დაუსრულებელი ,,ცისფერი მთების” ამბავი

0
232

საიდან იწყება „ცისფერი მთების“ ამბავი? მარადგანმეორებადი, აქტიური არაფრის კეთება, ბიუროკრატიის ქსელში გახლართული ადამიანების სასაცილო ყოფა, სათაურის მიხედვით შეფასებული წიგნები და საქმეები, „ყუფარაძეებისა“ და „ზაზაევიჩების“ მითითებების მიხედვით მოქმედება, შაბიამნის ახალი პარტია და პენსიიდან პენსიამდე გათრეული ცხოვრება. სატირული, სარკასტული გარემო, სადაც ყველა ადამიანს თითქოს თავისი საქმე აქვს, მაგრამ არცერთ ამ საქმეს არ აქვს არც მიზანი, არც საფუძველი.

ქართულ ლიტერატურაში რეზო ჭეიშვილის „ცისფერი მთების“ პერსონაჟებს მრავალი წინამორბედი ჰყავთ, მაგრამ ალბათ ყველაზე პირდაპირი პარალელი მაინც ილია ჭავჭავაძის „კაცია-ადამიანთან“ შეიძლება გავავლოთ. ზედაპირული, სასაცილო და არაფრისმომცემი აქტიურობის საუკეთესო მაგალითი ალბათ მაინც დარეჯანია, რომელიც დილიდან საღამომდე არ ჩერდება, ფუსფუსებს, ფაციფუცობს, მაგრამ მისი მოქმედება სიცილის მეტს არაფერს იწვევს. 

საბჭოთა ყოფის ანარეკლიო, ვამბობთ, მაგრამ ასეა? მხოლოდ ის დრო და სისტემაა გადმოცემული, თუ ამბავი, რომელიც დღესაც აქტუალურია, დღესაც ცოცხალია და სამწუხაროდ, ყოველდღიურად თვალსაჩინო. ეს ყოფა ისეთივე უმიზნო და უადგილოა, როგორც „გრენლანდია“ დაბზარულ კედელზე, როგორც ათასგვარი თათბირი თუ შეხვედრა, როგორც განხილვა თუ რეცენზია, „გამყრელიძის“ აბსურდული დასკვნა. 

„იროდიონი მოათავებს დღესვე სამაგიეროდ, მორჩება და ხვალვე გადასცემს წვერავას თუ მოვიდა, თუ არ მოვიდა, კოტე, შენ გამოართვი, ნახევარი თენგიზს მიეცი, ნახევარი კაკოს, გაცვლითი წესით წაიკითხეთ, თუ არ შეწუხდებით!“

 „წყნარად ათოვს გრენლანდიას. ცისფერი გადაკრავს გლეტჩერს, ყინულოვან ველს, ყინულის ხორგთან დაყუნცულ თეთრ დათვს. წყნარად და უშფოთველად ათოვს ქალაქს, მოტობურთის შესუდრულ მოედანს, რკინიგზის მიწაყრილს, სიშორითა და თოვლის ბუქით გაბუნდოვანებულ, ერთისიმაღლის, ერთფეროვან სახლებს. მოტომანქანები გამოყავთ მხედრებს თოვლში. ზანტად, უხალისოდ აწვებიან სატერფულს, გაყინულ მანქანებს აძაგძაგებენ,ბოლქვაბოლქვად უშვებენ აირს ოზონით გაჟღენთილ ჰაერში.“

„– ვთქვათ, წავიკითხე… რა მნიშვნელობა აქვს, სოსო, წავიკითხე თუ არა?

– ასანთს ჯიბეში იდებს და ბორიას უხმო, მაგრამ ენერგიული პროტესტის მიუხედავად,აღარ ისვრის…

– დამაცადე, ერთი წუთით, ველაპარაკები ადამიანს. ვის აინტერესებს, სოსო, ჩემი აზრი? მთავარია წაკითხვა, სხვა არაფერი. შენთვისაც ასეა. მოგეწონათუ არაო, კი არ მეკითხები, წაიკითხე თუ არაო. ჩათვალე, რომ ჩაბულბულებული მაქვს, მერე?..

– ასანთს იღებს ჯიბიდან, აჩხარუნებს, თამაშის ასაკს გადაცილებული, ბიჭურად ჩაცმული კაცი სასროლად ემზადება.“

***

– მოდით, მე წაგიკითხავთ, ბატონო ვაჟა!

– შენ? – ყურს არ უჯერებს.

– თქვენ ვერ გაარჩევთ და მე წაგიკითხავთ.

– ბოლომდე?

– თითქმის, აკლია ცოტა…

– კარგი, დღეს რა დღეა? – კალენდარს ფურცლავს.

– შეიძლება წაიკითხე. სათაური და შესავალი არ გინდა.

– დგება ყველა ტელეფონს რთავს და თიშავსერთის გარდა. სავარძელში ეფლობა, დაღლილი და ღამენათევი, მუქ სათვალეს იკეთებს, სასმენად ემზადება.

“დიახ, ეს ნაწარმოები ფაქტიურად აქ ტრიალებს, ამ კედლებში. თემა. იდეა. მე ასე ვიტყოდი, მიზანდასახულობა, ასე ვთქვათ,ავტორისა, გასაგებია. ასევე გასაგებია ხარჯთაღრიცხვის პირობითობის ზედაპირულობა. დიახ. ეს არც არის მთავარი. მთავარია, ასე ვთქვათ, თემის მონუმენტურობის შენარჩუნების ერთგვარი სურვილი და მაშტაბურობის ლანდშაფტთან შეფარდების შეგრძნება, ნუ ეს გასაგებია. ჩემთვის ყოველ შემთხვევაში. დიახ, ახლა რაშია საქმე. მთები, თქვენ კარგად მოგეხსენებათ, შეიძლება იყოს არა მხოლოდ ცისფერი. შეიძლება იყოს, ნუ ვთქვათ, ყავისფერი, დიახ, თუნდაც მწვანე, თეთრი, ლურჯი, მუქილურჯი, შინდისფერი, ნარინჯისფერი და კაკაოსფერიც კი. ისევე როგორც მთა შეიძლება იყოს მაღალი, დაბალი და ოდნავ დაბალი… ნუ ეს საქმეს არ ეხება, ასევთქვათ. ახლა აქ გასარკვევია ერთი რამ: ჯერ ერთი, რამდენადაც მესმის, ესე იგი, ჩემი გაგებით, ასე რომ ვთქვათ, აქ უნდა გადაწყდეს მიღება-არმიღების საკითხი.“

„ეს არ იყო თითქოს კინოს მასალა. სხვას რომ გადაეღო, შეიძლება არაფერი არ გამოსვლოდა… იმიტომ, რომ აქ მძაფრი სიუჟეტი არ არის, არც სიყვარულია, არც სიმღერა, პურის ჭამა, არც დეტექტივია, არის მარტო ცარიელი დიალოგი, ლაპარაკი, რომელმაც დღემდე არ დაკარგა მნიშვნელობა“, – წერდა რეზო ჭეიშვილი „ცისფერ მთებზე“. თუმცა, ეს შესანიშნავი ნაწარმოები დაედო საფუძვლად ქართული კინოს კლასიკას, ელდარ შენგელაიას გენიალურ ფილმს „ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი“, ფილმისთვის სცენარი თავად რეზო ჭეიშვილმა დაწერა.

„მეგონა, რომ საბჭოთა-ქართულია, მაგრამ კანის ფესტივალზე რომ ვიყავი, ფესტივალის დირექტორმა მითხრა, წერილი რომ გავაგზავნო საფრანგეთის კულტურის სამინისტროში, პასუხს ვერ მივიღებ, რა ნაცნობი სიტუაციააო. იგივე გვითხრეს, როცა დელის კიონოფესტივალზე ვაჩვენეთ, გვეგონა, ინდოეთზეა გადაღებულიო. შემდეგ ვენაში წავიღეთ და იქაც გვითხრეს – ეს ფილმი ზუსტად ასახავს იმას, რაც ჩვენთან ხდებაო. ეს მუდმივი თემა და პრობლემაა.“- იგონებს ელდარ შენგელაია.

2018 წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობისათვის მზადებისას რეზო ჭეიშვილის ეს გენიალური რომანი გერმანულად ითარგმნა და გამოიცა ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი Georgian National Book Center-ის ხელშეწყობით გამომცემლობის Edition Monhardt მიერ. წიგნს მრავალი საინტერესო რეცენზია მიეძღვნა და პოპულარული ლიტერატურული კონკურსების მოკლე სიაშიც მოხვდა. იულია დენგისა და ეკატერინე ტეტის ეს შესანიშნავი თარგმანი 2018 წლის პრემია „საბას“ ლაურეატი გახდა წლის საუკეთესო უცხოენოვანი თარგმანის ნომინაციაში.

HELLO BLOG

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი