კახა ბენდუქიძე:,,ერი-სახელმწიფო უფრო სხვა არის, ვიდრე ღობიანი ტერიტორია”

0
226

ღარიბი ადამიანების გასაჭირი და ჩვენებური მიკროგლობალიზაცია

ჩვენ დიდი ხანია, ერთად არ გვიცხოვრია. არ ვიცით, თუ რა არის სახელმწიფო წყობა. არა, წიგნები კი გვაქვს წანაკითხი, მაგრამ უშუალო განცდა არა გვაქვს. ერთი იყო და ნოე რამიშვილსა და ნოე ჟორდანიას შორის ხელისუფლების გადაცემას დაესწრო ჩემი ბებიების და ბაბუების თაობა. ეგ არის ერთადერთი დემოკრატიული ხელისუფლების ცვლილება ჩვენს ისტორიაში. ასეთი მშვიდობიანი პოლიტიკური გამოცდილების გარეშე არ ჩამოყალიბდება სახელმწიფო. საზღვრების მქონე ტერიტორია შეიძლება ჩამოყალიბდეს, სახელმწიფო არა. ერი-სახელმწიფო უფრო სხვა არის, ვიდრე ღობიანი ტერიტორია.

კიდევ რა გვაკლია? არ ვარ დარწმუნებული, რომ ამომწურავ პასუხს გაგცემთ. მაგრამ ეკონომიკური თანაცხოვრების გამოცდილება რომ გვაკლია, ეგ ნამდვილად ვიცი.

სკოლის მოწაფე რომ ვიყავი, დედაჩემს დავყვებოდი ეთნოგრაფიულ ექსპედიციებში. რამდენჯერმე ვიყავი სვანეთში, სამეგრელოში, ზემო აჭარაში – ალბათ საქართველოს სილამაზის დიდი ნაწილი მაშინ ვნახე. დედაჩემი ჩანაწერებს აკეთებდა წეს-ჩვეულებებზე, ყოფაზე, მისი მთხრობელები მოხუცები იყვნენ, რომლებსაც ახსოვდათ მეცხრამეტე საუკუნის დასასრულის საქართველო. ბევრი საინტერესო რამ გავიგე. ერთს გეტყვით – ჩემდა გასაკვირად საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, ხშირად სხვადასხვა თემში ან სოფელშიც კი სხვადასხვა საწყაოს ხმარობდნენ. ანუ ერთგან ხორბალის რაოდენობას ერთნაირად ზომავდნენ, მეორეგან მეორენაირად, მესამეგან მესამენაირად. როგორც ადვილად მიხვდებით, ეს ვაჭრობის ფაქტიური არარსებობის მაჩვენებელია.

ეხლა ამ ნარკვევს ვწერ იაპონურ კომპიუტერზე, რომელიც ნაწილობრივ მალაიზიაშია გაკეთებული, მინიმუმ ერთი ჩიპი ტაივანიდან აქვს, ერთი სამხრეთ კორეიდან. ვწერ ამერიკაში შექმნილი პროგრამის მეშვეობით, ქართული ჟურნალისათვის, რომელიც ფინურ ქაღალდზე გერმანულ დანადგარით დაიბეჭდება.

ამას ეხლა გლობალიზაცია ეწოდება – კაცობრიობამ ისწავლა გლობალურად ვაჭრობა
ჩვენ ამ გლობალიზებულ სამყაროში პატარა ქართული გლობალიზაცია გვინდა – რაც არ დაგვცალდა და ჯერ წინა გვაქვს – როცა ქართველები ერთმანეთთან ვაჭრობას ვისწავლით.

დე გოლმა თქვა ფრანგებზეო – როგორ უნდა მართო ხალხი, რომელსაც 300 სახეობა ყველი აქვსო. ვერანაირად – დავეთანხმები მე. ასეთი ხალხი თავს თვითონ მოუვლის, ვინაიდან 300 მეყველეს 3 000 ყველის ვაჭარი, 6 000 რძის მწარმოებელი, 2 000 თივის გამყიდველი, 800 ყასაბი, 7 000 მზარეული და კიდევ სხვა ყავს ჩაბმული კაპიტალისტურ ფერხულში. ასჯერ იფიქრებს თითოეული, სანამ სხვას გაემიჯნება ან ემტერება – მაშინ გაუყიდავი რძე აეჭრება და თივა ჩაუწვება.

აი ეს უნდა მოხდეს – ოთხი მილიონი ქართველი დაუკავშირდება თავისი ბურჟუაზიული ინტერესებით ერთმანეთს, დამოკიდებული გახდება ერთმანეთის წარმატებაზე და მარცხზე. ესეთი ქართული საზოგადოება კიდევ ერთი ნაბიჯი იქნება შემოღობილი ტერიტორიიდან საქართველომდე. დიდი ნაბიჯი.
გაუმარჯოს ქართველ ვაჭრებს!!!

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი