რადჰანათა სვამი:,,რაზეც უარის თქმა მიჭირდა, ბედის წყალობით თავისითვე სამუდამოდ მიდიოდა ჩემი ცხოვრებიდან”

0
363
ცხოვრების აზრის ძიებაში ისეთ ფოლკ-მომღერლებს ვუსმენდი, როგორებიც იყვნენ პიტ სიგერი და ბობ დილანი, და მათი შემოქმედება მეამბოხე სულს აღვივებდა ჩემში. თუ ფოლკ-მუსიკა ტექსტების დიდი სიღრმის გამო ეხმიანებოდა ჩემს გულს, ბლუზი ყმაწვილურ და მძაფრ ემოციებს იწვევდა ჩემში. ბლუზი – ეს ვნებისა და სევდის მუსიკაა. ყოველი ნოტით, ყოველი სიტყვით ბლუზმენი თავისი გულის სევდას ავლენს და ამაში ჰპოვებს შვებას. ვისმენდი რა სხვის ტირილს დაკარგულ სიყვარულზე, მე თვითონაც მოვთქვამდი, და ვტიროდი ჩემს დაკარგულ სიყვარულზე ჯერ კიდევ მანამ, სანამ განვიცდიდი მას.

განსხვავებით ჩემგან, თვითანალიზისადმი მიდრეკილი, მორცხვი და მგრძნობიარე ბავშვისგან, ჩემი უფროსი ძმა მარტი გარშემომყოფების გაბრაზების ფენომენალურ ნიჭს ფლობდა. მაიმუნივით მოუსვენარმა მეტსახელად შესაბამისი სახელი მიიღო – მანქი [სიტყვისგან Monkey]. 1965 წელს, როდესაც თოთხმეტი წელი შემისრულდა, მე ჩავაბარე საშუალო სკოლაში, რომელიც ეს-ესაა მარტიმ დაამტავრა. როგორც კი დამინახა, ზოგიერთი მასწავლებელი აღშფოთდა: “ოღონდ ეს არა! კიდევ ერთი მანქი!” ასე დამერქვა სწავლის პირველი დღიდანვე “პატარა მანქი”. მხოლოდ წლების შემდეგ მივხვდი იმ ირონიას, რაც ამ მეტსახელში იდო [მეტსახელი წინასწარმეტყველური აღმოჩნდა, რადგანაც სიტყვა Monk ასევე ნიშნავს “ბერსაც”].

სკოლაში როგორც ახალბედა ორთაბრძოლების ჯგუფში ჩამწერეს. ვერ ვიტყვი, რომ ამისთვის კარგი მონაცემები მქონდა, მაგრამ თუკი რაიმე გამიტაცებდა, ამ გატაცებას მთლიანად ვუძღვნიდი თავს. მწვრთნელიც და მეგობრებიც მომავალ ჩემპიონს ხედავდნენ ჩემში. მე თვითონაც მომწონდა რთული მიზნების დასახვა და მათი მიღწევა. მაგალითად, შემეძლო ნებისმიერი სტიპენდია ან გრანტი მომეპოვებინა, როგორც კი მოვისურვებდი. მაგრამ რაღაც უცნაური დამემართა. დავიწყე ცხოვრების აზრზე ფიქრი, უფრო მაღალზე ვიდრე სიმდიდრე, საზოგადოებრივი მდგომარეობა და წარმავალი გატაცებები. როგორ შემეძლო ბედნიერი ვყოფილიყავი კეტილმოწყობილ ჰაილენდ პარკში, როდესაც სულ რაღაც რამდენიმე კილომეტრის მოშორებით, ჩიკაგოს გეტოში ზანგები იტანჯებოდნენ? როგორ შემეძლო გამხარებოდა სპორტული ჯილდოები, როდესაც ჩემს უფროს მეგობრებს საშინელ ვიეტნამის ომში იძახებდნენ? მე და ჩემი მეგობრები ამ კითხვებზე პასუხებს ვეძებდით და ეჭვქვეში ვაყენებდით იმ ცხოვრების საფუძვლებს, რომლითაც იმჟამად ვცხოვრობდით.

მე მხურვალედ თანავუგრძნობდი მარტინ ლუთერ კინგ–უმცროსს და მის მოძრაობას სამოქალაქო უფლებების მოპოვებისათვის. მე ვფიქრობდი მალკოლმ იქსის სიტყვებზე და ვკითხულობდი წიგნებს სოციალური რეფორმების შესახებ. ჩემს საუკეთესო მეგობრებთან, ბასუნთან და გერისთან ერთად, რომლებსაც ათი წლის ასაკიდან ვიცნობდი, ავტოსამრეცხაოზე მოვეწყვე და სასწავლო წლის განმავლობაში მეცადინეობების მერე ვმუშაობდი, ხოლო ზაფხულის არდადაგების დროს – მთელი სამუშაო დღით. სამუშაო მძიმე იყო, მაგრამ მე მომწონდა იგი. ჩვენთან ერთად მუშაობდნენ მოზრდილი აფრო-ამერიკელები ჩიკაგოს სამხრეთ ნაწილის გეტოდან – ადამიანები სრულიად სხვა სამყაროდან, რომელიც მყუდრო ჰაილენდ პარკის მიღმა მდებარეობდა. მათთან მუშაობისას ჩვენ თითქოს სოულის კულისებს მიღმა აღმოვჩნდით. ეს იყო სამყარო, საოცრად განსხვავებული იმისგან, რაც ჰაილენდ პარკში გვინახავს. სიღატაკემ, რასობრივმა დისკრიმინაციამ და ალკოჰოლიზმმა ცხოვრების ფსკერზე დაუშვეს ეს ადამიანები, და როცა მათთან ერთად ვისმენდი ბლუზის და სოულის მომღერლების გოდებას, ჩემი გული იფლითებოდა. თხუთმეტი წლის მოზარდს მოსვენებას არ მაძლევდნენ კითხვები, რომლებზე პასუხებსაც ვერსად ვპოულობდი.

შემდეგ კი ჩემი ახლო მეგობარი გარდაიცვალა. იგი ჩემზე სულ რაღაც ერთი წლით უფროსი იყო. მისი ავტომობილი მოყინული გზატკეცილზე მოცურდა და მიჩიგანის ტბის ცივ წყალში ჩაიძირა. მაშინ სერიოზულად დავფიქრდი იმაზე, თუ ვინ ვიყავი და რისთვის ვცხოვრობდი. მეჩვენებოდა, რომ მთელი მსოფლიო უფსკრულისკენ მიცურავდა გაურკვევლობის ყინულზე. 

განმარტოებისთვის სახლის სარდაფში გადავედი საცხოვრებლად და კედლებზე სიბნელეში მანათობელი ფსიქოდელიური პლაკატები გავაკარი. ჭერზე სათევზაო ბადეები იყო ჩამოკიდებული, ხოლო სივრცეში ჟასმინის კეთილსურნელების სქელი კვამლი ირხეოდა. და როცა სტრობოსკოპს ვრთავდი, რეალობა უკან იხევდა და სიზმრების სამყაროში გადავდიოდი. 

ყველასგან სარდაფში განმარტოებული, სამოციანების რევოლუციურ მუსიკას ვუსმენდი. ბიტლების სიმღერა “A Day in the Life უფრო გააძლიერა ჩემში ცხოვრების ჭეშმარიტი აზრის ძიების წყურვილი. 

თვალებდახუჭული ვუსმენდი, როგორ მღეროდა ჯორჯ ჰარისონი “Within You, Within You” და მის სიტარასთან ერთად ვტიროდი შინაგანი სიმშვიდის წყურვილით. 

ისევ და ისევ ვრთავდი რეი ჩარლზის “Old Man River”-ს და სუნთქვაშეკრული ვუსმენდი ამ სიმღერას ჩაგრულთა ხვედრის შესახებ.

როცა ბი ბი კინგს ვუსმენდი, მისი გიტარის მძაფრი ბგერები გულში მწვდებოდა, და განცვიფრებული ვიყავი, რატომ მანიჭებდა ასეთ სიამოვნებას სევდიანი სიმღერების მოსმენა. 

ერთხელ გვიან საღამოს, როცა უკვე მერამდენედ ვცდილობდი ჩემს ცხოვრებაში გარკვევას, ყურსასმენებში გაიჟღერა ჯონი რივერზის სიმღერამ “Look to Your Soul for the Answer” (“პასუხისთვის შენს სულში ჩაიხედე”).

მე ღრმად ჩავისუნთქე, თვალები გავახილე და საზეიმოდ განვაცხადე: “დიახ! სწორედ ასეა საჭირო!” 

მე და ჩემი მეგობრები ახალი აღმაფრენით გადავეშვით 1960-იანების კონტრკულტურაში. სკოლაში, სადაც ძირითადად კონსერვატიულად განწყობილი ოჯახების შვილები, სპორტსმენები და აქტივისტები სწავლობდნენ, ჩვენ უმცირესობაში აღმოვჩნდით. გრძელი თმა მოვუშვით და ექსპერიმენტები დავიწყეთ მარიხუანათი და ლსდ-თი, ხოლო ჩვენი მშობლების და მათი თაობის ღირებულებები უარვყავით. 

ამასთან მე ორად ვიხლიჩებოდი. არ მინდოდა ვინმეს იმედები გამეცრუებინა. ვფიქრობდი სპორტისთვის თავი დამენებებინა, მაგრამ ჩემი მეგობრების და მწვრთნელის ღალატიც არ მინდოდა. მითუმეტეს, რომ სკოლის ხელმძღვანელობა ფიქრობდა, რომ ჩემი წყალობით სკოლის გუნდი ჩემპიონატებში მიიღებდა მონაწილეობას. ერთხელ მწვრთნელმა ყველას თანდასწრებით განაცხადა: 

“როცა პატარა მანქი გამარჯვებისთვისაა განწყობილი, მშიერი ვეფხვივით გამოვარდება ხოლმე ხალიჩაზე. ის ჩემპიონთა ჯიშიდანაა. სამწუხაროა, რომ მას არ შეუძლია სპორტზე კონცენტრაცია”.

არ ვიცოდი რა მექნა და ღმერთს ვთხოვე დახმარება.

მალე, შეჯიბრებაზე გამოსვლის დროს, ჩემი მოწინააღმდეგე ორთაბრძოლის დაწყებიდან ხუთ წამში ბეჭებზე დავდე. ხალხი ღრიალებდა ჩემი გამარჯვების ნიშნად, მე კი მუხლდაჩოქილი ვიყავი და ფეხზე ვერ ვდგებოდი პარალიზებული. მხრის ძვალი სახსრიდან ამომვარდნოდა და მკერდის კუნთები გაეგლიჯა. მთელს სხეულში საშინელმა ტკივილმა დამიარა. იმ წამს, როცა მხარი ამომვარდა, ჩემს ცხოვრებაში პირიქით, ყველაფერი თავის ადგილზე დადგა. მთელი სხეულით ვკანკალებდი. მაყურებელი შეშფოთებული მიყურებდა, მე კი უხმოდ მადლობას ვწირავდი უფალს. ახლა უკვე თავისუფალი ვიყავი. 

ყველაფერი, რაზე უარის თქმაც თავად მიჭირდა, ბედის წყალობით თავისითვე სამუდამოდ მიდიოდა ხოლმე ჩემი ცხოვრებიდან.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი