მერაბ მამარდაშვილი:,,უცნობი ცნობიერების მძაფრი შეგრძნებაა”

0
135

ჩვენს ცნობიერ სულიერ ცხოვრებაში არსებობს სტრუქტურა, რომლის სიმებიც ამოტივტივდებიან ხოლმე ჩვენს სულიერ და სამშვინველისეულ აფეთქებებში. თან, ამით, თითქოს, იმასაც ვამბობ, რომ არა მხოლოდ ჩვენს სულებს, არამედ ჩვენს მოვლენებსაც აქვთ სტრუქტურა, ანუ სულის შემადგენლობის ნაწილაკების მატარებლები არიან.

„ჯვარი“ – შემთხვევითი არ არის. ქრისტეს ვნება – ჯვარს უკავშირდება. ჯვარს ახსენებ და ეს ასოციაცია ჩნდება, ვერსად გაექცევი. ისე, ყოველგვარი რელიგიური ან მეცნიერული, ერუდირებული კონტექსტის, ან ქრისტეს ცნობილ ისტორიაზე მინიშნების და ა.შ. გარეშე. არაფერი მსგავსი არ არის. ჩვენ ასე ვართ მოწყობილი. რაღაც გამოიძერწა გარკვეულ სახეებში, სახეები კი ჩვენი სულიერი ცხოვრების შესაძლებლობებია, და რეალურ მოვლენებში, განცდებში ეგო იფეთქებს ხოლმე.

პრუსტმა, უბრალოდ, ვერ მოძებნა და ვერ შეძლო სხვა სიტყვების პოვნა, რადგანაც განცდილის ზუსტად გადმოცემა სურდა. ჯვარზე განცდილი ტანჯვა. ჯვრის სისხლიანი ხნული. და იმ შემთხვევაშიც, როცა ის განმარტავს ფრაზას, რომელსაც შესაძლებლობებთან არავითარი საერთო არ ჰქონია: „მადმუაზელ ადელაიდა წავიდა“ – იქაც სისხლიანი ორმაგი ხნულია, ან სულში ჯვრად გამოსახული ტანჯვის ნიშანია.

ყურადღება მიაქციეთ, ეს მაგალითი შევაბრუნოთ, ღრუბლებს არავითარი საერთო არ აქვთ დანასთან. მაშასადამე, ყურადღება გაამახვილეთ იმაზე, რომ ღრუბლების მზერით შეუძლებელია მიხვიდეთ დანასთან, ანუ დაინახოთ დანა. რაც არ უნდა უყუროთ ღრუბლებს, ღრუბელი ღრუბელს რაც არ უნდა დაამატოთ, მაინც ვერასდროს გამოთვლით დანას. მაშასადამე, რეალური ყოველთვის სხვაა, უცნობია. უცნობი კი – უკვე შეგვიძლია განვსაზღვროთ – სხვის, ანუ იმის მძაფრი შეგრძნებაა, რაც არ ჰგავს არაფერს, რაც ვიცით, ვხედავთ, რასაც მივეჩვიეთ ან რაც არის, პოზიტიურად არსებობს.

გამოდის, რომ უცნობი ცნობიერების მძაფრი შეგრძნებაა – მისით კი ადამიანი შეიძლება დაავადდეს, მას ზოგჯერ ნოსტალგიას, მსოფლიო სევდას უწოდებენ (უკვე საგანგებოდ შემომაქვს ასოციაციების სხვა წყება). აი, ეს ის სიტყვებია, რომლებიც შეუცნობელის შესახებ გვიამბობენ. უცნობი, შესაბამისად, მძაფრი გაცნობიერებაა რეალობისა, როგორც ისეთის, რაც ყოველთვის სხვაა, რასაც არავითარი საერთო არ აქვს, არაფრით ჰგავს იმას, რაც ვიცით, რასაც მივეჩვიეთ და ა.შ.

ჩვენი სულის თვალსაზრისით, უცნობი შეიძლება ჩვენი დაავადება იყოს – დაავადება სიტყვის ნორმალური და არა დამაკნინებელი გაგებით. ჩვენ შეიძლება უცნობის ვნებით, პათოსით ვიყოთ დაავადებული. რასაკვირველია, ის არის კიდეც უსასრულობა. ადამიანი არის არსება, რომელიც უსასრულობითაა დაავადებული. როგორც პრუსტი ამბობდა, „არაფერია იმაზე მწარე, ვიდრე უსასრულობის ნესტარი“. რეალობის ნესტარი, ან შეუცნობელის გაცნობიერება არის კიდეც უსასრულობის ნესტარი.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი