პარანოია

0
429

პარანოია ქრონიკულად მიმდინარე ბოდვით ფსიქოზებს მიეკუთვნება. ჰიპოკრატეს დროიდან ამ ტერმინით განისაზღვრებოდა ფსიქიკურ აშლილობათა ფართო სპექტრი, რომელშიაც გაერთიანებული იყო სხვადასხვა სახის ბოდვითი აშლილობანი. შემდეგ, პარანოია გამოიყო ცალკე დამოუკიდებელ დაავადებად. მკვლევართა უმრავლესობა მას ენდოგენურ დაავადებათა ჯგუფს მიაკუთვნებს. პარანოია ძირითადად 35–40 წლის ასაკში ვითარდება და უმეტესად ქალებში გვხვდება.

პარანოია იწყება თანდათანობით, რეალური სიტუაციებისა და კონფლიქტების გადამეტებული, ზეღირებულოვანი შეფასების შედეგად. დროთა განმავლობაში ზეღირებულოვანი იდეების მიმართ ქვეითდება კრიტიკა და ყალიბდება ჩამოკვეთილი, სისტემური ბოდვითი იდეა. პარანოიალური იდეების დასამტკიცებლად ავადმყოფები აგებენ მკაცრ ლოგიკურ სისტემებს, ეყრდნობიან მოგონებებს, რომლებსაც შემდგომში არასწორ ინტერპრეტაციას უკეთებენ. ბოდვითი პროდუქციების ჩარჩოებს მიღმა ავადმყოფები ნორმალურ, სრულფასოვან ცხოვრებას ეწევიან. ადექვატურად იქცევიან ოჯახში, სამსახურში, ახლობლებთან. ადაპტაცია იმდენად სრულყოფილია, რომ ბოდვითი თემატიკის მიღმა, პათოფსიქოლოგიური მეთოდიკებითაც კი ვერ ხერხდება აზროვნების პათოლოგიის დადგენა.

არსებობს პარანოიის კლინიკური სისტემატიზაციის მრავალი ვარიანტი. მათგან ყველაზე მისაღებია ე.კრეჩმერის დაყოფა:ექსპანსიური, სენზიტიური და სურვილების პარანოია. ექსპანსიური პარანოია აერთიანებს პარანოიალური ბოდვის იმ ფორმებს, რომელთაც ახასიათებთ აქტიური თვითდამკვიდრების მოტივაცია და ბრძოლა ბოდვითი დაყენებების რეალიზაციისათვის. ეს ადამიანები აქტიურად ცდილობენ დაამტკიცონ თავისი სიმართლე. სენზიტიური ფორმა განპირობებულია სოციალური ადაპტაციის გაძნელებით, ზემგრძნობელობით, დაუკმაყოფილებლობის, არასრულფასოვნების განცდის ბოდვით რეგისტრში გადაზრდით. სურვილების პარანოიის მაგალითია ეროტიული ბოდვა, რომლის დროსაც ავადმყოფი დარწმუნებულია, რომ იგი უყვარს რომელიმე კონკრეტულ პიროვნებას და ყველაფერში ხედავს შეყვარებულის გრძნობების გამოხატვას. აშკარა ურთიერთობების არარსებობა აიხსნება მასში შეყვარებული პიროვნების გაუბედაობით, სიმორცხვით. ხშირად ავადმყოფი თავად დგამს გადამწყვეტ ნაბიჯს, რაც რეალური კონფლიქტის მიზეზი შეიძლება გახდეს.

პარანოია, როგორც წესი, პრაქტიკულად განუკურნებელ დაავადებებს მიეკუთვნება, თუმცა ხანგრძლივი და სისტემატური მკურნალობით შესაძლოა მიღწეულ იქნას სიმპტომატიკის გარკვეული შერბილება. ნეიროლეფსიური და ტრანკვილიზაციური პრეპარატებით შესაძლებელია აფექტური დაძაბულობის შესუსტება. ამასთან ერთად აუცილებელია ფსიქოთერაპიის გამოყენება, განსაკუთრებით იმ მეთოდების, რომლებიც უადვილებენ პაციენტს ადაპტაციას გარემოსთან და ხსნიან დაძაბულობას.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი