რადჰანათა სვამი:,,პატივად ვთვლიდი, როცა მაღალი იდეალების გამო მდევნიდნენ”

0
175

ჰარი ლისი, რომელთან მეგობრობამაც საბოლოო ჯამში ყველაზე საოცარი გავლენა მოახდინა ჩემს ცხოვრებაზე, კეთილი, კომუნიკაბელური და რაც მთავარია თავგადასავლების დაუდეგარი მაძიებელი იყო. ჰარი იმ მეამბოხეების რიცხვს განეკუთვნებოდა, რომლებმაც ბოლომდე იპოვეს საკუთარი თავი კონტრკულტურაში.

პირველი სასწავლო წლის შემდეგ, საზაფხულო არდადაგებზე, მე და ჰარი კალიფორნიაში წავედით სამოგზაუროდ. იქ სრული თავისუფლებით ვტკბებოდით “სანსეტ სტრიპზე” და ჰეიტ-ეშბერში. “ყვავილების შვილთა” ამ სამოთხეში ბევრი შესანიშნავი ადამიანი გავიცანით – ისეთივე იდეალისტები, როგორებიც ჩვენ ვიყავით. გვხვდებოდნენ სხვანაირი ადამიანებიც – დამანგრეველი, უხეში, გარყვნილი ხასიათის მქონენი ან უბრალოდ სიამოვნებებისადმი დახარბებულნი, მაგრამ მათგან ვცდილობდით შორს დაგვეჭირა თავი.

1969 წელს სკოლის საუკეთესო მეგობრებთან: ბასუნთან, სტივთან და ჰარისთან ერთად
ფლორიდაში, მაიამი დეიდის კოლეჯში ჩავაბარე. როგორც ჩემი თანატოლების უმეტესობა, მე ახალგაზრდა, ჭირვეული და თავგადასავლების მაძიებელი ვიყავი, მაგრამ სწორედ მაშინ
დავიწყე საკუთარ თავში იმ სურვილის აღმოჩენა, რომელიც ყველა დანარჩენს ჩრდილავდა. ეს სურვილი სულიერებისადმი გადაულახავი სწრაფვა იყო. იგი დღითიდღე ზრდებოდა. ვიღაცამ მათხოვა წიგნი – “მსოფლიოს უდიდესი რელიგიები”. მე ხარბად დავეწაფე თვითოეულ სიტყვას და არაფრით შემეძლო სულიერი ცოდნისადმი წყურვილის დაცხრობა. შემდეგ, სხვა წიგნების კითხვისას, აღმოვაჩინე უხმო მედიტაციის უძველესი ინდური მეთოდი წმინდა მარცვალზე “ომ”. საკუთარი თავის სიღრმეში მოგზაურობისას აღმოვაჩინე სხვა რეალობა, იმდენად საოცარი, რომ უფრო და უფრო ღრმად მინდოდა მასში შესვლა.

ერთ დილას, სტუდენტურ ქალაქში ვნახე განცხადება ლექციის შესახებ, რომელიც
ტრანსცენდენტულ მედიტაციას ეძღვნებოდა. ლექციაზე წვერებიანი გრძელთმიანი ამერიკელი სახელად მაიკლი ჰყვებოდა ცნობიერების მეცნიერებაზე, რომელიც მაჰარიში მაჰეშა იოგის სწავლებაზე იყო დაფუძნებული. ამან ძალიან დამაინტერესა. მაიკლმა ფლორიდის ჰოლივუდში მიმიწვია, სადაც ყველანაირი ვალდებულებების გარეშე შემეძლო ინდივიდუალური მანტრის მიღება მედიტაციისთვის.

საკურთხეველზე ყვავილი, ძვირფასი ნაჭერი და ოცდათხუთმეტი დოლარი დავდე, რის შემდეგაც ყურში მანტრა ჩამჩურჩულეს, რომელიც ერთი მარცვლისგან შედგებოდა. მას შემდეგ ყოველდღიური მედიტაცია ჩემი ცხოვრების ყველაზე მთავარი ნაწილი გახდა.
სულიერების თესლი მალე იზრდებოდა ჩემში. მაგრამ მასთან ერთად იზრდებოდნენ
ფარისევლობისა და ფანატიზმის აუტანლობის სარეველები. მოვუშვი რა თმები საყოველთაო
ნორმების პროტესტის ნიშნად, მე გავხდი სამიზნე მათთვის, ვინც ვერ იტანდა ჰიპებს, მათ
შორის პოლიციელებისთვის. ისინი რეგულარულად მაჩერებდნენ, მჩხრეკდნენ და ყველანაირად თავს მაბეზრებდნენ. როცა ვხედავდი იმ ზიზღს, რასაც ჩემი გრძელი თმა, რწმენა და შეხედულებები იწვევდა, საკუთარ თავს მოწამედ აღვიქვამდი და ცოტათი ვამაყობდი კიდეც ამით. პატივად ვთვლიდი, როცა მაღალი იდეალების გამო მდევნიდნენ. ეს გაცილებით უკეთესი იყო, ვიდრე ბრბოს აზრის გაზიარება და მოდის აყოლა. ამასთან ერთად ვხვდებოდი, რომ იმათი სიძულვილი, ვისაც მე ვძულდი – ეს იგივე მანკიერებით ავადმყოფობას ნიშნავდა. ამიტომ ვცდილობდი დამენგრია ის საზღვრები, რომლებიც ადამიანებს ყოფდნენ, და აღმომეჩინა ყველა რელიგიის საიდუმლო არსი, გამეცნობიერებინა ღმერთის ერთიანობა.

კოლეჯში ფსიქოლოგიით და სხვა ჰუმანიტარული მეცნიერებებით დავინტერესდი, მაგრამ
მედიტაცია და მუსიკა ყოველთვის პირველ ადგილზე რჩებოდა ჩემს ცხოვრებაში. ქალაქ ოპა
ლოკაში, კოლეჯთან ახლოს, სახლში, რომელსაც ყველა “საფერფლეს” ეძახდა, ცხოვრობდა
მუსიკოსი ჯეიმს ჰარმონი მეტსახელად ჯიმი-დათვი. ის მაღალი იყო, გრძელ თმას და წვერს
ატარებდა. ის ტუჩის ჰარმონიკაზე უკრავდა და სოლისტი იყო ჯგუფში Burning Waters Blues
Band.

დათვმა უმცროსი ძმასავით შემიყვარა. ერთხელ ამაყი ღიმილით მაჩუქა თავისი ტუჩის
ჰარმონიკებიდან ერთ-ერთი:
“ძამიკო, ტუჩის ჰარმონიკაზე დაკვრას გასწავლი”.
“მაგრამ მე ნოტები არ ვიცი”, – მორცხვად ვუპასუხე მე.
“ეს არაა მნიშვნელოვანი. შენ იცი რას ნიშნავს ღრმა გრძნობა, ბლუზში კი ესაა მთავარი.”
მას შემდეგ ჰარმონიკა ჩემი მუდმივი თანამგზავრი გახდა.
კოლეჯში შავკანიან სტუდენტებს დავუმეგობრდი და ერთ-ერთი მათგანის მეშვეობით მარტინ
ლუთერ კინგ-უმცროსის თანამოაზრე გავიცანი. ეს იყო გამხდარი, მაგრამ ძალიან მტკიცე
ნების მქონე ქალი, რომელიც მეთაურობდა მოძრაობას სამოქალაქო უფლებებისათვის. ორმოც წელზე გაცილებით მეტის იქნებოდა, მე კი სულ რაღაც თვრამეტის ვიყავი, ამიტომ დედას ვეძახდი, ის კი შვილს მეძახდა. ხშირად ვსაუბრობდით დოქტორ კინგის ქადაგებებზე და ერთად განვიცდიდით მის ტრაგიკულ სიკვდილს. როგორც ბაპტისტს შეეფერებოდა, ის
კეთილი და მოწყალე იყო, მაგრამ ამასთან მტკიცე და უშიშარი.

ერთხელ თავის ორგანიზებულ შავკანიანთა სამოქალაქო უფლებების დასაცავად მოწყობილ მსვლელობაზე დამპატიჟა. როგორი გაუკვირდა და გაუხარდა, როცა მივედი – თეთრი ყმაწვილი შავკანიანების მარშში მონაწილეობდა. ხელი ჩამკიდა და ამაყად გაუძღვა
მსვლელობას. ბევრს გაუკვირდა ჩემი იქ ყოფნა. თეთრი რასისტები გვისტვენდნენ და გვემუქრებოდნენ, როცა ახლოს ჩავუვლიდით. პოლიციელები დემონსტაციულად გვაქცევდნენ ზურგს და ჩვენსკენ ბოთლები და ქვები ცვიოდა. დედამ გაიღიმა, როცა სამასზე მეტმა ადამიანმა ერთად დაიწყო სემ კუკის სიმღერა “A Change Is Gonna Come” და “We shall Overcome”. მარშის კულმინაცია იყო – მიტინგი პარკში. ყველა გასაშლელ სკამებზე დაჯდა, მე კი დედის გვერდით დავჯექი. შემდეგ ის მიკროფონთან მივიდა და სიტყვა წარმოთქვა. იგი ამხელდა თეთრკანიანების შავკანიანებისადმი უსამართლობას და მოუწოდებდა “ძალადობის გარეშე აჯანყებისაკენ”.

მისი თავდაჯერებული ხმა მთელ პარკში გუგუნებდა: “ძალადობა იმ ბოროტების გზამდე მიგვიყვანს, რომელიც ჩვენმმა მდევნელებმა აირჩიეს. ჩვენ უშიშრები უნდა ვიყოთ და ერთად დავიცვათ ჩვენი უფლებები, მაგრამ არა ცეცხლით და მახვილით, არამედ ერთიანობით და ყოვლისშემძლე უფლისადმი რწმენით. ბოიკოტი გამოვუცხადოთ ყველაფერს, რასაც რასობრივი დისკრიმინაციის სუნი ასდის. მჩაგვრელებისადმი წინააღმდეგობის გაწევით, ჩვენ თავად არ უნდა ვთქვათ უარი ჭეშმარიტებაზე”. მისი ხმა თრთოდა და თვალებში ცრემლები უბრწყინავდა, როცა თავისი მასწავლებლის სიტყვებს იმეორებდა:
“ამერიკა – ეს თავისუფლების ქვეყანაა. ჩვენ არ დავიხევთ უკან, სანამ მონობის ბორკილებს
ბოლომდე არ გადავაგდებთ. და მაშინ ცაში ხელებაწვდილნი ვიყვირებთ:
“როგორც იქნა თავისუფლები ვართ! როგორც იქნა თავისუფლები ვართ!” მამა კინგს ოცნება
ჰქონდა. ამ ოცნების საფასურად სიცოცხლე გაიღო. და ჩვენ ამ ოცნებისთვის ვიცოცხლებთ.
ამინ”.

პარკი აპლოდისმენტების ხმამ შეძრა. დედა თავის ადგილზე დაბრუნდა, ჩემსკენ დაიხარა და
ჩუმად მკითხა:
“მოგეწონა?”
მე ენერგიულად დავუქნიე თავი.

შემდეგი ორატორი მოულოდნელად პოლემიკაში შევიდა მასთან – მისი გამოსვლა ღიად
მოუწოდებდა აჯანყებისაკენ: “იმის იმედი, რომ რასისტების დამარცხება ძალადობრივი მეთოდების გარეშე შეგვიძლია, მამა კინგთან ერთად მოკვდა! – წარმოთქვა მრისხანე ხმით. – ძმებო და დებო, გაიღვიძეთ! ცეცხლს ცეცხლით ებრძვიან. ამერიკამ იარაღით ხელში მოიპოვა თავისუფლება. ამიტომ უნდა დავიფიცოთ, რომ დევნას დავუწყებთ თეთრ ექსპლუატატორებს და გადავწვავთ მათ ქალაქებს”.

შეკრებილთა ნახევარმა თანხმობის ნიშნად დაიყვირა, ხოლო დანარჩენებმა შეცბუნებულებმა გააქნიეს თავები. გაოფლიანებული ორატორი მუშტების მოღერებით აგრძელებდა თავის სიტყვას: “თეთრები ფიქრობენ, რომ ჩვენ მუდამ კმაყოფილნი ვიქნებით ავტობუსების უკანა ნაწილში ჯდომით და ვიცხოვრებთ გეტოში, როგორც ციხეში, – რისხვამ გაიელვა მის თვალებში, როცა თითი ჩემსკენ გამოიშვირა და დაიყვირა: – ძმებო და დებო, შეხედეთ! დღესაც კი, ჩვენს მსვლელობაზე, თეთრი ადამიანი უსირცხვილოდ მეთაურობს მსვლელობას, ჩვენ კი, შავკანიანები უკან მივყვებით!” ორატორის მომხრეებმა სიბრაზისგან დაიხუვლეს. ორატორი აგრძელებდა ჩემს მხილებას, როგორც ყველაფერ იმის სიმბოლოსი, რომელიც სძულდათ და ვერ იტანდნენ. ის შურისძიებისკენ მოუწოდებდა ყველას. დედა წამოხტა, რომ ჩემს დასაცავად სიტყვა ეთქვა, მაგრამ მისი ხმა ორატორის მრისხანე ყვირილმა დაფარა. ამასთან მას მიკროფონი და დემონსტრანტთა უმეტესი ნაწილის მხარდაჭერა ჰქონდა. დედამ ნაზად მომკიდა ხელი და მწუხარე ხმით მითხრა: “შვილო, მაპატიე ძალიან გთხოვ. ღმერთია მოწმე, მე დაგაყენე მსვლელობის სათავეში. შენ
მომენდე და ამის გამო საფრთხეში აღმოჩნდი, ხელზე ხელი მომიჭირა და ამოიოხრა. – ახლა
კი წადი. ღმერთი იყოს შენი მფარველი”.

ვცდილობდი ყურადღება არ მიმეპყრო და ჩუმად გავიპარე მიტინგიდან. დედა ყურადღებით
მადევნებდა თვალყურს და მზად იყო აუცილებლობის შემთხვევაში დავეცავი. მე მაოცებდა ის ფაქტი, რომ ადამიანები, რომლებიც თანასწორობისთვის და სამართლიანობისთვის იბრძოდნენ, მზად იყვნენ დაუფიქრებლად გაენადგურებინათ ყველა, ვინც მათგან განსხვავდებოდა.

პარკიდან გამოვაღწიე და მშვიდად ამოვისუნთქე. მიუხედავად ამ დღის მოვლენებისა, მე უფრო დიდი მოწიწება ვიგრძენი მამა კინგისადმი და მისი მიმდევრებისადმი. ისინი უმოწყალოდ ებრძოდნენ როგორც გარე, ასევე შინაგან მტრებს. სამხრეთული მზის ქვეშ ხეტიალობდი და გამახსენდა ერთი გამოთქმა, რომელიც ნათელს ჰფენდა მიმდინარე დღის მოვლენებს: თუ ადამიანს არა აქვს იდეალი, რომლისთვისაც მზადაა სიცოცხლე გასწიროს, მაშინ მის სიცოცხლეს ფასი არა აქვს. და მაშინ ყველაფერს მივხვდი. მარტინ ლუთერ კინგ- უმცროსს ჰქონდა ოცნება, რისთვისაც ცხოვრობდა და რისთვისაც მოკვდა.

მისმა ოცნებამ მსოფლიო შეცვალა. განა ნებისმიერ ჩვენგანს არ შეუძლია ამის მიღწევა, თუ თავისი მოწოდებისადმი ერთგულებას ბოლომდე შეინარჩუნებს?

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი