ფსიქიკის ცნობიერი და ქვეცნობიერი შრეები

0
259

ალბათ შეგიმჩნევიათ, რომ კრიტიკულ სიტუაციაში, ადამიანმა, შეიძლება ერთი შეხედვით, სრულიად ალოგიკური საქციელი ჩაიდინოს. ან, ჰქონდეს რაღაც განცდები, რომელთა მიზეზის ახსნა ვერ ხერხდება. თუ კარგად დაფიქრდებით, შეიძლება თქვენს საკუთარ ქცევაშიც კი აღმოაჩინოთ ამის მაგალითი, როდესაც გიჩნდებათ რაღაც სურვილი, ან რაიმე განცდა ან ჩაიდინეთ რაიმე საქციელი, რომელიც, ერთი შეხედვით, სრულიად ეწინააღმდეგება თქვებს პრინციპებს, თქვენს ყოველდღიურ ქცევას და ამით, თვითონვე ხართ გაოცებული. იგივე შეიძლება მოხდეს თქვენი შვილის შემთხვევაშიც და ბუნებრივია, თქვენ გსურთ ახსა მოუძებნოთ ამ მოვლენას.

ადამიანის ქცევის თავისებურებებსა და მის გამომწვევ მიზეზებზე საუბარი შეუძლებელია ავსტრიელი ფსიქოლოგის და ექიმის, ზიგმუნდ ფროიდის თეორიის თუნდაც ზედაპირული გაცნობის გარეშე.

ფროიდს მიაჩნდა, რომ ადამიანის ფსიქიკა ორი შრისაგან შედგება: ფსიქიკის “ცნობიერი” და “ქვეცნობიერი” შრეები. ფსიქიკის ცნობიერი სფერო აკონტროლებს ადამიანის ქცევას, რაც ადამიანს სოციალურ არსებად აქცევს. ქვეცნობიერ სფეროში ილექება ყველა ის განცდა და გამოცდილება, რასაც ადამიანი იღებს ცხოვრების მანძილზე. აქვეა აკუმულირებული ის სურვილები და მისწრაფებები, რაც ადამიანს მემკვიდრეობით გადაეცა მისი ისტორიული განვითარების მანძილზე და რისი რეალიზაციაც, საზოგადოების განვითარების ამ ეტაპზე, აკრძალულია (მაგ. კანიბალიზმი. ინცესტი და სხვა). ადამიანის, როგორც საზოგადოების ნაწილის და სოციალური არსების რეალიზაციისათვის, საჭიროა ფსიქიკის ამ ორ სფეროს შორის, ჰარმონიული თანაარსებობა. იმ შემთხვევაში, თუ ფსიქიკის ქვეცნობიერ სფეროში დალექილი ძლიერი განცდები (კომპლექსები) წინააღმდეგობაში მოდის ფსიქიკის ცნობიერ სფეროსთან – ყალიბდება სხვა და სხვა სახის ნევროზული გამოვლინებები. ამასთან, ეს ნევროზები, თავს იჩენს არა კომპლექსების ჩამოყალიბების პროცესში, არამედ – მოგვიანებით, რამდენიმე წლის (შეიძლება 2 – 3 ათეული წლის) შემდეგ. კომპლექსების ხასიათი, მისი ფიქსირების სიმყარე და ფსიქიკის ცნობიერი სფეროს მიერ მისი აღქმისა და კონტროლის შესაძლებლობა, ქმნის ადამიანის ქცევის ტიპს – ქცევის შინაარსს და დინამიკას.

ფროიდს მიაჩნდა, რომ ადამიანის ქცევის მოტივაციას ქვეცნობიერ დონეზე, ძირითადად, განსაზღვრავს სიკვდილის შიში (და შესაბამისად თვითგადარჩენის ინსტიქტი) და სექსუალური სიამოვნებისაკენ მისწრაფებები (სიცოცხლის გაგრძელებისაკენ სწრაფვა). მას მიაჩნდა, რომ ჩვილობის პერიოდში, სექსუალური გრძნობების დაკმაყოფილების ქვეცნობიერი სურვილი რეალიზირებულია წოვის რეფლექსით. ამ თეორიის მიხედვით, წოვა არის ახალშობილის სექსუალური დაკმყოფილების ქვეცნობიერი სურვილი და ამავე პერიოდში ეყრება საფუძველი დედის მიმართ გაუთვითცნობიერებელ ლტოლვას. ამ მოვლენას, მან, “ოიდიპოსის კომპლექსი” უწოდა და მიაჩნდა, რომ იგი დამახასიათებელია მამრობითი სქესის ჩვილებისათვის. გოგონებში ანალოგიური კომპლექსი “ელექტრას კომპლექსის” სახელწოდებითაა ცნობილი. ზოგადად, ეს ორივე კომპლექსი მიჩნეულია ბავშვის, საწინააღმდეგო მშობლის მიმართ, გაუთვითცობიერებელი ლტოლვით და ამავე დროს, იდენტური მშობლის მიმართ, ასევე, გაუთვითცობიერებელი, მტრული დამოკიდებულებით (მეტოქეობა). ამ თეორიის მიხედვით, მომდევნო ასაკში (2 – 4 წელი), სექსუალური სიამოვნების წყარო, წოვიდან გადადის დეფეკაციის პროცესზე და ამით ხსნიან ბავშვების სურვილს დიდხანს ისხდნენ ღამის ქოთანზე. მომდევნო ასაკში, უკვე თანდათანობით იწყება ჭეშმარიტი სექსუალური შეგრძნებების ჩამოყალიბება.

ეს თეორიები ძალიან აქტუალური და მოდური იყო მე-20 საუკუნის 50-იან წლებამდე. თუმცა დღესაც არ ჰკარგავენ თავის აქტუალობას; განსაკუთრებით ნევროზების მიზეზების ახსნისა და მკურნალობის პროცესში.
თუ ზემოთ აღნიშნულ თეორიებში, მხოლოდ ადამიანის ზოგად მისწრაფებება და თვისებებზეა საუბარი, ზოგიერთი მეცნიერი უფრო შორსაც მიდიოდა და ადამიანის შედარებით კონკრეტულ მისწრაფებებსაც თანდაყოლილ ფაქტორებთან აკავშირებდა. მაგ. ერთ-ერთი კლასიფიკაციის მიხედვით არსებობს: რელიგიური ადამიანი, ხელოვნების ადამიანი, სპორტის ადამიანი, პოლიტიკური ადამიანი, პატრიოტი ადამიანი და სხვა. ეს ჩამონათვალი საკმაოდ დიდია.
ყველა აღნიშნული თეორია, რომელზეც ზემოთ გვქონდა საუბარი, ადამიანის ფსიქიკის და აქედან გამომდინარე მის სურვილების, მისწრაფებების და ქცევის თავისებურების ახსნაში პრიორიტეტს თანდაყოლილ, გენეტიკურ, ფაქტორებს ანიჭებს. თუმცა არსებობს სრულიად საწინააღმდეგი შეხედულებებიც. 

 

ასეთ თეორიას მიეკუთვნება ე.წ. “დასწავლის” ანუ ბიჰევიორიზმის თეორია, რომელიც წარმოიშვა მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში და იმ დროს, საკმაოდ პოპულარული იყო მთელ მსოფლიოში. 

ამ თეორიის თანახმად, სრულიად (ან თითქმის სრულიად) უარყოფილი იყო ადამიანის ფსიქიკის ფორმირებაზე გენეტიკური ფაქტორების როლი და ძირითადი აქცენტი, გარემო პირობებსა და აღზრდის მეთოდებზე იყო გადატანილი. თეორიის ძირითადი პოსტულატი ასე გამოიყურებოდა: “ერთი და იგივე ბავშვისაგან, აღზრდის მეთოდების მიხედვით, შეიძლება გამოვიდეს მეცნიერიც და ქურდიც”. შეიძლება ეს განმარტება სრულად ვერ განსაზღვრავს თეორიის არსს. მაგრამ იგულისხმებოდა, რომ ადამიანის ყველა თვისება, ყველა მისწრაფება და ყველა ქმედება “აღზრდადია” და თანდაყოლილი მისწრაფებები ან არ არსებობს ან მათი როლი სუსტია და მათი განეიტრალება აღზრდითაა შესაძლებელი. ყველაზე საინტერესო, ჩემი აზრით, კი მაინც ისაა, რომ ეს თეორია გაჩნდა არა რომელიმე ტოტალიტარულ სახელმწიფოში, არამედ ა.შ.შ.-ში და გარკვეული დროის მანძილზე, საკმაო პოპულარობით სარგებლობდა იქ. დღეისათვის, ასეთ შეხედულებებს, პრაქტიკულად, არცერთი ფსიქოლოგიური სკოლა არ აღიარებს. თუმცა, ბუნებრივია, გარემოსა და აღზრდის მნიშვნელოვანი როლის შესახებ ყველა თანხმდება.
დღეისათვის მეცნიერთა ნაწილი თვლის, ადამინის ფსიქიკის ფორმირება ე.წ. “ფაქტორთა” და “ნიშანთა” ერთობლიობის შედეგია. ვარაუდობენ, რომ რომ “ფაქტორთა” ანუ ღრმა ნიშანთა – “გენერალიზირებულ ნიშანთა” რამდენიმე რიგი არსებობს. კონკრეტული ქმედების ყველა ფორმა, ჩვევები და მოთხოვნილებები ყალიბდება გარემოსა და აღზრდის ზეგავლენით. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ისინი, მათზე იერარქიულად მაღლა მდგომი ფაქტორებისაგან დამოუკიდებლად ვითარდებიან და არ ეფუძნებიან გენერალიზირებულ ფაქტორებს. გამოცდილება და კულტურა ქმნის მხოლოდ ქცევის გარეგნულ ფორმას. გენერალიზირებული ფაქტორები კი ქმნიან ქცევის ძირითად ღერძს, ქცევის შინაარსს.
ყოველივე ზემით თქმულიდან შეიძლება დავასკვნათ, რომ პიროვნების ჩამოყალიბებაში, პიროვნების ფორმირებაში მონაწილეობას იღებენ, რამდენიმე რიგის “ნიშნები” და “ფაქტორები”. გენერალიზირებული, ფუნდამენტლური, ანუ კონსტიტუციური ფაქტორები (როგორც კონსტიტუციის, ისე მოტივაციის) მუდმივია, თანდაყოლილია და პრაქტიკულად მთელი ცხოვრების მანძილზე უცვლელია. ისინი გენეტიკურადაა დეტერმინებული და არ ექვემდებარება გარემოს ზემოქმედებას. ეს ფაქტორები აღზრდადი არაა და მათი შეცვლის მცდელობა გარეგანი ზემოქმედებით (აღზრდა, წვრთნა, სწავლება) შედეგს ვერ გამოიღებს. აღნიშნულ ფაქტორთა გავლენის ქვეშ იმყოფებიან შედარებით დინამიური, გარემოს ზემოქმედების შედეგად, შედარებით, აღზრდადი ფაქტორები, რომელთაც, ამავდროულად, კარგად აქვთ გამოხატული დეტერმინირების ელემენტებიც. ასეთ ფაქტორთა გაძლიერება ან შესუსტება, გარემოს ზეგავლენით, შესაძლებელია. ზედაპირული, პირველადი ნიშნები და კონკრეტული ქმედების გამოვლინებების ყველა ფორმა (გარეგნული ფორმა) კი, გარემო პირობების, მიკრო თუ მაკრო სოციალური გარემოს გავლენით, აღზრდის პირობებისა და მეთოდების შესაბამისად ყალიბდება. აღზრდა, გამოცდილება, კულტურული გარემო, რომელშიც, როგორც ისტორიულ, ისე სოციალურ თუ მიკროსოციალურ პირობებში უხდება განვითარება ინდივიდს, ქმნის ქცევის გარეგნულ ფორმას.
ამ შეხედულების მიხედვით, პიროვნება თავის განვითარების მანძილზე იცვლება ფენომენალურ ასპექტში – სტრუქტურულ ასპექტში კი, უცვლელი რჩება. ე.ი. იცვლება ქცევის გარეგნული ფორმა. ქცევის შინაარსი კი, უცვლელი რჩება. მთლიანობაში, აღნიშნულ “ფაქტორთა” და “ნიშანთა” თავისებურება განსაზღვრავს ადამიანის მისწრაფებებს, სურვილებს, ქმედების სპეციფიურობას და მის ენერგეტიკასა და კინეტიკას.
მეტი ინფორმაციის მოძიების სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ გაეცნოთ წიგნს: “ბავშვი ჩვენს ოჯახში” – რამაზ ღულაძე

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი