რენე დეკარტი – კარტეზიანიზმი და ანტიკარტეზიანიზმი პოსტკარტეზიანულ ფილოსოფიაში

0
114

კარტეზიანიზმი მეჩვიდმეტე და მეთვრამეტე საუკუნეების ევროპულ ფილოსოფიაში

XVII-XVIII საუკუნეების ევროპული აზროვნების განვითარებამ ცხადად და უეჭველად დაამტკიცა დეკარტის, როგორც ჭვრეტით მიმართულებათა მამამთავრის, როლი. სამართლიანად პოსტკარტეზიანულად წოდებულ ამ ხანაში Cogito, იდეის სიაშკარავის პრინციპი, იდეის თეორიული ცენტრალურობა განსაზღვრავენ ყველა მიმართულებას აზროვნებაში როგორც ქრონოლოგიური, ისე იდეალური თვალსაზრისით. ფილოსოფიისა და მათემატიკისკენ დეკარტის პიროვნულმა მიდრეკილებამ ამ ეპოქას მკაფიოდ გამოხატული სამეცნიერო – მათემატიკური ხასიათი მიანიჭა, რაც ლიტერატურასა და პოეზიაშიც კი აისახა. ბუნებრივია, უნდა აღინიშნოს ბეკონისა და გალილეის მიერ სამეცნიერო კულტურის განვითარებაში შეტანილი წვლილი და თანამედროვეთა აზროვნებაზე მათ მიერ მოხდენილი გავლენა. მეცნიერული სულისკვეთების გავლენა მხოლოდ სახვითმა ხელოვნებამ, მუსიკამ და არქიტექტურამ არ განიცადა. მაგრამ, ბეკონისა და გალილეის ღვაწლის აღიარების მიუხედავად, უეჭველია, რომ დეკარტის ეპოქა დამსახურებულად იწოდება კარტეზიანულად. თუმცა კარტეზიანიზმი კიდევ დიდხანს დარჩა ფილოსოფიურ კვლევაში აუცილებელ ათვლის წერტილად.

კარტეზიანიზმის მრავალმხრივი ხასიათი

როგორც ვნახეთ, კარტეზიანიზმი მრავალმხრივი ფილოსოფიური დოქტრინაა: ის სუბიექტივიზმია, რამდენადაც თვითცნობიერებაზე ყურადღების გამახვილებით შინაგან გამოცდილებას მიმართავს; კრიტიციზმია, რადგანაც ადამიანური ცოდნის ღირებულების კრიტიკისთვის სისტემატურად იყენებს ეჭვს; კარტეზიანიზმი ,,იდეის” ფილოსოფია, ანუ ინტერიორიზმია (თუ გნებავთ, იდეალიზმი, იდეის გადაჭარბებით აღზევების გამო), რადგანაც იდეას რეალურობამდე აღამაღლებს; ის რაციონალიზმია, რადგანაც გამოცდილებასთან მიმართებაში გონებას ემხრობა; დეკარტის ფილოსოფია ინტუიციონიზმია, რადგანაც ცხადისა და გარკვეულის სახით ხელახლა ამკვიდრებს სიაშკარავეს; გეომეტრიზმია, რადგანაც ერთი ინტუიციიდან მეორეზე გადასვლისას დედუქციურ მეთოდს ანიჭებს უპირატესობას. სულის გარე რეალობის ხედვის თვალსაზრისით, კარტეზიანიზმი მექანიციზმია; ვოლონტარიზმია, რადგანაც მსჯელობათა ფორმულირებისას ღმერთის აბსოლუტურ ნებასა და ადამიანის ნებას ანიჭებს უპირატესობას. კარტეზიანიზმი უსასრულოს დოქტრინაა, რადგანაც მასში შექმნილ არსებებთან მიმართებაში უსასრულოს ყოვლისმომცველი როლი ენიჭება. მიუხედავად იმისა, რომ რწმენასა და ქრისტიანობას არ უარყოფს, კარტეზიანიზმი ისეთ გონებრივ ატმოსფეროს ქმნის, რომელშიც რწმენა და ქრისტიანობა შუა საუკუნეებში და ნაწილობრივ, აღორძინების ხანასა და ჰუმანიზმის პერიოდში მათთვის დამახასიათებელ ცენტრალურ როლს კარგავენ. გონებისა და რაციონალური ინტუიციისთვის მინიჭებული უპირატესობით კარტეზიანიზმი პლატონისტურ ტრადიციას მიეკუთვნება, მაგრამ ცივი ლოგიკურობის სასარგებლოდ სიყვარულისა და მეტ-ნაკლებად ირაციონალური ინტერესების უგულებელყოფის ტენდენცია კარტეზიანიზმს უფრო არისტოტელიზმთან აახლოვებს. ზოგი ცნების გამოყენებით (ყოფნა, იდეა, სუბსტანცია, მიზეზი და ა. შ.) დეკარტის ფილოსოფია მისი თანამედროვე სქოლასტიკის გავლენას ამჟღავნებს (სუარესი), თუმცა ცვლის მის მნიშვნელობას. კარტეზიანიზმის კრიტიკულ მიდგომაში ოკამისტური და ლუთერანული თავისუფალი შეფასების გავლენა იგრძნობა. მის მიმართულებათა მოჩვენებითი სიმარტივის მიუხედავად, ეს რთული ფილოსოფიაა და უხვ მასალას სთავაზობს მოაზროვნეთა მომდევნო თაობებს.

ჰობსი

ჰობსი კარტეზიანელი და ამავე დროს ანტიკარტეზიანელია. ის კარტეზიანელია თავისი აზროვნების ზოგადი განვითარებიდან გამომდინარე, რადგანაც, დეკარტის მსგავსად, თავის სისტემას დედუქტივიზმზე დაყრდნობით ავითარებს, ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებულ ინტუიციათა ჯაჭვში რეალობის, როგორც მოძრაობის უნარის მქონე მატერიის იდეის, გარშემო. ჰობსი იზიარებს ასევე მექანიციზმის კარტეზიანულ კონცეფციასაც, მაგრამ ანტიკარტეზიანელია თავისი მექანიციზმის აბსოლუტიზირებიდან გამომდინარე, რომელიც გამორიცხავს დეკარტის ზესპირიტუალიზმს, ანუ ანგელიზმს.

პასკალი

მეცნიერული ცოდნის ფარგლებში პასკალი კარტეზიანელია, მაგრამ ეწინააღმდეგება კარტეზიანიზმს რწმენასა და გრძნობასთან დაკავშირებულ საკითხებში, თუმცა მისი პოზიცია უფრო შეთავაზება და წაქეზებაა, ვიდრე სისტემატიკა. პასკალი კარტეზიანელია, რადგანაც იანსენისტური პოზიციებიდან ეთანხმება უსასრულოს, როგორც ყოვლისმომცველის, ცნებას წყალობისა და წინასწარგანსაზღვრულობის თანამონაწილეობით. პორტრუაიალისტების ,,ლოგიკა” კარტეზიანიზმით არის შთაგონებული.

სპინოზა

სპინოზა იზიარებს კარტეზიანულ გეომეტრიზმსა და ინტუიციონიზმს, დუალიზმსა და ღმერთის, როგორც უსასრულო ყოვლისმომცველის, კონცეფციას; იზიარებს რაციონალიზმს, რომელიც უგულებელყოფს გამოცდილებას და იდეის ჭვრეტის ამაღლებას ცენტრალურ პუნქტამდე. მაგრამ სპინოზა ანტიკარტეზიანელია, რამდენადაც უარს ამბობს სუბიექტივიზმზე და პანთეიზმის მეშვეობით სურს გადალახოს დუალიზმი თუ არა, res cogitans-სა და res extensa-ს დუალიზმთან დაკავშირებული შინაგანი ცდომილებები მაინც. ის ასევე სრულიად უგულებელყოფს რწმენას და ბუნებაში ხედავს ადამიანის ყველა სურვილისა და მისწრაფების ეპიცენტრს.

მალბრანში

მალბრანში კარტეზიანელია, რადგანაც იზიარებს მათემატიკურ ინტუიციონიზმს, ყოვლისმომცველი უსასრულოსა და იდეის, როგორც შემეცნების ცენტრის, კონცეფციებს, ინარჩუნებს დუალიზმს. ის ეწინააღმდეგება კარტეზიანიზმს, რადგანაც უარყოფს ქმნილებათა მიზეზობრიობას (ოკაზიონალიზმი) და რეალურს ღმერთში ხედავს (ონტოლოგიზმი). მაგრამ ონტოლოგიზმი და ოკაზიონალიზმი ერთადერთი ღვთაებრივი მიზეზობრიობის თეზისის მეშვეობით დეკარტის წმინდა დუალიზმის გადალახვას ემსახურება.

ლოკი

ლოკი კარტეზიანელია, რადგანაც ემხრობა ადამიანური ცოდნის საზღვრად იდეის გამოცხადებას, სუბიექტივიზმს, იზიარებს კრიტიკულ მიდგომას, აღიარებს გონების უპირატესობას რწმენასა და ტრადიციასთან მიმართებაში. ლოკი ანტიკარტეზიანელია: უფრო კრიტიკულია ციდნის მიმართ, უარყოფს ნატივიზმსა და უსასრულოს, როგორც ყოვლისმომცველის, იდეას. კარტეზიანული სულიერება (interiorita’) ლოკისთვის ის ფსიქოლოგიური ატმოსფეროა, რომლის მეშვეობითაც მოაზროვნე შემეცნების პრობლემას განიხილავს. ლოკს ანტიკარტეზიანული პოზიცია უკავია ასევე დუალიზმთან მიმართებაშიც, მეტიც, მას შეუძლებლად არ მიაჩნია მატერიის მასისთვის აზრის მიკუთვნება.

რაციონალიზმი, არისტოტელიზმი, პლატონიზმი და ქრისტიანობა

ზემოთ ჩამოთვლილ მოაზროვნეთა შორის შედარებითი ანალიზის ჩატარება შეიძლება მათ პოზიციებს შორის თანხვედრათა და განსხვავებათა გამოსავლენად. ჰობსი და ლოკი უფრო ემპირისტულ გარემოს განეკუთვნებიან, რომელიც უცხოა სპინოზასა და მალბრანშისთვის. ჰობსი, სპინოზა და ლოკი გამოცხადებას ემტერებიან, ნებისემიერ გამოცხადებას, პასკალისა და მალბრანშისგან განსხვავებით, რომლებიც რწმენას მრავალი უეჭველობის დასაყრდენად იყენებენ, უმეტესად, პასკალი. ზებუნებრივთან მიმართებაში პირველი სამი მოაზროვნე რაციონალისტურ პოზიციას იკავებს მიუხედავად იმისა, რომ ლოკი ცდილობს მის გადაწყვეტას გონებაში. პასკალი და მალბრანში ფიდეიზმისკენ იხრებიან, უფრო პასკალი, ვიდრე მალბრანში. იდეის სიცხადე და გარკვეულობა ძირეულია ჰობსის, სპინოზას, მალბრანშისა და ლოკის შრომებში. თუ ჰობსთან (აღორძინების ხანის) არამართლმორწმუნე არისტოტელიზმისთვის დამახასიათებელი ნატურალიზმი სენსისტურ მატერიალიზმად (და უტილიტარიზმად ეთიკაში და დესპოტიზმად პოლიტიკაში) გვევლინება, ლოკთან არისტოტელიზმი შემეცნებითი მემკვიდრეობის გამოცდილებიდან მომდინარეობაში პოვებს გამოხატულებას. პლატონიზმი კი სამი სხვა მიმართულებით არის წარმოდგენილი: ნეოპლატონიზმი – სპინოზას პანთეიზმსა და ნატურალისტურ მისტიციზმში, ტრანსცენდენტალური და უსასრულოსკენ მიმართული პლატონიზმი – მალბრანშის ონტოლოგიზმში, humanitas-ის ზერაციონალური და მგზნებარე პლატონიზმი-პასკალის ფიდეიზმში. პასკალისთვის ქრისტიანობა რწმენისა და სიყვარულის საგანია, მალბრანშთან ქრისტიანობასთან ოკაზიონალიზმისა და ონტოლოგიზმისკენ მიმართული კარტეზიანიზმის მეშვეობით მივდივართ, ლოკი მას პატივისცემით განიხილავს, თუმცა კი რაციონალიზაციას უქვემდებარებს. სპინოზას ქრისტიანობა რიტუალიზმამდე დაჰყავს, ჰობსი რადიკალურად გამორიცხავს მას. თუმცა, პასკალის ფიდეიზმში ქრისტიანობა ადამიანთან დამოკიდებულებაში რაციონალობის თავის უეჭველ ღირებულებას კარგავს, რადგანაც პასკალი რწმენისათვის მომზადებისა და მისი განმარტების ფუნქციას არ ანიჭებს გონებას. მალბრანშთან ქრისტიანობას ზერაციონალობის, საიდუმლოთა შემცველი გამოცხადების მნიშვნელობის დაკარგვის საფრთხე ემუქრება, ამის მიზეზი კი თეორიაა, რომლის მიხედვითაც ადამიანი, თავისი ბუნებიდან გამომდინარე, ფლობს ღმერთის არსის პირდაპირ და უშუალო ხედვას (ონტოლოგიზმი).

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი