მიშელ უელბეკი „საპენსიო ასაკის შემცირება“

0
156

– ოდესღაც კულტურულ ღონისძიებათა ორგანიზატორებად ვმუშაობდით სხვადასხვა კურორტზე. ფულს იმისთვის გვიხდიდნენ, რომ ხალხი გაგვერთო, ან გვეცადა მაინც. მოგვიანებით, დაქორწინებულები (უფრო ხშირად კი, განქორწინებულები) ისევ ნაცნობ კურორტებს ვუბრუნდებოდით, ამჯერად დამსვენებლებად. ახალგაზრდები – სხვა ახალგაზრდები – ჩვენს გართობას ცდილობდნენ. ჩვენ კი, გასართობად, სექსუალური კავშირის დამყარებას ვცდილობდით მომსახურე პერსონალის ზოგიერთ წევრთან (ხან ყოფილ კულტ-ორგანიზატორებთან, ხან – არა). დროდადრო წარმატებას ვაღწევდით, უფრო ხშირად კი ყველაფერი მარცხით მთავრდებოდა. დიდად ვერც ვერთობოდით. დღეს კი ჩვენს ცხოვრებას არანაირი აზრი აღარა აქვს, – დაასკვნა კულტურულ ღონისძიებათა ყოფილმა ორგანიზატორმა.

წითელი ზღვის სანაპიროზე, საფაგაში, 1995 წელს აშენებული სასტუმრო “Holiday Inn Resort” დამსვენებლებს 327 კომფორტულ ოთახსა და 6 უზარმაზარ ლუქსს სთავაზობს. აქვე უნდა ვახსენოთ დიდი ჰოლი, “coffee-shop”, რესტორანი, პლაჟის რესტორანი, დისკოთეკა და ტერასა, სადაც გასართობი ღონისძიებები იმართება. სასტუმროს სავაჭრო ცენტრში სხვადასხვა მაღაზიას, ბანკს, სილამაზის სალონს ნახავთ. გასართობ ღონისძიებებს სიმპათიური ფრანგულ-იტალიური ჯგუფი მართავს (ცეკვის საღამოები, მრავალფეროვანი თამაშები). მოკლედ, ტურისტული სააგენტოს ერთი თანამშრომლის გამოთქმა რომ გავიმეოროთ, “მთლიანობაში, შესანიშნავი სიტუაციაა”.

– საპენსიო ასაკს ორმოცდათხუთმეტ წლამდე თუ შეამცირებენ, – განაგრძო კულტურულ ღონისძიებათა ყოფილმა ორგანიზატორმა, – ამ გადაწყვეტილებას ტურიზმის სფეროში დასაქმებულები სიხარულით შეხვდებიან. ძნელია, შემოსავლიანი გახადო ისეთი საკურორტო სასტუმროები, რომლებსაც დამსვენებლები მხოლოდ სეზონურად, მცირე ხნით სტუმრობენ, ძირითადად, ზაფხულში ან საშობაო არდადეგების დროს. რა თქმა უნდა, კარგი იქნება, თუ ჩარტერული რეისების ორგანიზება მოხერხდება ახლადგამომცხვარი პენსიონერებისთვის, რომლებიც, ამავე დროს, შემცირებული ტარიფებით ისარგებლებენ, ეს ყველაფერი კი მათ უწყვეტ ნაკადს უზრუნველყოფს. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ პენსიონერი ბავშვის მდგომარეობაში იმყოფება: ჯგუფთან ერთად მოგზაურობს, აუცილებლად ვინმეს უმეგობრდება. ზოგადად, ბიჭები მხოლოდ ბიჭებთან თამაშობენ და გოგოებსაც სხვა გოგოებთან ლაქლაქი ურჩევნიათ, მაგრამ პენსიონერები ყველასთან სიამოვნებით ურთიერთობენ, სქესის განურჩევლად. სინამდვილეში კი ორაზროვან მინიშნებებს საკმაოდ ხშირად მიმართავენ, არც ქვეტექსტებით საუბარს ერიდებიან, ზოგჯერ მათი სიტყვიერი ავხორცობა პირდაპირ გამაოგნებელი ხდება. აღნიშვნას იმსახურებს ისიც, რომ როგორი მძიმე და მტანჯველიც არ უნდა იყოს თავის დროზე, მოგვიანებით სექსს მაინც სინანულით იხსენებენ. ამ თემას მუდამ ნოსტალგიური შეფერილობის მქონე ვარიაციებით უბრუნდებიან. ასე, საუბრისას უმეგობრდებიან ერთმანეთს ორნი ან სამნი. მერე ერთად წავლენ და ვალუტის მიმდინარე კურსს გაიგებენ, მომდევნო ექსკურსიასაც ერთობლივად დაგეგმავენ. ოდნავ მოხრილი, მოკლეთმიანი პენსიონერები გნომებს ჰგვანან – ანჩხლსა თუ გულკეთილ არსებებს, ხასიათების შესაბამისად. მათი გამძლეობა და ამტანობა, უბრალოდ, გასაოცარია, – დაასკვნა ბოლოს კულტურულ ღონისძიებათა ყოფილმა ორგანიზატორმა.

– მე ვიტყოდი, რომ ყველას თავისებურად სწამს და ყველა რელიგიას პატივი უნდა ვცეთ, – უადგილოდ ჩაერია საუბარში დილის გამამხნევებელი ვარჯიშის ინსტრუქტორი. ამით შეურაცხყოფილმა ექს-ორგანიზატორმა მტანჯველ სიჩუმეს შეაფარა თავი. ის ორმოცდათორმეტი წლის გახლდათ, იანვრის მიწურულს კი ყველაზე ახალგაზრდა დამსვენებელთა შორის აღმოჩენილიყო. სხვათა შორის, ნამდვილი პენსიონერი არც ყოფილა, პენსიაზე გასვლას აპირებდა თუ თანხმობას ელოდა, რომ ნაადრევად გასულიყო. ყველას ტურისტულ ბიზნესში გარკვეულ ექს-პროფესიონალად გაეცნო და საბოლოო ჯამში, კარგი შთაბეჭდილება დატოვა კულტურულ ღონისძიებათა ორგანიზატორების ჯგუფზე. “სენეგალში “კლუბ მედი” პირველმა მე გავხსენი,” – უყვარდა ხოლმე გამეორება. მერე სიმღერას წამოიწყებდა და წაიცეკვებდა კიდეც: “თავზე დავიმხობ სე-ნე-გააალს, იქ რა გამოლევს ლამაზ ქაააალს”. ერთი სიტყვით, მაგარი ტიპი იყო. მიუხედავად ამისა, საერთოდ არ გამკვირვებია, როცა მეორე დილით მისი გვამი იპოვეს, სასტუმროს აუზის კამკამა წყალში მოტივტივე.

თარგმანი: ირმა ტაველიძის

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი