დავით ქართველიშვილი ფულისა და საკუთარი თავის შესახებ

0
250

შესავალი

ფული ყველაფერი არ არის. მოდით, გავიხსენოთ რამდენიმე გამონათქვამი და გავარკვიოთ, რა არის ფული და რა თვისებები აქვს მას..

«დრო ფულია» (მგონი ფრანკლინი), «ფული ჯოჯოხეთს ანათებს» (მგონი ხალხური), «ფულს სუნი არ სდის» (მგონი რომის იმპერატორი ვესპასიანე), «ფული ხელის ჭუჭყია» (მგონი ესეც ხალხური). ეს ყველასთვის ცნობილი შეფასებები საკმარისია იმისთვის, რომ დავასკვნათ: ადამიანებს ფულისადმი ერთმნიშვნელოვნად დადებითი ან უარყოფითი დამოკიდებულება არ აქვთ, განსხვავებებია ფულისადმი ინდივიდუალურ და კოლექტიურ დამოკიდებულებაში, მაგრამ  ფულის საჭიროებას ყველა ერთნაირად გრძნობს; ინდივიდიც და კოლექტივიც (სახელმწიფო, კორპორაცია). ადამიანის (სახელმწიფოს, კორპორაციის) ყოველდღიური ქმედებების მიზეზი და მიზანი ფულის მოპოვებაა, ოდესღაც ფული სიმბოლო და მეტაფორა იყო, თუმცა კონკრეტულად რომელ ეპოქში ხდებოდა ასე, პირადად მე არ ვიცი, მაგრამ რატომღაც მჯერა, რომ ოდესღაც ფული მხოლოდ სიმბოლო და მეტაფორა იყო, დღეს კი ფული ილუზიაა, რომელსაც უმაღლესი რეალობის სტატუსი აქვს

დღეს ფულის რამდენიმე სახეობა არსებობს: ნაღდი ფული, ფული ქაღალდზე, ფული პლასტიკურ ბარათზედა ..

ფულის მნიშვნელობის ზრდა ადამიანში მარადიული ცხოვრების რწმენის დაკარგვის პირდაპირპროპორციულია.

ღმერთთან დაცილება სამოთხეშივე მოხდა, შემდეგ თანდათან დავიწყებას მიეცა სამოთხე, დღეს კი ისეთ დროს გვიწევს ცხოვრება, რომ ადამიანების უმრავლესობა საერთოდ ვეღარ ხედავს სამოთხის არსებობის აზრს, იმ სამოთხის, რომელიც არსებობს სადღაც შორს, სადღაც სიკვდილის შემდეგ და ჩვენ მეტნაკლები აქტიურობით ჩართულები ვართ მიწაზე სამოთხის გაშენების პროცესში. ჩვენი წარმოდგენები ზეციურ სამოთხეზე სხეულს არ გამორიცხავს და გვგონია, რომ ზუსტად ასეთივე სხეულებით მივიღებთ იქ ყველაფერ იმას, რაც აქ დაგვაკლდა. რეალურად, ეს მიწაზე სამოთხის არსებობის სურვილის გამოხატულებაა, რადგან არცერთმა ჩვენგანმა არ იცის, რა იქნება იქ, რა დაემართება ჩვენ სხეულებს, სხეულის გარეშე კი ფულს არანაირი აზრი არ აქვს

ამიტომ ფული ყველაფერი არ არის, მაგრამ ჩვენ ჩვენს წარმოსახვაში სხეულის გარეშე არ ვარსებობთ, შეგვიძლია ოცნებებში დავიმატოთ ფრთები, შევიცვალოთ სახე, გავლამაზდეთ, მაგრამ ეს ყველაფერი მხოლოდ სხეულის დახვეწაა და არა სხეულის გარეშე ცხოვრება

ფული ზღაპრებში ძალიან მნიშვნელოვანი რამ არის. მაგალითად გერმანულ ზღაპრებში არსებობს ჯადოსნური რაუბტალერი, ფული, რომელსაც ხარჯავ, მაგრამ არ იხარჯება, აღმოსავლურ ზღაპრებში ფული ძირითადად (ქალთან ერთად) ბევრი ცუდი საქმის წამოწყების მიზეზია, ქართულ ზღაპრებში ძირითადად გაჭირვებაზეა საუბარი, გაჭირვება კი ფულის უქონლობას გულისხმობს. ზღაპრებში ფული არსებობს აგრეთვე, როგორც დამსახურებული ჯილდო.

ერთერთ ქართულ სიმღერაში არის პერსონაჟი, რომელიც თავად ფულია. ამ ერთდროულად კაცს და ფულს ტრულაილა ქვია.

ტრულაილას ფული რად უნდა?! ტრულაილა თვითონ ფულია.

დიდი ხნის მანძილზე ტრულაილა ჩვენი იდეალი იყო და მეტნაკლებად დღესაც არის, თუმცა თანამედროვე ტრულაილებს გაცილებით დიდი ამბიცია აქვთ, ისინი უხეშად ერევიან ყველგან და ყველაფერში და ძირითადად ყველგან და ყველაფერში გადამწყვეტი ხმა აქვთ, ასე რომ, ერთ დროს მხიარული, მოქეიფე ტრულაილა დღეს მონსტრად იქცა, მაგრამ ჩემი მიზანი არ არის ვწერო თანამედროვე, გამონსტრებულ ტრულაილებზე, მე საკუთარ თავზე ვწერ და ფულზე, მინდა გავიხსენო ჩემი და ფულის ურთიერთობის სხვადასხვა ეტაპი და კიდევ: გავიხსენო ფულის მნიშვნელობა ჩემს საყვარელ და არც ისე საყვარელ წიგნებშიდა ზოგიერთი ჩემი საყვარელი და არც ისე საყვარელი მწერლის ფინანსურ მდგომარეობაც

ჩემი პირველი ფული

ფული ლოკალურია, მისი მოქმედების არეალი ყოველთვის შეზღუდულია, განსხვავება სხვადასხვა ფულის ერთეულებს შორის მხოლოდ ლოკალურობის მასშტაბშია. ჩემი პირველი ფულის მოქმედების არეალი სკოლის ბუფეტი იყოსკოლაში მისვლისთანავე ყველა მოსწავლეს დაგვირიგეს დიდი ფურცელი, რომელიც ოც ნაწილად უნდა დაგვეჭრა. თითოეულ ნაწილზე გამოსახული იყო ციფრი 10 და ეს ციფრი ამ ქაღალდის ღირებულებას აღნიშნავდა. ამ ფურცლებს სკოლის ბუფეტის ტალონები ერქვა

ამ ტალონებით ვყიდულობდი: სოსისებს, კატლეტებს, ნამცხვრებს, წვენებს და .. ყველაზე მეტად სკოლის ბუფეტის კატლეტი მიყვარდა, მიყვარდა იმდენად, რომ ლეგენდამ თუ ნამდვილმა ამბავმა კატლეტში ნაპოვნი თაგვის კუდის შესახებ ოდნავადაც კი ვერ იმოქმედა ჩემს სიყვარულზე სკოლის ბუფეტის კატლეტისადმი და კვლავ ისეთივე დიდი სიამოვნებით ვჭამდი, როგორც ამ ლეგენდის თუ ნამდვილი ამბის გავრცელებამდე

თითო მოსწავლეს თვეში, თუ სწორად მახსოვს ოცი ტალონი ერგებოდა და რა თქმა უნდა, ეს რაოდენობა სულ არ იყო საკმარისი მადიანი მოსწავლისთვის.

თითოეულმა მოსწავლემ უკვე ამ დროს გადადგა საკუთარი პირველი ნაბიჯი ბიზნესში. რა თქმა უნდა, ეს ძალიან პრიმიტიული ბიზნესურთიერთობები იყო, თუმცა, ჩემი აზრით, მიუხედავად ათასგვარი შეფუთვისა  და გაკეთილშობილების მცდელობისა, ბიზნესი ყოველთვის და ყველგან პრიმიტიულია. შეიძლება, ასე რომ ვფიქრობ, ამიტომაც ვერ ვარ ბიზნესმენი, თუმცა რამდენიმე თვის წინ ცნობილი მილიარდერის, უილიამ ბაფეტის სტატიების კრებული წავიკითხე და კიდევ ერთხელ დავასკვენი, რომ ბიზნესი, თუნდაც მსხვილი, არსით პრიმიტიულია, მთავარია დაიჯერო ეს და შედეგი აუცილებლად გექნება, თუმცა ამის დაჯერება მხოლოდ ერთეულებს შეუძლიათ

დავუბრუნდეთ ტალონებს.

ტალონები იცვლებოდა ყველაფერში: კალმებში, მარკებში, ფლომასტერებში, ოქტომბრელის ნიშნებშიამ უკანასკნელი ნივთის გაცვლა ტალონში სამშობლოს ღალატის ტოლფასი იყო, მაგრამ ტალონი მეტი იყო, ვიდრე სამშობლო, ზოგადად ასეა, ბიზნესი მეტია, ვიდრე სამშობლო, ამიტომაც არასდროს მიკვირს ის ამბავი, რომ ბიზნესმენები პატრიოტები არა არიან და ყოველთვის გაბრაზებამდე მიკვირს ადამიანების გარკვეული ჯგუფის აღშფოთება ბიზნესმენების არაპატრიოტიზმის გამო და კიდევ მათი სიძუნწის გამუდმებული კრიტიკა. ასეთი რაღაცეები მეც გამიკეთებია და იმ მომენტში ძალიან მართალიც მეგონა საკუთარი თავი, მაგრამ როდესაც დავფიქრდი და მრავალტალონებიანი საკუთარი თავი გავიხსენე, მივხვდი და ვაღიარე მათი (ბიზნესმენების) სიმართლე

მხოლოდ ძალიან იშვიათად მიმიცია ვინმესთვის ტალონი, ისიც იმ შემთხვევაში, თუ გული მკარნახობდა ამას, ან გარკვეული ვითარება. რაც ღირებულია ჩემთვის, იმას ყოველთვის ვუფრთხილდები, ასეა ყველა.

ბუფეტში ჭამას ჩემები ოფიციალურად არ მიშლიდნენ, თუმცა ირიბად სარეკლამო პროპაგანდის მანქანა (იმ დროს ასეთი განსაზღვრებები ზუსტად შეეფერება) ჩართული იყო და თითქმის ყოველდღე ვისმენდი სახლში დამზადებული კატლეტის და ზოგადად საჭმელის უპირატესობების შესახებ მონოლოგებს ბუფეტის კატლეტთან და სხვა საჭმელებთან შედარებით, შემდეგ უკვე იდეოლოგიურად დამუშავებული ვჯდებოდი და ვსაუზმობდი, ვსადილობდი, ვახშმობდი

მაგრამ სკოლის ბუფეტი მაინც სულ სხვა იყო.…

სახლში არ აკეთებდნენ უგემურ საჭმელებს, პირიქით ყველაფერი საკმაოდ გემრიელი და ხარისხიანი იყო (იმ დროს არც მიტინგები იმართებოდა, არც ომები იყო დაწყებული და არც გაკოტრებულები ვიყავითეს ყველაფერი რამდენიმე წლის შემდეგ მოხდა), მაგრამ ბუფეტი თავისუფალი სივრცე იყო და მე ვირჩევდი, რა მეჭამა და რა არა, ტალონები კი ჩემი პირადი ფული. მხოლოდ წლების შემდეგ გავიგე, რომ ტალონებში ჩემები იხდიდნენ ნაღდ ფულს და ტალონები ჩემთვის იგივე გახდა, რაც გაზეთი «ნორჩი ლენინელი» ან  რომელიმე თეატრის აბონიმენტი, ერთერთი აუცილებელი სასკოლო სისულელე

ისე ბუფეტები დღემდე მიყვარს.

ბალზაკი

ბალზაკმა ლორენს სტერნთან ერთად თანამედროვე ლიტერატურა შექმნა. სტერნის დამსახურება ფორმალისტურია, ბალზაკის ფსიქოლოგიური. ბალზაკმა ცხოვრების წიგნში სრულად გადმოტანა დაისახა მიზნად, მისი «ადამიანური კომედია» მსოფლიო ლიტერატურაში ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მხატვრული ციკლია, ამ ფორმას შემდეგ ბევრმა მწერალმა მიმართა, ზოგიერთმა ძალიან წარმატებულად (ზოლა, ფოლკნერი), ზოგიერთმა ნაკლებად წარმატებულად (ანატოლ ფრანსი), ზოგმა კი ძალიან მოსაწყენად (გოლსუორსი)…

ბალზაკს განსაკუთრებით «ათას ერთი ღამის» ზღაპრების წიგნი უყვარდა. ბალზაკმა ცხოვრების დიდი ნაწილი ვალების გასტუმრებას მოანდომა. არსებობს ლეგენდა, შეიძლება ნამდვილად ასეც იყო, რომ ბალზაკს მევალეები ადგნენ თავზე და ისე წერდა, წერდა ძალიან სწრაფად, თითქმის შეუსვენებლად, სადილობისას, როდესაც მას მხოლოდ პური ქონდა, აკეთებდა საყვარელი საჭმელების სიას და ამ სიას ხმამაღლა კითხულობდა, რეალურად კი მხოლოდ პურს ჭამდა. ნებისმიერ შემთხვევაში დღეს ბალზაკი თავად არის ზღაპრის, მითის ან იგავის პერსონაჟი, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩემი მიზანი არ არის მისი ამ კონტექსტში განხილვა.

ბალზაკის «ადამიანურ კომედიაში» (რა თქმა უნდა, ამ უზარმაზარი ციკლის ყველა ნაწარმოები არ მაქვს წაკითხული) ფული ერთერთი მთავარი პერსონაჟია. მისი მფლობელები ძირითადად მყრალი ტიპები არიან, ყველაზე ცნობილი (პოპულარული) ასეთი მყრალი ტიპი რა თქმა უნდა გობსეკია.

ბალზაკის ჩემთვის ყველა ცნობილ ნაწარმოებში, უფრო სწორად ყველა იმ ნაწარმოებშირომელიც ახლა მახსენდება, ზღაპრული ელემენტი აშკარაა. ეს არ ეხება მხოლოდ ფილოსოფიურ და მისტიკურ მოთხრობებს. თუნდაც იგივე გობსეკი: ის ჩამოყალიბებული მსოფმხედველობის ადამიანია, გობსეკი ფილოსოფიურად (ეს ფილოსოფია საკმაოდ გამართულია) ამართლებს საკუთარ ქმედებებს, ფულისადმი საკუთარ დამოკიდებულებას. ეს უკვე ზღაპარია, რადგან რეალურად მევახშეები თითქმის ყოველთვის საზოგადოებრივ აზრს უწევენ ანგარიშს და გამუდმებით იმის მტკიცებაში არიან, თუ როგორ არ აქვს მათთვის მნიშვნელობა ფულს, როგორი კეთილშობილი ადამიანები არიან და რომ მათთვის მთავარი ადამიანური ურთიერთობებია

ზღაპარი რეალობის უკეთესად დანახვის საშუალებას გვაძლევს. ბალზაკი ამ საშუალებას მაქსიმალურად იყენებს, თუმცა ის მაინც  მე-19 საუკუნის დასაწყისის მწერალია და აქედან გამომდინარე, მას ჯერ კიდევ საკმაოდ მჭიდრო კავშირი აქვს ძველ სენტიმენტალურრომანტიკულ ლიტერატურასთან, განსაკუთრებით უოლტერ სკოტთან, რომელიც რეალური ყოფის ერთერთი ყველაზე დიდი გამყალბებელი ავტორია. ცხადია, ადამიანის ოცნებებზე და სურვილებზე ოსტატურად წერა ისევე მნიშვნელოვანია, როგორც სინამდვილის ასახვა, მაგრამ სკოტის რომანებში არ არის ტრაგიზმი, არის დრამა, დინამიკა, თავგადასავალი, მაგრამ არ არის ტრაგიზმი.

სწორედ ამიტომ დროთა განმავლობაში სკოტი უბრალო საბავშვო მწერლად იქცა, რაც შეეხება ბალზაკს, ის  ბევრისთვის გაწელილი ფილოსოფიური მონოლოგების და დიალოგების ავტორია. დღეს ეს მოდური არ არის, ამიტომაც ბალზაკს დღეს ცოტა მკითხველი ყავს

ფრანგები ცდილობენ ბალზაკის გაცოცხლებას, მისი ნაწარმოებების მიხედვით იღებენ ფილმებს და სერიალებს, რომლებშიც მოქმედება ხანდახან თანამედროვეობაშია გადმოტანილი. ასეთ პროექტებს აქვს გარკვეული შედეგი, თუმცა არასაკმარისი, რადგან შეუძლებელია თანამედროვე ადამიანის საფუძვლიანი დაინტერესება ბალზაკის შემოქმედებით. ბევრი რამ შეიცვალა, მათ შორის ფულისა და ზღაპრისადმი დამოკიდებულებაან გვგონია, რომ შეიცვალა, ნებისმიერ შემთხვევაში სხვა ზღაპარში ვცხოვრობთ და სულ სხვა ზღაპარს ვქმნით, ზღაპრიდან ზღაპარში, ძველი ზღაპრიდან ახალ ზღაპარში, ერთი ზღაპრიდან მეორე ზღაპარში _ ეს არის ცხოვრება, ძველი ზღაპრის შემქმნელებს და გმირებს იშვიათად ვიხსენებთ, ჩვენც იშვიათად გაგვიხსენებენ ახალ ზღაპარში, მაგრამ ამას ჩვენთვის არანაირი მნიშვნელობა აღარ ექნება, რადგან ჩვენ იქ აღარ ვიცხოვრებთ, ყოველ შემთხვევაში იმ სახით, რასაც ახლა ცხოვრებას ვეძახით, აღარ ვიცხოვრებთ.

თითოეულმა ჩვენგანმა კარგად იცის ის, რომ რეალურად არაფერი არ იცის,შეზღუდულია, მაგრამ მიუხედავად ამისა ჩვენთვის მაინც ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენივე არასრულყოფილი, ხშირშემთხვევაში მცდარი შეხედულებებია, ალბათ  ეს ლოგიკურია, მაგრამ ლოგიკას სინამდვილესთან სუსტი კავშირი აქვს

«გოგია უიშვილი» და «რისხვის მტევნები»

ეგნატე ნინოშვილსა და ჯონ სტაინბეკს შორის იმდენივე განსხვავებაა, რაც საქართველოსა და ამერიკას შორისю დიდი ხნის განმავლობაში (ამას საბჭოთა პროპაგანდა უწყობდა ხელს) ქართველ კრიტიკოსებს ეგნატე ნინოშვილი ცამდე აყავდათ და მას დიდ მწერლად წარმოჩენდნენ, მისი ტექსტების მნიშვნელობას უთანაბრებდნენ დავით კლდიაშვილის ნაწარმოებების მნიშვნელობას. საბოლოო ჯამში ამით ყველაზე მეტად თავად ეგნატე ნინოშვილის შემოქმედება დაზარალდა, შემდეგ დავით კლდიაშვილი, მისი პროზა დიდხანს, როგორც რეგიონალური ლიტერატურა, ისე აღიქმებოდა.

რაც შეეხება ნინოშვილს, უსამართლო ქებამ უკურეაქცია გამოიღო და დღეს მის ლიტმემკვიდრეობას იშვიათი გამონაკლისების გარდა სერიოზულად არავინ აღიქვამს, არადა რეალურად ეგნატე ნინოშვილი არც ასეთი ცუდი მწერალია, ის რეგიონალური კარგი მწერალია, არამხოლოდ მოქმედების არეალით, არამედ მნიშვნელობითაც.

ამაში ცუდი არაფერი არ არის, თუ გავითვალიწინებთ, რომ მსოფლიო მწერლების სავარაუდოდ 95% ლოკალური მნიშვნელობისაა

ჯონ სტაინბეკი ამერიკელია, თან ნობელიანტი, ეს მონაცემები საკმარისზე მეტია იმისთვის, რომ მისი შემოქმედება, თუნდაც მისი გარდაცვალებიდან 40 წლის შემდეგ აქტუალური იყოს, ინგლისურ ენაზე მის წიგნებს კლასიკურ სერიებში გამოცემენ, მაგრამ ინგლისურენოვანი ლიტსაიტების გადათვალიერების შემდეგ მივხვდი, რომ მისი რეიტინგი ამ სივრცეში თითქმის ისეთივეა, როგორც საქართველოშიისინი, ვინც საკუთარ თავს ლიტერატურის ნამდვილ მოყვარულებს უწოდებენ (პირდაპირ ვიტყვი: ძალიან მოსაწყენი ხალხი, მაგრამ ფაქტია, რომ  საერთო განწყობებს სამწუხაროდ ეს ადამიანები ქმნიან) სტაინბეკს ნაკლებად აღიარებენ და ამის მიზეზად იმას ასახელებენ, რომ სოციალურ პრობლემებზე ამდენი წერა საინტერესო არ არის

ნინოშვილი და სტაინბეკი აქ კვეთენ ერთმანეთს, ორივეს  მთავარი თემა გაჭირვებაა. ავიღოთ ნინოშვილის მოთხრობა «გოგია უიშვილი» და სტაინბეკის რომანი «რისხვის მტევნები». თუ ცოტა ხნით განზე გავწევთ განსხვავებებს ლიტერატურულ ოსტატობაში, ეპოქებში და სახელმწიფოებს შორის (ნინოშვილის დროს საქართველო სახელმწიფო ფორმალურადაც კი არ იყო), შეგვრჩება გაჭირვება. გოგია უიშვილი თავს იკლავს, სტაინბეკის პერსონაჟები, ოჯახი (მათ გვარს ახლა ვერ ვიხსენებ) გზას ადგებიან _ ეს არის მთავარი განსხვავება საქართველოსა და ამერიკას შორის. ამერიკაში არსებობს გზა, რომელსაც დაადგები და ამ გზაზე შეიძლება შეიცვალოს ცხოვრება, საქართველოში გზა არ არსებობს და აქ თვითმკვლელობა ლოგიკურია, თუმცა საზღვრების გახსნამ  უგზოობის პრობლემა მეტნაკლებად მოხსნა, მაგრამ სხვის გზაზე სიარულიб პრესტიჟს რომ შევეშვათ, ნაკლებადპერსპექტიულია და ხშირ შემთხვევაში მხოლოდ თვითმკვლელობის გადავადებას ნიშნავსსაუკეთესო შემთხვევაში წასვლას _ ვინც წავიდა, აღარ დაბრუნდება

რაციონალურად ფულს მხოლოდ საშუალო ფენის ადამიანი უყურებს, მდიდრები ფულში მისტიკურ თვისებებს ხედავენ, ის რაც ძალიან ბევრი გაქვს გინდა იყოს მნიშვნელოვანი და გამორჩეული, ან მნიშვნელოვნად გამორჩეული.

ღარიბების დამოკიდებულება ფულისადმი ემოციურია

ნინოშვილის და სტაინბეკის ნაწარმოებებში ბევრს ლაპარაკობენ ფულზე, მაგრამ თითქმის არცერთ პერსონაჟს რეალურად ფული არ აქვს, ამიტომ აქ ფული არსებობს როგორც ემოცია, ადამიანი კი ემოციურად გაუწონასწორებელი არსებაა. აქედან გამომდინარე, გაჭირვებულებს ფულისადმი ერთმნიშვნელოვანი დამოკიდებულება არ აქვთ და ის ვითარებიდან გამომდინარე იცვლება.

მდიდრებს და ღარიბებს ერთი რამ აერთიანებთ, მათთვის ფული გაცილებით მეტია, ვიდრე საშუალება…

გავრცელებული აზრის თანახმად, მწერალი ყოველთვის მემარცხენეა და არასდროს არ გულშემატკივრობს მდიდრებს

არ არა, უფრო ვერ

ჩემი მეორე ფული

«თბილისიდან უნდა შემეკვეთა ბილეთები» _ თქვა მამამ და თავზე ხელი გადამისვა_ «გული არ დაგწყდეს».

«არ მწყდება» _ ვუთხარი გულდაწყვეტილმა.

მამამ კიდევ ერთხელ გადამისვა თავზე ხელი და პორტის ღია კაფისკენ წავედითდიდი გემი აქედანაც კარგად ჩანდა. ვიჯექი, ნაყინს ვჭამდი, დიდ გემს ვუყურებდი და ძალიან მინდოდა დიდ გემზე ვყოფილიყავი.

მამა სიგარეტს ეწეოდა. დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ კაფე დავტოვეთ, თბილისში ვაპირებდით დაბრუნებას. პორტის ტერიტორიაზე მამას ნაცნობი შეხვდა.

ძალიან დიდები იყვნენ – მამაც და მისი ნაცნობიც, ერთი სული მქონდა, როდის გავხდებოდი მათხელა, იმ წუთას დიდი გემი საერთოდ არ მახსოვდა, მხოლოდ გაზრდაზე ვფიქრობდი. მინდოდა, რომ ვყოფილიყავი დიდი

მამას ნაცნობმა უთხრა, რომ დიდ გემზე ვერა, მაგრამ პატარა გემის ბილეთების შოვნაში დაეხმარებოდა და რატომღაც მე შემომხედა და გამიღიმა. ბევრი თეთრი და ერთი ოქროს კბილი დავინახეოქროს კბილები არასდროს მომწონდა, თუმცა არსებობს ახირება და საქართველოში ორი თაობა ოქროს კბილებს ატარებდა. მაშინ ეს საამაყო იყო, დღეს სასაცილოა. დღეს რაღაც საშინელ მზის სათვალეებს რომ ატარებენ ჩემი თაობის ადამიანები და რომ ეამაყებათ, ზუსტად ასევე დაიცინებიან მომავალში, თან უახლოეს მომავალში.

პატარა გემიც დიდი იყო, საერთოდ იმ დროს ყველაფერი დიდი იყო. ვიდექით მე და მამა გემბანზე და ზღვას ვუყურებდით, ერთდროულად მეშინოდა და აღფრთოვანებული ვიყავი

ჩვენს გვერდზე უცხოელები იდგნენ, ქალი და კაცი, მამას გამოელაპარაკნენ, ლაპარაკობდნენ რუსულად და დღეს ამ საუბრიდან მხოლოდ სიტყვა «პრაგა» მახსოვს.

საღამოს დარბაზში ჩავედით. მუსიკოსები უკრავდნენ რაღაც საცეკვაო მელოდიას, ვიღაცეები ცეკვავდნენ, მათ შორის გემბანზე გაცნობილი ქალი და კაციც. მამა მათ ხელის აწევით მიესალმა, მე ყოველთვის მერიდებოდა ადამიანებთან მისალმება, დღემდე ასე ვარ (რატომ, არ ვიცი) და ხშირად უჟმურ და უსალმო ადამიანად მთვლიან, თუმცა ამის მიზეზი რეალურად ჩემი მორიდებულობაა, მაგრამ იმდენ საკითხში არ ვარ მორიდებული ადამიანი, რომ კონკრეტულად ამ საკითხში ჩემი მორიდებულობის დამტკიცება სხვებისთვის ძალიან რთულია და ამიტომ არც ვცდილობ ხოლმე.

მოცეკვავეებს შორის გავიარეთ და სათამაშო აპარატებთან მივედით. სათამაშო აპარატების გვერდზე, პატარა მაგიდასთან ულვაშებიანი ტიპი იჯდა, მამა მასთან მივიდა, გაუწოდა წითელი ფული და ულვაშებიანმა რაღაც რკინები მისცა. ყველა აპარატთან რიგი იდგა, ერთერთ რიგში ჩავდექით, ჩვენი ჯერი რომ დადგა, მამამ რკინა მომცა. დავხედე: ოცკაპიკიანივით იყო, მაგრამ სულ სხვა რაღაც ეხატა ზედ, მამამ მიმითითა რკინის ჩასაგდები ადგილი, შემდეგ საჭირო ღილაკი, ღილაკს თითი მთელი ძალით მივაჭირე (რეალურად ამის აუცილებლობა არ იყო, მსუბუქად შეხებაც კმაროდა).

და რამდენიმე წამის შემდეგ ეკრანზე სამი ბარ დაჯდა და რკინები ცვენით წამოვიდა.

ასე მოვიპოვე ჩემი მეორე ფული, რომელსაც პირველი ჩემი ფულის მსგავსად შეზღუდული მოქმედების ქონდა და ასევე ჩემების (კონკრეტულად მამას) ნამდვილი ფულით იყო ნაყიდი.

მხოლოდ რამდენიმე ხნის შემდეგ გავიგე, რომ ამ რკინების ნამდვილ ფულზე გადაცვლა შემეძლო

ღამე კვლავ გემბანზე ვიდექით, მე მოგებულ და შემდეგ მთლიანად წაგებულ რკინებზე ვფიქრობდი. მამა რაზე ფიქრობდა არ ვიცი, მოაჯირზე ედო ხელები და ზღვას უყურებდა.

ბუფეტებისგან განსხვავებით კაზინოები არ მიყვარს

მოპასანი

ბოლოს მოპასანი გაგიჟდა, თუმცა მანამდე იყო, დრო როდესაც მოპასანზე გიჟდებოდნენ, უფრო სწორად მის ნოველებზე და რომანებზე. თანამედროვე გაგებით მოპასანი კომერციულად წარმატებული მწერალი იყო, განსხვავებით მისი დიდი მასწავლებლისგან _ გუსტავ ფლობერს ვგულისხმობ.. მოპასანმა ბევრი რამ ისწავლა ფლობერისგან, როგორც მწერალმა, მაგრამ მოსწავლე და მასწავლებელი პიროვნულად ძალიან განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან..

ფლობერისთვის საზოგადროებივ ცხოვრებაში მინიმალურად ჩარევა, მაღალი საზოგადოების მოსაწყენ შეკრებებზე არდასწრება, იდეალური ლიტერატურული ფორმის ძიება ბუნებრივი იყო. რამდენიმე ხანს მოპასანი იზიარებდა ფლობერის პოზიციებს, მაგრამ ბუნებით ის სულ სხვანაირი ადამიანი იყო, ამიტომაც მისი და ფლობერის ურთიერთობა გაფუჭდა და მოპასანმა საკუთარი გზით დაიწყო სიარული.

კომერციული წარმატება ერთდროულად პიროვნული და ლიტერატურული გამოცდაა ავტორისთვის. მოპასანს ეყო პატიოსნება და გაგიჟდა.

მედიცინა ასეთ მიზეზებს არ ცნობს, ოფიციალურად მოპასანი თავის ტვინის დამბლით გარდაიცვალა, ასევე სამედიცინო ცნობარებში აღნიშნულია, რომ ის სიფილისით იყო დაავადებული.. მედიკოსებს არ აინტერესებთ ადამიანი, მედიკოსებს  მხოლოდ ადამიანის ორგანოები ანტერესებთ, ხანდახან სამკურნალოდ, ხანდახან გასაყიდად.

ფულს თვლა უყვარს. შენ თუ არ დაითვლი, სხვები დაგითვლიან, ამიტომ ჯობს დაითვალო. მოპასანის წლიური შემოსავალი ლიტერატურული კარიერის პიკზე 60000 ფრანკი იყო, მეცხრამეტე საუკუნეში კი ეს საკმაოდ დიდი შემოსავალი იყო.

ისააკ ბაბელს აქვს მშვენიერი მოთხრობა «მოპასანი». ეს მოთხრობა უკვე გაგიჟებული მოპასანის ჩანაწერით იწყება, შეიძლება მთავრდება, ზუსტად არ მახსოვს, სადაც ლაპარაკია იმაზე, რომ ბატონი მოპასანი მწერად თუ ცხოველად გადაიქცა, არც ეს მახსოვს ზუსტად, და რადგან მოპასანის და კაფკას ერთმანეთთან დაკავშირებას არ ვაპირებ, სულერთია მოპასანი მწერად გადაიქცა თუ ცხოველად, ერთადერთი, რაც მახსოვს ისაა, რომ მოთხრობა თავისთავად კარგია, მაგრამ აქ უკვე მოპასანის ცხოვრების დრამა დასრულებულია. ასევე არსებობს ცნობა იმის შესახებ, რომ მოპასანს ყავდა საკუთარი იახტა, რომელსაც მისივე ერთერთი რომანის სახელი «ლამაზი მეგობარი» ერქვა.

იახტაზე მყოფი მოპასანი, რომლის ირგვლივ მხოლოდ წყალია, ერთმნიშვნელოვნად სარეკლამო რგოლია. ასევე არსებობს ანეკდოტური გადმოცემა, ეიფელის კოშკის რესტორანში მოსადილე მოპასანის შესახებ. მოპასანი ეიფელის კოშკის მშენებლობის მოწინააღმდეგე იყო, ამიტომაც რესტორნის ყველა სტუმარს მოპასანის ნახვა გაუკვირდა, ერთერთმა მათგანმა, რომელიც ჟურნალისტი იყო (ჟურნალისტებს ხომ ლეგალურად აქვთ უფლება იყვნენ თავხედები), მოპასანს კითხა:

«თქვენ აქ, უცნაურია, რას აკეთებთ

რაზეც მოპასანმა უპასუხა:

«ეს ერთადერთი ადგილია, საიდანაც ეიფელის კოშკს ვერ ვხედავ…»

ეს ისეთი ამბავია, თანამედროვე ჭორიკანა, ფსევდოინტელექტუალურ გადაცემებში რომ უნდა მოყვეს ადამიანი.. მაგრამ ამ ყველაფერს კავშირი არ აქვს ყოველდღიურობასთან, ადამიანებს კი ყოველდღიურობა აგიჟებთ.

მოპასანის ყოვედღიურობა ძირითადად ფულს უკავშირდებოდა. მნიშვნელობა არ აქვს, წერ ფულისთვის, თუ ითვლი ფულს, მოპასანის ცხოვრება ფული გახდა, უკვე მდიდარი მოპასანი ფულს უგზავნიდა ახლო ნათესავებს, ამ დროს ფულის ქონას აზრი ქონდა, თუმცა დროთა განმავლობაში  ეს აზრიც გაქრა.

წერდა ბევრს და ნაწერებს კარგ ფასად ყიდდა, შემოსული ფულით  ყიდულობდა ნივთებს, საგნებს, ქონდა ურთიერთობები ქალებთან, ოცნებობდა იდილიაზე, მაგრამ ყოველდღიური, მყარი ურთიერთობა მხოლოდ ფულთან ქონდა.

მოპასანი შეცდა (თუ ბაბელის მოთხრობაში მოყვანილი ციტატა მართლაც მას ეკუთვნის). ის მწერად (თუ ცხოველად?) არ გადაქცეულა, ის ფულად გადაიქცა, ამ დროს ის დაახლოები 38-39 წლის იყო. რამდენიმე წლის შემდეგ ამ ფულის ერთეულმა არსებობა შეწყვიტა..

«დიდი გეტსბი» და «ქონა, არქონა»

ფიცჯერალდის რომანი «დიდი გეტსბი» სამ ენაზე მაქვს წაკითხული შემდეგი თანმიმდევრობით: ინგლისურად, ქართულად და რუსულად. ინგლისურად წაკითხვის შემდეგ ჩავთვალე, რომ ეს ენა საკმარისად კარგად არ ვიცი და სწორედ ამიტომ ვერ შევიგრძენი ამ რომანის სიდიადე, ქართულად წაკითხვის შემდეგ  ვიფიქრე, ალბათ თარგმანი არ ვარგათქო, რუსულად წაკითხვის შემდეგ კი საბოლოოდ დავასკვენი, რომ «დიდი გეტსბი» ჩვეულებრივი, საშუალო რომანია და იმავე ფიცჯერალდის მიერ დაწერილ «ნაზია ღამეს» ვერანაირად ვერ შეედრება (რამდენიმე ხნის შემდეგ ტენესი უილიამსის ანალოგიური შეფასება წავიკითხე და გავმხნევდი), მაგრამ ხმათა უმრავლესობით გადაწყვეტილია და ეს გადაწყვეტილება დღემდე ძალაში რჩება, რომ  «დიდი გეტსბი» დიდი რომანია.

რაც შეეხება «ქონა, არ ქონას» (ქართულ თარგმანში «ჰარი მორგანი»), ეს ნაწარმოები ჰემინგუეის ერთერთი წარუმატებელი  ტექსტია, რომელსაც საბჭოთა კავშირში უზომოდ აქებდნენ, რადგან ამ რომანში ჩანს «რას უშვრება კაპიტალისტური საზოგადოება პატარა ადამიანს, როგორ აყენებს ბოროტების გზაზე»… და ...

ფიცჯერალდი და ჰემინგუეი ერთი ქვეყნის და ერთი თაობის მწერლაბი იყვნენ, მაგრამ მათი დამოკიდებულება ფულისადმი რადიკალურად განსხვავდებოდა. ეს «დიდი გეტსბისა» და «ქონა, არ ქონის» შედარებითაც ჩანს..

«ამერიკული ოცნება» დადიდი დეპრესია». 

ორივე თემა დღემდე აქტუალურია ამერიკაში, თუ ამერიკაზე ჰოლივუდით და ლიტერატურით ვიმსჯელებთ., თუმცა ამერიკა დიდია და მრავალმხრივი, ასეთ სივრცეში მეტნაკლებად აქტუალური ნებისმიერი თემა შეიძლება იყოს.

«დიდი გეტსბის» მთავარი პერსონაჟი «ამერიკულ ოცნებას» რეალობად აქცევს, მაგრამ უკვე მდიდარს და შემდგარს იმედი უცრუვდება.

ამაში გასაკვირი არაფერი არ არის, უბრალოდ საქმე იმაშია, რომ თავად ფიცჯერალდს არ სჯერა ამ იმედგაცრუების და ამიტომ არ მომწონს ეს რომანი: კარგად წერა იმაზე, რისიც არ გჯერა, შეუძლებელია.

თუ შევადრით რომანის სხვადასხვა ეპიზოდებს ერთმანეთს, ეს აშკარაა, ფიცჯერალდი ყოველთვის მშვენივრად აღწერს მდიდრულ გარემოს, მიღებებს, ფეშენებელურ სასახლეებს და სასტუმროს ნომრებს, ეს მისი სამყაროა, მისთვის მხოლოდ ასეთი ცხოვრებაა ნამდვილი

«მდიდრები ჩვენგან განსხვავდებიან» უთხრა ერთხელ ფიცჯერალდმა ჰემინგუეის.

«რა თქმა უნდა, მათ ფული აქვთ» ირონიულად უპასუხა ჰემინგუეიმ.

ფიცჯერალდმა ცხოვრების ბოლომდე ვერ შეიცვალა საკუთარი დამოკიდებულება ფულისადმი, ამიტომაც წავიდა სცენარისტად ჰოლივუდში, იქ თანდათან გალოთდა და გარდაიცვალა..

«დიდი გეტსბი» თავის და სხვების ოსტატური მოტყუებაა.

«ქონა, არ ქონის» დაწერის დროს ჰემინგუეი უკვე ძალიან პოპულარული მწერალი იყო (ამ დროს ფიცჯერალდი ჰოლივუდში ლოთდებოდა). საქართველოსგან განსხვავებით ამერიკაში პოპულარობა და სიმდიდრე სინონიმებია

პოპულარულმა  და მდიდარმა ჰემინგუეიმ დაწერა რომანი დიდ დეპრესიაზე, ღარიბ კონტრაბანდისტ ჰარი მორგანზე, სანაპიროს წვრილფეხა მაფიოზებზე და რა გასაკვირია, რომ ტექსტი ვერ შედგა

მისთვის ასეთი თემები ბუნებრივი არ იყო, ალბათ საკუთარი სიმდიდრის მოერიდა და თავი აიძულა სიღარიბეზე და ძალადობაზე ეწერა

გარემოც შესაფერისი იყო: 30-ანი წლების ამერიკაში ლიტერატურაში ძლიერი გავლენა ქონდათ მემარცხენე კრიტიკოსებს, ისინი პირდაპირ უკვეთავდნენ მწერლებს, ეწერათ უბრალო ხალხის ცხოვრებაზე, ნამდვილ ამერიკაზე, მშიერ ბავშვებზე, მაღაროელებზე, უმუშევრებზე, მაკლერებზე, ფერმერებზე

ჰემინგუეი მთელი ცხოვრების მანძილზე საკუთარ თავს უმტკიცებდა, რომ ცხოვრებას აზრი აქვს, სწორედ ამიტომ იყო მისთვის ომის თემა აქტუალური, ომში ადამიანის რეალურ სიცოცხლეს არანაირი ფასი არ აქვს, მაგრამ ომი ადამიანის სიცოცხლის იდეას მნიშვნელოვანს ხდისორმოცდაათიანი წლების ბოლოს მასშტაბური ომი არსად არ მიმდინარეობდა, თავად ჰემინგუეი აღარ იყო იმ ასაკში, რომ აფრიკის ან აზიის რომელიმე ქვეყნის სამოქალაქო ომში ჩაბმულიყო, სიცოცხლის აზრის შესაგრძნობად ჰემინგუეის ახალი, მსოფლიო ომი  ჭირდებოდა, მაგრამ მსოფლიო ომი არ იწყებოდა და რომც დაწყებულიყო, ეს უკვე ბირთვული ომი იქნებოდა დაშესაბამისად  ეს ომი ყველაფერს გაანადგურებდა.

ჰემინგუეიმ მამის ძველი თოფი აიღო და იცით, რაც ქნა

ჩემი მესამე ფული

გიგის ბებია რა თქმა უნდა ძალიან მოხუცი იყო, 65 წლის. ისვამდა ბლომად წითელ პომადას და წითლადვე იღებავდა თმას, საფრთხობელას გავდა, ამიტომ როდესაც გიგიმ მითხრა, რომ მის ბებიას ბაღში განძი აქვს ჩამარხული, დავიჯერე, რადგან ფილმებში განძი ყოველთვის ძალიან მოხუც, საფრთხობელის მსგავს ადამიანებს ქონდათ გადანახული, ხოლო იმ დროს ცხოვრება ფილმივით იყო

მე და გიგი, ცამეტი წლისები ვიყავით

ზაფხულის ერთერთ შაბათს გიგის ბებიასთან გავყევი, გიგის ბებია ჩვენი ეზოდან მოშორებით ცხოვრობდა, ასაკის მატება გარკვეულ ეტაპამდე მანძილს ამცირებს, გარკვეული ასაკის შემდეგ მანძილი კვლავ იზრდება, მაგრამ ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანი უკვე ფიზიკური მონაცემებია და არა მშობლების ფაქტორი, მათი ნებართვა იმისათვის, რომ მოშორებით მდგარ სახლში წახვიდე

მშობლებისთვის ბევრი ხვეწნა არ დამჭირვებია, რადგან საქმეში გიგის მშობლები ჩაერთვნენ და გიგის ბებიასთან მათი პატრონაჟის ქვეშ გავემგზავრე, იმ დროს ეს ერთდღიანი სტუმრობა გიგის ბებიასთან ჩემთვის მოგზაურობა იყო და კიდევ: თავგადასავალი, რადგან იქ, გიგის ბებიის ბაღში  განძი ინახებოდა

მე და გიგი შევთანხმდით, რომ მოპოვებულ განძს ღარიბებს დავურიგებდით, გულუხვობა მხოლოდ განძის მოპოვებამდეა შესაძლებელი და ჩვენც განძის მოპოვებამდე გულუხვები ვიყავითგავიხსენეთ ჩვენი უბნის ყველა ღატაკი, წარმოვიდგინეთ, როგორ დავურიგებდით მათ ფულს, როგორ იყიდიდნენ ისინი კარგ სახლებს და ტანსაცმელს.

გვიხაროდა სხვების ახალი ცხოვრება

გიგის ბებია ორ ენაზე (ქართულად და რუსულად) ერთდროულად მეტყველებდა, იტყოდა ორ სიტყვას ქართულად და ამას მოაყოლებდა რუსული სიტყვების კორიანტელს, ან პირიქით, რამდენიმე რუსულ სიტყვას იტყოდა და სათქმელს ქართულად აგრძელებდა.

მოკლედ, გიგის ბებია არასოდეს ლაპარაკობდა მხოლოდ ერთ ენაზე, შემდგარი საბჭოთა ადამიანი იყო. რამდენიმე წლის შემდეგ, როდესაც მე და გიგი ახალგაზრდა ქართველი ნაციონალისტები გავხდი და მიტინგებზე სამფეროვან დროშას ვაფრიალებდით, გიგის ბებია მიტინგებზე გვაკითხავდა და გვეუბნებოდა, რომ სახლში წავსულიყავით, მაგრამ ჩვენ უკვე დიდები ვიყავით და მხოლოდ ეროვნული მოძრაობის ლიდერებს ვემორჩილებოდითშემდეგ აფხაზეთის ომი დაიწყო და გიგი გუმისთასთან დაიღუპაერთი წლის შემდეგ გიგის ბებიას პურის რიგში წაუვიდა გული და გარდაიცვალა, ადრე თუ გვიან მეც მოვკვდები, იმ განცდით, რომ შესაძლებელი იყო ყველაფერი სხვანაირად მომხდარიყო

დილემა ბოზბაშსა და ჩიხირთმას შორის ჩემთვის არ არსებობს, ერთმნიშვნელოვნად ბოზბაში, მიუხედავად იმისა, რომ ეს კერძი მხოლოდ ორჯერ მაქვს ნაჭამი

მრგვალ მაგიდასთან ვისხედით. დაძაბული ვიყავი, უცხო სახლში დღემდე დაძაბული ვარ, თუმცა მაშინ ეს ბუნებრივად მიმაჩნდა, დღეს _ აღარ მიმაჩნიაგიგის ბებიამ ჩიხირთმით სავსე თეფში დამიდგა. გამაჟრიალა.

ჩიხირთმის დანახვაზე დღემდე მაჟრიალებს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ წვენში მოხარშული კვერცხის წვრილად დაჭრილი ნაჭრები ტივტივებენ. ეს შემთხვევა სწორედ ასეთი იყო. პროტესტი არ გამომითქვამს, შეიძლება მხოლოდ სახის გამომეტყველებით გამოვხატე, არ ვიციარავის არაფერი უთქვამს, თვალები მაგრად დავხუჭე და ჩიხირთმისწვნიანი კოვზი პირისკენ წავიღე. თვალები რომ გავახილე, ტახტზე ვიწექი, თავზე გიგის ბებია მადგა და ერთდროულად ორ ენაზე მელეპარაკებოდა. რამდენიმე  წამის განმავლობაში არც ქართული მესმოდა და არც რუსული, გიგი ოდნავ მოშორებით იდგა და თან ტიროდა და თან იცინოდა. წლების შემდეგ, როდესაც გიგი აფხაზეთიდან რკინის ყუთით ჩამოასვენეს, კუთხეში ვიდექი, მისი ერთდროულად ატირებული და გაცინებული სახე მედგა თვალწინ და რკინის ყუთისა და ჭირისუფლების მიღმა ვიხედებოდი.

განძი ადვილად ვიპოვეთ. ეზოს ბოლოში მდგარ პატარა ქოხში უამრავ ძველმანებთან ერთად თაფლისფერი სკივრი იდორა თქმა უნდა, განძი ასეთ ძველმანებთან უნდა ყოფილიყო

ქოხს პატარა ნათურა ანათებდა.

გიგამ სკივრს თავი ახადა. სკივრი ქაღალდებით იყო სავსე

«ეს ფულია» თქვა გიგამ.

ქაღალდებს დავხედეერთერთი ქაღალდი ავიღე და შევათვალიერე. ასეთი ფული ადრე ნანახი არ მქონდა.

ქაღალდი სკივრში დავაბრუნე. სწორედ ამ დროს ქოხის კარი გაიღო და ღია კარში გიგის მამა დავინახეთ. ერთდროულად შევხტითსკივრის დახურვა ვერ მოვასწარით და ვიდექით ასე ღია სკივრთან სასჯელის მოლოდინში

გიგის მამამ სკივრი დახურა, შემდეგ გაგვიღიმა. ამოვისუნთქეთმივხვდით, რომ გადავრჩით

ვახშამზე გაირკვა, რომ სკივრში შენახული ქაღალდები პირველი რესპუბლიკის დროინდელი ფული იყო. ასე გავიგე პირველი რესპუბლიკის არსებობის შესახებ.

უნებურად რამდენიმე წამით დისიდენტები გავხდით, თუმცა საერთოდ არ მესმოდა მაშინ ამ სიტყვის მნიშვნელობა, დღეს კი უკვე დამავიწყდა რა ნიშნავს

ალექსანდრე ყაზბეგი

საქართველოში ისტორიული პირების ღვაწლი და მოვლენების მნიშვნელობა მკაცრად რანგირებულია და აქედან გამომდინარე, ამა თუ იმ პიროვნების ან მოვლენის ხელახალი გააზრების მცდელობა სამშობლოს და ტრადიციების ღალატად აღიქმება, არადა ბევრი რამ არის ხელახლა გასააზრებელი, თუნდაც ლიტერატურის ისტორიაში..

ალექსანდრე ყაზბეგი მეორე ეშელონის კლასიკოსებს მიეკუთვნება (გიორგი წერეთელი, ანტონ ფურცელაძე, დანიელ ჭონქაძე, ეგნატე ნინოშვილი). ამ კატეგორიის მწერლებში ის ლიდერია, ხანდახან მას პირველი ეშელონის მწერლებშიც მოიხსენიებენ, თუმცა ეს ძალიან იშვიათად ხდება, პირველი ეშელონისთვის ყაზბეგს პოლიტიკური ბიოგრაფია აკლია.…როგორღაც მოხერხდა და ვაჟაფშაველას ეს პოლიტიკური ბიოგრაფია შევუქმენით, აკაკიც რეალურზე მეტად გავაპოლიტიკოსეთ, მაგრამ ყაზბეგის შემთხვევაში არაფერი გამოგვივიდა და ამიტომაც მან მეორე ხაზში გადაინაცვლა, მეორე ხაზში მყოფი მწერლების უმრავლესობაც პოლიტიკური ნიშნითაა შერჩეული, რეალურად მათი ლიტერატურა ხშირ შემთხვევაში ძალიან სუსტია, ასე რომ საქართველოს ტოტალური პოლიტიზაცია ოცი წლის წინ არ დაწყებულია, ყოველთვის ასე ვიყავით და ეს ბუნებრივია, ქვეყანას არ აქვს რეალური პოლიტიკა, ასეთ სივრცეში კი ტოტალური პოლიტიზაცია გარდაუვალიაუკვე რვაასი წელია ასე ვცხოვრობთ, უბრალოდ ჩვენ უკანასკნელი ოცი წელი გვახსოვს, რადგან ეს ოცი წელი ჩვენი კუთვნილი დროა

ყაზბეგი მდიდარი ადამიანი იყო, უფრო სწორად მდიდარი ოჯახის შვილი, და ბევრი მდიდარი ოჯახის შვილი ქართველის მსგავსად ყაზბეგიც გაკოტრდა….

ყაზბეგი ნაწარმოებებს რედაქციაშივე წერდა, წერდა სწრაფად, ყოველგვარი ჩასწორებების გარეშე, ამან ადამიანების გარკვეულ ჯგუფს ეჭვები გაუჩინა და ყაზბეგს ნაწამოებების მითვისებაში წაუყენეს ბრალი, ასახელებდნენ სავარაუდო ავტორსაც, თუ სწორად მახსოვს, მის ბიძაშვილსამ ფაქტის დამადასტურებელი არანაირი მტკიცებულება არ არსებობდა, მაგრამ არსებობდა განწყობა, რომლის საფუძველი არა იმდენად ლიტერატურული შური, არამედ ყაზბეგის უცნაური პიროვნება იყო. ყაზბეგი არ იყო ტიპიური მწერალი, ტიპიური რესპექტაბელობით, ტიპიური ქცევით და ღირებულებებით, ამიტომაც ის არ მიიღეს.

რა თქმა უნდა, მას აფასებდნენ, მას ყავდა მკითხველი, მაგრამ წარმატების მიღწევას აქვს თავის წესები, ყაზბეგი კი ამ წესებს არ იცავდა, ან ვერ იცავდა

გაკოტრებამდე ყაზბეგს ქონდა საშუალება ავტონომიურად ეცხოვრა, მაგრამ გაკოტრების შემდეგ ის მთლიანად საზოგადოებრივ აზრზე დამოკიდებული ადამიანი გახდა: ონანიზმით შეპყრობილი, სიფილისიანი გიჟი, რომელიც მხარზე დასკუპებული მაიმუნით დადიოდა ქუჩებში, აი მისი იმდროინდელი იმიჯი

უცნაურია, რატომ არ აღიარეს XX საუკუნის ოციანი წლების ქართველმა ფუტურისტებმა ის თავის წინამორბედად

და კიდევ: ყაზბეგი მოჩხუბარიძის ფსევდონიმით წერდა.. მანიფესტივით ფსევდონიმია

«ფსკერზე» და «შიმშილი»

თანასწორები მხოლოდ სიკვდილის წინაშე ვართ, სიკვდილამდე (ამას პირადი გამოცდილებით ვამბობ) და სიკვდილის შემდეგ (ამას კი ჩემთვის სარწმუნო წაყროებზე დაყრდნობით) – არა, რადგან არსებობს ინტელექტუალური, ფიზიკური, სოციალური განსხვავებები და ასევე არსებობს სამოთხე და ჯოჯოხეთი.

ყველა ღარიბი ერთნაირი არ არის, არც ყველა მდიდარია ერთნაირი, მაგრამ ჩვენ ძირითადად ვფიქრობთ ჯგუფებზე, კოლექტივებზე და არა პიროვნებებზე, უფრო სწორად თავი მოგვაქვს, რომ საზოგადოება და საზოგადოებრივი პრობლემები გვაწუხებს, თუმცა თითოეულმა ჩვენგანმა კარგად იცის, რომ რეალურად მხოლოდ პირადი პრობლემები გვაწუხებს და ნამდვილად  მხოლოდ საკუთარ თავზე შეგვიძლია ფიქრი, ჯგუფების და კოლექტივების შექმნით უბრალოდ ჩვენს ეგოცენტრიზმს ვნიღბავთ, რაც  რეალურად კიდევ უფრო აღრმავებს ეგოიზმს

ყველა ღარიბი ერთნაირი არ არის. გავიხსენოთ მაქსიმ გორკის პიესაფსკერზედა კნუტ ჰამსუნის რომანიშიმშილი”. ორივე ტექსტის მთავარი პერსონაჟი ღარიბი, მოაზროვნე ადამიანია. გორკის პიესის გმირი რა თქმა უნდა ერთდროულად ზოგადსაკაცობრიო, სოციალური და ეგზისტენციალური საკითხებით არის შეპყრობილი, ეს რუსული ლიტერატურის ტრადიციაა, რომლის მიხედვითაც პერსონაჟები გარკვეულ თემებს კი არ უტრიალებენ და უკირკიტებენარამედ ამ თემებით უბრალოდ შეპყრობილები არიან. რუსული ლიტერატურის ორიგინალურობაც  ზუსტად ამაშია: ამ სივრცეში ნებისმიერი კითხვა შეიძლება იქცეს ზოგადსაკაცობრიო პრობლემად.

ჰამსუნის  რომანის გმირი ღარიბი ინდივიდია, რომელიც ძირითადად საკუთარი თავით არის  დაკავებული. უფრო განიცდის სამყაროსვიდრე ფიქრობს მასზე.

ჰამსუნი ნორვეგიელია. მე-19 საუკუნის ნორვეგია თანამედროვე ნორვეგიისგან განსხვავებით არამხოლოდ პოლიტიკური პროვინცია იყო, არამედ ეკონომიკურიც და კულტურულიც. ასეთ სივრცეში მხოლოდ საშუალო ,ან ცუდი მწერლები წერენ პატრიოტულ ტექსტებს, ჰამსუნი არცერთი არ იყო

გორკისა და ჰამსუნს შორის უამრავი პარალელის გავლება შეიძლება: ორივე ფსევდონიმით წერდა, ორივე ღარიბ ოჯახში დაიბადა,ორივე ლიტერატურით გამდიდრდაცხოვრების ბოლოს ორივე პოლიტიკურ  წნეხის ქვეშ მოყვა, ორივემ იმოგზაურა საქართველოში, კერძოდ თბილისში, იმ ქალაქში, სადაც რამდენიმე ათეული წლის შემდეგ მე დავიბადე, კიდევ რამდენიმე ათეული წლის შემდეგ ვზივარ და ამ ტექსტს ვწერ და ვგრძნობ, რომ ძალიან არ მინდა აქ სიკვდილი, საერთოდ სიკვდილი არ მინდა, მაგრამ ვიცი, რომ სიკვდილი გარდაუვალია..სად დამასაფლავებენ ჩემთვის სულერთია..

თბილისში ჰამსუნის მოგზაურობა გაცილებით წარუმატებელი იყო, ვიდრე გორკის.თბილისში ჰამსუნის საცოლე გააუპატიურეს (თუმცა ეს შეიძლება მხოლოდ და მხოლოდ ლეგენდაა),რაც შეეხება გორკის ის შალიაპინთან ერთად მოგზაურობდა და მოხდა ისე, რომ სამუსიკო სასწავლებელში მიიღეს გორკი, ხოლო შალიაპინი დაიწუნეს..

ჰამსუნმა საქართველოსადმი მიძღვნილ საკუთარ წიგნსმოგზაურობა ზღაპრულ ქვეყანაშიდაარქვა, გორკი კი, საქართველოს უბრალოდ მშობლიური რუსეთის პერიფერიად აღიქვავდა, ჩვენც ასე აღვიქვავთ სოხუმს და ცხინვალს მშობლიური საქართველოს პერიფერიებად, ასე რომ წესით უნდა გვესმოდეს გორკის..

ჩემი მეოთხე ფული

პირისპირ ვისხედით  კარტის დასტა მე მეჭირა, მან დასტა შუაში გაჭრა და მე კარტის დარიგება დავიწყე.

ერთი წლის შემდეგ ჩვენ კარგი მეგობრები გავხდით, ოთხი წლის შემდეგ ის ავტოავარიაში დაიღუპა და მე მას ერთ მუჭა მიწა მივაყრე. ამ დროს მაგარი წვიმა წამოვიდა და მე გავიფიქრე, რომ ცა ტირის, თუმცა ეს ხმამაღლა არავისთვის მითქვამს, უფროსწორად ვერავის ვერ ვუთხარი, რადგან ჩავთვალე რომ ვერ გამიგებდნენ,… მტკიცებულებების გარეშე ასეთ თემებზე საუბარი ძნელია.

ავტოავარიაში მის გარდა კიდევ სამი ჩვენი ახლობელი დაიღუპა..

ერთერთმა ჩვენმა მეგობარმა თქვა:

რომელიმე მაინც გადარჩენილიყო..”

რომელი?” იკითხა მეორე მეგობარმა.

თემა დაიხურა, არა იმიტომ, რომ ყველა დაღუპული ერთნაირად გვიყვარდა, ასე უბრალოდ ერთმანეთს ვაჩვენებდით თავს, არამედ იმიტომ, რომ არცერთ ჩვენგანს მკვდრის გაცოცხლება არ შეეძლო, ხოლო ვინც მკვდრებს აციოცხლებდა მისი სახელი მაშინ არცკი ვიცოდით.

დღეს, როდესაც საკუთარი სახელით ვლაპარაკობ, რადგან ვიცი, რომჩვენობითიფორმა თავისმოტყუებაა, ვცდილობ დავიჯერო, რომ სიკვდილის შემდეგ სიცოცხლე არსებობს. ვიციარსებობს, მაგრამ ცოდნაა სხვაა, რწმენა სხვა.

კარტით უამრავი სახეობის თამაშია შესაძლებელი, ჩვენ ვთამაშობდით ამ უამრავი თამაშიდან ერთერთ ყველაზე პრიმიტრიულ თამაშს _ “სეკას”.

ვიღაცვიღაცეებმა წინასწარ გამაფრთხილეს, რომ მისი კარტით არ მეთამაშა, რადგან მას კარტი დანიშნული ქონდა და წასახალისებლად და აზარტში შესასვლელად პირველ ხუთ დარიგებას მომაგებინებდა, შემდეგ კი ჩემი სქამე ტრაკისკენ წავიდოდა, მაგრამ პირველი ხუთი დარიგება ხომ ჩემი იყო!

მეხუთე დარიგების შემდეგ ვთქვი:

მორჩაწამოვდექიერთი კვირის შემდეგ ველოდები ფულს.”

მას არაფერი არ უთქვამს..

მთელი დღე საკუთარი თავით  აღფრთოვანებული ვიყავი. საღამოს ის სადარბაზოსთან დამხვდა, მარჯვენა ხელში კარტი ეჭირა..

კიდე ვითამაშოთ.” შემომთავაზა.

უარი ვუთხარი.

შენი კარტითარ მეშვებოდა.

არა

მხარზე ხელი მოვკიდე და ოდნავ გვერდზე გავწიე. ხმა არ ამოუღია. კიბეზე ავდიოდი და ვგრძნობდი, რომ მომყვებოდა, მოვტრიალდი. ორი საფეხურით ქვევით იდგა, კარტი მოსაჭრელად გამომიწოდა, გავიღიმე და კვლავ ზურგი ვაქციე. მთელი ღამე მოგებულ ფულზე ვფიქრობდი, თექვსმეტი წლის ვიყავი და ჩემი ასაკისთვის შესაფერის საქმეებში ვაპირებდი მოგებული ფულის დახარჯვას. ბედნიერი ვიყავი.

ერთი კვირის განმავლობაში ის ყოველღამე სადარბაზოსთან მხვდებოდა, მარჯვენა ხელში კარტით, მე მას მხარზე ხელს ვკიდებდი და სულ უფროდაუფრო  უხეშად ვწევდი გვერდზე. ის არ აპროტესტებდა.

ერთი კვირის თავზე დამირეკა, მითხრა, რომ ავად იყო და  ფულის წასაღებად მასთან სახლში მისვლა მთხოვა.

მისამართი მიკარნახა. თავიდან ვიფიქრე, რომ რაღაც ცუდს მიჩალიჩებდა და შემეშინდა, ერთერთ ჩემ მეგობარს ვთხოვე გამომყოლოდა.

გამომყვა. ყოველიშემთხვევისთვის ჯიბეში დანები ჩავიდეთ, თუმცა უკვე ის დრო იდგა, როდესაც თბილისში ხალხი ავტომატებით დადიოდა, ასეც რომ არყოფილიყო, არც მე და არც ჩემი მეგობარი დანის ხმარებაში მაინცდამაინც მაგრები ვერ ვიყავით, მაგრამ დანები მაინც ჩავიდეთ.

ის იტალიურ ეზოში ცხოვრობდა. ეზოში რამდენიმე მანქანა იდგა, თოკებზე სარეცხი ეკიდა. შვიდსაფეხურიანი (რატომღაც საფეხურებს ვითვლიდი) კიბე ავიარეთ და თეთრ, ალაგალაგ საღებავაცლილ კარს მივადექით. მე და ჩემმა მეგობარმა ერთმანეთს შევხედეთ, მეგობარმა თვალებიტ მიმანიშნა დააკაკუნეო, დავაკაკუნე ორჯერ.

ღიააგავიგონე მისი ხმა და კარი შევაღე.

ის საწოლში იწვა, მის გვერდზე ინვალიდის ეტლში ჭაღარა კაცი იჯდა, ჭაღარა კაცს ლურჯი ხალათი ეცვა. ის ხელის აწევით მომესალმა. შემდეგ იგივე ხელი ჭაღარა კაცისკენ გაიშვირა

ეს მამაჩემიაჩვენ ჭაღარა კაცს მივესალმეთ  “მამა მიეცი ბიჭებს ფული.”

ჭაღარა კაცმა ეტლი მაგიდასთან მიაგორა, ხალათი შეიხსნა, შემდეგ ტრუსიკი გაიწია და წვრილი კუპიურების ამოღება დაიწყო, სათითაოდ იღებდა  და მაგიდაზე დებდა, ხუთი ერთნაირი კუპიურის ამოღების შემდეგ გავიაზრე, რომ ჭაღარა კაცს კიდევ  სამოცჯერ უნდა გაეწია ტრუსიკი, ჩაეყო ხელი  და ამოეღო ფული.

ჩემ მეგობარს შევხედე, “ამათ შიგ ხომ არ აქვთ?!”  მეკითხებოდა თვალებით. ორივე შეუთანხმებლად მივტრიალდით კარისკენ და დავიძარით..

ფული წაიღე ! “  გავიგონე  საწოლში მწოლიარეს ხმა

ჩაბარებულიავთქვი მიუტრიალებლად და კარი გამოვაღე.

მეორე დღეს ის კვლავ სადარბაზოსთან დამხვდა

მე მოთამაშე ვარ, სულ ვთამაშობდა ხელი გამომიწოდა.

გამეცინა, ხელი ჩამოვართვი და ვკითხე:

მასწავლი?”..

ტოლსტოი

გრაფი ტოლსტოი სადგურ ასტაპოვოში (შესაძლებელია ასტახოვოში და ისიც არის შესაძლებელი, რომ სადგურის დასახელება საერთოდ არასწორად მახსოვს) გარდაიცვალა. გრაფი ტოლსტოი გარბოდა, გაურბოდა საკუთარ თავს, საკუთარ წარმომავლობას, წრეს. გარბოდა საკუთარი იდეების განსხორციელებლად, მაგრამ ამ დროისთვის ის უკვე საკმაოდ ხანშიშესული იყო ახალი ცხოვრების დასაწყებად. მანამდე რამდენიმე ათეული წლით ადრე ის მოსკოვიდან გაიქცა და იასნოე პოლიანაში დასახლდა, თუმცა ეს მხოლოდ გაქცევის იმიტაცია იყო, რადგან რეალური გაქცევა შეუძლებელია.

შეიძლება გაექცე ქალაქს, ქვეყანას, ოჯახს, მაგრამ ამით გლობალურად არაფერი იცვლება, გრაფი ტოლსტოი კი გლობალურად მოაზროვნე ადამიანი იყო.

გრაფი ტოლსტოი და უტიტულო დოსტოევსკი არასდროს შეხვედრილან ერთმანეთს, ესეც გაქცევა იყო, ამ შემთხვევაში ორმხრივი გაქცევა, უფროსწორად გაქცევის იმიტაცია, რადგან ამ ორი მწერლის ნაწარმოებები, მიუხედავად გარეგანი განსხვავებისა  მუდმივ გადაკვეთაში იყო ერთმანეთთან.

გრაფი ტოლსტოი მუდმივად გარბოდა, გარბოდა დოსტოევსკიც, მაგრამ მე ახლა მე პირველზე ვწერ და არა უკანასკნელზე, თუმცა ხანდახან შესაძლოა პირველი უკანასკნელი გახდეს და უკანასკნელი პირველი.

ტოლსტოის ცხოვრებამ მიცა ის, რაც დოსტოევსკის მუდმივად მოსაპოვებელი ქონდა _ ფული.

რუსეთი იმ დროს კაპიტალისტურ ფორმაციაში გარდამავალი ფეოდალური იმპერია იყო, ხოლო ფეოდალურ სივრცეში არსებობს ფულზე მნიშვნელოვანი რამ _ წარმომავლობა. ტოლსტოის დოსტოევსკისგან განსხვავებით ორივე ქონდა: წარმომავლობაც და ფულიც.

რა შეიცვალა ტოლსტოის ცხოვრებაში იასნოე პოლიანაში გაქცევის შემდეგ? გარეგნულად ბევრი რამ: სამხედრო პირი გახდა მემამულე, არისტოკრატიული წრე შეიცვალა გლეხური წრით, ქალაქისოფლით, ხმაურიიდილიით.

წლების შემდეგ გრაფი ტოლსტოის მამული მოსალოც ადგილს დაემსგავსა, სადაც მის სანახავად და მასთან სასაუბროდ ჩადიოდნენ ღმერთისმაძიებლები, სოციალური სამართლიანობის მაძიებლები, ლიტერატურის მოყვარულები, მაშინ ახალგაზრდა და ახლა კი კაი ხნის გარდაცვლილი მწერლები.

მაქსიმ გორკი თავის ბრწყინვალე წერილს (ესსეს, მოგონებას) ტოლსტოის შესახებ ძალიან ეფექტურად იწყებს და აღნიშნავს, რომ მას ყველაზე მეტად ღმერთის საკითხი აღელვებს, რა თქმა უნდა ეს ტყულია, ტოლსტოის, როგორც ნებისმიერ ადამიანს ყველაზე მეტად საკუთარი თავი აღელვებდა: რატომ დაიბადა? რატომ უნდა მოკვდეს? რას აკეთებს აქ? ეს ბავშვური კითხვები არ არის, ეს მარადიული კითხვებია.

გავითვალისწინოთ რეალობა და ისე წარმოვისახოთ ტოლსტოის და დოსტოევსკის შეხვედრა. ტოლსტოი გრაფია, დოსტოევსკის არანაირი გვაროვნული ტიტული არ აქვს. დოსტოევსკის ტოლსტოის ტიტულით მიმართავს, ტოლსტოი უბრალოდ სახელით და მამისსახელით, ეს დოსტოევსკის დისკომფორტს უქმნის, ტოლსტოიმ იცის, რომ დოსტოევსკი ხშირად ფულის გამო წერს, თავად მას ეს პრობლემა არ აქვს და შეუძლია ათჯერ გადაწეროს თვითოეული ტექსტი. ტოლსტოი დახმარებას თავაზობს დოსტოევსკის და ფულს აძლევს, რათა ამ უკანასკნელმა მშვიდად წეროს, ამის შემდეგ ტოლსტოი აგიზგიზებულ ბუხართან მიდის და ხელებს ცეცხლს უშვერს. დოსტოევსკი რამდენიმე წამს უძრავად დგას ფულით ხელში, შემდეგ ბუხართან მიდის ფულს ბუხარში ყრის და სწრაფად გადის ოთახიდან.

ბეშენნიიამბობს ტოლსტოი და ნერვიულად ატკაცუნებს თითებს.

იმ დღეს ორივე ერთმანეთზე ფიქრობს..

ეს ერთერთი ვერსიაა..

ტოლსტოის და დოსტოევსკის ტექსტებს შორის  არ არის ისეთი უფსკრული, რამხელაც მათ ყოველდღიურობაში.

ყოველდღიურობას კი ფული ქმნის ხან არსებული, ხან მოსაპოვებელი ფული..

მოთამაშედამარტინ იდენი

ზუსტი ავტობიოგრაფიის დაწერა შეუძლებელია. ყველაზე პატიოსანი ავტობიოგრაფიებიც კი ვერ ასახავენ ავტორის ცხოვრებას. რა თქმა უნდა ძველი ფაქტების აღდგენა შესაძლებელია, მაგრამ ამ ფაქტებით გამოწვეული განცდები მხოლოდ იმ წამს არსებობენ და მათი აღდგენა შეუძლებელია.

განცდა მხოლოდ აწმყოში არსებობს, ასე რომ ნებისმიერი ავტობიოგრაფია წარსულის ახალი განცდით გაცოცხლებაა. მხოლოდ აწმყოს განცდაა შესაძლებელი.

დოსტოევსკისმოთამაშედა ჯეკ ლონდონისმარტინ იდენიავტობიოგრაფიული ტექსტებია, რომლებშიც ავტორების წარსულს მათი ამ ტექსტების შექმნისას არსებული განცდები აცოცხლებენ.

მოთამაშე”  დოსტოევსკის ცხოვრების მხოლოდ ერთ მონაკვეთს ასახვს, როდესაც ის აზარტული თამაშებით  იყო გატაცებული, რაც შეეხებამარტინ იდენსის ჯეკ ლონდონის თითქმის მთელ ცხოვრებას მოიცავს, არა მხოლოდ წარსულს და აწმყოს, არამედ მომავალსაც, რადგან ჯეკ ლონდონმა მარტინ იდენივით თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე.

მოთამაშეარ არის დოსტოევსკის ყველაზე მძლავრი ტექსტი, არც ყველაზე სუსტია  და სიმართლე, რომ ვთქვა მის წაკითხვამდე, (როდესაც ვიღაცეები ამ წიგნის შინაარს აღფრთოვანებულები მიყვებოდნენ) უფრო საინტერესო იყო, ვიდრე თავად წაკითხვა, ამის მიზეზი შეიძლება ისიცაა, რომ დოსტოევსკი ჩემთვის სტილისტურად მიუღებელია მწერალია (გამონაკლისი მხოლოდძმები კარამაზოვებიდამარადი ქმარია”), განსაკუთრებით ჰონორარის გამო უაზროდ გაწელილი პეიჟაზები არ მომწონს. თავისთავად დოსტოევსკის შემოქმედებაში პეიზაჟი მნიშვნელოვანი ფაქტორია, მის ტექსტებში იშვიათად ამოდის მზე, ძირითადად წვიმს, გზებზე  ტალახია, თუმცა ხშირად ეს წვიმა ჰონორარის გამო მოდის და ეს წვიმა ერთი გასტუმრებული ვალია, ჰონორარის გამო ატალახებული გზა მეორე _ ვალი.

ფული სიკვდილივითაა მისი დათრგუნვა მხოლოდ ფულითაა შესაძლებელი. დოსტოევსკიმ ეს ძალიან კარგად იცოდა.

მარტინ იდენიდაგვიანებით მოსული წარმატების შესახებ დაწერილი წიგნია. წარმატებას მხოლოდ მაშინ აქვს მნიშვნელობა, სანამ ზოგადად ცხოვრებას აქვს აზრი, სხვა შემთხვევაში წარმატება დამღლელი და დამთრგუნველია. წარმატებული ჯეკ ლონდონი, წარმატებული დოსტოევსკი, მათი წარმატება მხოლოდდამხოლოდ სიკვდილთან მიახლოება იყო. სიკვდილი ყოველთვის გვერდითაა, მაგრამ ჩვენ იშვიათად ვხედავთ მას, რადგან ძირითადად წინ ვიხედებით და უკან, გვერდზე _ იშვიათად.

მოთამაშესდამარტინ იდენსერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ აერთიანებს: ორივე რომანის მთავარი გმირი  გულუბრყვილო ადამიანია და ვის თელავს ცხოვრება ყველაზე მეტად?

მათ.

სელინი

მე არ ვამტკიცებ, რომ ლუი ფერდინანდ სელინი მეოცე საუკუნის ყველაზე დიდი მწერალია,    მე ვამტკიცებ მხოლოდ იმას რომ სელინი მეოცე საუკუნის ერთერთი ყველაზე უბედური მწერალია.

სელინი თავის რომანშიკოშკიდან კოშკშიპირდაპირ აგინებს მორიაკს, რომელმაც იმ დროს ნობელის პრემია მიიღო და ამბობს, რომ ეს პრემია მას ეკუთვნოდა და ამას ერთი შეხედვით უცნაურად ხსნის: ”მე შუქის ფული მაქვს გადასახდელი, კარტოფილი და სტაფილო მაქვს საყიდელი”..  ეს ერთი შეხედვით უცნაური არგუმენტი სინამდვილეში ყველაზე მართალი არგუმენტია. მორიაკისთვის (რომელიც თავისთავად მშვენიერი მწერალია) ნობელის პრემია იყო პრესტიჟი, საერთაშორისო აღიარება, სელინისთვის კი შუქის, კარტოფილის და სტაფილოს ფული, სელინს აღიარებდნენ, როგორც დიდი მწერალს, მაგრამ ეს აღიარება ყოველთვის უფულო ხალხისგან მოდიოდა.

ვისაც არ აქვს ფული მისთვის პრემია მხოლოდ ფულია, ამას საკუთარი გამოცდილებით ვამბობ, მაგრამ: ჩვენთან ასეთ საკითხებზე საუბარი უხერხულია, ჩვენთან უხერხულია იმის აღიარება რომ გიჭირს, ან გეკუთვნის რაღაც..

სელინი პატიოსანი ადამიანი იყო, პატიოსან ადამიანზე ადვილია თქვა, რომ ის ბოღმაა, შურიანია და ..

რადგან პატიოსანი ადამიანი ხმამაღლა ამბობს სიმართლეს.

საკუთარ თავზე ვწერ: მე არ ვარ პატიოსანი ადამიანი, რადგან არ ვამბობ იმას რასაც ვფიქრობ და თავს იმით ვიმართლებ, რომ ვიღაცეები უსამართლოდ შურიანს და ბოღმას დამიძახებენ, არ ვამბობ, მაგრამ ხომ ვფიქრობ რომ ლაშა ბუღაძის რომანიოქროს ხანაუბრალოდ სუსტი რომანია, ხოლო   თეონა დოლენჯაშვილის რომანიმემფისისაერთოდ მეორე ეშელონის ბულვარული ლიტერატურაა და უსამართლობა იყო ამ რომანებისთვის პრემიის მიცემა და ჩემი რომანების დაჩაგვრა და კიდევ: შუქის ფული მქონდა გადასახდელი, კარტოფილი და სტაფილო მქონდა საყიდელი და ამიტომ გავარტყი ჟიურის წევრებს გემოვნებაში სათითაოდ.

ასე ვფიქრობ, მაგრამ არ ვამბობ, მე არ ვარ პატიოსანი ადამიანი.

იმ დროს როდესაც სხვა ფრანგი მწერლები საბჭოთა კავშირში (30 იანი წლები) ახალი ქვეყნის და ახალი სახელმწიფო ფორმაციის სანახავად ჩამოდიოდნენ, სელინი საბჭოთა კავშირში ჰონორარის ასაღებად ჩამოვიდა, რა თქმა უნდა ვერაფერს ვერ მიაღწია ამ საქმეში და საფრანგეთში დაბრუნებულმა საბჭოთა კავშირის გინება დაიწყო. მისი წერილი გაცილებით გულწრფელია ვიდრე ანდრე ჟიდის წერილი, რომელსაც ასევე არ მოეწონა საბჭოთა კავშირი, მაგრამ ჟიდი სხვა სიმაღლიდან ლაპარაკობს, სელინი სხვა სიმაღლიდან და ვინ უფრო მაღლა დგას ანდრე ჟიდი და ზოგადსაკაცობრიო იდეალები, თუ სელინი, რომელიც ფიქრობს, რომ  არანაირი ზოგადსაკაცობრიო იდეალები არ არსებობს, არსებობენ მხოლოდ კონკრეტული ადამიანები საკუთარი ჯოჯოხეთური ყოველდღიურობით?

სელინის დანიაში დაპატიმრებაც ფულს უკავშირდება. ის დანიაშიც ჰონორარის ასაღებად ჩავიდა ხოლო დანიის მთავრობამ ის დააპატიმრა მეორე მსოფლიო ომის დროს ფაშისტურ რეჟიმთან თანამშრომლობის გამო.

ღარიბი სელინი ფაშისტი, ღარიბი სელინი დიდი მწერალი, ღარიბი სელინი ღარიბების ექიმი, ნებისმიერ მდგომარეობაში ღარიბი სელინი.

მანონ ლესკოდაფინანსისტი

მანონ ლესკოსამჯერ მაქვს წაკითხული, ”ფინანსისტიარც ერთხელ. საერთოდ დრაიზერის არცერთი რომანი არ მაქვს წაკითხული, სამაგიეროდ მოყოლით ვიცი. ინსტიტუტში, ჩემი ჯგუფელი მიყვებოდა დრაიზერის რომანებს, მაშინ 18-19 წლისები ვიყავით და დრაიზერი არ იყო მისი საყვარელი მწერალი, უბრალოდ აუცილებელ საკითხავად თვლიდა. მე არ ვკითხულობდი (დღემდე არ ვიცი რატომ) და ის მიყვებოდა დრაიზერის რომანების შინაარს, მიყვებოდა მოკლედ და გასაგებად, კარგად ერთისიტყვით. მთავარი გმირები ღარიბი ტიპები იყვნენ, რომლებიც გამდიდრებას ჩალიჩობდნენ, იჩაგრებოდნენ, ხანდახან გამოსდიოდათ გამდიდრება, მაგრამ ყველაფერი მაინც ცუდად მთავრდებოდა.

მანონ ლესკოშიფული სიყვარულის ანტონიმია.

შევალიე დე გრეის მუდმივად ფინანსური პრობლემები აქვს, ხოლო მანონ ლესკო კი ფულის მოყვარული გოგოა, ასეთი გოგოები დღესაც ბევრია: უვნებო, მაგრამ ლამაზი, დებილი, მაგრამ ლამაზიგარყვნილი, მაგრამ ლამაზი.

რაზე ლაპარაკობენ შევალიე და მანონ ლესკო ერთმანეთთან? უაზროდ უხსნიან ერთმანეთს სიყვარულ და კიდევ ფულზე. შევალიე დე გრეი შეყვარებულია, მანონ ლესკოსაც უყვარს შევალიე, მაგრამ თავისებურად, ის ხომ რეალურად ერთი ტუტუცი, მაგრამ ლამაზი გოგოა. სილამზე ხშირად გამორიცხვს ტვინს, თუმცა არსებობენ ლამაზი გოგოები, რომლებიც ვერ იჯერებენ, რომ ლამაზები არიან. ასე რომ, შეიძლება ითქვას: აღიარებული სილამაზე თითქმის ყოველთვის გამორიცხავს ტვინს, სამაგიეროდ ყოველთვის შეიცავს ეშმაკობას, თუმცა არც ასეთი ადამიანების ცხოვრებაა ადვილი.. მანონ ლესკო ამის კარგი მაგალითია.

შევალიე დე გრეი მუდმივად ფულის მოპოვების პროცესშია. ტირის, წუწუნებს, რაღაც რაოდენობის ფულის მოპოვებას ახერხებს, მაგრამ ფული არასდროს საკმარისი არ არისფული ზოგადად არასდროს საკმარისი არ არის, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მოპოვებულ ფულს სხვა ხარჯავს.

დე გრეი ხვდება, რომ მისი სიყვარული მისი ყველაზე დიდი მტერია, მაგრამ თავს ვერაფერს უხერხებს. დე გრეი სხვანაირი ადამიანია. მისი გაგება რაციონალურად შეუძლებელია, შეუძლებელია გიყვარდეს ქალი, რომელიც წამდაუწუმ გღალატობს, გამუდმებით გთხოვს ფულს და შემდეგ ძლივსძლიობით მოპოვებულ ფულს წამებში ანიავებს, მაგრამ დე გრეი უცნაურია ადამიანია და თავად სიყვარულია ყველაზე უცნაური რამ, ფულზე უცნაურიც კი.

რამდენადაც მოყოლით ვიცი დრაიზერის რომანებშიც უყვართ, თუმცა ეს სულ სხვა ეპოქის და ქვეყნის წარმომადგენლების სიყვარულია.

სხვისი პირველი ფული

იმ წელს შუქის გამორთვა დაიწყეს. ქუჩებში ავტომატიანი ხალხი დადიოდა, ვიღაცეებმა აქიქ პატარა სავაჭრო ჯიხურები დადგეს, ვიღაცეები ვიღაცეებმა მოკლეს, ვიღაცეები საქართველოდან წავიდნენ: ამერიკაში, ევროპაში, ავსტრალიაში, თურქეთში. ვიღაცეები დავრჩით, არ ვკლავდით, არ გვკლავდნენ. ვიდექით ქუჩაში უაზროდ ან ვისხედით სახლებში ასევე უაზროდ. გვენთო ხან ნავთის ლამპები, ხან სანთლები.

იმ დღეს (კარგად მახსოვს) ერთი სანთელი გვენთო, ჩემი მეგობარი (ეს უკვე ზუსტად არ მახსოვს) რომელიღაც მილიარდერის ცხოვრების ისტორია ყვებოდა, როგორ აგროვებდა ეს მომავალი მილიარდერი მშობლების მიერ მიცემულ სასკოლე ჯიბის ფულს, როგორ არ ჭამდა, შიმშილობდა და აგროვებდა ცენტს ცენტზე, დოლარს დოლარზე..

რისთვის აგროვებდა?” ვკითხე მე.

ისე, ფული უყვარდა, ფული თავისთავად, რომ გროვდებოდა, შენ გიყვარს ეგრე ფული?”

მკითხა.

მე?”

ჰო შენ..”

მეგავიმეორე და მხრები ავიჩეჩეარვიცი..”

არ ვიცი ნიშნავს, რომ ბნელში ხარ, აი ესეთ ბნელში

მითხრა და სანთელს სული შეუბერა..

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი