მიხეილ ჯავახიშვილი – ისევ ქართული ენის შესახებ

0
91

ჭირი დაუმალავი სჯობიაო. ეს ჭირიც ჩვენი ძველი ნაცნობია, თითქმის ნაჩვევი და გაშინაურებული.

ქართული ენის ამღვრევისა დადამახინჯების შესახებ მოგახსენებთ. ეს საგანი გაცვეთილი და თავმოსაბეზრებელია, მაგრამ ჩვენი დანარჩენი ჭირვარამნი და სატკივარნიც დაძველდნენ.

ყველას ბავშვობიდანვე გვახსოვს ამ საგანზე ჩივილი და ზრუნვა, მაგრამ ჩვენი დასნეულებული ქართული ენა ფეხზე წამოდგომისა და დაწმენდის მაგიერ უარესად დაავადდა და ატალახდა. ისიც გვახსოვს, რომ ერთ დროს გადაგვარებულებს თითებზე ჩამოთვლიდიტ ხოლმე

ეხლა კი ანგარიში აგვერია და სათვალავი დაგვეკარგა. გვახსოვს ,,დროების“, ,,ივერის”, ,,მოამბესდა ,,ცნობის ფურცელისქართული, ეხლა კი – ,,ქართული სიტყვისერთი წერილის ავტორისა არ იყოსნაწერზე ადვილად გამოიცნობთ დამწერის დაბადების კუთხეს. ამ მხრივ ჩვენში უსაზღვრო თავისუფლება დამყარდა. აღარაფერს ერიდებიან და ჟუნრალგაზეთებში თამამად სწერენ: ,,ლაფატკა” ,,ფლაგი”, სიროსტი”, ,,ტუმანიდა სხვ. არ ვაჭარბებ, ეს სიტყვები მე თვითონ წამიკითხია და იმავე დროს გამხსენებია, რომ თითო ასეთ სიტყვას ჩვენ შეგვიძლიან ორი და სამი ქართული დავახვედროთ.

უკან აღარავინ იხედება. ცოტაოდენი ცოდნა ენის კანონებისა სავალდებულოდ აღარავის მიაჩნია

წიგნის ფურცელი სუსტი ანარეკლია იმ უბადრუკ სურათისა, რომელსაც ყოველ ნაბიჯზე წააწყდებით დღევანდელ ოჯახში, ქუჩაში და დაწესებულებებში

ამ დღეებში სასამართლოში გახლდით. ერთ დარბაზში ნამდვილი სეტყვა მოდიოდა ასეთის სიტყვებისა: “ჟენოტდელი”, “ჩისტკა”, “სოკრაშჩენიე”, “უბორკა”, “ბირჟა ტრუდა”, “სატრუდნიკი”, “მესტკომი”, “სოვრაბოტნიკი”, “ზემოტდელი”, “სანტრუდიდა ათასი ამისთანა ნარევი, გაუგებარი და გონჯი.

 ასე ლაპარაკობდნენ ქართველები. ასეთივე ამბები ხდება დაწესებულებებში, სადაც ისევ ქართველები ოფლში იწურებიან ქართულის წერით. გეგონებათ, წინანდელ გიმნაზიელებს ლათინურს ან ბერძნულს აწერინებენო.

 ან კი რა საკვირველია! დაიარეთ რომელიმე დაწესებულება და დაელაპარაკეთ თანამშრომლებს ქართულად. იშვიათად მიიღებთ პასუხს ქართულადვე. დაუგდეთ ყური ამ ხალხის ენას: ნამდვილი ვოლაპიუკი, ჟარგონი, უშნოდ ნარევი და ნამყნობი, უმგვანო. ამ ჯურის ხალხმა ხეირიანად არც ქართული იცის, არც რუსული, თვითონვე რომ შეიგნონ თავიანთი უენობა და მოისმინონ თავიანთი რუსულქართული ან სულ დამუნჯდებოდნენ, ან თავიდანვე დაიწყებდნენ ენის შესწავლას

უცებ რომ ჩვენმა წინაპრებმა წამოიწიონ და ყური უგდონ დღევანდელ ქართულს, ნებაყოფლობით უკანვე ჩასცვივდებიან საფლავებში.

აი, ასეთი ჰიბრიდები არიან, რომ ქართულ ენას და კულტურას უმზადებენ ლათინურ და ირლანდიურ ენების ბედს, .. ნელნელა მარხავენ ჩვენი ხალხის ცოცხალ ენასმეტად მდიდარს, მოქნილს, ფერადსა და ხმოვანს.

რას გვიშველის მარტო საქმის წარმოება ქართულად?! კათოლიკური ეკლესია დღესაც ლათინურ ენაზე აწარმოებს წირვას და მიწერმოწერას, მაგრამ ეს ენა მაინც მკვდარია. ნუთუ შეიძლება მოკვდეს ენა შოთასი, ილიასი, აკაკის და ვაჟასი? დაუჟერებელია! მაგრამ გონება და რეალობა მაინც თავისას გაიძახიან და მრისხანე მუქარას გვითვლიან.

თევზი თავიდან აყროლდებაო. სწორედ ჩვენს ინტელეგენციაზეა ნათქვამი. იგი ჩემულობს ხალხის მეთაურობას და ხელმძღვანელობას. მაგრამ ამ შემთხვევაში მაინც, გახრწნა და გადაგვარებაშიც მასვე ეკუთვნის პირველობა და სხვებზე ადრე იმან უნდა დაიწყოს ზრუნვა საკუთარი თავის განკურნებაზე.

ზოგნი ამ სნეულებას უიმედოთ შესცქერიან, მე კი მაგონდება ერთი მაგალითი: 1905-1906 წლებში, სულ ორიოდე წელიწადში ყველა სომხები თავიანთ დედაენაზე ალაპარაკდნენ (ბარაქალა იმათ!)

როგორ მოხდა ეს ამბავი? სულ უბრალოდ: მოინდომეს და შეასრულეს, ხალხის ნებაყოფლობამ, უკვდავების ალღომ და სიცოცხლის წყურვილმა ასი წლის ნაშენი ზღუდენი გადალახა და თავისი ენით ამეტყველდა.

არც ჩვენა გვაქვს სხვა გზა, გარდა ასეთივე ნებისყოფის, დაჟინების, შეგნებისა და სიცოცხლის წყურვილისა.

ყველამ თვითონვე უნდა იზრუნოს თავის თავსა და ოჯახზე. 1924., 25 მაისი

როგორ ვმუშაობ

ამ თემაზემწერლის მუშაობაზეზოგი მწერალი მთელ ტომს დასწერდა

იგი ძალიან ფართეა და რთული. მას ორი მხარე აქვს: ტექნიკური და ფსიქოლოგიური. წერის მარტოოდენ ტექნოლოგია არც იმდენად საინტერესოა, ხოლო შემოქმედების ფსიქოლოგია ძალიან ძნელიც არის და მოსაწყენიც. იგი იმიტომ არის ძნელი, რომ შემოქმედების ფსიქოლოგია, როგორც მეცნიერებაისიც ექსპერიმენტალური! – არც კი არსებობს, ხოლო რაც არსებობსმეტისმეტად ცვალებადია, დაუდეგარი და ჭრელი. შემაძრწუნებელია ის დრო, როცა ვინმე ვივისექტორი პოეტს ან კომპოზიტორს კეფაზე ახალნაირ აპარატს მიადებს და მისი აზრებისა და ლანდების სურათს გადაიღებს. თუმცაგულმშვიდად იყავიტ, ხელოვანნო, ასეთი დრო არასოდეს არ დადგება, იმიტომ, რომ ის აპარატი მონადირესავით დააფრთხობს ნადირსაზრს

ხიბლს, სახეს, ვინაიდან შემოქმედება და სიყვარული მეტიჩარა მეთვალყურეს თანაბრად გაურბიან.

მაგრამ რადგან შემოქმედებაც და მისი ფსიქოლოგიაც მაინც არსებობს, იმიტომ ზოგი ვინმესთვის სასარგებლო იქნება ცალი თვალით მაინც ჩაიხედოსი იმ იდუმალ კოლოფში, სადაც რომანი, პოემა, ოპერა, სურათი ან ქანდაკება მზადდება.

ბედნიერია, ვინც თავისი გზა ჭაბუკობის დროსვე იპოვა. მამაჩემი სოფლის მეურნე იყო და მეც ამ ხელობისთვის მამზადებდა. აგრონომიამ რვა წელიწადი წამართვა. მამაჩემი რომ გარდაიცვალა, სკოლის დირექტორმა დამიბარა და მითხრა: ,,თქვენ აგრონომად არ გამოდგებით, ამიტომ გირჩევთ სხვა ხელობა აირჩიოთ, მაგალითად, ტელეგრაფისტობა. ღოგორ მოგწონთ? ,,მშვენიერი საქმეამეც დავეთანხმე და აგრონომობას თავი დავანებე, მაგრამ არც ,,მშვენიერი საქმემიკისრია. მე სხვა რამე მაწვალებდა. მინდოდა მხატვარი გამოვსულიყავი, ნამდვილად კი წერას და ლიტერატურის შესწავლას შევუდექი და იმ დღიდან ჩემს მწვალებელს აზრებსა და სურათებს ქაღალდზე ვღვრიდი

მართალია, მხატვრულ შემოქმედებას მალე დავანებე თავი და თითქმის ოც წელიწადს ვდუმდი, მაგრამ ამას გვერდს ავუხვევ, ავტობიოგრაფია სხვა დროისთვის იყოს.

იმ დროს მწერლობაში ,,საწყალი კაციიკალათებდა და მეც მიმიზიდა. ერთხელ ბაზარში მათხოვარა დავინახეჯუჯა, უბადრუკი, მუნჯი, მასხარა. დიდხანს ვსდიე და ვუთვალთვალე. მერმე საღამოს შვიდ საათზე ჩავუჯექი და მეორე დღეს თორმეტ საათზეღა ავდექი. ასე დაიბადა ,,ჩანჩურა”. ეს მოთხრობა ორჯერ გადავწერე და ,,ცნობის ფურცლისრედაქციას მივუტანე, რომელმაც ერთი კვირის შემდეგ მწერალთა ოჯახში შემიყვანა

 ერთ საწყალს რამდენიმე საწყალი მოჰყვა (,,უპატრონო”, ,,თავდავიწყება”, ,,მეჩექმე გაბო’’, ,,კურკას ქორწილი’’) და ეს მოტივიდაჩაგრული და უბედურიოცი წლის დუმილის შემდეგაც მრავალჯერ გავიმეორე, შეუძლებელია არ განმეორებულიყო, ვინაიდან მწერლისთვის სიბრალული და თანაგრძნობა იგივეა, რასაც თითები წარმოადგენს ოსტატ მეჩონგურესთვის

იმ დროსჩემი მწერლობის პირველ ხანშიერთი მოტივიც გამოჩნდა: ”ეშმაკის ქვაგუსტავ ლებონისბრბოს ფსიქოლოგიამდამაწერინა, ხოლოხალხის სამართალშიაწერილი სურათი ჩემივე თვალით ვნახე ცხინვალში.

რა მასალა უფრო მშველისავტობიოგრაფია, დაკვირვება, წიგნი თუ ჩანაწერები? ყველა ერთად ცალცალკე კი არცერთი. ყველაზე უფრო სახიფათო მწიგნობრული მასალაა. თავისუფალი შემოქმედების მაგიერ ბრმა მიმბაძველობა გამოვა. დაკვირვება ერთ დროს კულტად მქონდა გადაქცეული და ძალიან დამეხმარა. პროზაიკოსისთვის იგი ფრტებს უდრის, უამისოდ ვერ გაფრინდება. შესაძლებელია, მან ხალასი ფსიქოლოგიური რამე დასწეროს,მაგრამ ის ვერ შეჰქმის ცოცხალ ტიპს, ვერ დაგვიხატავს პეიზაჟს, ვერ დაგვანახებს სულიერუსულო საგნების ურთიერთობას, .. ბუნებას, სიცოცხლეს, ცხოვრებას. მისი დანიშნულება კი სწორედაც ეს არის და სხვა არაფერი

მან უნდა გვაჩვენოს და დაგვანახოს ხოლო მსჯელობა, აღწერა და საუბარი სხვებს უნდა დაუთმოს, ვისაც დაკვირვების მარაგი არა აქვს, ის ვერც ვერაფერს გვაჩვენებს

დაკვირვება და ავტობიოგრაფია განუყრელად არის ერთმანეთში ჩახლართული. განცდილი და საკუთარი თვალით ნანახი ისევე არა ჰგავს მოგონილს, როგორც სულიერი უსულოს. ადამიანის ორი მესამედი სითხეა, ხოლო ერთი მესამედი ცხიმია, ცილა, კირი, შაქარი და რკინა, მაგრამ ეს ელემენტები რომ შეაერთოთ, ადამიანი მაინც არ გამოვა. ჰომუნკულმა და პერპეტუმმობილემ ასიათასობით გააგიჟა მეცნიერიც და არამეცნიერიც, ხოლო ნაძალადევად მოგონილმა მასალამ ამდენივემწერალიდაასამარა და ზოგი უდავოდ დიდი მწერალიც დაამარცხა. ჩოცხალ ადამიანს სითხეც აქვს, რკინაც, კირიც დაკიდევ ისრაღაცა”, რაცხესა შეიქმს ხმელსა ნედლად”. ყველას შეუძლია რაღაცა ამბავი მოიგონოს, მაგრამ თუ მას ესრაღაცა” – განცდილი და ნანახიარ ახლავს, უსულო ფაბულა და ხერხები იმ თილისმურ ქმნილებად ვერ გადაიქცავა, რომელიც თვითონაც ჰფეთქავს, ჯადოსნობს და ჩვენც გვათრთოლებს და გვაჯადოებს, მაგრამ ნუ გგონიათ თითქოს ეს ყოფილიყოს უმთავრესი და საკმარისი

უკლებლივ ყველას გადაჰხდენია რაღაც ამბავი, რაღაც განუცდია და რაღაც უნახავს, მაგრამ ყველა მწერლად არ ივარგებს. მწერალს და საერთოდ შემოქმედს ბევრი ისეთი რამე სჭირდება, რაც უკვე იცის მეცნიერებამ, და ერთი ისეთი რამეც, რაიც ჯერჯერობით უძლეველია და მიუგნებელი.

ერთი მხრივ მე ბედნიერი მწერალი ვარ: ძალიან ბევრი მივლია, მინახია, განმიცდია და გამიგონია, ამიტომ ავტობიოგრაფიული დუღაბი საკმაოდ მომეპოვება.

ცოდნაც არა კმარა. მარტო მწიგნობრული განათლება მცოდნეს გამოიყვანს, მაგრამ განათლებულ მწერალს ვერ შეგვიმზადებს. მარტო ცოდნა, ნამეტანი კი დიდი ცოდნა მწერალს ზოგჯერ ხიფათსაც უმზადებს. თენი სწერს: “პოეტისთვის ძალიან სახიფათოა თავის ხელობის ზედმიწევნით ცოდნა, რადგან ის პოეზიაში რადგან ის პოეზიაში ხელოვანი კი არა, ხელოსანი იქნება”. იგივე აზრი ტენზე უფრო ადრე გოეთემ გამოსთქვა. ამას იმიტომ ვამბობ, რომ მარტო წიგნი და კარჩაკეტილობა პატიმრობას უდრისმეთქი

მწერალმა, ნამეტან კი პროზაიკოსმა, ბევრი უნდა იმოგზაუროს, რათა ყველაფერი ნახოს, განიცადოს, გაიგოს, მოისმინოს და შეისრუტოს, თორემ ვისაც ბევრი არა მიუღია რა, ის ბევრს ვერც მოგვცემს.

პროტოტიპი ძლიერ ეხმარება მწერალს. თუ მას თვალწინ ცოცხალი ნაცნობი უდგია, მისი ტიპიც ცოცხალი გამოვა. მაგრამ პორტრეტის დახატვა არა კმარა. მწერალი მას თავისებურად გარდაქმნის, ზოგ რამეს მიუმატებს, ზოგსაც დააკლებს და ისეთ ვინმეს გამოიყვანს, რომელიც კიდეცა ჰგავს დედანს და არცა ჰგავს.; ასე იქმნება სინტეტური ტიპი. ,,ჩანჩურაცოცხალი ვნახემეთქი

ვნახე მეჩექმე გაბოც, კურკაც, ლამბალოც, ყაშიც, აბდულაც. კვაჭი მრავალჯერ შემხვედრია, ჩემთვისაც გაუკრავს მას კლანჭი

ის ნარევი ტიპია.

ჯაყო სულ სხვანაირად წარმოიშვა. 30 წლის წინათ ჯავის ხეობაში უცნაური ვინმე შემხვდაბრგე, ბანჯგვლიანი, ცბიერი, ხარბი, ამავე დროს მარდი და მოხერხებული. მისი სახელი აღარ მახსოვს. 10 წლის შემდეგ ინჟინერმა ფიდო ყაზბეგმა ქართულ კლუბში ასეთი ანეკდოტი გვიამბო: ნაყმევმა თავის კნეინას ძღვენი მიართვა.

 – გამარჯვება, ჯაყო!

 – კნეინას გახლავარ.

 – რასა იქმ, როგორა ხარ?

 – ძალიან კარგადბრძანდები, შენიირი მე.

 – ცოლშვილი როგორა გყავს?

 – სულ კარგათა ხართ, გენაცვალე.

 – რამდენი შვილი გყავს, ჯაყო?

 – თორმეტი გყავს, გენაცვალე მაგ თვალებშია.

 – როგორ მოახერხე მაგდენი, ჯაყო?

 – მაშა, მაშა! აგრე ვიცის ჯაყომა! – მიუგო ნაყმევმა.

 უკანასკნელ სამ სიტყვაში ამაზე უფრო მწვავე პილპილი ეყარა. ანეკდოტი ჩემს ხსოვნაში ხუთიოდე წუთზე მეტს ვერა სძლებს, მაგრამ ამ უწმაწურ ანეკდოტს ჯაველი ოსი ჩაეხლართა და ამ სახემ ჩემი ხსოვნის ერთერთ კუნჭულში დაიბუდა. კიდევ გავიდა ათიოდე წელიწადი და იგი მოულოდნელად გაცოცხლდა, გაშიშვლდა და თვალწინ წამოეჭრა. აი ზოგჯერ რა უცნაურად იბადება ტიპი.

 არსენას ტიპის ასახვის დროს ჩემი ბიძაშვილი ბაგრატ ბურნაძე მედგა თვალწინ

ღვთისავარი პაპაჩემი ანდრო ბურნაძეა. ლაცაიძე თავადი მელიქი შვილის მზარეული სანდროა. მოგონილი ტიპი მშრალი გამოდის, პროტოტიპად გადმოღებულს კი მეტი სიცოცხლე ეტყობა.

მეკითხებით, პირველ იმპულსს რა გაძლევთ, – გაგონილი ამბავი, დაკვეთა, სახე თუ სხვა რამეო? გიპასუხებთ; ერთიც, მეორეც, მესამეც. ,,თავდავიწყება” (ეკა) სვ. ყიფიანმა მიამბო, ,,ტყის კაცი” – პაოლო იაშვილმა, ,,ორი განაჩენი” – შოთა დადიანმა, ,,მართალი აბდულაჰ” –სანდრო შანშიაშვილმა, ,,თეთრი კურდღელი’ – პროფ. ასათიანმა, სხვებისგანაც ბევრი რამ მოვისმინე და აქაიქ რომანებსა და მოთხრობებში გავფანტე. ყველას და ყველაფერს ვერ მოვიგონებ

წესად დავიდე და დღემდე ვასრულებ: თითქმის ყოველდღე რაღაც უნდა ჩავიწეროსიტყვა, სახე, თქმა, ამბავი, წვრილმანი და მსხვილმანიც. ზოგი ყურმოკრულია, ზოგი თვალმოკრული და ზოგიც მოგონილი. ეს მასალაგაგონილი და მოგონილიშემოქმედების ლაბორატორიაში იხარშება, მუშავდება და ბოლოს ისეთი რამე გამოდის, რასაც ზოგჯერ თვითონ ავტორიც ძლივს იცნობს ხოლმე.. 

ქართული წიგნი და ქართველი მწერალი

საერთოდ მწერლობა ერის სულიერ კულტურის ერთერთ დედაბოძად ითვლება. ასე იყო ყველგან და ყოველთვის. ასეა ჩვენშიც დღესაც.

 ერთის გაკვრით რომ გადავავლოთ თვალი ჩვენს შორეულსა და მახლობელს წარსულს, ადვილად დავინახავთ, რომ კულტურის ეს დარგიც მფარველობით შენდებოდა. სასულიერო მწერლობას ეკლესია აცხოვრებდა, საეროსხაზინა, ჯარადა ძლიერნი ამა ქვეყნისა.

 შემთხვევითი მოვლენა არა არის ის გარემოება, რომ წარსულ საუკუნეში თითქმის ყველა ჩვენი გოლიათი მწერლები თავადაზნაურნი იყვნენ.

 თუ მათ შორის გაერივნენ ღარიბი მწერლები, შუა გზაზე გასტყდნენ, ადრე დაილივნენ და მოსაცემის ნახევარიც ვერ მისცეს ქართულ კულტურას

ყველას თვალწინ გვიდგა ტრაგიკული ბედი უეჭველ გენიოსების ვაჟა ფშაველასი და ნიკო ბარათაშვილისა. ქართულმა რეალობამ ორივენი მიყრუებულ ბუნაგებში ჩაჰკლა და იმდენი ვერ მოახერხა, რომ მათთვის მიეცა თავისუფალი დრო და საცხოვრებელი ბინა ტფილისში. ვინ დასთვლის, “ვინ იცის რაოდენი საუნჯენი დავკარგეთ ჩვენაამ გაუტეხელს, ულმობელ და უძლევნელ რეალობის გამო?

 ერთი მუჭა ხალხი ვართ, ისიც ევროპელებთან შედარებით მეტად ღარიბღატაკნი. და ჩვენი ლიტერატურის ღარიბობას ვინ მიაწერს ქართველ ხალხის შემოქმედების უნარის სისუსტეს, ან ამოწურავს? რამდენიმე სახელი რომ მოვიგონოთ, ესეც საკმარისი იქნებოდა. ამას თუნდ მარტო შარდენის სიტყვები დავუმატოთ: “ქართველებს რომ შესაფერისი პირობები ჰქონდეთ, მრავალს დიდ ხელოვანსა და მეცნიერს მისცემდნენ კაცობრიობასო”. საქმეც მხოლოდშესაფერ პირობებშიყოფილა. მაგრამ პირობებიც ორნაირია: დასაძლევი და უძლეველი

უძლეველ პირობებსჩვენს მცირერიცხოვანობას და სიღარიბეს დავანებოთ. ეს მომავალ ისტორიის საქმეა, დავუბრუნდეთ დასაძლევს, სადღეისო საქმეს.

ერთს წერილში უკვე ვსთქვით და ეხლაც ვიმეორებთ, რომ წიგნის ბეჭდვის გადაქცევა საწარმოო საქმედ და ერთგვარი სახელმწიფოებრივი დახმარება ორი უმთავრესი საფუძველია მწიგნობრობის განვითარებისა.

პირველისთვის საჭიროა იაფი წიგნი და დიდი ტირაჟი, .. ბევრი მყიდველი, .. წიგნის გავრცელება. ქართული წიგნი რომ პროვინციელ მყიდველს ვერ სწვდება, ამაზე ბევრი თქმულა და დაწერილა. ამ საგანს ერთი წერილი ჩვენც მივუძღვენით. ქართული წიგნის მცირე გავრცელების ერთერთი მიზეზეი წიგნის სიძვირეც გახლავთ

უკანასკნელ დროს ცხოვრების გაიაფებას ხელისუფლებამ უდიდესი ყურადღება მიაქცია. პირველ საჭიროების მრავალი საქონელი თვალსაჩინოდ გაიაფდა. დღევანდელი ხელისუფალნი მუდმივ ხაზგასმით იმეორებდნენ, რომ წიგნიც პირველ საჭიროების საგანიო, მაშასადამე, დროა ამაზედაც ვიზრუნოთ და ხალხს იაფი წიგნი მივაწოდოთ. წიგნის თვითღირებულებამ წინანდელთა შედარებით ერთიორად მაინც მოიმატა. ამას მოჰყვა ბაზრის შეკუმშვა, მყიდველის შემცირება, თუმცა ამავე დროს ქართველმა მკითხველმა მრავალჯერ იმატა.

 წიგნის გაიაფების და გავრცელების შესახებ სხვებზე ადრე და ყველაზე მეტად სახელმწიფო გამომცემლობამ უნდა იზრუნოს. ეს არის მისი სადღეისო, უმთავრესი საქმე, და თუ მან იგი სძლია, მისი არსებობაც ერთი ორად იქნება გამართლებული.

მაგრამ ეს გახლავთ საქმის ერთი ნახევარი. მეორე ნახევარს შეადგენს განსაკუთრებული მზრუნველობა და მფარველობა, რომელიც სახელმწიფომ უნდა გაუწიოს საერთოდ ხელოვნებას, და კერძოდმწერლობას

ყველა წარმატებული ქვეყნები ამ საქმეზე უამრავს ენერგიასა და სახსრებს ჰხარჯავენ, ლიტერატურულს მფარველობის დანარჩენს ფორმებს თავი დავანებოთ და გავიხსენოთ მხოლოდ ერთი ფორმა: პრემიები. მარტო საფრანგეთი წლიურად ასიოდე პრემიას აძლევს სიტყვაკაზმულ მწერლობას. სახელმწიფოს გარდა ყოველწლიურ კონკურსს ნიშნავენ საზოგადო დაწესებულებანი, ქალაქები, ჟურნალგაზეთები, გამომცემელნი და მეცენატები. შეჯიბრება დიდი ხელწამკრავია შემოქმედებისა.

 ამ საგანზედაც ჩვენში მრავალი დაუწერიათ და უფრო მეტი უთქვამთ, მაგრამ სამწუხაროდ – “სიტყვა სხვაა, საქმე სხვაა, შუა უდევს დიდი მზღვარი”.

 ერთი ასეთისიტყვაცგვაგონდებაქართული აკრადემია. ვინ იცის რამდენი თაობა ატარებს აზრად ამ საგოგმანებელ საქმეს. დროც მოვიდა და საქმეც დამწიფდა. ძნელი დასაჯერებელია, რომ მას ვერ მოვერიოთ

საჭიროა მხოლოდ შესაფერი მხნეობა და გამრჯელობა განათლების მზრინველის მხრივ, რომელიც ჩვენი კულტურის მესაჭედ არის დაყენებული. 1924 .

ქართული ენა

დღევანდელი ჩვენი მწერლობის კარგ დამკვირვებელს შემჩნეული ექნება ის სიტყვათა სიცოტავე, რომელიც საშინელ დაღს ასვამს ყოველი მწერლის შემოქმედებას

ხოლო, რაც უარესია, ეს პატარა საუნჯეც დაუდევრად იხმარება, რის მიზეზადაც ცოდნის ნაკლებობა მიგვაჩნია. ქართველმა მწერალმა არ იცის ქართული ენა. იგი იოლად მიდის იმცოდნით”, რომელიც გამოაყოლა თავისმა პროვინციამ და მისი სტილიც ამ პროვინციით განისაზღვრება. არავინ არ დაგიდევთ, შეიძლება თუ არა იმგრამატიკისხმარება, რომელიც თავში აქვს ჩაჭედილი ამა თუ იმ კუთხის წარმომადგენელს, და ამის გამო გაირყვნა ენა, გაირყვნა ისე, რომ სულ ადვილად შეიძლება ნაწერის მიხედვით გამოარკვიოთ ავტორის დაბადების ადგილი.

და ჩვენდა სამწუხაროდ ეს ახასიათებს ჩვენ თანამედროვე მწერალთა დიდ უმრავლესობას. ყველა თავისი ჟარგონით სწერს. და ამ ველურ ღრიანცელში იკარგება ის ენა, “რომლითაც თამარ ბრძანებას სცემდა”. საერთო სალიტერატურო ენა მუზეუმში დარჩა და ცოცხალ მოქალაქის ძოწით დადის მხატვრულ თვისებებს მოკლებული სიტყვა, რომელიც ყოვლად მიუღებელია სრულიად საქართველოსთვის.

 აბა გადაავლეთ თვალი ძველ მწერლობას და ნახავთ, რომ იყო ერთი სამწერლო ენა

რაღაც ორმოცი წლის შემდეგ კი ისე გავერანდა ჩვენი მწერლობის მოედანი, რომ ყველა თავისისტილითმოდის და პოეზიის მაღალ ფირმის ქვეშ ასაღებს ყოვლად დაბალ ლექსიკონს.

ჩვენ ქინააღმდეგნი კი არა ვართ ამა თუ იმ პროვინციიდან მოტანილ სიტყვისა, პირიქით, ბევრი კარგი რამ მოიძებნება ჩვენს განაპირა ადგილებში, მაგრამ ეს შენაკადები უნდა ჰხვდებოდეს მთავარ მდინარესთან, რომელსაც სამწერლო ენა ჰქვიან, და რომელიც მეტროპოლიაში არის განმტკიცებული. იქნებ ვინმემ თავი იმართლოს ვაჟაფშაველას და ყაზბეგის მაგალითებით? – ეს თავის მართლება არ გამოადგებათ, რადგან ვაჟაც და ყაზბეგიც მთის ენით ლაპარაკობდნენ. მთას ელაპარაკებიან და მთის გარეშეც არსად მიდიან. მათიას, ელგუჯას თუ გოგოლაურს რომ ლიტერატურული ელაპარაკნათ, ეს დაუშვებელიც იქნებოდა და სიყალბეც, ისევე, როგორც ნაძალადევი იქნებოდა . კლდიაშვილის გმირების სალიტერატურო ენა.

პროვინციალ კილოს ხმარება თემის საკითხია, და თუ ეს უკანასკნელი საერთო არის, ენაც ასეთი უნდა ჰქონდეს. და კურიოზია, მაშ რა არის როდესაც ჩვენი ინტელიგენტი მწერლები რადიუმზე და ეინშტეინზე სწერენ იმავსტილით”, რა სტილითაც იწერებოდნენპროვინციული სცენები”. განა ასეთივე კურიოზი არ იქნებოდა, რომ ბლოელ აფშინას და შიოლა ღუდუშაურის დიალექტით გვეწერნაესთეტიკური ტრაქტატებიან პოემებიასტრალურანურბანულქვეყანათა შესახებ? დიახ, იქნებოდა კურიოზი, ამას ადვილადაც შევამჩნევდით, მაგრამ რომ უკვე განმტკიცებულია კურიოზი, მეორე მხრივ, ამას ვერ ვამჩნევთ და განვაგრძნობთ ჩვენი ლიტერატურის მონაგვიანებას

ეს მტკივნეული ადგილი ყველამ უნდა დაინახოს, რომ შეჰზარდეს საკუთარი ნაწერი და ენის განწმენდისათვის მომართეს თავისი ძალა და უნარი.

ჩვენ ბევრს ვყვიროდით მაღალ და მაგარ საკითხების შესახებ. რადგან ერთი ანდაზისა არ იყვესარც კალა მიგვდის და არც ნიშადური”. პირიქით, ვიძენთ კიდეც, რადგან ვაოცებთ და ვაფიქრებთ მიამიტ ხალხს, მაგრამ გვგონია, რომ ყვირილსაც დაეკარგა მჭრელობა. ჩვენი კულტურა კი მთლიანად უკვე გადადგა საქმიანობის სტადიაში. აქ კი უდიდესი ამოცანაა ენის დაწმენდა. და ამ საქმის პირველი მეთაური ქართველი მწერალი უნდა იყვეს. ხოლო ამ უკანასკნელს რომ შეეძლოს სხვათა მხილება, ჯერ თვით უნდა განიკურნოს

ეს მეტად ადვილი საქმეა, მხოლოდ ერთი პირობაა საჭირო: აკადემიური მუშაობა რამდენიმე ხნის განმავლობაში, რაც, ალბათ, მიუღებლად მოეჩვენებათჩოხიან დადაისტებს”, მაგრამ მისაღები უნდა იყვეს იმათთვის, ვისაც სწამს მწერლობა, როგორც ღვაწლი და უდიდესი პასუხისმგებლობა ერის წინაშე1924. 20 მაისი

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი