რადჰანათჰა სვამი – შეხვედრა მუსულმანთან

0
165

ნარაიან-პრასადმა თავისი მეგობარი გამაცნო – ექიმი რენტგენოლოგი. ერთხელ ამ ექიმმა თავის კლინიკაში მიგვიპატიჟა. ჩვენ მის კაბინეტში მოვთავსდით, საწერი მაგიდის წინ. მიუხედავად იმისა, რომ ეს ექიმი წარმომავლობით ინდუსი იყო, მას არ შეეძლო შერიგებოდა ინდუიზმში გავრცელებულ ცუდ დამოკიდებულებასთან დაბალი კასტების მიმართ. ეს იყო მთავარი მიზეზი, რის გამოც ისლამი მიიღო. ახლა მას მუჰამედს ეძახდნენ და იგი ყურანს სწავლობდა. თუმცა მუჰამედი არ უარყოფდა ბჰაგავად-გიტას მოძღვრებას, მას მაინც აღარ უნდოდა იმ რელიგიასთან საკუთარი თავის გაიგივება, რომელიც ხალხის დისკრიმინაციას მათი წარმომავლობის მიხედვით ახდენს. მე შევეწინააღმდეგე: “კი მაგრამ, გიტაში არსად წერია ადამაინთა უფლებების დაკნინებაზე მათი წარმომავლობის საფუძველზე. მრავალი უდიდესი ინდოელი წმინდანი დაბალი კასტიდან იყო წარმომავლობით. ბჰაგავად-გიტა ასწავლის, რომ ჩვენ – უკვდავი სულები ვართ და არა მოკვდავი სხეულები.”

ჩვენ ერთად განვიხილავდით რელიგიის ჭეშმარიტ საფუძვლებს და პარალელებს ვავლებდით იმას შორის, რაც ეწერა ბჰაგავად-გიტაში, ბიბლიაში თუ ყურანში. ამის შემდეგ კიდევ რამდენიმეჯერ შევხვდით და რაიმე წინასწარგანწყობის გარეშე ერთმანეთის რწმენის მიმართ, ღმერთზე ვსაუბრობდით. მუჰამედი არ ცდილობდა ჩემს ისლამზე მოქცევას, ხოლო მე მის გადარწმუნებას არ ვცდილობდი. ნაცვლად ამისა, ერთმანეთს ვუზიარებდით ჩვენს გაგებას, ისე რომ ღრმა პატივისცემას გამოვხატავდით თანამოსაუბრის შეხედულებების მიმართ. საუბრის დროს ნათლად შევიგრძენი, რომ ღმერთის წყალობა ხალხზე ყველა რელიგიის მეშვეობით, სხვადასხვა წმინდა წერილებით და სხვადასხვა წმინდანებით ვლინდება. უფრო და უფრო ღრმად მესმოდა, რომ რა გზაც არ უნდა აგვერჩია და რა ვიწროც არ უნდა ყოფილიყო იგი, ღმერთისადმი გულწრფელი მინდობა, ამის ყველაზე ზოგადი გაგებით, – ეს ერთადერთი საშუალებაა ამ სამყაროში უთანხმოებების გადასალახად.

მუჰამედთან საუბრის მეორე დღეს, განგის ნაპირას ვიჯექი ნარაიან-პრასადთან ერთად და ვკითხე მას: “როგორაა, რომ ქვეყანაში, სადაც ასეთი მწვავე დამოკიდებულებაა ინდუიზმსა და ისლამს შორის, ასეთ გულთბილ ურთიერთობას ახერხებთ მოპირდაპირე რწმენის ადამიანთან?”

მან თბილად გამიღიმა და მითხრა სიტყვები, რომლებიც მთელი ცხოვრება დამამახსოვრდა: “ძაღლი თავის პატრონს ნებისმიერ ტანსაცმელში იცნობს. პატრონი შეიძლება ხალათში იყოს გამოწყობილი, კოსტუმში და ჰალსტუხში, ან საერთოდ არაფერი ეცვას, მაგრამ ძაღლი ყოველთვის იცნობს მას. თუ ჩვენ არ შეგვიძლია ვიცნოთ ღმერთი, ჩვენი საყვარელი პატრონი, როცა მას სხვა ტანსაცმელი აცვია – სხვა რელიგიის ტანსაცმელი, – მაშინ ჩვენ ძაღლზე უარესები ვართ.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი