ოშო:,,არ არსებობს არანაირი სხვა თერაპია, გარდა სიყვარულისა”

0
533

ამონარიდი საიდუმლოთა საიდუმლოდან

კითხვა: ოშო, თერაპიული ჯგუფების გავლისას მე დიდ დროს ვუთმობდი ლოცვას. ყოველ წელთან ერთად თავს უკეთ ვგრძნობდი, მაგრამ მაინც ვერ გავიგე, რა დამეხმარა – თერაპია თუ ლოცვა. ახლა, როცა თავად ვაკეთებ თერაპიას სხვა ადამიანებთან, მინდა ლოცვა შევთავაზო მათ, მაგრამ უხერხულად ვგრძნობ თავს.

სწორედ სიყვარულია თერაპია; არ არსებობს არანაირი სხვა თერაპია, გარდა სიყვარულისა. კურნავს ყოველთვის სიყვარული, რადგანაც სიყვარული გხდით მთლიანს, სიყვარული გეხმარებათ იმის შეგრძნებაში, რომ სამყაროს უხარია თქვენი არსებობა, სიყვარული გხდით ყოფიერების ნაწილად. იგი აქრობს გაუცხოებას. მაშინ უკვე აღარ გრძნობთ თავს აუტსაიდერად, თქვენ გრძნობთ, რომ ძალიან აუცილებელი ხართ ამ სამყაროსთვის. სიყვარული გეხმარებათ, რომ საჭიროდ იგრძნოთ თავი, – ეს კი უდიდესი მოთხოვნილებაა. სხვას არაფერს შეუძლია ამ უზარმაზარი მოთხოვნილების შევსება. სანამ არ იგრძნობთ, რომ რაღაც წვლილი მიგიძღვით ყოფიერებაში, სანამ არ იგრძნობთ, რომ შეუცვლელი ხართ, რომ თქვენს გარეშე ყოფიერებას რაღაც დააკლდებოდა, – ვერ იგრძნობთ თავს ჯანმრთელ და მთლიან ადამიანად.

ლოცვა – ეს სიყვარულის უმაღლესი ფორმაა. თუ სიყვარული ყვავილს ჰგავს, მაშინ ლოცვა მისი არომატია. სიყვარული ხილულია, ლოცვა – უხილავი. სიყვარული ერთ ადამიანსა და მეორე ადამიანს შორის სუფევს, ხოლო ლოცვა- ერთ უპიროვნო არსებობასა და მთელი ყოფიერების უპიროვნო არსებობას შორის. სიყვარულსსაზღვრები აქვს, ლოცვას კი – არა. თუ ადამიანს ლოცვა შეუძლია, მას არანაირი თერაპია აღარ დასჭირდება.

თერაპია აუცილებელი გახდა იმის გამო, რომ ლოცვა გაქრა. ადამიანს არ სჭირდებოდა თერაპია, სანამ ლოცვა ცოცხალი, მდინარე იყო, სანამ ადამიანები მადლიერებით ცეკვავდნენ და ზეიმობდნენ, ღმერთის სადიდებელ სიმღერებს გალობდნენ, ექსტატიურები იყვნენ, უბრალოდ იმიტომ, რომ ისინი არსებობენ, მადლიერნი იყვნენ უბრალოდ იმის გამო, რომ მათ აქვთ ეს სიცოცხლე. როცა თვალთაგან ცრემლი მოსდიოდათ – სიყვარულის და სიხარულის ცრემლი, – როცა მათ გულს სიმღერა ავსებდა, თერაპიის აუცილებლობა აღარ იყო. თერაპია – ეს თანამედროვე მოთხოვნილებაა, ლოცვის მხოლოდ უსუსური ჩანაცვლება.

ფსიქოანალიზი – ეს რელიგიის საცოდავი ჩანაცვლებაა, ძალიან საცოდავი. მაგრამ როცა შეუძლებელია რაღაც პირველხარისხოვანის მიღება, გვიწევს, რომ მეორე და მესამეხარისხოვანით დავკმაყოფილდეთ, ან რაღაცით მაინც. რადგანაც ტაძრები გამოლპნენ და ეკლესიებში პოლიტიკა შევიდა, მღვდლებმა კი რელიგია წაბილწეს, ადამიანი მარტოობაში დარჩა – მასზე აღარავინ ზრუნავს, მას აღარავინ ეხმარება. ფუნდამენტი, რომელზეც იგი იდგა, უკვე მრავალი საუკუნეა დანგრეულია. იგი უფსკრულში იჩეხება, იგი ხეს ემგვანება, რომელიც ფესვებიანად ამოგლიჯეს მიწიდან. ფსიქოანალიზი რელიგიის ჩანაცვლება გახდა: ის რაღაც ფესვებს მაინც გაძლევთ, საშუალებას გაძლევთ, რომ ცოტათი მაინც მოეჭიდოთ მიწას. მაგრამ ეს არაფერია ლოცვასთან შედარებით. რადგნაც ფსიქოანალიტიკოსი თვითონ საჭიროებს, რამდენადაც ის თავადაა ავად, მასსა და პაციენტს შორის არაა დიდი განსხვავება. თუ მათ შორის არის კიდეც რაღაც სხვაობა, იგი მხოლოდ ცოდნის რაოდენობაშია, ეს კი სინამდვილეში არაა მნიშვნელოვანი. ეს არაა ხარისხობრივი სხვაობა. თუ რაიმე სხვაობა არსებობს, მხოლოდ რაოდენობაში, და არა ხარისხში, რაოდენობას კი არ აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა. ფსიქოანალიტიკოსიც და მისი პაციენტიც ერთ ნავში ზიან.

ადრე მსოფლიოში ადამიანის სრულიად სხვა ტიპი არსებობდა, რელიგიური ადამიანი – ბუდა, ქრისტე. თავად ასეთი ადამიანის ახლოს ყოფნა უკვე კურნავდა. რამდენადაც იგი თავად იყო განკურნებული, მთლიანი, მისი მთლიანობა გადამდები გახლდათ. სწორედ ისევე, როგორც ავადმყოფობები, ჯანმრთელობაც გადამდებია. სწორედ ისევე, როგორც ავადმყოფობა შეიძლება შეგყვეყაროს სხვისგან, ასევე შეგვიძლია სხვისგან მივიღოთ გამაჯანსაღებელი ენერგიაც. მაგრამ ფსიქოანალიზს არ გააჩნია მსგავსი თვისება. მას შეუძლია ცოტათი დაგეხმაროთ თქვენი პრობლემების მოგვარებაში, შეუძლია ინტელექტულურად გადაჭრას ისინი. ის გეხმარებათ თქვენი პრობლემების მიზეზის პოვნაში; როცა მიზეზი იცით, ბევრად უფრო უკეთ გრძნობთ თავს, უკვე აღარ იმყოფებით უმეცრებაში. მაგრამ უბრალოდ მიზეზის გაგება – ჯერ კიდევ არ ნიშნავს ტანჯვისგან განთავისუფლებას. თქვენ იტანჯებით, და ფსიქოანალიტიკოსი გაჩვენებთ, რომ თქვენი საკუთარი დედის გამო, თქვენი აღზრდის გამო, თქვენი ბავშვობის გამო იტანჯებით. ეს ერთგვარ შვებას გაძლევთ: მიზეზი თქვენში კი არა, თქვენს დედაშ ყოფილა, და ყოველთვისაა რაღაც სხვა, რასაც დაადანაშაულებთ. ფსიქოანალიზი პასუხისმგებლობისგან განთავისუფლებთ, ერთგვარ შვებას გაძლევთ, მაგრამ პრობლემას ვერ აგვარებს. უბრალოდ მიზეზის ცოდნა არაა საკმარისი იმისთვის, რომ მიზეზი გაქრეს.

რელიგიას სრულიად განსხვავებული მიდგომა აქვს: მას არ გადააქვს დანაშაული სხვებზე. სინამდვილეში, იგი გაიძულებთ, რომ ცხოვრებაში პირველად საკუთარ თავზე აიღოთ პასუხისმგებლობა. ამ კუთხით ფსიქოანალიზი ერთგვარ მექრთამეობას ჰგავს. ფსიქოანალიზი – ეს საპოხი ზეთია, იგი თქვენს ეგოს ეხმარება, თქვენს ეგოს აძლიერებს და სხვებზე გადააქვს დანაშაული. ეს ძალიან სახიფათო თამაშია: თუ სხვებზე გადაგაქვთ დანაშაული, ვერასოდეს მოახდენთ ტრანსფორმაციას, რადგანაც ვერასოდს აიღებთ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობას. ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი უბედურებაა, რაც ამ ეპოქაში მოხდა.

მარქსი ამტკიცებს, რომ საზოგადოებაა პასუხისმგებელი ყველა თქვენს უბედურებაზე, ყველა თქვენს ტანჯვაზე. თქვენ არ ხართ პასუხისმგებელნი. პასუხისმგებლობა კლასობრივ საზოგადოებას აწევს, ეკონომიკურ სტრუქტურას. ფროიდი ამბობს, რომ საქმე ეკონომიკურ სტრუქტურაში კი არა, იმ განპირობებულობაშია, რომლებიც მშობლებმა, საზოგადოებამ, განათლებამ, მღვდლებმა, ეკლესიამ გადმოგცათ. ყველაფერში დამნაშავეა თქვენი განპირობებულობა, ამიტომაც იტანჯებით. მაგრამ თქვენ არ ატარებთ პასუხისმგებლობას.

ეს ძველი თამაშია. ძველად ამ თამაშს „ბედი“ ერქვა: ყველაფერში ბედია დამნაშავე, თქვენ არ ხართ პასუხისმგებელი. ეს იგივე თამაშია, რომელიც უბრალოდ სხვაგვარად იწოდება, მაგრამ მისი არსი იმაშია, რომ თქვენ არ გაწევთ პასუხისმგებლობა. უდავოა, რომ გაცილებით უფრო ბედნიერად გრძნობთ თავს, მაგრამ არაფერი იცვლება. ადრე თუ გვიან ეს ბედნიერება ქრება, რადგანაც მიზეზი არსად არ გამქრალა, ჭრილობა იქ დარჩა, სადაც ადრე იყო. რა მნიშვნელობა აქვს, ვინ მოგაყენათ ეს ჭრილობა? დიახ, თქვენ იცით, რომ ეს ჭრილობა დედამ, მამამ, საზოგადოებამ ან ეკლესიამ მოგაყენათ, მაგრამ რას ცვლის ეს? ჭრილობა იმავე ადგილას რჩება, იზრდება და ლპება, დღითიდღე უფრო დიდი ხდება. რაღაც დროით გაცილებით უკეთ გრძნობთ თავს, ცოტათი მოგეშვებათ – პასუხისმგებლობას აღარ გრძნობთ, თქვენ უბრალოდ მსხვერპლი ხართ. ახლა შეგიძლიათ შეიბრალოთ საკუთარი თავი და სხვებზე გაბრაზდეთ, მათზე, ვინც ეს ჭრილობა მოგაყენათ. მაგრამ ეს არაა ტრანსფორმაციის გზა. ჭრილობა იმავე ადგილას რჩება და ის კვლავაც გაიზრდება. ჭრილობას არ აღელვებს, თუ რას ფიქრობთ მასზე; მისთვის ეს სულ ერთია.

რელიგიას სრულიად სხვაგვარი მიდგომააქვს: იგი გაიძულებთ, რომ საკუთარ თავზე აიღოთ პასუხისმგებლობა. იგი თქვენი ეგოს წინააღმდეგ მიდის. იგი ამბობს: „საქმე შენშია! ეს შენი პასუხისმგებლობაა, ეს შენ აირჩიე ცხოვრების გარკვეული სახე. შენთვის ნებისმიერი სახე მისაწვდომი იყო, არავინ არაფერს არ გახვევდა თავს“.

ბუდა იმავე საზოგადოებაში დაიბადა, რომელშიც სხვა ადამიანები იტანჯებოდნენ, როგორც ჯოჯოხეთში, და მიუხედავად ამისა, მან მიაღწია აქ-და-ახლას. მან მიაღწია ნეტარების უმაღლეს მდგომარეობას. ამიტომ პასუხისმგებლობა ვერ დააწვება საზოგადოებას. იესოც იმავე საზოგადოებაში დაიბადა, რომელშჳც იუდა, რომელშიც ყველა დანარჩენი, – მაგრამ მან შეიცნო ღმერთი.

რელიგია პასუხისმგებელს და თავისუფალს გხდით. თავისუფლება და პასუხისმგებლობა – ეს ერთი მედალის ორი მხარეა. თუ მზად არ ხარ, რომ საკუთარ თავზე აიღოთ პასუხისმგებლობა, ვერასოდეს იქნებით თავისუფალნი. სხვა ადამიანებზე დამოკიდებულებაში და მონობაში დარჩებით.

ფსიქოანალიზი გაიძულებთ, რომ დამოკიდებულად, მონად იგრძნოთ თავი. მას არ შეუძლია, კარდინალურად დაგეხმაროთ. ლოცვა თავისუფალს გხდით. ლოცვა – ნიშნავს რელიგიას. ლოცვა ნიშნავს, რომ თქვენ პასუხისმგებლობას ატარებთ, რომ თქვენ თავად ირჩევთ ცხოვრების გარკვეულ სახეს. მაშინ არ გჭირდებათ ხმაურის ატეხვა ამ საკითხთან დაკავშირებით. თუ ცხოვრების ეს სახე არ მოგწონთ, გადააგდეთ იგი! ყველაფერი თქვენზეა დამოკიდებული. ყველაფერი ბოლომდე თქვენზეა დამოკიდებული. და იმისთვის, რომ ეგო გადააგდოთ, საკმარისია გაცნობიერებულობის მხოლოდ ერთი წამი. აი, რა არის სატორი, აი, რა არის სამადჰი: მთელი ამ უაზრობის გადაგდება და გაგების მხოლოდ ერთადერთი მომენტი, როცა ხედავთ, რომ „მე ვატარებ ამ ყველაფერს, მაგრამ თუ არ მინდა ამის ტარება, ეს არაა აუცილებელი“. ვერავინ მაიძულებს ამას – ვერც ბედი, ვერც საზოგადოება, ვერც ეკლესია“.

და ამის გადაგდება შესაძლებელია, რადგანაც თქვენი შინაგანი არსი ყოველთვის თავისუფალია პიროვნებისგან. პიროვნება ტანსაცმელს ჰგავს: ნებისმიერ მომენტში შეგიძლიათ გაიხადოთ იგი და შიშველი დარჩეთ. თქვენს არსს ნებისმიერ მომენტში შეუძლია გაშიშვლება. როცა იგი შიშვლდება, თქვენ ინკურნებით, – რადგანაც არსმა არ იცის ავადმყოფობები. არსი ყოველთვის ჯანმრთელია, ყოველთვის მთლიანია.

ყველაზე საუკეთესო გზა ნებისმიერი პიროვნულობის გადაგდებისთვის – ქრისტიანულის, ინდუისტურის, ჯაინურის, ბუდისტურის, ინდურის, გერმანულის, ინგლისურის – ეს ლოცვაა. ლოცვა – ესაა მეთოდი, რომ გვერდზე გადადოთ პიროვნება მთელი მიი ატრიბუტებით და უბრალოდ იყოთ – სუფთები და უმანკოები. და ამ სიწმინდეში და უმანკოებაში თქვენ ქედს იხრით. შესაძლოა არ გჯერათ ღმერთის, ამაშჳ არაა აუცილებლობა. მორწმუნე ადამიანი – ეს არარელიგიური ადამიანია. მაგრამ როდესაც სრულიად შიშველი რჩებით თქვენს არსში, როცა ყველა ტანსაცმელს აგდებთ, – როცა აგდებთ ყველაფერს, რაც მოგცეს, როცა განაცალკევებთ თავს იმისგან, რაც ისწავლეთ, რაც გასწავლეს, რაც შეითვისეთ, – უეცრად თქვენს პირველყოფილ სიცხადეში აღმოჩნდებით, ისეთები, როგორებიც დაბადებამდე იყავით. მაშინ ჩნდება თქვენი ჭეშმარიტი სახე. ეს მდგომარეობა ისეთივე საღია, როგორიც დილის ნამი, ისეთივე კაშკაშა, როგორებიც ღამის ვარსკვლავები, ისეთივე შესანიშნავი, როგორც ხეები და ყვავილები, ისეთივე უბრალო და უმანკო, როგორც ბავშები, ცხოველები და ფრინველები.

ამ მომენტში ისეთ სიხარულს გრძნობთ, რომ ამ სიხარულში ღრმად იხრით ქედს – ღმერთის წინაშე. გახსოვდეთ: არ არის აუცილებელი, რომ გწამდეთ ღმერთის. თქვენ ქედს იხრით უბრალოდ ღრმა მადლიერების გამო, თქვენს თაყვანისცემას არ გააჩნია ობიექტი. თქვენ ეთაყვანებით მხოლოდ იმიტომ, რომ უსასრულო სიხარულს ხედავთ, რომელიც ყოველგვარი მიზეზის გარეშე გადმოედინება თქვენზე. თქვენ ამას არ იმსახურებთ, თქვენ ამის ღირსი არ ხართ, თქვენ ეს არ გამოგიმუშავებიათ, – როგორ შეგიძლიათ რომ მთელი გულით არ გადაუხადოთ მადლობა ყოფიერებას? თაყვანისცემაში თქვენ უშვებთ საკუთარ თავს, თქვენ ნებდებით. თქვენ სრულ სიჩუმეში წვებით მიწაზე, თქვენი გული კი ექსტაზში პულსირებს. თქვენს სუნთქვაში ახალი რიტმი, ახალი მელოდია ჩნდება. მთელი თქვენი ენერგია ცეკვავს, ყველა მხარეს იფრქვევა. სრულ ჰარმონიაში ხართ ყოფიერებასთან. სწორედ ამას ვუწოდებ ლოცვას, და არა იმას, რაც ეკლესიებში და ტაძრებში ხდება. იქ ის ფორმალობად, სიტყვების ცარიელ გამეორებად იქცა. ამას არაფერი აქვს საერთო ნამდვილ ლოცვასთან. ნამდვილი ლოცვა კურნავს, სწორედ ნამდვილი ლოცვაა თერაპია.

შენ მართალი ხარ. შენ განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი კითხვა გაგიჩნდა: თერაპიამ განგკურნა თუ ლოცვამ? შენ ლოცვამ განგკურნა. თერაპია არავის არ დახმარებია. ყველაზე დიდი, რისი გაკეთებაც თერაპიას შეუძლია, – ესაა დაგეხმაროს საზოგადოებასთან შეთვისებაში. ლოცვა კი გეხმარება, რომ თავად ყოფიერებას შეეთვისო.

საზოგადოება – ეს ადამიანის ქმნილებაა, მისი ღირებულებები -ასევე ადამიანის ქმნილებაა, ამიტომაც ისინი ყველგან განსხვავდებიან. ინდოეთში – თავისი ღირებულებებია, დასავლეთში – თავისი. ის, რაც დასავლეთშია ნორმალური, სრულიად მიუღებელია აღმოსავლეთისთვის, და პირიქით. ეს ღირებულებები – ადამიანის ქმნილებებია.

თქვენ ცხოვრობთ რაღაც საზოგადოებაში, ამიტომ გიწევთ, რომ ამ საზოგადოებას შეეთვისოთ. ფსიქოთერაპია იმ საზოგადოების სამსახურში იმყოფება, რომელშიც თქვენ ცხოვრობთ. როცა საზოგადოებისგან გასვლას იწყებთ, მეამბოხე ხდებით: მაშინ საზოგადოება თავს გესხმით და ავადმყოფად გაცხადებთ. ეს ძალიან ძველი მეთოდია, ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო მეთოდი, რომელსაც საზოგადოება თქვენს წინააღმდეგ იყენებს. ყოველთვის, როდესაც საერთო ჯოგიდან იწყებთ გამოსვლას, საზოგადოება თქვენს გაკიცხვას იწყებს. ადრე ის „ცოდვილს“ გიწოდებდათ და ჯოჯოხეთურ ცეცხლს გიმზადებდათ. ახლა ეს გამოთქმები მოძველდა, ახლა იგი „ავადმყოფს“, „არანორმალურს“, „შერეკილს“ გიწოდებთ. ესაა მისი ახალი შეფასება.

საბჭოთა რუსეთში, როდესაც ვიღაც არაკომუნისტურ შეხედულებებს ავლენს, თავის მსოფლმხედველობას ცხოვრებაზე, არსებობაზე, საზოგადოებაზე, ის მყისიერად ცხადდება ფსიქოპათად, გიჟად. როგორც კი ის გიჟად ცხადდება, საზოგადოებას შეუძლია მისი მანიპულირება. მაშინ შეუძლიათ, რომ ელექტრო-შოკი, ინსულინური შოკი, ნარკოტიკები გამოიყენონ მის წინააღმდეგ. მაშინ ფსიქიატრიულში გზავნიან მას. ყველაფერი, რაც სინამდვილეში გააკეთა, ის იყო, რომ ცოტათი დაფიქრდა. მისი ცოდვა იმაშია, რომ იგი რეჟიმს არ დაემორჩილა. სანამ საზოგადოება არ აიძულებს საერთო ჯოგში დაბრუნებას, სანამ „ტვინს არ გამოურეცხავს, მას საავადმყოფოში ამყოფებენ და ისე მოეპყრობიან, როგორც ავადმყოფს. ეს ძალიან დამამცირებელია, შეურაცხმყოფელია, ეს ადამიანის ღირსებას ამცირებს, მაგრამ დიდი თუ მცირე მასშტაბით ეს მთელ მსოფლიოში ხდება: ყოველთვის, როცა ადამიანი რაღაცით გამოირჩევა, სხვანაირად უნდა ცხოვრება, განთაისუფლება უნდა მონობისგან, რომელიც საზოგადოების სახელით შეიქმნა, მას გიჟად აცხადებენ.

იესო ნევროზიანად გამოაცხადეს, მანსური გიჟად, სოკრატე ახალგაზრდებისთვის სახიფათოდ: „მოკალით ისინი ახლა!“ და საზოგადოებას შეუძლია ოდნავი სინდისის ქენჯის გარეშე მოკლას ისინი. სინამდვილეში, საზოგადოება ძალიან ლოგიკურად იქცევა: თავდაპირველად ადამიანი უნდა გაასამართლო, იარლიყი მიაკრა. თუ ვინმეს ისე მოკლავ, რომ იარლიკს არ აკრავ, ეს დანაშაულის გრძნობას იწვევს. იმისთვის, რომ დანაშაულის გრძნობას აარიდონ თავი, ეს ადამიანი გიჟად უნდა შერაცხონ, მაშინ საზოგადოებისთვის უფრო ადვილი გახდება მისი მოკვლა, მისი განადგურება. დღეს არსებობს ტექნოლოგიები გონების განადგურებისთვის, რომელთა მეშეობითაც შესაძლებელია სრული „ტვინის გამორეცხვა“ ჩაუტარონ ადამიანს და აიძულონ იგი, რომ „დიახ“ უთხრას არსებულ რეჟიმს, როგორიც არ უნდა იყოს იგი – კომუნისტური, კაპიტალისტური თუ ფაშისტური.

თერაპია, ეგრეთ წოდებული თერაპია, მოვლენათა არსებული ვითარების სამსახურში იმყოფება. იგი სიკვდილს ემსახურება, იგი წარსულს ემსახურება. ლოცვა არავის არ ემსახურება. ლოცვა – ეს თავისუფლებაა. ლოცვა – ეს მთელ ყოფიერებასთან შეერთების საშუალებაა, ხოლო მთელ ყოფიერებასთან შეერთება – ნიშნავს მთლიან ადამიანად, წმინდანად გახდომას.

შენ ამბობ: „თერაპიული ჯგუფების გავლისას მე დიდ დროს ვუთმობდი ლოცვას. ყოველ წელთან ერთად თავს უკეთ ვგრძნობდი, მაგრამ მაინც ვერ გავიგე, რა დამეხმარა – თერაპია თუ ლოცვა.“

რა თქმა უნდა ლოცვა დაგეხმარა.

„ახლა, როცა თავად ვაკეთებ თერაპიას სხვა ადამიანებთან, მინდა ლოცვა შევთავაზო მათ, მაგრამ უხერხულად ვგრძნობ თავს.“

მესმის. „ლოცვა“ ბინძურ სიტყვად იქცა. ლოცვაზე ლაპარაკი უხერხულია, ღმერთზე ლაპარაკი უხერხულია: ადამიანები ფიქრობენ, რომ შენ ცოტა ექსცენტრიული ხარ, შერეკილი ხარ ან რაღაც ამდაგვარი. მუ გეშინია ამის. მოკრიბე მთელი შენი სიმამაცე და გადააგდე ეს უხერხულობა. ილაპარაკე ლოცვაზე – არა მხოლოდ ილაპარაკე, არამედ ილოცე პაციენტთან ერთად. საშუალება მიეცი პაციენტს, რომ ლოცვის მდგომარეობას შეეხოს.

ერთხელ მოსწავლეებმა ჰკითხეს იესოს: „რა არის ლოცვა?“ ის უბრალოდ მიწაზე დაიხარა და ლოცვა დაიწყო, თვალებზე ცრემლებით. თვალები ზეცისკენ აღაპყრო და ლაპარაკი დაიწყო თავის მამასთან. მამა – ეს უბრალოდ სიმბოლოა. მან შეჰღაღადა მას: „აბბა!“ ის ლოცვის მდგომარეობაში იმყოფებოდა, – და ეს ერთადერთი საშუალებაა იმის საჩვენებლად, თ რა არის ლოცვა. სხვა მეთოდი არ არსებობს.

თუ ვიღაც იკითხავს: „რა არის სიყვარული?“ – ნება მიეცი შენს სიყვარულს, რომ გადმოიღვაროს: გადაეხვიე ამ ადამიანს, ხელი ჩაჰკიდე, ნება მიეცი სიყვარულს, რომ მისკენ იდინოს. ეს ერთადერთი საშუალებაა იმის სათქმელად, თუ რა არის სიყვარული. ეს ერთადერთი საშუალებაა განუსაზღვრელის განსაზღვრებისთვის.

ილოცე შენს პაციენტთან ერთად. უბრალოდ მუხლებზე დადექი. შესაძლოა პაციენტმა თავიდან უცნაურად იგრძნოს თავი, როგორღაც უხერხულად: „რა ხდება?“ – რადგანაც ის მოვიდა წარმოდგენით, რომ ახლა სავარძელში წამოწვება და ყველანაირ სისულელეზე დაიწყებს ლაპარაკს, ფსიქოანალიტიკოსი კი ძალიან ყურადღებით მოუსმენს, თითქოს ზემოდან ჩამომავალ ევანგელეს უკითხავენ. ის გარკვეული მოლოდინებით მოდის, ამიტომ საკუთარ თავს არ უჯერებს, როცა ხედავს, რაც ხდება.

მაგრამ თუ ლოცვა ხდება, იგი აუცილებლად შეეხება მას: ლოცვას უზარმაზარი ძალა გააჩნია. ყოველთვის, როცა ვიღაც ლოცულობს, გარშემო ლოცვის ვიბრაცია იქმნება. პაციენტები – განსაკუთრებით მგრძნობიარე ადამიანები არიან, სწორედ ამიტომაც გახდნენ პაციენტები. გახსოვდეს ეს! ისინი უფრო გონიერნი არიან, ვიდრე ხალხის ძირითადი მასა, ამიტომაც არიან ავად! ხალხის ძირითადი მასა ისეთი უგრძნობია, ისეთი უსიცოცხლო, ისეთი სქელკანიანი, რომ მათ ოდნავაც კი არ უშლის ხელს მთელი ის სისულელე, რასაც საკუთარ თავში ატარებენ. ისინი განაგრძობენ ცხოვრებას თავისი ეგრეთ წოდებული ცხოვრებით, სრულიად უაზრო ცხოვრებით, ისე რომ ოდნავაც კი ვერ აცნობიერებენ მის უაზრობას და სრულ აბსურდულობას. ყოველთვის გახსოვდეს, რომ პაციენტი – ეს უფრო მგრძნობიარე ადამიანია, უფრო ყურადღებიანი, ვიდრე საერთო მასა. მისი გული უფრო მგრძნობიარეა, ამიტომ მისთვის ძნელი ხდება საზოგადოებასთან შეგუება.

საზოგადოება – ეს ჯოგური მოვლენაა. ყოველთვის, როდესაც მასშ გამოჩნდება ადამიანი, რომელიც ცოტა უფრო გონიერია, რომელსაც ინტელექტის მეტი კოეფიციენტი აქვს, რომელიც უფრო მეტ პოტენციალს ფლობს სიყვარულისთვის და პოეზიისთვის, მისთვის ძნელი იქნება საზოგადოებასთან შეგუება, ის ვერ იგრძნობს მასში თავს ისე, როგორც საკუთარ სახლში. ქუჩაში გლახაკის დანახვისას, ის დაიტანჯება; როცა თავის გარშემო ექსპლუატაციას დაინახავს, ის დაიტანჯება; კაცობრიობის მდგომარეობის და მისი დეგრადაციის დანახვისას, ის დაიტანჯება. რაღაც მომენტში ეს ძალიან მეტისმეტი იქნება, მისი ფსიქიკა ვეღარ გაუძლებს, ვეღარ აიტანს ამდენ ტვირთს.

გახსოვდეს, რომ პაციენტი უფრო მგრძნობიარეა, უფრო გონიერია, უფრო ნაზია, – და სწორედ ამიტომაც ხდება პაციენტი. თუ მის გარშემო ლოცვის ატმოსფეროს შექმნი, მაშნ, შესაძლოა, პირველად იგი იფიქრებს, რომ შენ ცოტა უცნაური ხარ. არ იდარდო ამაზე. ყველამ იცის, რომ ფსიქოანალიტიკოსები ცოტა უცნაურები არიან.

მე გამიგია…

– ძალიან ცუდი უძილობა მაქვს, – შესჩივლა ფსიქოანალიტიკოსმა თავის ექიმს.

– უძილობა – ეს უძილობაა, – თქვა ექიმმა. – ნუთუ ის შეიძლება იყოს კარგი ან ცუდი? რა გულისხმობთ, როცა ამბობთ, რომ „ძალიან ცუდი უძილობა გაქვთ?“

– იცით, – უპასუხა ფსიქოანალიტიკოსმა, – ყველაფერი მართლა ძალიან ცუდადაა. მე არ შემიძლია დავიძინო მაშნაც კი, როცა უკვე ადგომის დროა!

სხვა ისტორია…

ახალგაზრდა ექიმი, რომელმაც ფსიქოანალიზი შეისწავლა, მივიდა თავის პროფესორთან და თხოვა, რომ კონსულტაცია გაეწია ერთ საკითხში. როცა მარტონი აღმოჩნდნენ პროფესორის კაბინეტში, ახალგაზრდამ გაანდო, რომ განსაკუთრებული პრობლემები უჩნდებოდა ზოგიერთ პაციენტთან. მან ახსნა, რომ კითხვებზე ისეთ პასუხებს აძლევენ, რომლებსაც ვერ გებულობს.

-აბა – თქვა პროფესორმა, – სცადეთ დამისვათ ზოგიერთი ამ კითხვათაგან.

– რა თქმა უნდა, პროფესორო, – დაეთანხმა ახალგაზრდა ექიმი, – პირველი კითხვა ასეთია: ვინ ატარებს ქვედაბოლოს, და ვის ტუჩებშია დამალული სიამოვნება?

– ნუ, – თქვა პროფესორმა, – ეს მარტივია. ესაა შოტლანდიელი, რომელიც გუდასტვირზე უკრავს.

– მართალია, – უთხრა ახალგაზრდამ, – ახლა მეორე კიტხვა: ვის აქვს სასიამოვნო მომრგვალებული ფორმები და მოულოდნელად ხდება უმართავი?

გამოცდილი პროფესორი ჩაფიქრდა, შემდეგ კი თქვა:

– აჰა, ესეც არაა რთული კითხვა. ეს ბეისბოლის გუნდის თავდამსხმელია.

– სწორია, – თქვა ახალგაზრდამ, – ახლა, პროფესორო, მითხარით, რა არის ხელები, რომლებიც მხრებზე გეხვევიან?

– მოთამაშე მოწინააღმდეგე გუნდიდან, რომელიც ბურთს გართმევს, – უპასუხა პროფესორმა.

– ესეც სწორია, – თქვა ექიმმა, – თქვენ გაგიკვირდებათ, როცა გაიგებთ, რა სისულელეებს მეუბნებიან ამ კითხვების პასუხად.

ამიტომ არ იდარდო. შეგიძლია ილოცო, შეგიძლია ჩაიძირო ლოცვაში. შესაძლოა პირველ ჯერზე პაციენტმა იფიქროს, რომ ცოტა ექსცენტრული ხარ. თანაც ასეთ ტანსაცმელში, მალათი* (კრიალოსანი 108 ბურთულით და ოშოს პორტრეტით, რომელსაც აძლევდნენ ყველას, ვინც სანიასას ღებულობდა)… შენ ექსცენტრიული გამოჩნდები! არ იღელვო ამაზე! რადგან სანიასი ხარ, ყველაფერი შეგიძლია აკეთო: ეს ჩემი სერთიფიკატია.

მაგრამ თუ ახერხებ, რომ ლოცვის ატმოსფერო შექმნა, მაშინ მალე დაინახავ, რომ პაციენტი მასში შენთან ერთად მონაწილეობს. შესაძლოა, მან ცხოვრებაში პირველად იგრძნოს რაღაც უხილავი, მიღმიერი. და თუ ის კვლავ შეიგრძნობს ამ მიღმიერს, მისი ცხოვრება აზრს შეიძენს. მცირე კონტაქტშიც რომ შევიდეს ტრანსცენდენტულთან, მისი ცხოვრება აღარასოდეს იქნება ისეთივე, როგორიც ადრე. მხოლოდ პატარა სარკმელი მიღმიერში, მასში შემომავალი სინათლე, ცა, ღრუბლები და ვარსკვლავები, – დაე პატარა სარკმელი გაიღოს, და შენ მთელი მისი არსის ტრანსფორმაციას მოახდენ.

გამოიყენე ასევე თერაპიაც, მაგრამ ნამდვილი დახმარება ლოცვისგან მოვა. გამოიყენე თერაპია, როგორც საყრდენი ლოცვისთვის.

თარგმანი მამუკა გურულის

MAGMA

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი