რადჰანათჰა სვამი – შეხვედრა დალაი-ლამასთან

0
225

რამდენიმე წუთის შემდეგ კარი გაიღო და ჩემი მზერა დალაი-ლამას შეხვდა. სათვალეებს მიღმა მისი სიხარულით გაბრწყინებული თვალები მოჩანდა. მსხვილი თავი სუფთად გადაეპარსა, სახეზე გამომხატველი ნაკვთები ეტყობოდა, ხოლო ცხვირი დიდი და მომრგვალებული ჰქონდა. ლამას ბორდოსფერი სამოსა ეცვა, რომელზეც მკაფიო ყვითელი მოსაცმელი ჰქონდა მოხვეული. გადამდები ღიმილით გაეღიმა და ჩემსკენ გამოემართა. ხმამაღალი სიცილით ორივე ხელზე მომკიდა ხელები და მძლავრად ჩამომართვა. თან გულითადად მომესალმა: “თქვენ შორიდან ჩამოხვედით. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენთან!”

ჩვენ ერთმანეთის პირისპირ, სკამებზე დავჯექით. ბავშვური ცნობისმოყვარეობით გამომკითხა ჩემი ცხოვრების შესახებ ამერიკაში და იმის შესახებ, თუ რატომ გავხდი სადჰუ. გულწრფელი ინტერესით ისმენდა ჩემს მონაყოლს და არც ერთი სიტყვა არ ეპარებოდა. ყოველთვის, როდესაც ჩემს თხრობაში იუმორის თუნდაც ჩრდილი გაიელვებდა, ლამა ძალიან ცოცხლად რეაგირებდა, ხელისგულებს ერთმანეთზე ურტყამდა და სიცილისგან მთელი სხეული უთრთოდა. ასე გავიდა დაახლოებით ნახევარი საათი და მე ვკითხე ლამას მის ქვეშევრდომებზე ტიბეტში. მოწოლილი მოგონებები მოქუფრული ჩრდილივით დააწვა მის სახეს, თვალებში კი ცრემლებმა გაიბრწყინა. მცირე ხნის სიჩუმის შემდეგ თქვა: “როცა ჯერ კიდევ ბავშვი ვიყავი, ჩემი სამშობლო თავისუფალი იყო. ჩვენ ბედნიერად ვცხოვრობდით, ერთიანი ქვეყანა ვიყავით, და ჩვენი რელიგიაც ყვაოდა.” დალაი-ლამა გაჩუმდა და ჩაიდნიდან ტიბეტური ჩაი დაასხა ჩემს ჭიქაში. შემდეგ ჩაიდანი დადგა და ღრმად ჩაფიქრებულმა დახარა თავი. ჩანდა, თითქოს აზრობრივი ხედვით ხედავდა, თუ როგორ იბრძვის მისი ხალხი ჰიმალაების მეორე მხარეს, ტიბეტში, და თანაუგრძნობდა მათ. შემდეგ კი ხმადაბლა წარმოთქვა: “ჩვენ უზარმაზარ ვალში ვართ ინდოეთთან, რომელმაც ათასობით ჩვენი დევნილი შეიფარა.”

თანაგრძნობა სხვა ცოცხალი არსებების მიმართ, – დაიწყო მან ახსნა, – ყველა რელიგიის განუყოფელი თვისებაა. მზადყოფნა საკუთარი თავის სხვათა კეთილდღეობისათვის გასაწირად – ესაა ჭეშმარიტი დჰარმა.” ეს სიტყვები, დამტკიცებული მისივე მსხვერპლით, რაც თავისი ხალხისათვის გაიღო, ჩემს მეხსიერებაში ღრმა კვალს ტოვებდნენ. “მედიტაცია, წმინდა წერილების შესწავლა და თაყვანისცემის რიტუალები, – თქვა მან, – შინაგანად მაძლიერებენ და საშუალებას მაძლევენ, რომ სიკეთესა და ცოდნაში ვიცხოვრო.” მისმა ნათქვამმა დამაფიქრა. მისი პიროვნება მოკრძალებას და პატივისცემას აღძრავდა, მაგრამ მისმა გულწრფელმა სიკეთემ და ზრუნვამ მაიძულა, რომ დამევიწყებინა მოკრძალება და მოვპყრობოდი, როგორც ახლო მეგობარს. დალაი-ლამამ ღიმილით მომახვია კისერზე თეთრი აბრეშუმის მოსახვევი, მასზე ამოქარგული ტიბეტური მანტრებით. “ჩვენთან ასეა მიღებული – ვაჩუქოთ ეს საჩუქარი ჩვენს ძვირფას სტუმრებს”. მომეჩვენა, რომ არ ვიმსახურებდი მის მიერ ჩემთვის გაღებულ დროს და სიკეთეს, და მადლიერების ნიშნად ქედი მოვიხარე მის წინაშე. 

დალაი-ლამასთან ურთიერთობის წყალობით უკეთ შევძელი გამეგო უანგარო მსახურების მნიშვნელობა. ლამა ამ სიკეთის ცოცხალი განსახიერება იყო: ის არა მხოლოდ ურყევად მისდევდა სულიერ პრინციპებს, ასევე ატარებდა თავისი ხალხისადმი მსახურების მძიმე ტვირთსაც, იმ ხალხისადმი, რომელიც ნაწილობრივ განდევნაში იყო, ნაწილობრივ კი სხვა ხალხის მიერ იჩაგრებოდა. დალაი-ლამა მამაცურად გადალახავდა ხოლმე წარმოუდგენელ სიძნელეებს და დაბრკოლებებს თავის ერთი შეხედვით უიმედო ბრძოლაში, მოთმინებით იტანდა განდევნას და მუდამ სიკვდილის საფრთხის ქვეშ ყოფნას, და მიუხედავად ყველაფრისა აგრძელებდა თავისი ხალხის მსახურებას. მის მიერ ნაჩუქარი მოსახვევის მიღებასთან ერთად, მე მივიღე გაკვეთილი მისი თავდადებულობისა და მსახურებისა – ჭეშმარიტად ძვირფასი საჩუქარი.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი