ამონარიდები ოთარ ჭილაძის დღიურებიდან „ცა მიწიდან იწყება“.

0
222

მწერალი ისე ცხოვრობს თავის ენაში, როგორც თევზი – მდინარეში. ამიტომ, მისი მოსპობა თუ გინდათ, მდინარეში დინამიტი უნდა ჩაუდოთ, თანაც რამდენიმე.

ჰონორარი – ცხოვრებასთან დაახლოების საშუალება.

მწერალი – ვინც არაფერს არ კითხულობს და ყველაფერს წერს. აუცილებელი არ არის, იყოს ლოთი ან კრეტინი.

ტელევიზორი – ქონდრის კაცების მხიარული ქვეყანა.

როცა გაიგებ,  როგორ ჩნდებიან ბავშვები, თავს დაკაცებულად ნუ ჩათვლი მაინც, სანამ იმასაც არ გაიგებ, როგორ არ ჩნდებიან ისინი.

ჩვენი უბედურება ისაა, რომ ევროპელებისათვის აზიელები ვართ, ხოლო აზიელებისათვის ევროპელები. სინამდვილეში რა ვართ, ეშმაკმა იცის.

ქართველს შეუძლია იყოს თავისი ხალხის პოეტი და ამავე დროს, თავისი ხალხის დამპყრობელი ხალხის გენერალიც.

ბებერ ცოლს კი არ გაურბის კაცი, არამედ საკუთარ სიბერეს, ცოლის თვალებში დანახულს.

სტოლკჰოლმში საგიჟეთიდან გაქცეულ ავადმყოფს მიაგნეს მხოლოდ და მხოლოდ იმის წყალობით, რომ მან გაჭედილ ავტობუსში ადგილი დაუთმო ქალს…

ჩვენ ალბათ ერთადერთი ხალხი ვართ, რომელმაც არ ვიცით, როგორ გამოითქმის წოდებით ბრუნვაში ჩვენი საკუთარი შვილების სახელები. ამოდი, ლევანი, სახლში! ჩამოდი, ოთარი, ხიდან! არა, არა და არა! არავითარ შემთხვევაში! ამოდი, ლევან, შინ (და არა სახლში), ჩამოდი, ოთარ, ხიდან! შოუ ამბობდა, ინგლისელებმა მშობლიური ენა ცუდად ვიცითო, ჩვენ ისიც არ ვიცით, რა არ ვიცით.

ქალი შეიძლება ერთ მამაკაცთან წვებოდეს და ელტვოდეს ყველას, ანდა პირიქით, ყველას უწვებოდეს და მხოლოდ ერთს ელტვოდეს. ასეთია მისი ბუნება და ძნელი სათქმელია, როდის არ იქცევა სწორად.

იმ დღეს რუსთაველზე, ოპერის პირდაპირ, წიგნის მაღაზიის წინ გამოტანილი დახლიდან ვიღაცამ ჩემი წიგნი აიღო და გადაფურცლა. უნებურად დავიძაბე, გავილურსე, გავიგონე, როგორ აბრაგუნდა მკერდში გული. ასე ემართება, ალბათ, მეთევზეს, როცა მის მისატყუარას თევზი გაეთამაშება.

საქართველოს ჭირს პროგრესული დამბლა – ფსიქიკის თანდათანობითი დაქვეითება – ერთგვარი ნერვიულ-ფსიქიკური დაავადება, რომელსაც სიფილისი იწვევს, ხოლო ვინ შეჰყარა საქართველოს სიფილისი, ალბათ, უთქმელადაც იცით ყველამ.

ორმოციანი წლების თბილისში პირველად მოხვედრილი კაცისთვის რომ გეკითხათ, ყველაზე მეტად რამ მიიქცია შენი ყურაღება ამ ქალაქშიო, დაუფიქრებლად გიპასუხებდათ – პიანინოს ხმამო. მართლაც, თითქმის ყველა ბინაში იდგა პიანინო და ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, თითქოს თავად სახლები გამოსცემდნენ ამ ხმას, თითქოს ნებისმიერი სახლი იმავე დროს მუსიკალური ყუთიც იყო და სარკმელი რომ გამოგეღოთ უნებურად, მაშინვე სავარჯიშო გამები გამოფრინდებოდნენ იქიდან, ტყვეობიდან თავდაღწეული ჩიტებივით.

ძეგლის დამხობა იდეას არ კლავს, პირიქით, უძეგლოდ დარჩენილი, ანუ ნიღაბჩამოხსნილი იდეა, კიდევ უფრო მიზანდასახული ხდება!

ახალგაზრდობაში კაცი ქალს თავს აწონებს, სიბერეში კი – აცოდებს. არც ერთისა რცხვენია, არც მეორისა!

რაც უფრო ხმამაღლა გაჰყვირის თამაზი, კულტურაა ჩვენი გადამრჩენიო, მით უფრო დაუნდობელი ხდება ჩვენი ხელისუფლება სწორედ კულტურის მიმართ.

თავისუფლებამ კი არ მოგვიტანა ამდენი სიბინძურე, თავისუფლებამ გამოაჩინა მონობაში დაგროვებული, გნებავთ – შეძენილი!

ერთნაირად უღირსი საქციელია, პირადად ჩემთვის, როგორც სულიერი სისუსტის გამართლება, ისევე სულიერი სიმტკიცისთვის ჯილდოს მოთხოვნა.

ქართველი ხალხი კი არ არის ასეთი ბნელი, არამედ ბნელი, უვიცი, ხარბი და სულგაყინული პიროვნებები ამოატივტივა დრომ ცხოვრების ზედაპირზე – რატომღაც ისინი მართავენ ჩვენს ბედს და ჩვენი დანაშაული ამის მოთმენაა მხოლოდ.

…ერთხელ კიდევ განვმარტავ იმას, თუ რამ მაიძულა, მთელი ცხოვრება კალამი მჭეროდა ხელში და ფიქრშიაც არ დამეშვა მისი შეცვლა, რაიმე სხვა, უფრო თანამედროვე, გნებავთ, უფრო ძლიერი იარაღით: რაც არ უნდა კარგი პრემიერ-მინისტრი აირჩიოს ინგლისმა, შექსპირზე უკეთესად ვერც წარმოაჩენს და ვერც დაიცავს ინგლისს…ასე რომ, ჯერჯერობით ნურც ქართველ მწერლებს ჩამოართმევთ ქვეყნის წინამძღოლობის საპატიო და სახიფათო მისიას…

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი