თამაზ ბუთხუზი:,,ჩვენი მოქმედი სამართალი სიმართლის ფალსიფიკაციას წარმოადგენს”

0
134

ადამიანში ღვთისგან ნაბოძებმა ზნეობამ ამ ცოდვილ მიწაზე სიმართლის ძიება მოითხოვა. სიმართლის დამკვიდრების მცდელობამ კი იგი სამართალის აუცილებლობასთან მიიყვანა.
შესაბამისად, ზნეობამ შვა სამართალი და არა პირიქით.
პარადოქსია: – ჩვენ ღრმად ვართ დარწმუნებულნი, რომ კანონმდებლობასა და სამართალს ზნეობასთან, სიმართლესთან კავშირი არა აქვს, მისგან მაინც სიმართლის დამკვიდრებას ვითხოვთ. ეს იგივეა, მგელს სახარების გააზრება და აღსრულება მოვთხოვოთ.

ეს ჩვენი ინფანტილიზმის ნათელი გამოვლინებაა. საიდან ასეთი ურთიერთგამომრიცხავი დასკვნები?! ჩვენი საზოგადოება ნათლად ხედავს, რომ სახელმწიფო სამართალი ფარდობითია და იგი სახელმწიფო მმართველთა ნება-სურვილის მიხედვით იცვლება.
მაგ: მმართველის სურვილით კანონი არჩევნებს ესადაგება და არა პირიქით. ამ რეალობის აღქმას სამართლის ცნების დევალვაციამდე მივყავართ. ჩვენ ვრწმუნდებით, რომ არსებული სამართალი მხოლოდ ძლიერთა ამაქვეყნისათა ნების განხორციელების მექანიზმია. ხოლო ჩვეულებრივი მოქალაქისთვის სახელმწიფო, სამართალი მხოლოდ დასჯისა და იძულების წყაროა.

ამრიგად, ჩვენი მოქმედი სამართალი სიმართლის ფალსიფიკაციას წარმოადგენს. ჩვენ ეს დავუშვით, და ამავე დროს, გარშემო უსამართლობის გაბატონებითა და კანონის იგნორირებით ფრიად გაოცებულნი ვართ.

პრობლემა ისაა, რომ სახელმწიფო მმართველობის სისტემაში ისეთი დეფექტია, რომელიც არასრულფასოვან, დეფექტურ სამართალს ქმნის; და ეს სამართალი, როგორც აღვნიშნეთ, სიმართლესა და ზნეობას საერთოდ უგულებელყოფს. შესაბამისად, ეს დეფექტი ნამდვილი ”სამართლებრივი სახელმწიფოს” ჩამოყალიბება-დამკვიდრების შანსს აღარ ტოვებს.
ზნეობა და განათლება დაქვეითებული სუბიექტების სამოქმედოდ ამგვარი დეფექტური სისტემა ელდორადო, ოცნებათა განხორციელების არეალია. ამიტომ ისინი მართვის სადავეების ხელში ჩასაგდებად არც საკუთარ და არც სხვის სისხლსა თუ ენერგიას არ ინანებენ.

თუ სისტემა არ შეიცვალა, შეუძლებელია მოიძებნოს ზნეობრივი, განათლებული ადამიანი, რომელიც დღეს არსებული სახელმწიფოს მმართველ, კანონმდებელ ან აღმასრულებელ სისტემაში მოღვაწეობას დათანხმდება თუნდაც დათანხმდეს, ის ვერაფერს შეცვლის და მხოლოდ ამ დეფექტური სისტემის, მექანიზმის ერთ მარტივ, არაფრის შემცვლელ ჭანჭიკად გადაიქცევა.

ამრიგად, მცდარია იმედი, რომ თუ არსებული სამართლის აღსრულებას პატიოსან ადამიანებს ვანდობთ, მაშინ ამ ქვეყანაზე ჩვენზე ბედნიერი ხალხი აღარ იქნება.

რატომ ვართ ამ დღეში?
იმიტომ, რომ საზოგადოების დამთრგუნველ უმრავლესობაში ნებისყოფის წრთობა, ზნეობრივი ცხოვრების წესი და გააზრების უნარი ამ დეფექტური სისტემის მიერ მკვეთრადაა დაქვეითებული. ამ ინდივიდთა ნაკრები ადამიანის საკადრის საზოგადოებას ვერ ქმნის და არშემდგარი საზოგადოება არშემდგარ სახელმწიფოს ბადებს.

შესაბამისად, ცნებების – ”სიმართლე” და ”სამართალი” – არსში საფუძვლიანი გარკვევა ამ ჩაკეტილი წრიდან გამოსავალს გვაპოვნინებს.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი