მერაბ მამარდაშვილი – კოლონიზატორული აზროვნების პრობლემა

0
299

მსურს ერთი შენიშვნის დამატება ნაციონალურ პრობლემაზე. აქამდე საგულდაგულოდ ავარიდე თავი ამ საკითხს, მაგრამ თავს მოვალედ ვთვლი, როგორც ქართველი, ამის შესახებ რამდენიმე სიტყვა მაინც ვთქვა. მინდა ხაზი გავუსვა იმას, რაც ძალზე კარგად თქვა იური აფანასიევმა და რაც, შესაძლოა, შეუმჩნეველი დარჩა. მან შენიშნა, რომ ყოველთვის მოსკოვში ეძებენ უნივერსალურ გადაწყვეტილებებს. ამით იგი აღნიშნავდა, რომ კოლონიზატორული აზროვნება გრძელდება. დიახ, სწორედ ეს არის ნაციონალური პრობლემა. ყოველთვის ამტკიცებენ, რომ მოსკოვშია დაფუძნებული ცენტრალური აზროვნება, რომლითაც ხელისუფალთ სურთ განსაზღვრონ ერთა უფლებები, რესპუბლიკათა უფლებები; რომ ცენტრში, – მოსკოვში, უნდა შეიმუშაონ რესპუბლიკების დამოუკიდებლობისა და მათი ეროვნული ცხოვრების გეგმა; ეს უდავოდ ხდება იმ გარკვეული თეორიების საფუძველზე, თუ რა არის ერი. ეს იგივე ირაციონალური ძალაა, რომლის შესახებაც მე ვლაპარაკობდი: ერთა ხელახალი მოწყობა ისეთივე უნივერსალური გეგმაა, როგორიც მდინარეთა ბუნებრივი დინების შეცვლა, რის გაკეთებასაც ამჟამადაც ცდილობენ საბჭოთა კავშირში. ეს მომდინარეობს იმ კომუნისტური ოცნებიდან, რომლის თანახმადაც, ბუნება სრულად ემორჩილება გნოსტიკური ფორმით ადამიანურ წამოწყებას.

ჯერ ერთი, მე მჯერა, რომ ერი არის ისეთი ნივთი ან საგანი, რომელზეც არ შეიძლება თეორიის შექმნა. არ არსებობს ერის თეორია, იმიტომ, რომ, როგორც რენანი ამბობდა: „ერი არის ისეთი სუბიექტი, რომელიც იქმნება გამუდმებით, ყოველ დღე, ყოველ წუთს პლებისციტის საშუალებით“.

ეთნოსის თეორია, იქნებ, შესაძლებელია, მაგრამ ერის თეორია – არა, რადგან ერი არის ის, რადაც იქცევა ეთნოსი კონსტიტუციური მოწყობის პროცესში, მაშინ, როცა იგი ერთვება კამათში, რომელიც აგორაზე მიმდინარეობს, ამ სიტყვის ბერძნულენოვანი მნიშვნელობით; როდესაც იგი მიმართავს კრიტიკულ რეფლექსიას საკუთარ თავზე, რაც ევროპის შემთხვევაში გადის განსაკუთრებით დიდი ქრისტიანული იდეალების მიჯნაზე, ხოლო სხვა შემთხვევებში, ალბათ, რომელიმე სხვა რელიგიის იდეალების კვალდაკვალ. ამ პროცესების შედეგად ეთნოსი იძენს შინაარსს, რასაც ერი ეწოდება. ეს არის ისტორიული ერთობა ან ისტორიული ხვედრი, რომელიც იქმნება ეთნოსის ამგვარი საქმიანობით; ამ უკანასკნელის გარეშე, ეს საგანი არ არსებობს. სწორედ იმ სამუშაოს წიაღში, რასაც პლებისციტი ანკონსტიტუცია ეწოდება, იძენს არსებობას ერი. როგორ გინდა შექმნა მასზე თეორია? როგორ უნდა გაიგო, რა არის ქართველი ერი? რა უფლება ექნებოდა ამ თეორიას ლიტვაში ან რომელიმე სხვა რესპუბლიკაში ეს კონსტიტუციური პროცესი რომ გამოეწვია ან აემუშავებინა?

თუ არ გაჩნდება ისეთი ძალა, რომელიც გაბედავს, გარისკავს და დაუშვებს, რომ ისტორიამ იაროს თავისი ბუნებრივი გზით და არა სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილებების მიმართულებით (რაც მიზნად ისახავდა, გამოეწვია ისეთი საყოველთაო მოძრაობა, როგორიც იყო აქამდე), თუ არ შეწყდება „ხალხების მაგივრად გადაწყვეტილებების მიღება“, ჩვენ ამ მძიმე მდგომარეობიდან გამოსვლის არავითარი შანსი არ გაგვაჩნია. საკუთარი თავის დადგენა კონსტიტუციის შექმნის პროცესის კვალდაკვალ, ერთდროულად ქმნის სუბიექტებსაც და კონსტიტუციასაც. ეს არის უეჭველობა; ეს არის ევროპული გამოცდილება, რომელიც გვიჩვენებს, რომ კონსტიტუცია არის ისეთი სამყარო, სადაც „კონსტიტუციის ღირსი ადამიანები იქმნებიან და იბადებიან“. ჩვენ წინაშეა ამოცანა – დავბადოთ ქართველი ერი. როგორ გავიგოთ აპრიორი ის, თუ რას მოგვცემს ქართველი ერი, ან როგორია ქართველთა უფლებები? როგორ უნდა განსაზღვრონ მოსკოვში ის, თუ ვინ იქნება სომეხი ერი, ლიტველი ერი… მაშინ მოსკოვში თავმოყრილი უნდა იყოს ისეთი ძალები, რომელთაც ექნებათ უნარი, შექმნან უნივერსალური გეგმა, რომელიც დღეს სრულიად ირაციონალურად ქცეულა და ვისაც შეეძლება რესპუბლიკების ნდობა მოიპოვოს. ამ პერსპექტივაში ჩანს საპრეზიდენტო ძალაუფლების სიმბოლო. ცხადია, მე არ შემიძლია თავდებობა გორბაჩოვის შინაგან მენტალიტეტზე, მაგრამ მისი ძალაუფლება იმდენად, რამდენადაც იგი გაგებულია როგორც არა-პარტიის ძალაუფლება და თავსდება პარტიის კონტექსტის მიღმა (ეს მაშინ, როდესაც საბჭოთა სახელმწიფო ეს არის სახელმწიფო-პარტია), წარმოადგენს ახალი ტიპის ძალაუფლებას, რომლის ბუნებრივი მოკავშირეები არიან რესპუბლიკაში არსებული ავტონომიური ძალები. რატომ? იმიტომ, რომ ეს ავტონომიური ძალები შექმნიან თავიანთ საკუთარ კონსტიტუციებს. გორბაჩოვს შეიძლება ჰყავდეს მოკავშირეები იმ სპონტანური მოძრაობებით, როგორიცაა უმცირესობათა მოძრაობა საბჭოთა კავშირში.

მაშასადამე, თუ პრეზიდენტი, რომელიც იდგება ნომენკლატურაზე მაღლა, არსებულ პოლიტიკურ კლასზე მაღლა, ალიანსს შექმნის რესპუბლიკებთან, (ამ უკანასკნელთ ჯერ კიდევ არა აქვთ კონსტიტუცია), ტოტალიტარული კლასის ბუნებრივ მტრებთან – ე.ი. მუშების, მაღაროელების ან სხვების არატრადიციულ სპონტანურ მოძრაობებთან. ასეთ დროს სწორედ ეს ძალები შეძლებდნენ – ჩაექროთ არსებული პოლიტიკური კლასის წინააღმდეგობა. ამ უკანასკნელს საფუძვლად ედო ინერტულობა; Homo Sovieticus-ში იყო საბჭოთა ტოტალიტარული ძალაუფლების სოციალურ-ადამიანური საფუძველი; სწორედ ამ აზრით შეიძლება ითქვას, რომ საბჭოთა სახელმწიფო არის ხალხის სახელმწიფო, თუ ხალხში იგულისხმებენ Homo Sovieticus-თა ერთობლიობას.

რაც შეეხება ევროპის მონაწილეობას საბჭოთა კავშირში მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებს. იგი ახსენებს სახელმწიფო კაპიტალდაბანდებებს, რაც შეიძლებოდა შეფასებულიყო და გამოყენებულიყო საერთო ეკონომიკურ გეგმაში. მე მსურს, მას ვუპასუხო: თუ ფორმულა: მდიდარი სახელმწიფო – ღარიბი ხალხი – ღირებული იყო საბჭოთა კავშირისათვის წარსულში, ამჟამად ფორმულა: ღარიბი სახელმწიფო – ღარიბი ხალხი – არის ის, რაც მას დღეს შეესაბამება. სახელმწიფოს არ გააჩნია კაპიტალდაბანდებები იმ აზრით, რომ „საბჭოთა სახელმწიფოს ყველა კაპიტალდაბანდება არის მკვდარი კაპიტალდაბანდება“. ეს კაპიტალდაბანდებები ჩადებულია რკინის ნამტვრევებში, – მათ შორის, სამხედრო ნამტვრევებშიც, – მიწაში, რომელიც არ იძლევა შემოსავალს, დიდ კონსტრუქციებში, რომლებიც არასოდეს მიდის ბოლომდე. ეს არის გამოუყენებელ ნივთებში დატყვევებული კაპიტალდაბანდებები. ეს სახელმწიფო, რომელიც ასე მდიდარი ჩანს, თავის რესურსებს თავისსავე მკვდარ ნაწილში ამწყვდევს.

სხდომის ერთერთი მონაწილე შატოვალონი: ვფიქრობ, რომ ეს ერთობ საინტერესო კოლოქვიუმია და ყველას მადლობას ვუხდი. მაგრამ თქვენში ძალზე ჭარბადაა პესიმიზმი, რაც გამოწვეულია საბჭოთა კავშირის რეალური მდგომარეობით და რაც კარგად იქნა წარმოჩენილი. მაგრამ თქვენ, როგორც მეცნიერებმა, უნდა დასძლიოთ ეს სასოწარკვეთილება. საჭიროა, იმედი ჩაუნერგოთ ახალგაზრდობას და იმ მასწავლებლის ბავშვებს, ახლახან რომ მოითხოვეს სიტყვა. რაღაც ხომ უნდა აშენდეს! მე ასევე მეჩვენება, რომ პერესტროიკის მიმართ გამოთქმულ კრიტიკაში საკმარისად არ უწევდით ანგარიშს დროში ევოლუციას. ძალზე ჩქარი სვლა საუკეთესო საშუალებაა თავ-პირის დასამტვრევად. აღნიშნულის შემთხვევაში გაიგებდით სიმართლეს. ნუ ივლით ძალზე სწრაფად! მე არქიტექტორი ვარ და ოცსართულიანი სახლი რომ ავაშენო, ათი მეტრის სიღრმეზე ვასხამ ფუნდამენტს. ასეთ წუთებში მთელი არსებით საძირკველში ვარ, ვასხამ ბეტონს ისე, რომ გადახურვაზე არ ვფიქრობ. სახურავი თავის დროზე უნდა გაკეთდეს და ფიქრიც მის შესახებ მაშინ მოვა. ის, რაც მე ვთქვი, თქვენ, ალბათ, ცოტა მიამიტურადაც კი მოგეჩვენებათ, შესაძლოა, ცოტა კატეგორიულადაც, მაგრამ არ ვისურვებდი, რომ ასეთი სასოწარკვეთილი სევდის განწყობილებით დაგვეტოვებინა

მერაბ მამარდაშვილი: მე თანახმა ვარ, იმედი არ დავკარგოთ, მაგრამ უნდა გითხრათ, რომ სხვებისათვის იმედის მიცემა ეს არის საბჭოთა ადამიანების თითქმის პროფესიული საქმიანობა მთელი ამ ხნის განმავლობაში. ეს 1917 წელს დაიწყო! სწორედ ამიტომ დღეს ჩვენ შევეცადეთ ცოტაოდენ დაგვენახვებინა სხვა სახე იმისა, რაც თქვენ საიმედოდ მიგაჩნიათ – იმისი სახე, რაც დუმილის მიღმაა, რაც იმ ზღურბლს იქითაა, რასაც ჩვენ ჩვენი ევროპული ყურით აღვიქვამთ. მაშინ, როდესაც აქ იმედის საყვირების ხმა სწვდებოდა ადამიანთა სმენას, ჩვენ ჯვარცმულებად გამოვიყურებოდით ევროპელთა თვალში, ჩვენ ვეგონეთ ბედნიერები და მშვენიერები, განწესებულნი წინასწარ განსაზღვრული, ყველასათვის იმედის მომტანი ცხოვრებისათვის. ეს სწორედ ისაა, რაც მე მსურდა მეცნობებინა, – ამ იდეალური იმედის სხვა სახე. მე ოპტიმისტი ვარ სიტყვის ნიცშესეული აზრით. იგი ამბობდა: „მხოლოდ იმ პირობით, რომ უნდა მიაღწიოთ უკიდურეს სასოწარკვეთილებას, მაშინ იშლება თქვენ თვალწინ სიცოცხლით სავსე ველი Heiterkeit-ისა (მხიარულებისა), – იმ ტრაგიზმისა“. მერწმუნეთ, მე ძალიან მხიარული ადამიანი ვარ!

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი