მერაბ მამარდაშვილი – ცნობიერება და ცივილიზაცია

0
247

თემა, რომელიც სათაურად გამოვიტანე, რასაკვირველია, ძალიან მრავალმნიშვნელოვანია, უამრავ ასოციაციას იწვევს, მაგრამ ჩემთვის ის კონკრეტულია და თანამედროვე ვითარების შეგრძნებას უკავშირდება; ვითარების, რომელიც მაღელვებს და რომელშიც რომელიღაც სტრუქტურის მსგავს ნიშნებს ვხედავ, რაც შეიძლება შეუქცევადი აღმოჩნდეს და ამით შიშის ზარს მცემს. იმავდროულად, სურვილი მიჩნდება, რომ დავფიქრდე და მის მიღმა რაღაც ზოგადი კანონი დავინახო. და შიშის და ცნობისმოყვარეობის შერეული გრძნობით მინდა კიდეც გამოვთქვა ჩემი მოსაზრებები ამ საკითხთან დაკავშირებით.

მსჯელობის ელფერი რომ მიეცეს, შეიძლება ასე დავახასიათოთ მათი არსი. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ იმ უამრავ კატასტროფას შორის, რომლითაც ცნობილია და გვემუქრება მე-20 საუკუნე, ერთ-ერთი მთავარი და ხშირად თვალისთვის უხილავი მათ შორის არის ანთროპოლოგიური კატასტროფა, რომელიც სულაც არ ვლინდება ისეთ ეგზოტიკურ მოვლენებში, როგორიცაა დედამიწის და ასტეროიდის შეჯახება; არც მისი ბუნებრივი რესურსების ამოწურვას ან მოსახლეობის რაოდენობის მეტისმეტ ზრდას ვგულისხმობ; არც ეკოლოგიურ ან ატომურ ტრაგედიაზე ვსაუბრობ. მხედველობაში მაქვს მოვლენები, რომლებიც თვით ადამიანის თავს ხდება და ცივილიზაციას უკავშირდება იმ გაგებით, რომ, შესაძლოა მასში რაღაც სიცოცხლისთვის მნიშვნელოვანი საბედისწეროდ განადგურდეს, სიცოცხლის პროცესის ცივილიზებული საფუძვლების ნგრევის ან, უბრალოდ, მათი უქონლობის გამო.

ცივილიზაცია მეტისმეტად ნაზი ყვავილია, ძალიან მყიფე კონსტრუქციაა და მე-20 საუკუნეში სრულიად ნათელია, რომ ამ ყვავილს, ამ კონსტრუქტს, რომელსაც ყველგან ბზარები გაუჩნდა, დაღუპვა ემუქრება. ცივილიზაციის საფუძვლების ნგრევა კი ადამიანურ ელემენტზეც, ცხოვრების ადამიანურ მატერიაზეც როგორღაც მოქმედებს, რაც ანთროპოლოგიურ კატასტროფაში ვლინდება, რომელიც, შესაძლოა, ნებისმიერი სხვა, შესაძლო გლობალური კატასტროფების პროტოტიპია.

ის შეიძლება ნაწილობრივ მოხდეს კიდეც, იმ კანონზომიერებების დარღვევის გამო, რომლის მიხედვითაც მოწყობილია ადამიანური ცნობიერება და მასთან დაკავშირებული „მინაშენი“, რომელსაც ცივილიზაციას უწოდებენ.

როდესაც სახელგანთქმული მწერალი-ფანტასტის, ა. აზიმოვის მიერ შედგენილ გლობალური კატასტროფების სიაში ათობით სხვა კატასროფასთან ერთად ვხვდები დედამიწის შავ ხვრელთან სავარაუდო შეჯახებას, უნებლიეთ ვფიქრობ, რომ ამგვარი ხვრელი უკვე არსებობს, თანაც ძალიანაც ჩვეულებრივი, ჩვენთვის კარგად ნაცნობი მნიშვნელობით; რომ საკმაოდ ხშირად ვყვინთავთ მასში და ყველაფერი, რაც მისი ჰორიზონტის გადალახვის შემდეგ მასში ხვდება, მაშინვე ქრება, მოუხელთებელი ხდება, როგორც უნდა იყოს კიდეც შავ ხვრელში მოხვედრის შემთხვევაში. აშკარად არსებობს ცნობიერების რაღაც ფუნდამენტური სტრუქტურა, რომლის წყალობითაც განსხვავებული, გარეგნულად ერთმანეთთან დაუკავშირებელი მიკროსკოპული, მაკროსკოპული და კოსმიური მოვლენები შორს მიმავალ ანალოგიებად წარმოგვიდგება. გარკვეული თვალსაზრისით, ეს მოვლენები შეგვიძლია განვიხილოთ, როგორც ცნობიერების თვისებების მეტაფორები.

ჩემი აზრების განსამარტავად „მიუწვდომლობის“, „გაქრობის“, „ეკრანირების“ ამ მეტაფორებს გამოვიყენებ კიდეც. მაგრამ მანამდე გ. ბენის ერთი ლექსის ჩემეულ, ფაქტობრივად, ბწკარედულ თარგმანს მოვიხმობ. ამ პოეტის გასხივოსნების სიღრმე გარკვეული სისტემის, გამოცდილების პირობებში, პირადად განვლილ რეალობას და მის მიერ შინაგანად განცდილ ცხოვრებისეულ გამოცდილებას უკავშირდება, რაც, პრინციპში, გარეგან, გამიჯნულ დამკვირვებელს არ გააჩნია. აი, როგორია ამ „შინაგანი ცოდნის“ და მისი მატარებლის, – ადამიანის ხვედრი ლექსში, რომელსაც შემთხვევით როდი ეწოდება „მთელი“:
ნაწილი მთვრალი იყო, ნაწილი – ცრემლებს ღვრიდა,

ხან – ბრწყინვალების კაშკაში, ხანაც – წყვდიადი ბნელი,
ზოგჯერ – ყველაფერი გულში იყო, სხვა დროს –
მძვინვარებდნენ ქარიშხლები. რომელი ქარიშხლები, ვისი?

მუდამ დაღვრემილი, იშვიათად სხვასთან ერთად,

სულ უფრო ერჩია თავშესაფარი, ეს ყოველივე ხომ სიღრმეში დუღდა,
და ამოხეთქილი ნიაღვრები ივსებოდა, ძლიერდებოდა
და რაც მიღმა იყო, ყოველივე წიაღს უბრუნდებოდა.
ერთი მკაცრად გიყურებდა, მეორე იყო მშვიდი,
ერთი ხედავ და, რასაც შენ ქმნიდი, ხოლო მეორე –
პირიქით – რასაც ანგრევდი.
მაგრამ ყოველივე, რასაც ხედავდნენ – ზმანების ნამსხვრევებია:
მთელი ხომ მხოლოდ შენ გიპყრია.

გეგონებოდა მიზანი ახლოა:

და მომავალი წინ ნათელია.
მაგრამ ჩვენ წინაშეა ის, რაც უნდა მომხდარიყო,
და ის ახლა გაქვავებული მთელიდან გვიმზერს:

არც ბრწყინვალება, არც სხივია გარედან,

რომ საბოლოოდ მიიჯაჭვონ შენი მზერა –
თავშიშველი ქვეწარმავალი სისხლის ტბაში გდია
და წამწამზე ობოლი ცრემლი შერჩენია.

ამ ლექსში დამასრულებელი სახე და მისი შინაგანი კავშირები შემოწნულია „მთელის“ ან „მთელის“ შეგრძნების ირგვლივ, რომელსაც პოეტი განიცდის, როგორც განსაკუთრებულ ამაღლებულ განწყობილებას და სამყაროს საიდუმლოს არსის ფლობას, რასაც განყენებული, გარედან დამკვირვებლისთვის განსაკუთრებული ტიპის უცნაური სისტემების „შინაგანი გამოცდილებით“ მიუწვდომელს ვუწოდებ კიდეც; გამოცდილებაში, – და ესაა აქ მთავარი – ადამიანი, მისი მატარებელი, საკუთარი თავისთვისაც კი მიუწვდომელია. ეს იმიტომ, რომ ადამიანი, თავისი არსით, მთლიანად შინაგანში (სხეულში, ტვინში, აზრში) დანთქმული როდია, საკუთარი თავისკენ შორიდან მოდის და მოცემულ შემთხვევაში, ვერასდროს აღწევს მას. ლექსში ასახული ეს კავშირები ამა თუ იმ სახით მომდევნო მსჯელობისას გამოჩნდება.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი