ზიგმუნდ ფროიდი – ტაბუ

0
253

„ტაბუ“ პოლინეზიური სიტყვაა და მისი თარგმანი გარკვეულ პრობლემებს ქმნის, რადგან დღეს ენაში ამ შინაარსის გამომხატველი ცნება აღარ არსებობს. 

ძველი რომაელებისათვის ის ჯერ კიდევ ცნობილი იყო და მათ sacer-ს იგივე მნიშვნელობა ჰქონდა, რაც პოლინეზიურ ტაბუს. αγοσ და ძველებრაულ Kodausch-იც იმავეს აღნიშნავდა, რასაც პოლინეზიელები ტაბუს მეშვეობით, ამერიკის, აფრიკის (მადაგასკარის), ჩრდილო და ცენტრალური აზიის ხალხები კი ანალოგიური ცნობებით გამოხატავდნენ.

ტაბუს ორი ურთიერთსაწინააღმდეგო მნიშვნელობა აქვს. ერთი მხრივ, ის წმინდას, კურთხეულს ნიშნავს, მეორე მხრივ – უჩვეულოს, საშიშს, აკრძალულს, უწმინდურს. ტაბუს ანტონიმს პოლინეზიურ ენაში „ნოა“ ეწოდება, რაც ჩვეულებრივს, საყოველთაოს ნიშნავს. ასე რომ, ტაბუს უკავშირდება რაღაც ისეთი წარმოდგენები, რომლებიც სიფრთხილეს მოითხოვს. არსებითად, ტაბუ აკრძალვებს, შეზღუდვებს გამოხატავს. სიტყვათშეთანხმება „წმინდა შიში“ ხშირად ემთხვევა ტაბუს მნიშვნელობას.

ტაბუს შეზღუდვები განსხვავდება რელიგიური ან მორალური აკრძალვებისგან. ის ღვთის მცნებას კი არ ეყრდნობა, არამედ, ასე ვთქვათ, თვითონ არის ამკრძალავი; მორალური აკრძალვისგან ის იმით განსხვავდება, რომ არც ერთ სისტემას არ ეკუთვნის და არც დასაბუთება სჭირდება. ტაბუს წარმომავლობა უცნობია; ჩვენზე ის უცნაურ შთაბეჭდილებას ტოვებს, მაგრამ იმათთვის, ვინც მისი ძალაუფლების ტყვეობაშია, ის სრულიად ბუნებრივი მოვლენაა.

ვუნდტი ტაბუს კაცობრიობის უძველეს, დაუწერელ კანონთა კოდექსს უწოდებს. საზოგადოდ მიღებულია, რომ ტაბუ ღმერთებზე ძველია და ყველა ეპოქის რელიგიებს უსწრებს წინ.

რადგან ჩვენი მიზანი ტაბუს მიუკერძოებელი აღწერაა, რათა მასზე ფსიქოანალიზური დაკვირვებები ვაწარმოოთ, ამიტომ მაგალითისთვის Encyclopedia Britanica-დან მოგიყვანთ სტატია „ტაბუს“ ფრაგმენტს, რომლის ავტორიც ანთროპოლოგი ნორთკოტ თომასი გახლავთ.

„ტაბუ მოიცავს მხოლოდ: ა) პიროვნების ან საგნის წმინდა (ან უწმინდურ) ხასიათს; ბ) ამ ხასიათიდან გამომდინარე შეზღუდავს რაგვარობას და გ) სიწმინდეს (ან უწმინდურებას), რომელიც ამ აკრძალვის დარღვევიდან გამომდინარეობს. პოლინეზიურ ენაში ტაბუს ანტონიმს ნოა ეწოდება, რაც ჩვეულებრივს, საყოველთაოს ნიშნავს“…

განასხვავებენ სხვადასხვა ტიპის ტაბუს;

1. ბუნებრივ, ანუ პირდაპირ ტაბუს, რომელიც იდუმალი ძალის (Mana-ს) შედეგია და რომელიმე პიროვნებას ან საგანს უკავშირდება;

2. გადაცემულ, ანუ არაპირდაპირ ტაბუს, რომელიც ამ იდუმალი ძალებიდან გამომდინარეობს, მაგრამ ან 1. შეძენილია, ან 2. სასულიერო პირი, ბელადი ან სხვა ვინმე გადასცემს; 

3. ტაბუს, რომელიც ამ ორს შორის შუალედურ ადგილს იკავებს და რომლის შემთხვევაშიც ორივე ფაქტორი გათვალისწინებულია, მაგ., კაცის მიერ ქალის მისაკუთრება… ტაბუ გამოიყენება სხვა რიტუალური შეზღუდვების აღსანიშნავადაც, მაგრამ რელიგიური აკრძალვა ტაბუდ არ ითვლება.

ტაბუს მიზნები მრავალგვარია. პირდაპირი ტაბუ მიზნად ისახავს:

ა) მნიშვნელოვანი პიროვნებების: ბელადების, ღვთისმსახურთა, საგნებისა და ა.შ. დაცვას შესაძლო დაზიანებისაგან;

ბ) სუსტი არსებების: ქალების, ბავშვებისა და ჩვეულებრივი ადამიანების ღვთისმსახურთა და ბელადების ძლიერი მანასგან (მაგიური ძალისგან) დაცვას;

გ) საფრთხისგან დაცვას, რომელსაც გვამთან შეხება ან გარკვეული საჭმელი იწვევს;

დ) მნიშვნელოვანი სასიცოცხლო აქტების უსაფრთხოებას, როგორებიცაა: დაბადება, ბიჭის მამაკაცად ხელდასხმა, ქორწინება, სექსუალური ქცევები;

ე) ადამიანის დაცვას ღმერთებისა და დემონების რისხვისგან;

ვ) ნაყოფის ან პატარა ბავშვების იმ ხიფათისგან დაცვას, რომელიც მას, შეიძლება, მშობლებისგან დაემუქროს, თუ ისინი რომელიმე კონკრეტულ საქციელს ჩაიდენენ ან ისეთ საკვებს მიიღებენ, რის შედეგადაც ბავშვი გარკვეულ თვისებებს შეიძენს.

ტაბუს სხვაგვარი გამოყენება ემსახურება ადამიანის საკუთრების, მისი სამუშაო იარაღის, მინდვრისა და ა.შ. ქურდებისგან დაცვას…

ტაბუს დარღვევას ავტომატურად მოსდევს სასჯელი. ტაბუს დამრღვევს ტაბუ თავად სჯის. თუ ტაბუსთან დაკავშირებულ ღმერთებსა და დემონებსაც გავიხსენებთ, მაშინ ღვთაებრივ სასჯელს უნდა ველოდოთ. სხვა შემთხვევებში, ალბათ, იმ ცნების განვითარების შედეგად, საზოგადოება თავის თავზე იღებს ტაბუს დამრღვევის დასჯის ფუნქციას, რადგან ტაბუს დამრღვევი ყველა სხვა დანარჩენს საფრთხეს უქადის. ასე დაუკავშირდა კაცობრიობის დასჯის პირველი სისტემა ტაბუს.

„ვინც ტაბუს არღვევს, თავად ხდება ტაბუ…“. გარკვეული საფრთხე, რომელიც ტაბუს დარღვევას ახლავს თან, შეიძლება, მონანიებითა და რელიგიური რიტუალებით იქნეს თვიდან აცილებული.

ტაბუს წარმომშობ წყაროდ განსაკუთრებული ჯადოსნური ძალაა მიჩნეული, რომელიც ადამიანებსა და მიცვალებულთა სულებში მყოფობს; ეს ძალა მათგან უსულო საგნებს გადაეცემა და შემდეგ მათი მეოხებით ვრცელდება…

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი