გელა ჩარკვიანი – ნაცნობ ქიმერთა ფერხული

0
278
„არ გეტყვით, არაფერსაც არ გეტყვით! თქვენ, ელჩებს, ერთი ცუდი თვისება გაქვთ: როცა პენსიაზე გადიხართ, მემუარების წერას იწყებთ“, – ედუარდ შევარდნაძე
                                                                       ***

ძალაუფლებასთან სიახლოვე ქალებს ხომ აღაგზნებს და უდიდეს სიამოვნებას ჰგვრის. მათ მიერ ქმრების მუდმივი წაქეზება რომ არა, კაცობრიობა დღემდე ქვის ხანიდან ვერ გამოაღწევდა. ისე რომ, დღევანდელი ცივილიზაცია თავისი არსებობით სწორედ ქალებს უნდა უმადლოდეს.

                                                                        ***

შევარდნაძის მოსმენის მანერა – მთელი შენი მონოლოგის განმავლობაში იგი არც ჟესტებით, არც სიტყვებით და არც რაიმე შორისდებულით არ გატყობინებდა, მოსწონს თუ არა ის, რასაც შენ უყვები. არ ვიცი, იყო ეს საგანგებოდ მოფიქრებული ფანდი თუ მისი ბუნებრივი მდგომარეობა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ თავის დროზე, კონკურენტების დათრგუნვასა და მის წინსვლაში ამ თვისებამ როლი ითამაშა.

                                                                        ***

ზეცენტრალიზებულ საბჭოთა კავშირში, სადაც მოსკოვის გაუვლელად ვერავინ და ვერაფერი გასცდებოდა ქვეყნის საზღვრებს, ცენტრიდან მოვლენილი ბიუროკრატი ვერასდროს დაუშვებდა, რომ ვიღაც პროვინციელი შეიძლებოდა მასზე მეტად ყოფილიყო ნაზიარები დასავლეთის კულტურას.

                                                                        ***

კომუნიზმი, სხვა თუ არაფერი, სუნის თვალსაზრისით მაინც უგულებელყოფს დროსა და სივრცეს.

                                                                         ***

მახსოვს, უკვე 90-იანების ბოლოს, როცა ერთ-ერთ დელეგაციასთან შეხვედრისას დაუსვეს შეკითხვა გაეროს და ეუთოს ეფექტიანობის შესახებ, შევი ცოტა ხანს შეყოვნდა, მერე ეშმაკურად გაიღიმა და ოდნავ სევდანარევი ხმით კბილებს შუა გამოცრა – „უწყინარი ორგანიზაციებია”.

                                                                        ***

დუხჭირი ყოფა, მოკლებული იმ მინიმალურ კომფორტსაც კი, საბჭოთა ეპოქაში რომ გააჩნდათ: უმუშევრობა, უფულობა, უშუქობა, უგაზობა, სრული დაუცველობა, პურის რიგებში გატარებული ღამეები, შვილებისა და ახლობლების უსაფრთხოებაზე, მათი სიცოცხლის შენარჩუნებაზე მუდმივი ფიქრი ავტომატის მომაბეზრებელი კაკანის თანხლებით – ამგვარ ჯოჯოხეთს შეუჩვეველი ადამიანები, ხშირად საკუთარი ნებისა და პრინციპების საწინააღმდეგოდ სვამდნენ შეკითხვას: გვიღირს კი ამგვარი დემოკრატია და დამოუკიდებლობა? ბევრ მათგანს ეგონა, რომ ის მეტ-ნაკლებად მოწესრიგებული წარსული ჯერ კიდევ სადღაც არსებობდა და იქ დაბრუნება შესაძლებელი იყო. არ მიკვირს, რომ იმ მითიური წარსულის არსებობის შესახებ დღესაც, ოცდასამი წლის შემდეგ, უჩიჩინებენ ხალხს გზააბნეული ან სულაც მოსყიდული დემაგოგები და, წარმოიდგინეთ, მიამიტებს არწმუნებენ კიდეც. სინამდვილეში კი, მომაკვდავი საბჭოთა კავშირის ადგილი დაიკავა მისმა ოლიგარქიულმა სამართალმემკვიდრემ – მთლიანად ნახშირწყალბადების მსოფლიო ფასებზე დამოკიდებულმა, შეურაცხყოფილმა და მეზობლებისათვის ხიფათის შემცველმა ახალმა რუსეთმა.

                                                                      ***

რუსული რუბლის გაუჩინარების კვალდაკვალ მოვლენილმა, როგორც დღეს იტყვიან, ავადსახსენებელმა კუპონმა ჩაიდინა არაერთი ცუდი საქმე (მისი გამანადგურებელი დევალვაციის გამო 1994 წლის ივლისში ჩემი თვიური ხელფასი 43 ცენტს შეადგენდა), ლარის კუპიურების ხატვას უკვე ამთავრებდა მხატვარი ნოდარ მალაზონია. მან 1992 წლის 2 ნოემბერს დამირეკა და შემეკითხა, როგორ დავწერო ასი ლარი ინგლისურადო. მართლაც, როგორ აჯობებს, გავიფიქრე – გავყვეთ ინგლისური გრამატიკის მოთხოვნას და, დოლარის ან რუბლის მსგავსად, ლარიც მრავლობითში დავსვათ, თუ დოიჩე მარკის და იენის არ იყოს, მხოლობითის ფორმა გამოვიყენოთ. თან ისიც გავიფიქრე, რომ ასეთ შემთხვევაში მივიღებდით ინგლისური რიცხვითი სახელისა და ქართული გრამატიკის წესის თავისებურ სინთეზს. ნოდარს ვუკარნახე – One Hundred Lari და არა Laris. დღეს, როცა ასლარიანი ხელში ჩამივარდება, თითს დავუქნევ ხოლმე და ალერსიანად ვეტყვი: მე რომ არა, შენ ცოტა სხვანაირი იქნებოდი-მეთქი.

                                                                        ***

ბერლინის ბურგომისტრის მიერ გამართულ მიღებაზე, მასპინძელმა თავისი სიტყვის დასასრულს განაცხადა, რომ მისი ქვეყანა ერთმა ქართველმა გაჰყო, მეორემ კი გააერთიანა, რაზეც შევიმ უპასუხა, ასეა, ქართველების გარეშე დიდი პოლიტიკა არ კეთდებაო.

                                                                          ***

ცეცხლის შეწყვეტა, თუნდაც რამდენიმე საათით, ყოველთვის გამართლებულია. ადამიანის სიცოცხლეზე ღირებული ამქვეყნად არაფერია. ჩვენ ყველას გვაქვს უფლება საკუთარი სიცოცხლე შევწიროთ საკუთარი ღირსების ან ერის ღირსების დაცვას, მაგრამ, თუ ადამიანებმა თავიანთი ბედი მოგვანდეს, არა მგონია სწორი იყოს ეროვნული სირცხვილის ქიმერის კარნახით ვიღებდეთ გადაწყვეტილებებს.

ხომ ყველას კარგად მოგვეხსენება, რომ თავისი ნებით ადამიანების დიდი უმრავლესობა სიცოცხლეს არავითარი იდეის გამო არ დათმობს. პატივი ვცეთ მათ ბუნებრივ არჩევანს, მათ სურვილს, იცოცხლონ. მით უმეტეს, რომ მათ შორის იდეებს ჯერ კიდევ უზიარებელი ბავშვებიც არიან.

                                                                            ***

ჯაბამ ჯეიმზ ბეიკერს (თბილისში ყოფნის დროს) მხედრიონის მედალიონი და ყაბალახი აჩუქა და ისიც უთხრა, – თუ პრეზიდენტობა გადაწყვიტე, შემატყობინე და კამპანიის ჩატარებაში დაგეხმარები, მხედრიონს გამოვაგზავნიო.

                                                                            ***

სამსახურიდან შინ მივედი და უკვე დაძინებას ვაპირებდი, როცა ჯაბა იოსელიანმა დამირეკა. „გელა, ბოდიშს გიხდი, ასე გვიან რომ გაწუხებ, მაგრამ ძალიან საინტერესო კაცი გვეწვია და საოცრებებს გვპირდება. თუ შევარდნაძე დათანხმდება მის სახელზე წერილის დაწერას, ჩვენ შევძლებთ ძალიან დიდი, მილიარდობით დოლარის კრედიტების მიღებას“. სადაურია-მეთქი, ვკითხე. მგონი რუმინელიო. თან წერილი მოიტანა შევარდნაძის სახელზე და ეს უნდა ითარგმნოს, სანამ შევარდნაძესთან შევალო, – მითხრა. შალვა ფიჩხაძეს ვთხოვე მისულიყო და ეთარგმნა რუმინელი სტუმრის წერილი. ცუდი ინგლისურით დაწერილი ტექსტი ბანალური იყო და შალვამ სწრაფად სძლია მას. როცა თარგმანი მთლიანად აკრიფა, პრინტერზე ამოიღო და ორიგინალზე სკრეპით მიბმას უპირებდა, მისი ყურადღება ბლანკზე დაბეჭდილმა სტუმრის ტიტულმა მიიპყრო. „ბიზანტიის ემისარი, სკვითთა და თათართა იმპერიის ვეზირი. აღმოსავლეთი ევროპისა და რესპუბლიკა მოლდოვას ელჩი პორტუგალიაში“.

შალვამ სტუმრის ტიტული თარგმნა, წერილს მიაბა და ასე შეუგზავნა ჯაბას, რომელმაც ბევრი იცინა და შევარდნაძესთან აღარ შევიდა.

                                                                                 ***

ციხესთან დაკავშირებული ხუმრობა შევის უყვარდა. ერთხელ, როცა მენაღარიშვილმა და მე რაღაც საქმე წარმატებით დავასრულეთ, ასე გვითხრა: „რა ვქნა, ნობელის პრემიას ვერ მოგცემთ, მაგრამ ერთ რამეს ნამდვილად გპირდებით: არ დაგიჭერთ”.

                                                                                ***

[1994 წლის] ივლისის ბოლო დღეებში საქართველო მასპინძლობდა შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას…

თურქეთს ჰიქმეთ ჩეთინი წარმოადგენდა, რომელსაც მე კარგად ვიცნობდი. მასთან ხანმოკლე საუბრის შემდეგ შევარდნაძემ შესთავაზა ერთად ესადილათ კრწანისში, სადაც ჩვენი მისვლისთანავე სუფრა გაიშალა. როცა საქმიან თემებზე, მათ შორის, საქართველოსთვის თურქეთის ახალი კრედიტის გაცემის საკითხზე საუბარი მოამთავრეს, ჩეთინი მოგვიყვა, რომ მას აუარებელი ხალხი ურეკავს და სთხოვს, საქართველომ დაუბრუნოს „ტრაბზონსპორს“ ძმები არველაძეები – შოთა და აჩიკო. მაგას ვერ შეგპირდებითო, შევიმ, მაგრამ თუ თანახმა იქნებით, აგერ მე და გელა ჩამოვალთ და ვითამაშებთ მაგათ მაგივრადო.

***

მოსკოვის ცენტრში, ქალაქის დამაარსებლის იური დოლგორუკის ქანდაკების გვერდით მოკალათებული ქართული რესტორანი „არაგვი” მაშინდელი მმართველი ელიტის ყველაზე მოდური კლუბი იყო, რომელშიც საღამოობით, პარტიულ და უშიშროების ხელმძღვანელებთან ერთად, თავს იყრიდნენ გამოჩენილი საბჭოთა ხელოვანები და მეცნიერები. ანეკდოტიც დადიოდა შექეიფიანებულ ქართველზე, რომელმაც, რესტორნიდან გამოსულმა, ცხენზე შემჯდარ თავადს მიმართა, – ყოჩაღ, დოლგორუკი, მოსკოვი რომ „არაგვის” გარშემო აგიშენებიაო. „არაგვის” დირექტორი ლონგინოზ სტაჟაძე კომუნიკაბელური კაცი იყო, იცნობდა ყველას, ვინც კი რამეს წარმოადგენდა და იცოდა ყველაფერი, რაც მნიშვნელოვანი იყო. დღის განმავლობაში ის ჩამოუვლიდა ხოლმე მაგიდებს და ყველა მეტ-ნაკლებად გამორჩეულ სტუმარს გაესაუბრებოდა.

***

გამახსენდა, რომ ჯიბეში მედო შევის ფოტო, რომელიც მისმა ამერიკელმა ფანმა გამომიგზავნა და ძალიან მთხოვა ხელი მომეწერინებინა. კაცია თუ ქალიო, მკითხა, როცა სურათი ამოვიღე.

ქალია. იმნაირი ხომ არ არისო, – შემეკითხა. მაგას როგორ გაკადრებდით-მეთქი. მერე სურათს წააწერა: „პატივისცემით და…“ – აქ გაჩერდა. „დავაწერო სიყვარულით?“ – შემეკითხა. დავფიქრდი – ვაიმე, მართლა რომ იმნაირი აღმოჩნდეს-მეთქი. იმნაირს მე ხომ იცი რას ვეძახი, ჯაშუში არ იყოსო, – თქვა, გაიცინა და მიაწერა: „სიყვარულით – ე. შ.“.

***

…მეორე დღეს „აღმოსავლეთ-დასავლეთის” ცენტრში ბუტროს გალის საპატიო წევრობა მიანიჭეს და თამაზ გამყრელიძემ მას არაბულად მიმართა. იქიდან მე და ჯაბა იოსელიანი ჩავუჯექით მანქანაში და მცხეთისკენ გავემართეთ. გალიმ დაიჩივლა, რომ ბოლო ოცი წლის განმავლობაში მან ათჯერ მოიარა მსოფლიო, მაგრამ არაფერი უნახავს სასტუმროს ლუქსებისა და ხელმძღვანელთა კაბინეტების გარდა. მეც ასე ვიყავიო, უპასუხა ჯაბამ, სულ სხვადასხვა ადგილებში გადავყავდით, მაგრამ ციხის კამერის მეტი არაფერი მინახავსო.

***

ყველაზე ადრე ჩამოსულმა ელჩებმა, დალჰოფმა და ბრაუნმა ძველი მეუღლეების მიტოვება და ახლებზე დაქორწინებაც მოასწრეს. არ გამკვირვებია – თბილისი რომანტიკული ქალაქია და შუა ასაკის დასავლელ მამაკაცებში უთუოდ გამოაღვიძებს დიდი ხნის მიძინებულ, სიჭაბუკეში განცდილ აღტყინებას. მაშინ მე სახუმარო თეორიაც შევქმენი, რომელსაც „ქართული სუფრის ეფექტი“ ვუწოდე. ევროპელ მამაკაცებს ხომ არასდროს გაუგონიათ ისეთი ქათინაურები, რომლებსაც სუფრაზე მათ მიმართ ნათქვამ სადღეგრძელოებში ისმენენ – ეს ხარ, ის ხარ, ნიჭიერი, ლამაზი, კეთილშობილი, ვაჟკაცური, დახვეწილი  etc. ყოველივე ამის კუმულატიური ეფექტი კი ისაა, რომ კაცი თანდათან იჯერებს, რასაც ეუბნებიან, მისი ეგო უსაშველოდ დიდდება, შეხედავს თავის ვეტერან მეუღლეს და თავში მკრეხელური აზრი გაუელვებს, – მე მგონი, უკეთესის ღირსი ვარო.

***

როცა ჯაბასთან მისი მეგობრობის შესახებ შეეკითხნენ, შევიმ ასე უპასუხა: „მე ვამბობდი, რომ ჯაბაა ჩემი მეგობარი, მაგრამ ხომ არ მითქვამს, რომ მე ვარ მისი მეგობარი. ჩვენ სხვადასხვა სკოლა გავიარეთ, თუმცა ის სისტემა, რომელშიც ბატონ ჯაბას მოუხდა მოღვაწეობა, არანაკლებ დიქტატორული ხასიათისაა“.

***

საბჭოთა თინეიჯერი კომკავშირელი უნდა ყოფილიყო და მოსკოვში ამ ორგანიზაციაში მიღების საკითხს დიდი სერიოზულობით ეკიდებოდნენ. კომკავშირში გაწევრიანებას, ისე როგორც ყველა, მეც აუცილებლად მივიჩნევდი… გოგი და მერაბიც კომკავშირლები იყვნენ, კანდიდი და თამარა კი კომუნისტური პარტიის წევრები. როცა სხდომაზე ჩემი მიღების საკითხი გამოიტანეს, წამოვდექი და დაველოდე, როგორ დამახასიათებდა ჩემი კლასის მდივანი. არ მომეწონა, შეცბუნებული და დარცხვენილი გამოიყურებოდა, თუმცა მალე ძალა მოიკრიბა და თქვა:

„ჩვენ ვითათბირეთ ჩარკვიანის ორგანიზაციაში მიღების შესახებ და დავასკვენით, რომ იგი არ იმსახურებს, რადგან უკრავს ჯაზს”. მოულოდნელობისაგან გავოგნდი. ეს ბიჭი მუდამ ჩემ გვერდით იდგა, როცა ვუკრავდი და სიხარულს ვერ მალავდა, ფეხებს აბაკუნებდა. ამ დროს ხელი ასწია კლასელმა, რომელსაც მეგობრად არ მივიჩნევდი, მაგრამ ხშირად ვხვდებოდი და ის ჩემთან სახლშიც იყო ნამყოფი.

„თუ შეიძლება დავამატებ ერთ დეტალს, – დაიწყო მან, – ჩარკვიანი არამარტო ჯაზს უკრავს, არამედ შიშველ ქალებსაც ხატავს!“ გამახსენდა, ჩემთან როცა იყო, ვაჩვენე ჯორჯონეს „მძინარე ვენერას” ჩემ მიერ ზეთის საღებავებით გაკეთებული ასლი. მაინცდამაინც ჩაცმული ეს ვენერა მართლაც არ არის. ბოლოს ერთხმად უარი მეთქვა კომკავშირლობაზე. სახლში სასოწარკვეთილი ვბრუნდებოდი – ამას დედაჩემი ხვალვე გაიგებდა და კანდიდს მისწერდა, ის კი საშინლად იღელვებდა, ჩათვლიდა, რომ მე ხელიდან წავედი და ცხოვრებაში ვერაფერს მივაღწევ, დავიღუპები.

როცა სადარბაზოს ზამბარიან კარს ვაღებდი, ვიღაცამ სახელოზე მომქაჩა. შემოვტრიალდი. ჩემ წინ პატარა ტანის ებრაელი ბიჭი იდგა. ის ჩემს კლასში სწავლობდა, მაგრამ იქამდე ერთმანეთს არასდროს დავლაპარაკებივართ.

„ჩირკა, იცი, მე ხელი არ ავწიე, გამოდის, რომ თავი შევიკავე, გესმის?” – ჩუმად მითხრა და სწრაფი ნაბიჯით თავისი სადარბაზოსაკენ გაემართა, ჩემთან მოჩურჩულე რომ არავის დაენახა.

***

უსამართლო იქნება არ აღინიშნოს, რომ მიუხედავად ზოგჯერ ორჭოფული დამოკიდებულებისა, შევარდნაძეს ნათლად ჰქონდა გააზრებული ოპოზიციური ტელევიზიის არსებობის მნიშვნელობა სახელმწიფოს იმ მოდელისათვის, რომლის აშენება მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი. მერეც, როცა „რუსთავი 2“-მა „დარდუბალას“ მთავარი გმირი, კარიკატურული შევარდნაძე, წარუდგინა ქართულ სატელევიზიო აუდიტორიას, რასაც სახელმწიფოს მეთაურის უახლოესი გარემოცვა აღშფოთებით გმობდა, როგორც ტელეარხის მესვეურთა „არნახულ თავხედობას“, შევი ამაყად იმეორებდა: „ეს არის ჩვენი ყველაზე დიდი მიღწევა“.

***

თაფლობის ორი კვირა მე და ნანამ ქორენიშში გავატარეთ. ჩვენი ოთახის ფანჯრები სიმინდის ყანას გადაჰყურებდნენ და პირველივე ღამის გამოცდილებამ დამარწმუნა, რომ წყნარი ცხოვრება არ მელოდა. სოფელს შეუჩვეველ ნანას დაძინება უჭირდა და ყოველ ჯერზე, როცა ნიავი სიმინდს ააშრიალებდა, მაღვიძებდა, – ვაიმე, ვიღაც მოდისო. მისი დიდი ლამაზი თვალები უტყუარ შიშს ასხივებდნენ. კედლიდან ბაბუაჩემის სანადირო თოფს ჩამოვიღებდი და სახლის კართან დავდგებოდი. ღამის განმავლობაში ეს რამდენჯერმე ხდებოდა და მხოლოდ მაშინ ვიძინებდით, როცა აღმოსავლეთით ცისკრის ვარსკვლავი გამოჩნდებოდა. ღამენათევებს საღამომდე გვეძინა, რაც ალბათ მეზობლებს აფიქრებინებდა, – ნუთუ ღამეს ვერ იმყოფინებენო.

***

ერთხელ, ჩემი თხოვნით, [შევარდნაძემ] მიიღო დიდი ტანის, შეუხედავი, აგრესიული ამერიკელი ქალი, გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი. გავიდა ერთი საათი და ქალბატონი იმავე აღგზნებულ ტონალობაში, თითქოს აქ არაფერიაო, აგრძელებდა თავის მონოლოგს. შევიმ ქაღალდის ნაგლეჯზე რაღაც დაწერა და ჩემკენ მოაჩოჩა. ვკითხულობ. „ეს კიდევ დიდხანს გაატ…ებს?” პასუხად მივაწერე: „შევეცდები არ გავატ…ბინო”. მართლაც ვცდილობდი, მაგრამ არაფერი გამომდიოდა. ქალს სათქმელი არ ელეოდა. როცა, ბოლოს და ბოლოს, მოვახერხე მისი ოთახიდან გაყვანა და შემოვბრუნდი, შევი გაცეცხლებული დამხვდა. ყველაფერი შენი ბრალიაო, მისაყვედურა. მე ალბათ პირველი მამაკაცი ვარ, ვინც ამ ქალთან საათ-ნახევარი გაატარაო.

***

პრეზიდენტთან შევიკრიბეთ. მე მის გვერდით ვიჯექი. გორგილაძემ [თურქეთში ვიზიტის] პროგრამა ჩაიკითხა. „29 ოქტომბერი, დილის 10 საათი ადგილობრივი დროით. მისვლა. ათათურქის მავზოლეუმი”, შევიმ გადმომხედა, – ამდენჯერ ამბროსის საფლავზე არ მივსულვარო. თავი ძლივს შევიკავე, მან კი უცბად ჩვეული ფიქრიანი გამომეტყველება მიიღო.

***

[მიუნხენიდან დაბრუნების] მეორე დილით, სამსახურში მისვლისთანავე დაუფიქრებლად ავიღე სელექტორის ყურმილი. „გისმენ, გელა“, – მომესმა ნაცნობი ხმა. „მინდა ბოდიში მოგიხადოთ, ბატონო ედუარდ. ისე მოხდა, რომ ვერ გაგაფრთხილეთ ჩემი გარმიშში წასვლის შესახებ. მესმის, რომ რომის პაპის ვიზიტის დროს, წესით, აქ, თბილისში უნდა ვყოფილიყავი“. – გავჩერდი. სათქმელად მეტი ვერაფერი მოვიფიქრე.

„გიკითხა, სხვათა შორის, – თქვა მან მხიარულად და დაამატა: – ორჯერ“.

***

[1999 წლის] ოქტომბრის ბოლო დღეებში შევარდნაძემ თავისთან მიხმო. შეწუხებული ჩანდა. [ჩეჩნეთის მეორე ომი, ანუ როგორც მას რუსეთში ოფიციალურად უწოდებდნენ, კონტრტერორისტული ოპერაცია, უკვე სამი თვის დაწყებული იყო.] მითხრა, რომ დაუკავშირდა ელცინი და სთხოვა უფლება მიეცა რუსეთის საჯარისო შენაერთებისათვის, საქართველოს ტერიტორიიდან შეეტიათ ჩეჩნებისათვის. „მე უარი ვუთხარი. ეს ხომ დიდი კავკასიური ომის და მასში საქართველოს ჩართვას ნიშნავს-მეთქი. ელცინი მარტო არ იყო, ვიღაც კარნახობდა. ალბათ ახალი პრემიერი [პუტინი]. ამას არ დამივიწყებენ“.

***

არსებობს მარტივი ტესტი თინეიჯერული ნონკონფორმიზმის თუ პროტესტის დასადგენად – შესთავაზეთ ის, რაც მას ძალიან უყვარს და თუ უარს გეტყვით, ესე იგი თქვენი საყვარელი ბავშვი ნერვიული მოზარდობის, ახალი როლის ძიების ფაზაშია გადასული და მთელ სამყაროს, თქვენი ჩათვლით, დროებით უნდობლობას უცხადებს.

***

[ჯორჯ ბუშ უმცროსთან] შეხვედრის [2001 წ.] დიდი ნაწილი, ბუნებრივია, საქართველოს პრობლემებს დაეთმო. „ჩვენი საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მიზანი ისაა, რომ საქართველომ შეინარჩუნოს დამოუკიდებლობა და ამის შესახებ თქვენი მეზობლებისთვის არაერთხელ ღიად გვითქვამს. ტერორიზმს კი ერთად უნდა ვებრძოლოთ, რომ რუსეთს არ დავუტოვოთ წუხილისა და საქართველოს მიმართ პრეტენზიების გამოთქმის საბაბი. – თქვა ბუშმა საუბრის დასასრულს და დააყოლა, – მე ტეხასელი კაცი ვარ და მხოლოდ მაშინ დაგიჯერებთ, თუ სკალპებს მაჩვენებთ. დიპლომატებს ტყუილად ლაპარაკი უყვართ, მე კი ნამდვილი საქმე – სკალპები“.

[…]

ამერიკიდან 6 ოქტომბერს ჩამოვედით. 7-ში საღამოს სახლში დამირეკეს სახელმწიფო დეპარტამენტიდან, პაუელს უნდა შევარდნაძესთან საუბარიო. ტაქსით კრწანისში ავედი. БЧ-ით შევძელი ამერიკასთან დაკავშირება. ტელეფონში კოლინ პაუელის ხმა გაისმა: „პრეზიდენტმა ბუშმა დამავალა გადმოგცეთ, რომ ორიოდ საათში ჩვენ დავიწყებთ სამხედრო ოპერაციას ავღანეთში. დარტყმები განხორციელდება მხოლოდ ალ-ქაიდას და სამხედრო ობიექტებზე. იმავდროულად ვიწყებთ ჰუმანიტარული ტვირთების ჩამოგდებას“.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი