შეხვედრა დედა ტერეზასთან

0
173
რადჰანათჰა სვამის ავტობიგრაფია, რომელმაც იმოგზაურა მსოფლიოში სულიერების ძიებისთვის, შინაგანი სამყაროს საიდუმლოებების ამოსახსნელად და მოგზაურობის ბოლოს აღწერა თავისი ისტორია. წიგნში მოყვანილია საინტერესო შეხვერები და დიალოგები, ისეთ ადამინებთან, როგორებიც იყვნენ კრიშნამურტი, დედა ტერეზა, დალაი-ლამა დ ა.შ. 
წიგნის შესახებ უფრო ნათელი წარმოდგენისთვის, ანოტაციის მაგივრად ავტორის ბოლოსიტყვაობიდან ნაწყვეტი:
“მთელი ეს წლები მრავალი ადამიანი დაჟინებით მარწმუნებდა, რომ გამომექვეყნებინა ეს ისტორია. მე ვეწინააღმდეგებოდი, რადგანაც ცუდ ტონად ვთვლიდი წიგნების წერას საკუთარ თავზე. მაგრამ მოულოდნელად მოხდა შემთხვევა, რომელმაც ჩემი გადაწყვეტილების გადახედვა მაიძულა. 2005 წლის მაისში დამირეკა ჩემმა ძვირფასმა მეგობარმა ბჰაკტი ტირთჰა სვამიმ. იგი სასიკვდილოდ იყო ავად და ჩემი ნახვა უნდოდა. ბჰაკტი ტირთჰა სვამი წარმოშობით აფრო-ამერიკელი იყო; მან რთული გზა გაიარა კლივლენდის გეტოდან პლანეტის ყველაზე ცნობილი ადამიანების სულიერ მოძღვრობამდე: მათ შორის იყვნენ ნელსონ მანდელა, მუჰამედ ალი და ელის კოლტრეინი.
მე ჩავედი ფერმაში, პენსილვანიაში, სადაც მცირე სხლში კვდებოდა ბჰაკტი ტირთჰა სვამი. იგი საწოლზე იწვა, შემომხედა და სხივმფენი ღიმილით მითხრა: “მე მინდა შენს ხელებში მოვკვდე. გთხოვ, დარჩი ჩემთან ბოლომდე.” შემდგომი ორი თვის განმავლობაში მის საწოლთან ვიჯექი, სულიერ საიდუმლოებებზე და სასწაულებზე ვსაუბრობდით და სხვადასხვა ისტორიას ვუკითხავდი წმინდა სანსკრიტული წერილებიდან.
ბჰაკტი ტირთჰა სვამიზე უკეთ არავინ მიცნობდა. იგი გარკვეული იყო ჩემი სულიერი ძიების ყველა წვრილმანში და იცოდა ჩემი ეჭვების შესახებ წიგნის დაწერის თაობაზე. ერთ დღეს, თვალებში მიყურებდა და ისე მითხრა: “ეს შენი ისტორია არაა. ეს არის ამბავი იმის შესახებ, თუ როგორ წაიყვანა ღმერთმა ერთი ყმაწვილი გასაოცარ მოგზაურობაში იმ საიდუმლოებების საძებნელად, რომლებიც ყველა ჩვენგანშია. ნუ იქნები ძუნწი. გაუზიარე სხვებსაც, რაც შენ გებოძა.” მას ხმა ჩაუწყდა და ცრემლი ჩამოუგორდა თვალებიდან. “პირობა მომეცი, – მითხრა მან, – აქ, ჩემს სასიკვდილო სარეცელთან, რომ გამოაქვეყნებ ამ ისტორიას”. რამდენიმე დღის შემდეგ, 2005 წლის 27 ივნისს, მან დატოვა ეს სამყარო. ეს წიგნი ჩემი მცდელობაა მისი უკანასკნელი სურვილის შესრულებისა.

შეხვედრა დედა ტერეზასთან

როგორც იქნა მივაღწიე დედათა მონასტერს, სადაც დედა ტერეზა მსახურობდა. მონასტერს ერთსართულიანი უბრალო შენობა წარმოადგენდა. კარებთან მოკრძალებული ღიმილით შემხვდა კათოლიკე მონაზონი: “მოგესალმებათ მოწყალების ორდენი. რით შემიძლია გემსახუროთ?”

მე ხელისგულები ერთმანეთს მივადე და ვთხოვე: “შემიძლია დედა ტერეზა ვნახო?”
“გამომყევით. გავიგებ, მიგიღებთ თუ არა.”

მონაზონმა ერთ-ერთ ოთახში წამიყვანა: “ეს ჩვენი სამლოცველო ოთახია. აქ დედა ტერეზასთან ერთად ღვთისმსახურებას ვატარებთ.” მე მუხლებზე დავიჩოქე და ლოცვა წარმოვთქვი. როცა წამოვდექი, მონაზონმა კორიდორის გავლით წამიყვანა. უეცრად ღია კართან გაჩერდა: “აი დედაოც! ის ახლა დაკავებულია.”
მე შევიხედე სუსტად განათებულ ოთახში და დავინახე დედა ტერეზა, რომელიც დიდ ქვაბს ხეხავდა. ამ სურათმა სულის სიღრმემდე შემძრა.
“დედაო, – მიმართა ჩემმა მეგზურმა, – ეს რიჩარდია, სადჰუ ამერიკიდან. მას თქვენთან ლაპარაკი უნდა.”

დედა ტერეზა შეტყუპებული ხელისგულებით მომესალმა: “ნებას მომცემთ, ჯერ ჩემი მსახურება დავამთავრო? უმორჩილესად გთხოვთ, მაპატიეთ, რომ გალოდინებთ.”
“რა თქმა უნდა დედაო”, – მივუგე მე.

მონაზონმა ერთ პატარა ოთახში წამიყვანა და მთხოვა, რომ აქ დავლოდებოდი დედა ტერეზას. რამდენიმე წუთში იგი შემოვიდა და შორიახლოს სკამზე დაჯდა. მიუხედავად ხანდაზმული ასაკისა და სუსტი აღნაგობისა, მასში სულის უდრეკი ძალა იგრძნობოდა. განსაცდელებით სავსე ცხოვრებამ ღრმა ნაოჭები დაამჩნია მის სახეს, მაგრამ ამასთან ერთად თვალები ისეთი სუფთა და უმანკო ჰქონდა, როგორც ბავშვს. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დაკავებული იყო, დრო გამონახა ისეთი უმნიშვნელო მნახველისათვის, როგორიც მე ვიყავი. მისი ხმა დაბალი იყო, მაგრამ გულიდან მოდიოდა: “ყველაზე დიდი პრობლემა მსოფლიოში შიმშილია. არა ხორცის შიმშილი, არამედ გულის შიმშილი. ამით ყველა იტანჯება – ღარიბიც და მდიდარიც. ყველას ერთნაირად სწყურია სიყვარული“. მისმა გამჭოლმა მზერამ ჩემი გულის კარი გააღო და მისი სიტყვები ჩემი ცნობიერების ყველაზე მეტ სიღრმეში შევიდა.

მხოლოდ ღმერთის სიყვარულს შეუძლია დააცხროს გულის შიმშილი. სხვა საშუალება არ არსებობს. მშიერთა დაპურება სულაც არაა ძნელი, – მან გააკეთა ჟესტი, რომლითაც თითქოს ყველა თავის დამსახურებას ხაზი გადაუსვა ამ მხრივ. – გაცილებით უფრო ძნელია ღმერთისადმი სიყვარულით მშიერი გულების დაპურება. სირთულე იმაშია, რომ სხვებისათვის ამ სიყვარულის მიცემა მხოლოდ იმას შეუძლია, ვისაც თავად აქვს სუფთა გული.

დედა ტერეზამ ბოლომდე მიუძღვნა თავი იესო ქრისტეს საქმეს. მისი ერთგულება ღრმა იყო, როგორც ოკეანე, და ყოველი სიტყვა, რომელიც მის ბაგეს სწყდებოდა, ტალღას ჰგავდა მისი ერთგულების ოკეანეში. ის აგრძელებდა: “სიღარიბე – ეს მხოლოდ ტანსაცმლის უკმარისობა არაა, ეს ასევე ადამიანური ღირსებისა და სისუფთავის ნაკლებობაცაა. ნამდვილი სიღარიბე იქ სუფევს, სადაც ადამიანებმა ერთმანეთისადმი პატივისცემა დაკარგეს.” ხელები გულთან მიიდო და ღრმად ჩაისუნთქა: “როცა კალკუტელი ღატაკები ჩემს ხელებში კვდებიან, მათ თვალებში იმედის სხივს ვხედავ. მაგრამ ვერ ვხედავ ამ იმედს დასავლეთის ბევრი მდიდარი და გავლენიანი მცხოვრების თვალებში. ჭეშმარიტი სიმდიდრის პოვნა მხოლოდ მათ გულებში შეიძლება, ვისაც სჯერა, რომ ღმერთს ვუყვარვართ. და მსოფლიოს უცილობლად სჭირდება ის, ვისაც ამ სიმდიდრის გაზიარება შეუძლია და იმედის მიცემა შეუძლია ხალხისთვის, ვინც გულით ღატაკია.

ამ დროს ოთახში სხვა მნახველებიც შემოვიდნენ. ერთმა ინგლისელმა ქალმა გაკვირვებულმა ჰკითხა დედა ტერეზას: “თავად რატომ რეცხავთ ქვაბებს? ნუთუ სხვას არ შეუძლია ამის გაკეთება?”
დედა ტერეზამ ლმობიერად შეხედა ქალს და უთხრა: “ღმერთისა და კაცობრიობის მსახურება – ეს პრივილეგიაა და არა სასჯელი. ღმერთის ნებისმიერი მსახურება – ეს წყალობაა. არ არსებობს საპატიო ან დაბალხარისხოვანი მსახურება.

“კი მაგრამ, დედაო, – საუბარში ჩაერთო ამ ქალის ქმარი, – საიდან იღებთ ამდენ ძალას?”

დედა ტერეზამ თავისი კრიალოსანი აჩვენა. შემდეგ კი წარმოთქვა სიტყვები, რომლებიც უკვე არაერთხელ გამიგია სხვადასხვა რელიგიური ტრადიციის წმინდა ადამიანებისგან: “მე ღმერთის წმინდა სახელისგან ვიღებ ძალას“.

ის ჩემსკენ შემობრუნდა და მითხრა: “მორჩილს ვერ შეეხება ვერც ქება და ვერც ძაგება, რადგანაც მორჩილმა იცის, თუ რას წარმოადგენს სინამდვილეში. ღმერთი ყველაფერს ხედავს. არასოდეს ჩავარდე სასოწარკვეთილებაში, როცა წარუმატებლობა შეგემთხვევა, თუკი იცი, რომ ყველაფერი გააკეთე, რაც შეგეძლო“. მისი სიტყვები ჩემს გულს ეხმიანებოდა.

ინგლისელმა ქალმა წასვლის წინ ყველაფრისთვის მადლობა გადაუხადა, რასაც აკეთებს. “ყველაფერს ღმერთი აკეთებს, – შეეწინააღმდეგა დედა ტერეზა, – მე მხოლოდ უბადრუკი იარაღი ვარ მის ხელში.” შემდეგ ბოდიში მოიხადა და თქვა, რომ ქვაბების რეცხვა უნდა დაემთავრებინა…

დედა ტერეზა დაიბადა 1910 წელს მაკედონიაში, ალბანელების ოჯახში. ჩვიდმეტი წლის ასაკში მონაზვნების ორდენში შევიდა და მალე მარიამ ღვთისმშობლის სკოლაში გაგზავნეს კალკუტაში, მასწავლებლად. შემდეგ იგი ამ სკოლის დირექტორი გახდა. 1948 წელს მის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა: მან იპოვა თავისი მოწოდება, დაიწყო რა ღატაკების მოვლა კალკუტას უღარიბეს უბნებში. 1950 წელს სულ რაღაც თორმეტ დამხმარესთან ერთად დედა ტერეზამ დაარსა მონაზვნური კონგრეგაცია “სიყვარულის მისიონერის დის” სახელწოდებით. შემდგომ წლებში მისმა უანგარო მსახურებამ ათასობით ადამიანის ყურადღება მიიპყრო, რომლებსაც სურვილი გაუჩნდათ დახმარებოდნენ ღმერთის ამ მისიის განხორციელებაში.

მე ვთხოვე მონაზონს ავადმყოფთა და მომაკვდავთა თავშესაფრამდე მივეცილებინე. ვგრძნობდი რა, რომ უძლური ვიყავი როგორმე დავხმარებოდი მათ, ყველაზე უბრალო მსახურება ვითხოვე – იატაკი მოვწმინდე და ჭურჭელი დავარიგე. მალე თავშესაფარში დედა ტერეზა მოვიდა. მისმა ყოფნამ ტანჯვის და სიკვდილის ეს მძიმე ადგილსამყოფელი სიხარულის და იმედის სინათლით აავსო. მან ხელში აიღო ავადმყოფობით გატანჯული ქალის ხელი და ნაზად გაუღიმა. ქალი მაშინვე შეიცვალა. თვალები სიხარულით გაუბრწყინდა და საპასუხოდ გაუღიმა.

შემდეგ დედა ტერეზა ერთი საწოლიდან მეორესთან მიდიოდა, ამასთან ჩანდა, რომ ამ ყველაფერს აკეთებდა არა მოვალეობის გამო, არამედ გულწრფელი სიყვარულით. ერთ საწოლზე ძალიან გამოფიტული მამაკაცი იწვა. იგი სისხლით ახველებდა, და ჩანდა, რომ დიდხანს სიცოცხლე აღარ ეწერა. როცა დედა ტერეზამ თავზე გადაუსვა ხელი, მან ისე შეხედა, თითქოს ანგელოზი იყო, მასთან ციდან ყველაზე საჭირო მომენტში მოვლენილი. თავი მოაბრუნა და გაუღიმა მას. “ღმერთს უყვარხარ, – ხმადაბლა წარმოთქვა დედა ტერეზამ. – მადლიერებით გაიხსენე იგი.” სანუგეშო სიტყვები სხვა მომაკვდავი ქალისთვისაც გამონახა, რომელიც ყველა ახლობელმა და ნათესავმა მიატოვა: “თუ გინდა, რომ მართლა შეიყვარო ღმერთი, პატიება უნდა ისწავლო.” ჩანდა, როგორ მოხსნა ამ უბრალო სიტყვებმა მძიმე ტვირთი, რომელიც გულზე ჰქონდა ამ ქალს. დედა ტერეზა იმედს და სიყვარულს აძლევდა ყველას, ვისაც ეხებოდა. ყველას, ინდოელი იქნებოდა იგი, მუსულმანი, იუდეველი თუ ქრისტიანი, ერთნაირი სიყვარულით და სინაზით ეპყრობოდა. რაღაც მომენტში ჩემსკენ შემობრუნდა და მითხრა: “მე ჩემ საყვარელ იესოს ყველა ამ ტანჯულ სულში ვხედავ. და უფალი მოწყალედ იღებს ჩემს სიყვარულს მათი მეშვეობით.

“დედაო, – დაბნეულმა ვკითხე მე, – ისინი ხედავენ, თუ როგორ ვლინდება თქვენი მეშვეობით იესოს სიყვარული.”

დედა ტერეზამ ფართოდ გაიღიმა: “რა არის ეს, თუ არა სასწაული ღვთაებრივი სიყვარულისა?

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი