ოშო:,,მე აქ მხოლოდ იმისთვის ვარ, რომ თქვენს ზრდას დავეხმარო”

0
370

კითხვა: ჯობდა სირცხვილისგან მოვმკვდარიყავი, როდესაც გავიგე, რომ შენში გულისრევა გამოვიწვიე… გმადლობ იმისთვის, რომ ახლა ამხელა მიზეზი მაქვს არავეგეტარიანულ ჩვევებზე უარის სათქმელად. აქამდე გაცნობიერებულობა არ მყოფნიდა ამის გასაკეთებლად. ვეჭვობ, რომ მთავარი მიზეზი ჩემი განპირობებულობაა. ჩემმა ბავშობამ ებრაული სამზარეულოს კანონებისა და ჩვეულებების გავლენის ქვეშ ჩაიარა. მრავალი პროდუქტი უბრალოდ აკრძალული იყო მამაჩემის მიერ, მისი წინაპრების მიერ „რჩეული ადამიანებისთვის“ საკვებად გამოყენებისთვის.

შესაძლოა გარეგნულმა, არაეგზისტენციალურმა მორალმა, რომელიც ადრეულ წლებში მომახვიეს თავს, დააბლაგვა ჩემი მგრძნობელობა. მაგრამ რა მტკივნეულია იმის გაცნობიერება, რომ ჩემ გამო გულისრევას გრძნობ. ამ გადაწყვეტილებამ თითქოს ჩუმი სინათლე აანთო ჩემში.

შენ კი არ გამოიწვიე ჩემში გულისრევა, არამედ რაღაცამ შენში… რა თქმა უნდა, შენ გაუცნობიერებელი ხარ, ამიტომაც ვიყავი ასეთი კატეგორიული და უხეში შენთან – იმისთვის, რომ ეს გაგეცნობიერებინა. უბრალოდ ჩვევა… ბუნებრივია, როცა ადამიანი არავეგეტარიანულ ოჯახში იბადება, ის ისრუტავს ოჯახის ჩვეულებებს, ზუსტად ისევე, როგორც ვეგეტარიანელები ისრუტავენ თავიანთ ჩვეულებებს ვეგეტარიანულ ოჯახებში. ერთიც და მეორეც გაუცნობიერებელი არიან. და მე ვერ ვხედავ ღირებულებას გაუცნობიერებელ ვეგეტარიანელობაში, რადგანაც ერთიც და მეორეც  გაუცნობიერებელი ჩვევებია. ღირებულება მხოლოდ გაცნობიერებულობას აქვს. თუ ადამიანი გაცნობიერებული ვეგეტარიანელია, მაშინ  აქვს ფასი; წინააღმდეგ შემთხვევაში – არა.

ინდოეთში იმდენი  გაუცნობიერებელი ვეგეტარიანელია, რომლებიც ვეგეტარიანელები შემთხვევით გახდნენ, უბრალოდ იმიტომ, რომ მათ ოჯახებში მიღებული იყო ვეგეტარიანელობა, და მათ ის მიიღეს. სწორედ ასევე მიიღე შენც არავეგეტარიანული ჩვევები. ამ თვალსაზრისით თქვენ ჰგავხართ ერთმანეთს. თქვენს შორის არაა განსხვავება – აბსოლუტურად არანაირი. გაუცნობიერებლობა გაუცნობიერებლობაა. როცა რაღაცას გაუცნობიერებლად აკეთებ, რობოტივით იქცევი.

მე მომიხდა, რომ ასე ძლიერად შემომერტყა თავში პრადიპასთვის, რათა ის უფრო ყურადღებიანი გამხდარიყო. მე შენც შემოგარტყი, მხოლოდ იმიტომ, რომ მიყვარხარ. და გახსოვდეს: რაც უფრო მედიტატიური გახდები, მით უფრო გულისამრევი გახდება შენი არავეგეტარიანული ჩვევები. როცა ჩემთან ახალი ადამიანი მოდის – ადამიანი, რომელსაც არასოდეს გაუკეთებია მედიტაცია, რომელსაც არ აქვს ჩემთან სიახლოვე, არ აქვს ჩემდამი სიყვარული,  მაშინ მისი ენერგია არ იწვევს ჩემში გულისრევას. რატომ? – იმიტომ, რომ მთელი მისი ენერგია ერთნაირია. მაგრამ როდესაც ადამიანი მედიტაციას იწყებს, რდესაც იგი უფრო და უფრო მდუმარე ხდება, როგორც ეს ახლა პრადიპას ემართება, როდესაც მისი ენერგია ძალიან ლამაზი განზომილებისკენ მიემართება ,  საგრძნობი გახდება რაღაც სხვაობა.

წარმოიდგინე თეთრი ნაჭერი. მცირე ლაქაც კი მაშინვე გამოჩნდება მასზე, შავ ნაჭერზე კი ის შეუმჩნეველი იქნება. როცა მთელი თქვენი არსება გაუცნობიერებელია, როცა მასში მხოლოდ ხმაურია და არანაირი სიჩუმე, მაშინ შეიძლება იყოთ არავეგეტარიანელი. მაშინ ამას არ აქვს დიდი მნიშვნელობა, ეს ისეთ ზეგავლენას არ ახდენს. მაშინ არავეგეტარიანელობა არ ჩანს  შავ ლაქად თეთრ ფონზე. მაშინ შეიძლება კაციჭამიაც იყო, და კაციჭამოიობა არ იქნება გამოკვეთილი. მაგრამ როცა უფრო სუფთა ხდები, როცა სივრცე შენს შიგნით უფრო საღი, ახალგაზრდა, ბუნებრივი, ნათელი და სუფთა ხდება, მაშინ ჭუჭყი ძალიან შესამჩნევია. მაშინ მცირე ლაქებიც კი შესამჩნევი ხდება.

პრადიპა, გიხაროდეს, რომ მე ასე ნათლად შევძელი, თუ როგორ წამლავს შენს არსს რაღაც შენს შიგნით, უბრალოდ ძველი ჩვევა. თუ შეძლებ ამის გადაგდებას, დიდ ნახტომს გააკეთებ, ეს განსაკუთრებით დაეხმარება შენს ზრდას.

მე აქ მხოლოდ იმისთვის ვარ, რომ თქვენს ზრდას დავეხმარო. ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ, რაც შემიძლია: თუ შოკია აუცილებელი, შოკში ჩაგაგდებთ, თუ თავში შემორტყმაა აუცილებელი, შმეოგარტყამთ. ყველაფერი, რაც საჭიროა, უნდა გაკეთდეს, – არაფერი არ უნდა დარჩეს გაუკეთებელი, ყველა შესაძლო მეთოდი უნდა იქნეს გამოცდილი, – რადგანაც თქვენი მიჯაჭვულობა წარსულთან ძალიან ღრმაა, თქვენ იმდენი ფესვი გაკავშირებთ წარსულთან, რომ მათი ყველას მოჭრაა საჭირო.

თანდათანობით ბოლომდე განთავისუფლდები წარსულისგან. ეს შოკი შეიძლება ტრანსფორმაციად იქცეს შენთვის. იმედი მაქვს, რომ მან უკვე შეგცვალა. და იმედი მაქვს, რომ შემდეგში, როცა ჩემთან მოხვალ, ის ენერგია გაქრება.

მაგრამ შენ გაცნობიერებული უნდა დარჩე, ყურადღებიანი, რადგანაც ძველი ჩვევები ძნელად იხევენ უკან. გახსოვდეს, მე ვერ მომატყუებ. შენმა გონებამ შეიძლება თქვას: „იშვიათად თუ შევჭამ არავეგეტარიანულ საკვებს, როგორ გაიგებს ამას ოშო?“ საქმე ამაში არაა. თუ რამეს აკეთებ, ამას მთელი შენი ენერგია ამჟღავნებს: ამას შენი დანაშაულის გრძნობა ამჟღავნებს, ამას შენი სირცხვილი ამჟღავნებს, ამას შენი სახის გამომეტყველება ამჟღავნებს. მაშინ შენ არ იდინებ ჩემთან ერთად. მაშინ შეგეშინდება, რომ კვლავ დაგიჭერენ.

გახსოვდეს: მე არ ვარ არავეგეტარიანული საკვების წინააღმდეგი სხვა შემთხვევებში. თუ ადამიანი არ მედიტირებს, თუ ადამიანი არ ცდილობს შიგნით სიღრმეშ გაზრდას, თუ ადამიანი არ ეძებს ღმერთს, მაშინ ყველაფერი რიგზეა – მას შეუძია ჭამოს ყველაფერი, რაც უნდა. რაც უფრო მაღლა ცდილობ ასვლას, მით უფრო მნიშვნელოვანია შენთვის მთელი უსარგებლო ტვირთის გადაგდება, მხოლოდ ამ შემთხვევაში შეძლებ აფრენას. არავეგეტარიანული საკვები  უსარგებლო ტვირთია, მისი გადაგდებაა საჭირო.

გახსოვდეს, რომ შენ კი არ გამოგიწვევია ჩემში გულისრევა, არამედ შენმა არაცნობიერმა ჩვევამ. შენ არ ხარ შენი ჩვევა, – ჩვევის გადაგდება შეიძლება, – და შენ უფრო მომიახლოვდები და შეძლებ ჩემი სიყვარულის მიღებას. შენ არ იცი, რამდენის მოცემა შემიძლია; შენ მხოლოდ ის იცი, რასაც იღებ. ხოლო იღებ იმდენს, რამდენის მიღებაც შეგიძლია.

ისწავლე უფრო და უფრო მეტის მიღება, – ამას ზღვარი არ აქვს. ეს ადგილი შეიძლება შენი აბსოლუტური რეალიზაციის ადგილი გახდეს.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი