სიცოცხლის საზრისის შესახებ

0
312

რა არის სიცოცხლე? ზებუნებრივი ძალით შთაგონებული მოვლენა თუ ბუნების ძალების ცხოველქმედების ნაყოფი? აუცილებლობა თუ შემთხვევითობა? და საერთოდ, გააჩნია თუ არა მას საზრისი ან დანიშნულება?

სიცოცხლის წარმოშობის შესახებ, დღესდღეობით, ორი ძირითადი და გაბატონებული შეხედულება არსებობს: რელიგიური და მეცნიერული. სწორედ ამიტომაც, უპრიანი იქნება თუ მსჯელობა ამ ორი ურთიერთსაწინააღმდეგო თვალსაზრისის კონტექსტში წარიმართება. რელიგიური მსოფლმხედველობა სიცოცხლეს და მასთან დაკავშირებულ მოვლენებს არამიწიერი წარმოშობის მქონედ მიიჩნევს და თვლის, რომ სიცოცხლე — ეს არის ზებუნებრივი არსების (ღმერთის) შინაგანი ნების პირდაპირი გამოხატულება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სიცოცხლე განიხილება როგორც ღმერთის ნებელობითი ქცევის განხორციელების შედეგი და მისი პირადი სურვილის გამოვლინება. თუ სიცოცხლის შექმნის მომენტში ღმერთის ქმედება ნებელობითი იყო, ბუნებრივია მას განსაზღვრული მიზანიც ამოძრავებდა, რამაც უბიძგა სიცოცხლის შექმნისაკენ. შესაბამისად, რადგან ნებისმიერი ნებელობითი ქმედების განხორციელება განსაზღვრული მიზნისკენაა მიმართული, მაშინ ამგვარი ქმედებით გამოწვეულ შედეგსაც გარკვეული აზრი და დანიშნულება უნდა გააჩნდეს, ამ შემთხვევაში სიცოცხლეს, რადგან ვთქვით, რომ იგი ღმერთის ნებელობითი ქცევის განხორციელების შედეგია. ე.ი. რელიგიური თვალსაზრისით სიცოცხლის აზრის განსაზღვრა დიდ სირთულეს არ წარმოადგენს. თუმცა პრობლემას ამ მხრივ თავად რელიგიური მსოფლმხედველობის ჭეშმარიტება და სანდოობა წარმოადგენს, რადგან ეს უკანასკნელი სიცოცხლის წარმოშობის იმდენად ანტიმეცნიერულ, დაუსაბუთებელ, არასერიოზულ და პრიმიტიულ შეხედულებას წარმოგვიდგენს, რომ მისი დაჯერება მხოლოდ ბრმადმორწმუნე, ბავშვური გულუბრყვილოების მქონე და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში სრულიად გაუთვითცნობიერებელ ადამიანს თუ შეუძლია.

მე ვთვლი, რომ ადამიანი, რომელსაც არ შესწევს ცოდნა და ინტელექტი იმისათვის, რათა სიცოცხლის წარმოშობა ღმერთის იდეისაგან დამოუკიდებლად წარმოიდგინოს რელიგიური დოგმატიკის უსუსური ტყვე ხდება. რაც უფრო ჩაუხედავია ადამიანი ბუნებისმეტყველებაში, მით უფრო მიდრეკილია ის ღვთისმეტყველების მიმართ.

რაც შეეხება სიცოცხლის წარმოშობის მეცნიერულ თვალსაზრისს, უნდა ითქვას, რომ იგი საკმარისად დამაჯერებელი და დასაბუთებულია იმისათვის, რათა ერთხმად იქნას აღიარებული სრულ ჭეშმარიტებად და ობიექტურ რეალობასთან შესატყვისად. მეცნიერული თეორიის მიხედვით სიცოცხლე წარმოიშვა თავისთავად, სამყაროს შიგნით არსებული ბუნებრივი პროცესების ურთიერთქმედების შედეგად და ერთმნიშვნელოვნად გამორიცხავს ამ პროცესში გარეგანი ძალების რაიმე სახით ჩარევას. შესაბამისად, სიცოცხლე ბუნებრივი და თვითგანვითარებადი, ევოლუციური მოვლენაა, რომელიც თავისთავად და დამოუკიდებლად წარმოიქმნა. სიცოცხლის თავისთავადობა და თვითმყოფადობა კი იმაზე მიუთითებს, რომ მისი წარმოშობა არ ყოფილა განპირობებული რაიმე სხვა მოვლენის ნებით. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სიცოცხლე — ეს არის სამყაროს წიაღში წარმოქმნილი, ბუნების ცხოველქმედების დამოუკიდებელი ნაყოფი, რომლის ქმნადობა არ წარმოადგენდა ნებელობით აქტს. ნებელობითი ქმედების საპირისპირო მოვლენა უნებლიე ქმედებაა, იგივე შემთხვევითობა, საიდანაც გამომდინარეობს, რომ სიცოცხლე უკონტროლო პროცესთა მსვლელობის უნებლიე შედეგია, ანუ თავად შემთხვევითობაა, რაღაც გამონაკლისი ან გადახვევა ზოგადი კანონზომიერებიდან.

ნებისმიერი ნებელობითი ქმედება განსაზღვრული მიზნის მატარებელია, რადგან ამგვარ ქმედებაში გამოიხატება შინაგანი ნება და სურვილი, რომელიც დასახულ მიზნის მიღწევისკენაა მიმართული. შესაბამისად, ნებელობითი ქცევით გამოწვეული შედეგი შეიძლება აღვიქვათ როგორც აზრისა და დანიშნულების მქონე გარეგამოვლინებადი ცვლილება სამყაროში იმდენად, რამდენადაც სწორედ საბოლოო შედეგი გამოხატავს ნებელობითი ქცევის განმახორციელებლის მიზანსა თუ სურვილს. საპირისპირო უნდა ითქვას უნებლიე ქმედებაზე, კერძოდ ის, რომ შეუძლებელია უნებლიე ქცევა გარკვეული მიზნის მატარებელი იყოს, რადგან იგი კი არ გამოხატავს, არამედ პირიქით, შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს კიდეც ამგვარი ქცევის განმახორციელებლის შინაგან ნებასა და რეალურ სურვილს. მაშასადამე, არც უნებლიე ქმედებით გამოწვეული შედეგი შეიძლება იყოს შინაარსისა თუ აზრის მატარებელი. საკითხის არსში უკეთ გარკვევის მიზნით სანიმუშოდ მოვიყვანოთ ორი მაგალითი: ერთი —თვითმკვლელობა და მეორე — უბედური შემთხვევა. პირველ მაგალითში თვითმკვლელობა განიხილება როგორც ნებელობითი აქტი და გამიზნული ქმედება განსაზღვრული მიზნის მისაღწევად, სადაც დამდგარი შედეგი (სიკვდილი) გარკვეული აზრის მატარებელია, რამდენადაც მას თავისი დანიშნულება გააჩნია და ნებელობითი ქმედების (თვითმკვლელობის) ჩამდენის შინაგან ნებასა და სურვილს შეესაბამება, ანუ თვითმკვლელობა წარმოადგენს უკვე განხორციელებულ ან მიღწეულ მიზანს. მეორე მაგალითში კი უბედური შემთხვევა სრულიად უშინაარსო და აზრს მოკლებულია, რადგან იგი წარმოადგენს უმიზნო ქმედების შედეგს და არ გამოხატავს სუბიექტის შინაგან ნებასა და სურვილს. ამიტომაც უნდა დავასკვნათ, რომ მხოლოდ მიზანმიმართული, ნებელობითი ქცევის შედეგი შეიძლება იყოს აზრის მატარებელი და ამის საპირისპიროდ, უმიზნო, უნებლიე ქცევის შედეგი არასოდეს შეიძლება იყოს გარკვეული დანიშნულების მქონე. შესაბამისად, რამდენადაც სიცოცხლის შექმნის პროცესი უნებლიე და შემთხვევითია, ამდენად შეუძლებელია მისი შედეგი — სიცოცხლის წარმოშობა რაიმე წინასწარ დასახულ მიზანს ემსახურებოდეს, რამეთუ იგი ნებელობის მიღმაა და ამდენად უშინაარსო მოვლენას წარმოადგენს, ე.ი. სიცოცხლე დანიშნულების არმქონე, აბსურდული მოვლენაა.

როდესაც მოვლენას განიხილავ როგორც შემთხვევითობას, რთულია იმსჯელო მის დანიშნულებაზე და საერთოდ მის საზრისზე, ჩვენ შემთხვევაში სიცოცხლის საზრისზე. რამდენადაც სიცოცხლე საყოველთაო მოვლენას წარმოადგენს და ყველა ცოცხალი არსების შემთხვევაში ერთნაირად გაიგება, ამდენად ერთნაირადვე უნდა იქნას გაგებული სიცოცხლის საზრისიც. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სიცოცხლეს უნდა ახასიათებდეს ყველასათვის საერთო საზრისი და არ შეიძლება ის თითოეული ინდივიდისათვის სხვადასხვა იყოს. თუ ამ სამყაროში სიცოცხლის საზრისი უფრო ინდივიდუალურად გაიგება, ვიდრე საყოველთაოდ, ეს იმის დასტურია, რომ არ არსებობს სიცოცხლის საყოველთაო საზრისი, რომ მას არ გააჩნია თანდაყოლილი აზრი.

სიცოცხლის საზრისს მე განვიხილავ როგორც სიცოცხლის იმანენტურ, მასთან ორგანულ კავშირში მყოფ მოვლენას, ამიტომ ვთვლი, რომ სიცოცხლის ერთიანი გაგების პარალელურად უნდა არსებობდეს მისივე საზრისის ერთიანი გაგებაც. სწორედაც, რომ პრობლემა სიცოცხლის საზრისის არარსებობაში კი არა, არამედ მის მრავალგვარობაშია, რაც იმაზე მიუთითებს, რომ სიცოცხლის საყოველთაო გაგების პარალელურად არ არსებობს სიცოცხლის საზრისის საყოველთაო და ერთსულოვანი გაგება. სიცოცხლის საზრისის ინდივიდუალური გაგება კი სხვა არაფერია, თუ არა სიცოცხლის მარტოოდენ წამახალისებელი და ინტერესის მიმცემი მოვლენა.

დასასრულ, შეიძლება დავასკვნათ, რომ სიცოცხლის წარმოშობა არ ყოფილა ნაკარნახევი რაიმე გონიერი, მოაზროვნე პირველსაწყისის შინაგანი ნებით, შესაბამისად მას არ შეიძლება გააჩნდეს თანდაყოლილი, საყოველთაო და განუყოფელი დანიშნულება, ხოლო შემდგომ შეძენილი თუ მიკუთვნებული მიზანი კი შეიძლება განხილულ იქნას როგორც მისთვის ინტერესის მიმანიჭებელი ფაქტორი და არა სიცოცხლის საზრისი.

წყარო:zeitgeistphilosophy

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი