იუნგი:,,კაცმა სამყარო თუ გაიაზრა, ამით საქმის მეოთხედი ექნება მოგვარებული”

0
342

კითხვა:თქვენ უმაღლესი და უდაბლესი ფუნქციების შესახებ საუბრობდით და ბრძანეთ, აზროვნებითი ტიპი თავის გრძნობით ფუნქციას არქაულ ყაიდაზე ხმარობსო. მინდოდა მეკითხა: შებრუნებითაც სწორი გამოვა? როდესაც გრძნობითი ტიპი აზროვნებას ცდილობს, ისიც არქაულად აზროვნებს? სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, აზროვნება და ინტუიცია პრინციპულად უფრო მაღალ ფუნქციებად უნდა ჩავთვალოთ, ვიდრე გრძნობა და შეგრძნება? ამას იმიტომ გეკითხებით, რომ… სხვა ლექციებიდან ასე გავიგე, რომ შეგრძნება უდაბლესი ცნობიერი ფუნქციაა და აზროვნება – უფრო მაღალი. მართლაც, ყოველდღიურ ცხოვრებაში აზროვნება non plus ultraდ* გვევლინება. პროფესორი (ამ პროფესორს როდი ვგულისხმობ), რომელიც თავის სამუშაო ოთახში ზის და აზროვნებს, თავის უაღრესად მაღლგანვითარებულ ტიპად თვლის და სხვებიც ასევე ფიქრობენ, ე.ი. მას უფრო მაღლა აყენებენ, ვიდრე, ვთვათ, გლეხს, რომელიც ამბობს: ,,ზოგჯერ ვზივარ და ვფიქრობ, ზოგჯერ კი უბრალოდ ვზივარ”.

 .. იუნგი: იმედია, ისეთი შთბეჭდილება არ შეგიქმენით, თითქოს როელიმე ფუნქციას უპირატესობას ვანიჭებდე. ძირითადი ფუნქცია თითოეულთან ყველაზე უფრო დიფერენცირებული და ასევე კი ნებისმიერი ფუნქცია შეიძლება იყოს. არავითარი კრიტერიუმი არ არსებობს, რომლის საფუძველზეც შეიძლებოდა გვეთქვა, რომ ესა თუ ის ფუნქცია, თავისთავად აღებული, ყველაზე უკეთესია. მხოლოდ იმის თქმა შეგვიძლია, რომ ამა თუ იმ ადამიანის შეგუების თვალსაზრისით საუკეთესო ფუნქცია ისაა, რომელიც მასთან ყველაზე მეტადაა დიფერენცირებული, და რომ ის ფუნქცია, რომელსაც ძირითადი ფუნქცია ყველაზე უფრო გამორიცხავს, არასრულფასოვანია, – მისი განვითარებისათვის ხომ თავის დროზე არავის უზრუნია.

დღეს რატომღაც ინტუიციას უმაღლეს ფუნქციად მიიჩნევენ. მოსაწყენ ხალხს უყვარს ინტუიცია, – კეთილშობილი ინტუიცია! შეგრძნებითი ტიპი კი სულ იმას ფიქრობს, რომ სხვები არასრულფასოვან ადამიანებს წარმოადგენენ, რაკი მასავით რეალისტები არ არიან; ერთი თვითონაა მართალი კაცი, ყველა დანარჩენი კი ფანტაზიორია, არარეალისტი. ყველა თავის ძირითად ფუნქციას აყენებს ამქვეყნად ყველაფერზე მაღლა. ამ მხრივ საფრთხე გვემუქრება, მწარედ არ შევცდეთ. ჩვენს ცნობიერებაში ფუნქციათა ჭეშმარიტი განლაგება რომ შევიცნოთ, მახვილი ფსიქოლოგიური თვალია საჭირო. არსებობს ხალხი, რომელსაც სწამს, რომ მსოფლიო პრობლემები აზროვნების გზით გადაიჭრება. მაგრამ ოთხივე ფუნქციის მოშველიების გარეშე ჭეშმარიტება არ მოიპოვება. კაცმა სამყარო თუ გაიაზრა, ამით საქმის მხოლოდ და მხოლოდ მეოთხედი ექნება მოგვარებული; დანარჩენი სამი მეოთხედი, იქნებ, იმ ერთის საწინააღმდეგოდ მეტყველებს.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი