სპინოზას რთული კითხვის პასუხები

0
367

დანართი, რომელიც შეიცავს მეტაფიზიკურ აზრებს

მეტაფიზიკური აზრების შემცველი დანართი, რომელიც სპინოზას მიერ დაწერილია 1663 წელს მოკლედ აღწერს მეტაფიზიკის ზოგადი და სპეციალური ნაწილების შედარებით უფრო რთულ საკითხებს, რომელიც შეეხება არსებულს და მის განსაზღვრებებს, ღმერთს და მის ატრიბუტებს, აგრეთვე ადამიანის სულს.

ამონარიდი ხსენებული ნაშრომიდან:

„ჭეშმარიტი ეწოდება იდეას, რომელიც გვიჩვენებს საგანს ისე, როგორც ის არსებობს თავისთავად, ხოლო მცდარი ეწოდება იდეას, რომელიც წარმოგვიდგენს საგანს სხვაგვარად, ვიდრე ის არსებობს სინამდვილეში“.

„საგანი, რომელიც განიხილება თავისთავად, არ იწოდება არც სიკეთედ და არც ბოროტებად, მაგრამ შესაძლებელია იწოდებოდეს ასე მხოლოდ სხვა საგანთან მიმართებაში, რომელსაც იგი ხელს უწყობს მიაღწიოს იმას, რაც მას უყვარს ან პირიქით. ამიტომაც, ერთი და იგივე საგანი განსხვავებულ ურთიერთობებში და ერთსა და იმავე დროს შეიძლება იწოდებოდეს სიკეთედ და ბოროტებად“.

ტრაქტატი გონების სრულყოფის შესახებ

1661 წელს სპინოზას მიერ ლათინურ ენაზე დაიწერა ტრაქტატი გონების სრულყოფის შესახებ, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ეს ნაშრომი დაუსრულებელი სახითაა შემორჩენილი. სავარაუდოდ, ამის მიზეზი იყო ის ფაქტი, რომ პარალელურად სპინოზამ დაიწყო „ეთიკის“ წერა, რომელშიც განიხილა ყველა უმთავრესი საკითხები და ამიტომ ზემოხსენებული ტრაქტატი აქტუალურად აღარ ჩათვალა.

ამონარიდი ხსენებული ნაშრომიდან:

„დიდება მიიჩნევა დიდ დაბრკოლებად და ხელის შემშლელ გარემოებად, რადგან მისი მოპოვებისათვის აუცილებლობიდან გამომდინარე ვალდებულნი ვართ მივმართოთ ჩვენი ცხოვრება ხალხის გაგების შესაბამისად, გავექცეთ იმას, რასაც ჩვეულებრივ გაურბიან და ვიღწვოდეთ იმისკენ, რისკენაც ჩვეულებრივ იღწვის ხალხი“.

„ფულისა და პატივმოყვარეობის მოპოვება მავნებელია მანამ, სანამ მათ ეძებენ თავად მათთვის (ფულისა და პატივმოყვარეობისათვის) და არა როგორც საშუალებას სხვა რამისთვის; თუ მათ ეძებენ როგორც საშუალებას, მაშინ მათ ექნებათ ზღვარი და ამდენად არ იქნებიან საზიანონი, პირიქით, ისინი ბევრად შეუწყობენ ხელს იმ მიზანს, რის გამოც მათ ეძებენ“.

„სიკეთეზე და ბოროტებაზე შესაძლებელია საუბარი მხოლოდ შედარებით, რადგან ერთი და იგივე საგანი შესაძლებელია იწოდებოდეს როგორც კარგი და ცუდი განსხვავებულ ვითარებაში და ამგვარადვე შეიძლება ვილაპარაკოთ სრულყოფილზე და არასრულყოფილზე, რადგან არავითარი საგანი, განხილული თავისი ბუნებით, არ იქნება წოდებული როგორც სრულყოფილი ან არასრულყოფილი, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ჩვენ გავიგებთ, რომ ყოველი სრულყოფილი ხორციელდება მუდმივი წესრიგის თანახმად და ბუნების განსაზღვრული კანონების შესაბამისად“.

შეუძლებელს ვუწოდებ მე ისეთ საგანს, რომლის ბუნება ეწინააღმდეგება იმას, რომ ის არსებობოდეს;აუცილებელს ვუწოდებ მე ისეთ საგანს, რომლის ბუნება ეწინააღმდეგება იმას, რომ ეს საგანი არ არსებობდეს; შესაძლებელს — ისეთ საგანს, რომლის არსებობა მისი ბუნების მიხედვით არ შეიცავს წინააღმდეგობას, რომ ის არსებობდეს ან არ არსებობდეს“.

მოკლე ტრაქტატი ღმერთის, ადამიანისა და მისი ნეტარების შესახებ

რაინსბურგში ყოფნისას სპინოზამ დაწერა (როგორც ვარაუდობენ — 1658-60წწ.) თავისი პირველი შრომა „მოკლე ტრაქტატი ღმერთის, ადამიანისა და მისი ნეტარების შესახებ“. ეს შრომა აღმოჩენილ იქნა მხოლოდ XIX საუკუნეში.

ამონარიდი ხსენებული ნაშრომიდან:

„სასრულ გონებას არ შეუძლია შეიცნოს (გაიგოს) უსასრულო“.

„უსასრულო არ შეიძლება შედგებოდეს განსხვავებული სასრული ნაწილებისაგან. არ შეიძლება არსებობდეს ორი უსასრულო არსება, არსებობს მხოლოდ ერთადერთი, რომელიც არის სრულყოფილი და უცვლელი“.

„რამდენადაც საგანი (ნივთი) სრულყოფილია, მას არ შეუძლია შეიცვალოს უკეთესობისაკენ, რადგან ამ შემთხვევაში ის არ იქნებოდა სრულყოფილი“.

„ღმერთი, რომელიც არის პირველმიზეზი ყველა საგნისა (ნივთისა) და აგრეთვე თავისი თავისა, შეიცნობა მისივე მეშვეობით“.

„არ არსებობს ორი თანაბარი სუბსტანცია. ყოველი სუბსტანცია თავისგვარად სრულყოფილია, ხოლო თუ იქნებოდა ორი თანაბარი სუბსტანცია, მაშინ ერთი აუცილებლად შემოსაზღვრული იქნებოდა მეორეთი და ამიტომ აღარ იქნებოდა უსასრულო“.

„თუ ღმერთს არასოდეს შეუძლია შექმნას იმდენი, რომ არ შეეძლოს კიდევ მეტის შექმნა, მაშინ მას არასოდეს შეუძლია შექმნას ის, რისი შექმნაც შეუძლია. მაგრამ მას რომ არ შეუძლია შექმნას ის, რაც შეუძლია — შინაგანი წინააღმდეგობის შემცველი დებულებაა. მაშასადამე, ბუნება არ შეიძლება შექმნილიყო ვინმეს მიერ, ის არსებობს თავისთავად“.

„კარგი, ცუდი ან ცოდვა სხვა არაფერია, თუ არა აზრისეული საგნები და არა რეალური საგნები, რომელთაც თავისი არსობა გააჩნიათ“.

„ბუნებაში თავისთავად არ არსებობს არც სიკეთე, არც სიავე. სიკეთე არის ის, რაც მარგებელია; სიავე ისაა, რაც მავნებელია. ჩვენ ვუწოდებთ სიკეთეს ან სიავეს მას, რაც ან ხელს უწყობს ჩვენ მიერ არსებობის შენარჩუნებას ან ხელს უშლის მას“.

„ჭეშმარიტება ეს არის როგორც თავისი თავის, ისე სიცრუის მაჩვენებელი“.

„ადამიანი, სანამ ის ბუნების ნაწილს შეადგენს, უნდა მისდევდეს მის კანონებს, სწორედ ესაა ღვთისმსახურება. სანამ ადამიანი ასე იქცევა, ის ბედნიერია“.

„ჭეშმარიტება ეს არის მტკიცება (ან უარყოფა) საგნის შესახებ, რომელიც შესაბამისობაშია თავად საგანთან. სიცრუე ეს არის მტკიცება (ან უარყოფა) საგნის შესახებ, რომელიც არ არის შესაბამისი თავად საგანთან“.

„ნივთი არ ხდება ნაკლებ ჭეშმარიტი იმის გამო, რომ იგი არ არის აღიარებული ბევრის მიერ“.

გამოყენებული ლიტერატურა

  1. Бенедикт Спиноза — Избранные произведения, том I, 1957
  2. ბელენკი მ. — სპინოზა, 1966 წ.
  3. ბაქრაძე კ. — რჩეული ფილოსოფიური თხზულებანი, VI ტ. 1972 წ.

zeitgeistphilosophy

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი