ოშო:,,ნამდვილ კითხვაში უკვე ჩადებულია ნამდვილი პასუხი”

0
244

კითხვა:რატომაა ასეთი ძნელი ნამდვილი კითხვის დასმა? რატომ ვგრძნობ თავს ასე სულელად, როცა ამ, ან ნებისმიერ სხვა კითხვას ვსვამ?

ნამდვილი კითხვის დასმა შეუძლებელია. მხოლოდ არანამდვილი კითხვების დასმაა შესაძლებელი. ამიტომ ყოველთვის, როდესაც რაიმე კითხვას სვამ, თავს ცოტათი სულელად გრძნობ, – შიგნით სიღრმეში შენ იცი, რომ ის არაა ნამდვილი. დასმა მხოლოდ არანამდვილი კითხვის შეიძლება! ნამდვილი კითხვის დასმა შეუძლებელია. რატომ? იმისთვის, რომ ნამდვილი კითხვა იპოვნო, სიღრმეში უნდა ჩაიძირო, საკუთარი არსების ყველაზე ღრმა ცენტრში. არანამდვილი კითხვები პერიფერიაზეა, არანამდვილი კითხვა მილიონია. ნამდვილი კითხვა მხოლოდ ერთია, და ის შიგ ცენტრში იმყოფება. თუ ნამდვილი კითხვის დასმა გინდა, საკუთარი არსების ცენტრში მოგიწევს ჩაღრმავება. მაგრამ პრობლემა იმაშა, რომ როცა საკუთარი არსის ცენტრში აღმოჩნდები, შენ გაიგებ ნამდვილ კითხვას და იმავდროულად შენ გაიგებ ნამდვილ პასუხსაც.

ნამდვილ კითხვაში უკვე ჩადებულია ნამდვილი პასუხი. ისინი განუყოფელნი არიან ერთმანეთისგან, ისინი ერთდროულად ხდებიან. სწორედ ამიტომ ნამდვილი კითხვის დასმა შეუძლებელია. თუ არ იცი ნამდვილი კითხვა, როგორ დასვამ მას? თუ ნამდვილი კითხვა იცი, მაშინვე იცი ნამდვილი პასუხიც. ეს არაა ორი განცალკევებული მოვლენა, ეს ერთი მონეტის ორი მხარეა: ერთი მხარე – ნამდვილი კითხვაა, მეორე კი – ნამდვილი პასუხი.

მაგრამ სანამ ამას გააცნობიერებ, მრავალი არანამდვილი კითხვის დასმა მოგიწევს. უნდა გიხაროდეს, თუკი გააცნობიერე ის ფაქტი, რომ ნამდვილი კითხვის დასმა რთულია, შეუძლებელია. ეს კარგის ნიშანია, კარგის მაჩვენებელია. ის, რომ მეკითხები: „რატომაა ასეთი ძნელი ნამდვილი კითხვის დასმა?“ – უკვე მეტყველებს იმაზე, რომ სწორი კითხვის მიმართულებით მიდიხარ. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ახლა შენ უკვე შეგიძლია მაშინვე გაარჩიო, ნამდვილია შენი კითხვა თუ არა. შენ შეძელი, რომ არანამდვილ კითხვას, როგორც არანამდვილს არჩევ, ეს კი პირველი ნაბიჯია იმისკენ, რომ გაარჩიო ნამდვილი, როგორც ნამდვილი. სანამ გაარჩევ, რა არის ჭეშმარიტება, აუცილებელია ბოლომდე, აბსოლუტურად გაარჩიო, რა არ არის ჭეშმარიტება.

სწორედ ამიტომ ამბობ: „რატომ ვგრძნობ თავს ასე სულელად, როცა ამ, ან ნებისმიერ სხვა კითხვას ვსვამ?“

ყველა კითხვა სულელურია. მაგრამ მე არ გთავაზობთ მათ შეკავებას. უბრალოდ იმით, რომ კითხვები არ დასვათ, ბრძენი ვერ გახდებით. სულელური კითხვების დასმა აუცილებელია, რათა ისინი გადააგდოთ; სულელური კითხვების გადაგდება – ეს სისულელის გადაგდებაა. თანდათანობით თქვენ გააცნობიერებთ: „ყველა ჩემი კითხვა უსარგებლოა. რატომ ვსვამ მათ? პასუხიც რომ მივიღო, როგორ შეცვლის ეს ჩემს ცხოვრებას?“

ერთხელ ერთ სოფელში გავიარე. ჩემთან ორი მოხუცი მოვიდა: ერთი მათგანი ინდუისტი იყო, მეორე კი – ჯაინი. ჯაინებს არ სჯერათ ღმერთის არსებობის. ისინი კარგი მეგობრები იყვნენ. ისინი თითქმის მთელი ცხოვრება მეგობრობდნენ. ორივე დაახლოებით სამოცდაათი წლის იყო, და მთელი ცხოვრება კამათობდნენ იმასთან დაკავშირებით, არსებობს თუ არა ღმერთი. ინდუისტი ამტკიცებდა, რომ ღმერთი არსებობს; ის ვედების, გიტას და უპანიშადების ციტირებას ახდენდა. მისი მეგობარი ჯაინი ამტკიცებდა, რომ ღმერთი არ არსებობს; ის მაჰავირას, ნემინატას, პარშვანატას და ტირტჰანკარას ციტირებას ახდენდა. ისინი გაუთავებლად კამათობდნენ ამაზე, იმიტომ რომ ეს საკითხები ისეთი უაზრობაა, ისეთი უსარგებლოა, რომ მათი განხილვა უსასრულოდ შეიძლება. ვერავინ შეძლებს ღმერთის არსებობის დამტკიცებას აბსოლუტურად, ასევე ვერავინ შეძებს მის აბსოლუტურად უარყოფას. ეს კითხვები ძალიან უსარგებლოა. ვერაფერს ვერ დაამტკიცებ ან უარყოფ აბსოლუტურად, ამიტომ კითხვა ყოველთვის რჩება.

როცა გაიგეს, რომ სოფლის ბოლოში, სასტუმროში ვცხოვრობდი, ჩემთან მოვიდნენ და მითხრეს:

– მთელი ცხოვრება ვკამათობთ. ჩვენ განუყრელი მეგობრები ვართ, მაგრამ როცა საქმე ღმერთის არსებობას ეხება, კამათს ვიწყებთ. მთელი ცხოვრება ამის გამო ვჩხუბობთ. ახლა, როცა აქ ხარ, მოგვეცი პასუხი ამ კითხვაზე, რათა ჩვენი კამათი შეწყდეს და მშვიდად მოვკვდეთ.

მე ვკითხე:

– თუ ზუსტად დამტკიცდება, რომ ღმერთი არსებობს, როგორ შეცვლის ეს თქვენს ცხოვრებას?

მათ მხრები აიჩეჩეს. შემდეგ კი მიპასუხეს:

– ვერანაირად. ჩვენ ჩვეულებრივად ვიცხოვრებთ.

– თუ ზუსტად დამტკიცდება, – ვკითხე მე, – რომ ღმერთი არ არსებობს, როგორ შეცვლის ეს თქვენს ცხოვრებას?

მათ მიპასუხეს:

– ვერანაირად ვერ შეცვლის, ჩვენ ორივენი აბსოლუტურად ერთნაირად ვცხოვრობთ. ერთობლივი ბიზნესი გვაქვს. მას სწამს ღმერთის, მე არ მწამს, მაგრამ რაც შეეხება ჩვენს ცხოვრებას, აბსოლუტურად ერთნაირად ვცხოვრობთ. ჩვენს ცხოვრებაზე არ ახდენს გავლენას ჩემი ღმერთის არსებობა ან მისი ღმერთის არარსებობა.

და მე ვუთხარი:

– მაშინ ეს უსარგებლო კითხვაა.

რომელი კითხვაა უსარგებლო? – ის, რომელზე პასუხიც ვერანაირად ვერ შეცვლის თქვენს ცხოვრებას. ადამიანები კითხულობენ: „ვინ შექმნა სამყარო?“ თუ ამას გაიგებთ, როგორ შეცვლის ეს თქვენს ცხოვრებას? ვინც არ უნდა იყოს – A, B, X, Y; როგორ შეცვლის ეს თქვენს ცხოვრებას? „არის თუ არა სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ?“ – როგორ შეცვლის ეს თქვენს ცხოვრებას?

ნუთუ ვერ ხედავთ, რომ მორწმუნეებიც და არამორწმუნეებიც ერთნაირად ცხოვრობენ? რომ ერთი და იგივე დამპალი ცხოვრება აქვთ? ნუთუ ვერ ხედავთ, რომ კათოლიკებიც და კომუნისტებიც ერთნაირად ცხოვრობენ, – ერთი და იგივე სიცრუეში, ერთი და იგივე სიყალბეში, იგივე ნიღბების ქვეშ? ნუთუ ვერ ხედავთ, რომ პროტესტანტებიც და კათოლიკებიც ერთნაირად ცხოვრობენ? ინდუისტებიც და მუსულმანებიც ერთნაირად ცხოვრობენ, ოდნავი განსხვავების გარეშე? თუკი არის რაიმე განსხვავება, მხოლოდ ვერბალური. მაგრამ ვერბალური განსხვავება გავლენას არ ახდენს მათ ცხოვრებაზე. ისინი განიხილავდნენ და ახლაც განაგრძობენ უსარგებლო კითხვების განხილვას.

მაშ, რატომ სვავენ ადამიანები უსარგებლო კითხვებს? – ამ სახით ისინი შიგნითკენ ჩაღრმავებას არიდებენ თავს. ისინი თავს აჩვენებენ, რომ დიადი მაძებლები არიან: ისინი ინტერესდებიან ღმერთით, ინტერესდებიან სიცოცხლით სიკვდილის შემდეგ, ინტერესდებიან სამოთხით და ჯოჯოხეთით. სინამდვილეში მათ არ აინტერესებთ საკუთარი თავი: იმისთვის, რომ თავიდან აიცილონ ეს, იმისთვის, რომ თავიდან აიცილონ იმ ფაქტის გაგება, რომ „მე საკუთარი არსი მაინტერესებს“, მათ ყველა ეს კითხვა შექმნეს. როგორც აღმოჩნდა, ყველა ეს კითხვა სტრატეგიაა, რომ ყველაზე მთავარ კითხვას აარიდონ თავი: „ვინ ვარ მე?“

ნამდვილი რელიგია მდგომარეობს ამ კითხვაზე პასუხის ძიებაში: „ვინ ვარ?“ ვერავინ უპასუხებს ამ კითხვას თქვენს მაგივრად. თქვენ მოგიწევთ, რომ უფრო ღრმად ამოთხაროთ, უფრო ღრმად შეხვიდეთ თქვენს არსში. ერთხელ, როცა საკუთარი სიცოცხლის წყაროს მიაღწევთ, თქვენ გაიგებთ. ამ დღეს ერთდროულად იქნება ნაპოვნი ნამდვილი კითხვაც და ნამდვილი პასუხიც.

თარგმანი:თორნიკე გურულის

MAGMA

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი