ოშო:,,მე ამ მტკიცებულებებს იმისთვის ვიყენებ, რომ გამოგაღვიძოთ”

1
270

კითხვა:რატომ არ ხარ თანმიმდევრული შენს მტკიცებულებებში?

მე არ შემიძლია ვიყო თანმიმდევრული. ჩემი მტკიცებულებების მიზანი სრულიად განსხვავდება ჩვეულებრივი მტკიცებულებებისგან. მე არ ვცდილობ, რომ ჭეშმარიტება გითხრათ, რადგანაც ჭეშმარიტების გადმოცემა შეუძლებელია. მაშ რას ვაკეთებ?

თუ ჩემს სიტყვებს მიიღებ როგორც სიმართლეს, ან ტყუილს, ყველაზე მთავარს გაუშვებ ხელიდან. მე ამ მტკიცებულებებს იმისთვის ვიყენებ, რომ გამოგაღვიძოთ. ისინი არ წარმოადგენენ სიმართლეს ან სიცრუეს. ისინი ან სასარგებლონი არიან, ან უსარგებლონი. მაგრამ მათ არაფერი აქვთ საერთო სიმართლესთან. მათ გარკეული სარგებლობა მოაქვთ.

წარმოიდგინე, რომ ღრმად გძინავს, მე კი ზარის რეკვას ვიწყებ: ზარის ხმაში არაა სიმართლ ან სიცრუე. მასზე კითხვის დასმა სრული უაზრობა იქნება. მაგრამ მასში არის რაღაც სასარგებლო: ის გაღვიძებაში გეხმარება, ამაშია მისი სარგებელი.

ამბობენ, რომ ბუდამ თქვა: „ჭეშმარიტება – ეს ისაა, რაც სასარგებლოა“. ჭეშმარიტება – ეს საშუალებაა, ის არ წარმოადგენს ჭეშმარიტების მტკიცებულებას ყოფიერების შესახებ. ეს უბრალოდ საშუალებაა, რათა გააღვიძოს თქვენში ის, რასაც ღრმად სძინავს.

მე ვერ ვიქნები თანმიმდევრული, რადგანაც მე ხომ ამდენი ადამიანი უნდა გამოვაღვიძო, – მათ კი ყველას განსხვავებული გონება აქვთ, ყველანი განსხვავებულ სიზმრებს ხედავენ. მე შემიძლია ზარი დავრეკო, მაგრამ ვიღაცას ეს გააღვიძებს, ვიღაცისთვის კი იავნანა აღმოჩნდება, და კიდევ უფრო ღრმად დაიძინებს, ვიდრე მანამდე. ერთი ადამიანისთვის ეს შესაძლოა გაცნობიერებულობის გამოღვიძებად იქცეს, სხვისთვის კი უბრალოდ ლამაზი სიზმარი იქნება: რომ ის იმყოფება ტაძარში, სადაც ზარები რეკენ, და ის ტკბება მათი ხმებით, ქადაგება მიდის, და კეთილსურნელება იწვის. ეს ადამიანი სიზმარში ჩაიძირება, ის ვერ გაიღვიძებს. მას რაღაც სხვა დასჭირდება – შესაძლოა თავში შემორტყმა, ან ცივი წყლით სავსე ვედრო, ან კარგი შეჯანჯღარება. სხვადასხვა ადამიანების გამოსაღვიძებლად სხვადასხვა მიდგომაა საჭირო.

ჩემი მტკიცებულებები – ეს არაა ჭეშმარიტების მტკიცება. მე არ ვარ ფილოსოფოსი! მე არ ვცდილობ რაიმე ფილოსოფიის მოცემას. მე უბრალოდ ყველა განსხვავებული მეთოდით ვცდილობ თქვენს გაღვიძებას. თუ ერთი მეთოდი არ ივარგებს, მეორეს გამოვიყენებ, – მაგრამ მაინც არ მოგასვენებთ. ამიტომ დღეს ერთს ვამბობ, ხვალ კი – სრულიად სხვას. შენ ყველაზე მთავარს უშვებ ხელიდან, თუკი ჩემი გამონათქვამების მიზანი არ გესმის.

ზუსტად ამ დღეებში ორ კითხვას ვუპასუხე კარლ გუსტავ იუნგის შესახებ. ადამიანმა, რომელმაც ეს კითხვა დამისვა, ყველაზე მთავარი გაუშვა ხელიდან. ძალიან ვწუხვარ მის გამო: მან ყველაფერი გაუშვა. იგი ნაწყენი დარჩა. მან ისიც კი ვერ შეძლო, რომ მოეცადა და რამდენიმე საათი ემედიტირა: მე დისკურსი ცხრა საათსა და ორმოცდახუთ წუთზე დავამთავრე, ცხრა საათსა და ორმოცდათხუთმეტზე კი უკვე წერილი მომწერა. ცოტაც კი ვერ მოიცადა. მან გადაწყვიტა, რომ მე იუნგის წინააღმდეგი ვარ. რატომ უნდა ვიყო იუნგის წინააღმდეგ? – მას ჩემთვის არაფერი გაუკეთებია ცუდი.

მაგრამ ამ საწყალმა ყველაფერი გაუშვა. გადაწყვიტა, რომ იუნგის წინააღმდეგ ვიყავი, რომ მას უნდა დაეცვა იუნგი. თავის წერილშ მომწერა, რომ ჩემთან კერძო ან საჯარო დისკუსიის, დებატების მოწყობა უნდოდა.

როგორ შეიძლება გიჟთან დისკუსია? ეს სრულიად უსარგებლოა, ეს სრული უაზრობაა. ეს ჭკუიდან შეგშლით.

მე მსმენია…

ერთი ეგვიპტელი მეფე ჭკუიდან შეიშალა. ის დიადი მოჭადრაკე იყო. ყველა წამალი გამოსცადეს, ყველა ექიმი მიიწვიეს, მაგრამ არაფერი შველიდა. ის უფრო და უფრო ღრმად იძირებოდა სიგიჟეში.

შემდეგ ერთხელ მასთან ერთი ფაიკირი, სუფი მისტიკოსი მივიდა და განაცხადა:

– მოიცადეთ! თუკი იპოვნით სხვა დიდ მოჭადრაკეს, ეს ძალიან დაგეხმარებათ. ის ჭადრაკს ითამაშებს გიჟ მეფესთან.

ვინ მოინდომებს გიჟთან თამაშს? მაგრამ მეფე მზად იყო, რომ ნებისმიერი თანხა გაეღო განსაკურნებლად. მოჭადრაკე გამოჩნდა -დიდ საფასურად! მისტიკოსი მართალი იყო: ერთი წლის შემდეგ მეფე სრულიად ნორმალური გახდა. მაგრამ მეორე მოჭადრაკე შეიშალა ჭკუიდან.

ფრთხილად იყავით! – თუ ჩემთან დისკუსიის მოწყობა გინდათ, ჭკუიდან შეიშლებით, რადგანაც მე არ ვარ თანმიმდევრული ადამიანი, მე არ ვარ ლოგიკური. მე აბსურდული ვარ.

მაგრამ იუნგის მიმდევარმა ყველაზე მთავარი გაუშვა ხელიდან. იფროიდის მიმდევარი რომ ყოფილიყო, მე ფროიდს დავატყდებოდი თავს; მარქსის მიმდევარი რომ ყოფილიყო, მარქსს დავატყდებოდი თავს, ოშოს მიმდევარი რომ ყოფილიყო, ოშს დავატყდებოდი თავს! საქმე იუნგში არაა! იუნგი აქ არაფერ შუაშია. მე მის ეგოს ვესხმოდი თავს! რადგან მისი ეგო იუნგს ჩაეჭიდა, საწყალ იუნგსაც მოხვდა.

თუკი ხვალ ვინმე მოვა და მეტყვის, რომ ფროიდის მიმდევარია, მე ფროიდს დავესხმები თავს. ვიტყვი: „ფროიდი – არაფერია იუნგთან შედარებით, ის უბრალოდ ლაქიაა!“ მაშნ, ბუნებრივია, არათანმიმდევრული აღმოვჩნდები, მაგრამ თქვენ ყველაზე მთავარს გაუშვებთ ხელიდან! მე არაფერი მაქვს საერთო იუნგთან, ფროიდთან. რა საქმე მაქვს მათთან? ჩემი ძალისხმევები იმისკენაა მიმართული, რომ გამოგაღვიძოთ, სწორი მიმართულება მოგცეთ. ის, ვინც იუნგზე დამისვა კითხვა, განაწყენდა არა იმიტომ, რომ იუნგს ვაკრიტიკებდი, ის განაწყენდა იმიტომ, რომ მის ეგოს შევეხე. ეს რომ დაენახა, ჩემი სიტყვები სასარგებლო გახდებოდა მისთვის. თუ ამას ვერ ხედავს, ესე იგი ისარი ასცდა მიზანს. მაშინ მომიწევს, რომ სხვა მეთოდს მივმართო.

მე უნდა დავანგრიო თქვენი ეგოს სტრუქტურა. ამიტომ არ მკითხოთ კვლავ და კვლავ, რატომაა ჩემი გამოთქმები არათანმიმდევრული. მე მხოლოდ ერთში ვარ თანმიმდევრული – იმაში, რომ არათანმიმდევრული ვარ. მე თანმიმდევრულად არათანმიმდევრული ვარ; ეს ერთადერთი თანმიმდევრულობაა, რომელიც გამაჩნია. და მე უსასრულო თავისუფლებას ვფლობ, რომელიც არ აქვს თანმიმდევრულ ადამიანს. მე შემიძლია გეთამაშოთ, მე შემიძლია გაგეხუმროთ, მე შემიძლია დავტკბე თქვენი ეგოს, თქვენი სტრუქტურების დანგრევით. მე არ მაქვს ამ ყველაფრისადმი სერიოზული დამოკიდებულება. უფლებას ვაძლევ საკუთარ თავს, რომ ვითამაშო, ჯერ რაღაც ერთი გამოვცადო, შემდეგ მეორე. ჩემი გამოთქმები მსახიობებს ჰგვანან სცენაზე: ისინი შესაძოა ერთმანეთს ეწინააღმდეგებოდნენ, ისინი არ არიან ვალდებულნი, რომ სიმართლე ილაპარაკონ, სცენაზე იმისთვის გამოვიდნენ, რომ ჭეშმარიტება გამოაღვიძონ, აღმოაჩინონ იგი.

მინდა გითხრათ: ნურაფერს გააკეთებთ თანმიმდევრულობის გულისთვის. თანმიმდევრულობა – ეს ხსნაა სულელებისთვის და ფილოსოფოსებისთვის, ესენი კი – ერთი და იგივე ადამიანები არიან. არასოდეს გააკეთოთ რამე უბრალოდ თანმიმდევრულობის გამო. ეს არაა სასურველი, რადგანაც ექსპერიმენტული კვლევის შესაძლებლობას ზღუდავს. თუ თქვენ ისე მოქმედებთ, რომ წარსულთან თანმიმდევრულობას ინარჩუნებთ, თვენი მოქმედებები დაპროგრამებულ დამოკიდებულებად იქცევა. ამის გამო უძრავ მდგომარეობაშ იყინებით, რაც ევოლუციურ პროცესს უშლის ხელს. მთელი თქვენი ენერგია აწმყოს, მიმდინარე მომენტს უნდა მისცეთ. არაფერი არ უნდა დატოვოთ წარსულისთვის. მოქმედება, რომელიც წარსულ პრეცენდენტთან ინარჩუნებს თანმიმდევრულობას, – ეს სიკვდილის ფორმაა, ის ანგრევს ნებისმიერ შესაძლებლობას, რომ თქვენს გაგებაში გაიზარდოთ.

გახსოვდეთ, რა არის თანმიმდევრულობა? თანმიმდევრულობა ნიშნავს, რომ ჩემი დღევანდელი დღე გუშინდელს უნდა ემორჩილებოდეს. სწორედ ესაა თანმიმდევრულობა. ჩემი აწმყო ჩემს წარსულს უნდა ემორჩილებოდეს – აი, რა არის თანმიმდევრულობა. მაგრამ მაშინ როგორღა უნდა გავიზარდო? როგორ უნდა ვიმოძრაო? თუკი ვინარჩუნებ თანმიმდევრულობას წარსულთან, მაშინ ზრდა შეუძლებელი ხდება.

ზრდა ნიშნავს არათანმიმდევრულობას: თქვენი დღევანდელი დღე გიშინდელის საზღვებს უნდა სცდებოდეს, ის არ უნდა ინარჩუნებდეს მასთან თანმიმდევრულობას, მან უნდა გამოიყენოს იგი, როგორც საყრდენი წერტილი, მან არ უნდა შექმნას მისგან შეზღუდულობა, და მაშინ თქვენი ხვალინდელი დღე დღევანდელის საზღვრებს გასცდება. თუ დღითი-დღე დაშორდებით წარსულს, მაშნ გაიზრდებით, უფრო მაღალ მწვერვალებს მიაღწევთ.

თანმიმდევრული ადამიანები – სულელი ადამიანები არიან. მათი ცხოვრება – უძრაობაა. ისინი გვამის მყრალი სუნი ასდით და თავადაც გვამს ჰგვანან: ისინი იხრწნებიან, ისინი არ ცხოვრობენ. ცხოვრება, თავისი არსით, ლოგიკური მოვლენა კი არა, დიალექტიკური მოვლენაა. დიალექტიკა ნიშნავს თეზას, ანტითეზას და სინთეზს: თქვენი გუშინდელი დღე თეზისი იყო, დღევანდელი დღე ანტითეზაა, ხოლო ხვალინდელი სინთეზი იქნება. შემდეგ თქვენი ხვალინდელი დღე კვლავ თეზისს ქმნის, შემდეგი – ანტითეზას, შემდეგ კი დგება სინთეზი, – და ასე შემდეგ. და თქვენ გამუდმებით ამ დიალექტიკაშ ცხოვრობთ. ცხოვრება – ეს დიალექტიკური პროცესია; ეს არაა ხაზობრივი, ლოგიკური პროცესი.

ცხოვრება წინააღმდეგობრივია. სწორედ ამიტომ არ შემიძლია მოგცე განსაზღვრება, დღევანდელ განსაზღვრებას ვერ მიიღებთ ხვალ. მე ვერ მივცემ საკუთარ თავს განსაზღვრებას, რადგანაც ეს იგივე იქნება, ღრუბელს ან ოკეანეს, მზარდ ხეს ან ბავშვს რომ მივცე განსაზღვრება. მე განუწყვეტლივ ვიცვლები, რადგანაც ცვლილება – ეს ცხოვრების სულია. გარდა ცვლილებებისა, ცხოვრებაში არაფერია მარადიული.

მე გამუდმებით ვიცვლები. ცვლილება – ჩემი ღმერთია, რადგანაც ეს ერთადერთი უცვლელი მოვლენაა ცხოვრებაში. სწორედ ამიტომ ვუწოდებ ამას ღმერთს. ყველაფერი დანარჩენი იცვლება: იცვლება ცხოვრება, იცვლება სიკვდილი, – უცვლელი მხოლოდ ცვლილებებია. მე ქედს ვიხდი ცვლილებების წინაშე. მე შეყვარებული ვარ მასზე. მე არ შემიძლია ერთხელ და სამუდამოდ მივცე საკუთარ თავს განსაზღვრება. მე მიწევს, რომ ცხოვრების ყოველ წამში მივცე საკუთარ თავს განსაზღვრება; არასოდეს იცი, რას მოიტანს შემდეგი მომენტი.

იყო ჩემთან – ნიშნავს იყო მუდმივ დინებაში, მუდმივ მოძრაობაში. ისინი, ვისაც გამბედაობა არ ჰყოფნის, ადრე თუ გვიან გამოვარდებიან მოგზაურობიდან, რომელშიც მე გიწვევთ. ისინი, ვისაც სიმამაცე არ ჰყოფნის, რომ მიიღონ უცნობი მომავალი და გახსნილნი დარჩნენ შეუცნობელისადმი, იდუმალისადმი, ისინი, ვინც ჩქარობენ დოგმის, რწმენის სიტემის, ფილოსოფიის მიღებას,  რათა შეწყვიტონ ზრდა, რათა ჩაეჭიდონ ამ დოგმას, რათა ამ დოგმის ფანატიკოსები გახდნენ; ისინი, ვინც გამუდმებით ეძებენ რაღაც განსაზღვრულობას, რომელშიც არაფერი არასოდეს არ იცვლება, – ეს მკვდარი ადამიანები, მშიშარა ადამიანები არიან. ისინი ვერ გახდებიან ჩემი ხალხი.

მე სრულიად სხვა რელიგიას გთავაზობთ. ასეთი რელიგია ჯერ არასოდეს ყოფილა მსოფლიოში. მსოფლიოს ყველა რელიგიას მუდმივობის სჯეროდა, მე ცვლილებების მჯერა. მსოფლიოს ყველა რელიგია დოგმატური იყო, მე აბსოლუტურად არადოგმატური, ანტიდოგმატური ვარ. ყველა რელიგია დაყვანილი იყო ფილოსოფიური მტკიცებულებების ნაკრებამდე. როცა მე წავალ, ისეთ გაურკვევლობაშ დაგტოვებთ, რომ ვერასოდეს ვერავინ დაიყვანს ფილოსოფიამდე იმას, რასაც ვლაპარაკობ. ვერავინ დაიყვანს ამას რაიმე დოგმამდე.

შეუძლებელია ჩემზე იარლიყის მოკერება, შეუძლებელია ჩემი მოწესრიგება, რადგანაც მე ნივთი არ ვარ. მე – მდინარე ვარ, ღრუბელი, რომელიც გამუდმებით იცვლის თავის ფორმას. თანმიმდევრულობის ჩემი გაგება ფესვგადგმულია ამ განუწყვეტელ ცვლილებაში, ამ დინამიურ ცეკვაში, რომელსაც ცხოვრება ეწოდება. დიახ, ჩემთვის ღმერთი – ეს მოცეკვავეა: ეს გამუდმებული მოძრაობაა, და სწორედ ამაშია ღმერთის სილამაზე. სინამდვილეში, მინდა რომ ღმერთს მოცეკვავე კი არა, ცეკვა ვუწოდო, რადგანაც თავად სიტყვა „მოცეკვავე“ არასწორია. ის ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ღმერთი – ეს რაღაც არსებაა. მაგრამ თუ ეს უბრალოდ ცეკვაა, უბრალოდ ღრუბელია…

არსებობს ძველი ქრისიტანული მისტიკური ტრაქტატი „არცოდნის ღრუბელი“. არც ერთ სხვა წიგნს არ აქვს ასეთი მშვენიერი სახელწოდება: „არცოდნის ღრუბელი“. ეს ღმერთის განსაზღვრებაა: „ღრუბელი“ და „არცოდნა“.

ღმერთის განცდისგან შეუძლებელია ცოდნის შექმნა. სინამდვილეში, რაც უფრო მეტია თქვენს მიერ ღმერთის განცდა, მით უფრო და უფრო ნაკლები იცით. სინამდვილეში, როცა ღმერთი ტოტალურად დაგემართებათ, თქვენ ვეღარ შეძლებთ საკუთარი თავის აღმოჩენას: შემცნობელი გაქრა. ნამის წვეთი ოკეანეს შეერწყა, ან… ოკეანე შეერწყა ნამის წვეთს.

მე არ ვარ დამძიმებული ჩემი გუშინდელი დღით. ჩემმა დღევანდელმა დღემ უკვე შეცვალა იგი. მე აწმყოში ვხედავ, რადგანაც სიცოცხლის სხვა მეთოდი არ არსებობს. ყველა დანარჩენი მეთოდი – ეს სიკვდილის გამოხატულებაა.

ამიტომ, გთხოვთ, ნუ ითხოვთ ჩემგან თანმიმდევრულობას. თქვენ უნდა გაიგოთ, უნდა მიიღოთ ჩემი არათანმიმდევრულობა. თქვენ უნდა გაიგოთ ჩემი წინააღმდეგობრიობა. ყველაზე მთავარი, რაც უნდა გაიგოთ, ეს ისაა, რომ ჩემი მტკიცებულებები – ეს არაა ჭეშმარიტების მტკიცებულებები. ჩემი მტკიცებულებები – ეს უბრალოდ პროვოკაციაა. მე არ გთავაზობთ ჭეშმარიტებას. მე გიბიძგებთ, რომ თავად ეძებოთ იგი! ჭეშმარიტება – ეს ის არაა, რისი მოცემაც შეიძლება, ეს საქონელი არაა. მისი გადმოცემა შეუძლებელია. მე უბრალოდ სურვილს, მისწრაფებას ვქმნი თქვენში, უზარმაზარ მისწრაფებას, რომ ეძიოთ და გამოიკვლიოთ. თუ მე ძალიან თანმიმდევრული ვიქნები, თქვენ შეწყვეტთ ძიებას.

თქვენ იფიქრებთ: „რა საჭიროა ძიება? ოშომ იცის, მე შემიძლია უბრალოდ დავუჯერო“. სწორედ ამას აკეთებს ქრისტიანობა, სწორედ ამას აკეთებს ბუდიზმი, სწორედ ამას აკეთებს ჯაინიზმი. „ბუდამ იცის, – რატომღა უნდა ვეძებოთ?ჩვენ შეგვიძლია უბრალოდ ვირწმუნოთ. მას არ შეუძლია ჩვენი მოტყუება. ის არაა მატყუარა. მან უკვე დაადგინა ჭეშმარიტება. ნუთუ ჩვენ შეგვიძლია კიდევ სხვა ჭეშმარიტების აღმოჩენა? მან უკვე აღმოაჩინა. ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ დავიჯეროთ“. მაშინ აღარ გჭირდებათ იმაზე ზრუნვა, რომ თავად გამოიკვლიოთ. მაგრამ ყველაზე მთავარი, რაც უნდა გაიგოთ, – ეს ისაა, რომ სანამ ჭეშმარიტება თქვენი არ გახდება, იგი არ არსებობს. ჩემი ჭეშმარიტება ვერ იქნება თქვენი ჭეშმარიტება. ეს შეუძლებელია. ჩემი ჭეშმარიტება თქვენ ვერ გადმოგეცემათ.

ჭეშმარიტება აბსოლუტურად ინდივიდუალურია. ყველა ბუდას უნდოდა მისი გადმოცემა თქვენთვის, მეც მენდომებოდა, მაგრამ ეს შეუძლებელია. ყველაფერი, რისი გაკეთებაც შემიძლია, – ესაა თქვენში ძიების, დამოუკიდებლად კვლევის უზარმაზარი სურვილის გაღვიძება, რათა გადააგდოთ მთელი თქვენი ტვირთი, მთელი უსარგებლო ტვირთი, და და წახვიდეთ სათავგადასავლო მოგზაურობაში; რათა მოიკრიბოთ სიმამაცე თქვენს კომფორტზე, იდეოლოგიებზე, ფილოსოფიებზე, ორთოდოქსალურ წარმოდგენებზე, ყველაფერ იმაზე უარის სათქმელად, რაც უსაფრთხოების შეგრძნებას გაძლევთ; რათა მოიკრიბოთ გამბედაობა, გადააგდოთ თქვენი ჭკუა და გაემგზავროთ შეუცნობლისკენ. ყოფიერების ღრუბელი… თქვენ მასში უნდა გაქრეთ.

ამიტომაც ვერ მოგცემთ დოგმას. ყოველდღე, ყოველ წამს წინააღმდეგობრივი ვიქნები საკუთარ თავთან. თანდათანობით თქვენ დაინახავთ, რომ არანაირი აზრი არ აქვს ჩემს იდეებზე ჩაჭიდებას. იმავე მომენტში თქვენ გააცნობიერებთ, რომ არანაირი აზრი არ აქვს საერთოდ რაიმე იდეაზე ჩაჭიდებას, – ჩემია იგი, ბუდასი, იესოსი, თუ ვინმე სხვის. აუცილებელია გადააგდოთ ყველა იდეა.

როცა თქვენს გონებაში არცერთი იდეა არ იქნება, თქვენ იქ ღმერთს აღმოაჩენთ. როცა ყველა ფილოსოფია გაქრება, მაშინ რელიგია თქვენს არსში გამოვლინდება.

თარგმნი თორნიკე გურულის

MAGMA

1 გამოხმაურება

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი