთ და ატმოსფერო, სადაც ვმუშაობთ – სწორედ აქ ყალიბდებდა ჩვენი თვითკმაყოფილება.

„სამსახურებრივი სტრესი ყველაზე მეტად დაკეტილი სივრცის თანამშრომლებს აწუხებთ. ასეთ დროს უნდა დავიცვათ თავი და ჩვენი შესვენების 1 საათი აუცილებლად გამოვიყენოთ – ამ დროს საქმე არ გავაკეთოთ, გავიდეთ გარეთ, განსხვავებულ გარემოში. ის შეგრძნება, რომ საქმე გაფუჭდება, ცრუ შეგრძნებაა იმიტომ, რომ საქმის გაფუჭების შემთხვევაშიც კი ცხოვრება გაგრძელდება და ჩვენს გარეშეც ყველაფერი კარგად იქნება.“

ადამიანის სამსახურებრივი საქმიანობა ყველაზე მეტად ემორჩილება ლოგიკას – როდესაც ადამიანი შრომობს, ადრე თუ გვიან ის შედეგს აუცილებლად აღწევს. შემდეგ მოდის კმაყოფილების მოთხოვნილება – მიიღო თუ არა შრომის შემდეგ სიამოვნება. თუკი შრომის სანაცვლოდ პოზიტიური ემოციის მიღება არ ხდება, ადამიანს მსხვერპლად შეწირულის განცდა უჩნდება და გულში საკუთარი თავის შეცოდებისა და ბრაზის შეგრძნება უგროვდება.

„ამ დროს ადამიანი იწყებს ახლობლების ე.წ შანტაჟს – მე ყველაფერი თქვენ შემოგწირეთ, თქვენთვის ვაკეთებდი ყველაფერსო. სინამდვილეში ასეთი მსხვერპლი არავისთვისაა სასარგებლო. თუკი ჩვენ ვინმესთვის რამე გავაკეთეთ, ყოველ ჯერზე და ყოველ ეტაპზე ეს ჩვენი ზრდასრული გადაწყვეტილება იყო. როგორც კი ჩვენ დავიჯერებთ, რომ სხვანაირად არ შეგვეძლო და უბრალოდ იძულებულები ვიყავით, ეს უკვე არაზრდასრული პოზიციაა.“

პირადი ურთიერთობები

შეიძლება საკუთარი საქმის პროფესიონალი იყო და საუკეთესო დროს ატარებდე სამსახურის გარეთ, მაგრამ ინტიმური და რომანტიკული ურთიერთობები დაკავშირებულია არაცნობიერ, სულიერ პროცესებთან და თვითშეფასების ამაღლებისას შეუცვლელ როლს თამაშობს.

„სასიყვარული ტრავმები სხვადასხვაგვარად ვლინდება. კაცების განცდა ხშირად სამჯერ ძლიერია, ვიდრე ქალების. ქალების განცდები უფრო ემოციურ-ისტერიულია და უფრო იოლად დაიძლევა. კაცმა კი თუკი ერთი ობიექტი აიკვიატა, კლინიკურ დეპრესიამდეც კი შეიძლება მივიდეს. ეს საფრთხე არ ემუქრებათ ისეთ ადამიანებს, რომლებსაც ასეთი დრამების წინასწარ ეშინიათ და ამიტომ ღრმა და ინტენსიურ ურთიერთობებში არ შედიან. ისინი, ერთი შეხედვით, დაცულები არიან, თუმცა საბოლოოდ, ისინიც განიცდიან ფუჭად განვლილ ცხოვრებას.

ადამიანები სულ ტირიან – ან იმის გამო, რაც არ ჩაუდენიათ და გადახდენიათ, ან იმის გამო, რაც ჩაიდინეს და გადახდათ. არჩევანი უნდა გაკეთდეს ამ ორს შორის. ჩემი აზრით, ათასგვარ დაბრკოლებაში გადარჩენისა და საინტერესო ცხოვრების შანსი ყოველთვის გაბედულებს აქვთ, რადგან მათი ცხოვრება დატვირთულია მოგონებებით; ისინი მოქმედებენ და ამიტომ რეალობის შეცვლის შანსი აქვთ იმ უმქომედო ადამიანისგან განსხვავებით, ვინც შიშის გამო არც ერთ ნაბიჯს არ დგამს.“

სიყვარულთან დაკავშირებული წარმოდგენები და მოლოდინები ხშირად დასახიჩრებულია აღზრდით, კულტურით, თუ არასწორი ცოდნით. ასოციაციები სიყვარულში ძალიან მნიშვნელოვანია.

„მნიშვნელოვანია, რასთან ვასოცირდები, როდესაც გახსენდები. თუკი მხიარული შეგიყვარდი, სახლში აღარ უნდა ვიქცე ისეთ ადამიანად, რომელსაც აღარ ეღიმება. პირველადი კავშირების შენარჩუნება და ამ ასოციაციების ერთგულება იმის გარანტია, რომ თქვენი სიყვარული უფრო უსაფრთხოდ შეინახება. მთავარი არ არის ცხოვრების ბოლომდე ერთ ადამიანთან ყოფნა. მთავარია, რომ მასთან სულიერი ბიოგრაფია და პრაქტიკა დავაგროვოთ. სიყვარული სიმშვიდისთვის 70 წლის შემდეგ უნდათ. იქამდე კი გვინდა ვნებათაღელვა, ამიტომ ეჭვიანობაც და დრამაც სასიამოვნო პროცესის ნაწილია.“

საზოგადოება და კონფორმიზმი

კონფორმიზმი ყველას გვახასიათებს – როგორ ჩავიცვათ, როგორ მოვიქცეთ, როგორია საზოგადოებრივი ეთიკა და ნორმა? მთავარია ყველა ამ წნეხს ისე მოქნილად მოვერგოთ, რომ ჩვენს თავს ვუერთგულოთ და ოდნავ მაინც დავიტოვოთ სივრცე ჩვენი ნამდვილი სურვილებისთვის, რომლებიც სხვებს არ აზიანებს. სტრესი იქნება ნაკლები, თუკი არასასიამოვნო ადამიანების გარემოცვას ჩამოშორდებით და არ გაჯობებთ ფიქრი – „რას იფიქრებენ ჩემზე?“ სტრესია, როდესაც საკუთარ თავს გარკვეულ ადამიანებთან ურთიერთბას აიძულებთ და ცდილობთ, რომ ყველასთვის მოსაწონი იყოთ.

„თქვენ ხომ ის ადამიანები მაინც არ მოგწონთ, ამიტომ არაუშავს თუ გაგრიყავენ. მალე იგრძნობთ, რომ ეს თავისუფლება უკეთესია თქვენთვის. ყველას მაინც არასოდეს მოეწონებით და არც უნდა მოეწონოთ. თუკი არსებობთ, დაპირისპირებული მხარეც უნდა გყავდეთ. ადამიანებს ერთმანეთი საკუთარი თავიდან გამომდინარე მოგვწონს, ერთმანეთში საკუთარ თავს ვპოლულობთ. ამიტომ, მხოლოდ ასეთ ადამიანებთან ურთიერთობისას ვგრძნობთ სიმშვიდესა და სიმყუდროვეს.“

შფოთვითი აშლილობა

ზემოთჩამოთვლილი ძირითადი სტრესები ჩვენში შფოთვას იწვევს. მაგრამ რა შეიძლება გადაიქცეს შფოთვით აშლილობად? – არა მხოლობითი სტრესი და გამოცდილება. შფოთვითი აშლილობა რამდენიმე შფოთვითი მდგომარეობის დამთხვევით, ბევრნაირი უკმაყოფილების განცდით იბადება.

„აშლილობისას ადამიანს საშინელი შეგრძნება ეუფლება ფიზიკურად. ამ დროს არ შეიძლება ეს მოჩვენებითი იყოს. ამიტომ ფრაზები და კრიტიკა – თავი ხელში აიყვანე, რისი გეშინია – არ არის დახმარება. ამ დროს თქვენსავე გამოცდილებას უნდა დაეყრდნოთ, გაუმეოროთ საკუთარ თავს, რომ ფიზიკურად არაფერი მოგივათ და რომ უსიამოვნო არ ნიშნავს საშიშს. ეს მესიჯი გონებაში სულ გქონდეთ. რამდენჯერაც თქვენს მდგომარეობას ამ მესიჯით დახვდებით, ფიზიკური შეგრძნებებიც უკან დაიხევს და ნელ-ნელ გაქრება.“

პროცესით სიამოვნება

მთელი ცხოვრება ჩვენი მოლოდინებისა და მიზნების განხორციელებისაკენ სწრაფვაა. თუმცა, რეალური სიამოვნება პროცესში მოდის. უმიზნო პროცესით ყველაზე დიდ სიხარულს ბავშვები იღებენ. სტრესით გადატვირთულ ყოველდღიურობაში საუკეთესო რჩევაც ჩვენში ბავშვის შენარჩუნებაა – რაც არ გულისხმობს ინფანტილიზმსა და უმიზნო ცხოვრებას.

„არაცნობიერი შინაარსები უნდა გახდეს ჩვენთვის მთავარი. თამაშის სიხარული – ეს არის ბავშვების ფილოსოფია და თუკი მას შევინარჩუნებთ, მთელი ცხოვრება ჩვენი ბედის საუკეთესო სცენარისტები ვიქნებით. ცხოვრების რაც არ უნდა რთულ პროექტს ამუშავებდეთ ტვინში, უნდა გახსოვდეთ, რომ დაბრკოლებები იქნება, მაგრამ მშვიდად და სიამოვნებით უნდა გაიაროთ ისინი იმიტომ, რომ თვითონ პროცესია სასიამოვნო, სიცოცხლეა პროცესი და არა ის შედეგები, რომლებიც ბევრი წლის შემდეგ დადგება ხოლმე.“

ავტორი: მარიამ ყანჩაველი

HELLOBlOG

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი