ბობ დილანის წერილი შვედეთის აკადემიას

0
122

ებრაული წარმომავლობის გენიალური ამერიკელი მუსიკოსი, მწერალი და მხატვარი – ბობ დილანი, შვედეთის აკადემიამ 2016 წელს ლიტერატურის დარგში ნობელის პრესტიჟული პრემიით დააჯილდოვა.  აღნიშნულმა ფაქტმა რობერტ ალენ ციმერმანს (ბობ დილანის ნამდვილი სახელი) არა მხოლოდ უდიდესი სიხარული, არამედ დიდი გაკვირვებაც მოჰგვარა, რაც მას არც საჯაროდ დაუმალავს. გაგაცნობთ ამონარიდს წერილიდან, რომელიც ბობ დილანმა შვედეთის აკადემიას გაუგზავნა მისი დაჯილდოვების ცერემონიალისას (იგი დაჯილდოვებას გარკვეული მიზეზების გამო არ დასწრებია):

“ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ოდესმე ნობელის პრემიას მომანიჭებდნენ ლიტერატურის დარგში. ჯერ კიდევ ბავშვობიდანვე ვკითხულობდი იმ ლიტერატორთა
ნაწარმოებებს, რომლებსაც ადრეულ პერიოდებში სრულიად ღირსეულად მიენიჭათ ეს
უძვირფასესი რეგალია: რედიარდ კიპლინგი, ჯორჯ ბერნარდ შოუ, თომას მანი, პერლს
ბაკი, ალბერ კამიუ, ერნესტ ჰემინგუეი. ლიტერატურის ეს გიგანტები, რომელთა წიგნებსაც
ახლა სკოლაში ასწავლიან და რომლებიც მსოფლიოს საუკეთესო ბიბლიოთეკებშია დაცული,

ყოველთვის ღრმა შთაბეჭდილებას ახდენდა ჩემზე. ის რომ ახლა ჩემი სახელი მათ გვერდით იქნება მოხსენიებული, სიმართლე გითხრათ, ენით აღუწერელი ბედნიერებაა ჩემთვის. მე არ ვიცი, ის ბატონები და ქალბატონები ფიქრობდნენ თუ არა ნობელის პრემიაზე, მაგრამ
ვფიქრობ, რომ, ვინც კი რაიმეს წერს მსოფლიოში, სულის სიღრმეში ყველას იდუმალი ოცნებაა მასზე ფიქრი. შესაძლოა, ეს ოცნება იმდენად ღრმად იყოს სულში ჩაბუდებული, რომ მათ ამის შესახებ არაფერი იცოდნენ. ვინმეს რომ ეთქვა მცირეოდენი შანსი მაინც გაქვს ნობელის პრემიის მიღებისო, ისეთივე წარმოუდგენელი რამ იქნებოდა ჩემთვის, როგორც ჩემი მოხვედრა მთვარეზე.

როდესაც ეს შესანიშნავი ცნობა შევიტყვე, გზაში ვიყავი, და დანიშნულების ადგილამდე
მისვლას იმაზე დიდი დრო მოვანდომე, ვიდრე ამისათვის იყო საჭირო. ჩავფიქრდი დიდებულ ინგლისელ მწერალზე – უილიამ შექსპირზე. როდესაც შექსპირი “ჰამლეტს”
წერდა, დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრს ფიქრობდა: “როგორი მსახიობები
მოუხდებოდა როლებს?” – “როგორ უნდა დაედგა?” და ასე შემდეგ. მისი შემოქმედებითი
ხილვები, უსიტყვოდ, ყოველივეთი იყო შემოფარგლული. ვვარაუობ, რომ იგი საკუთარ თავს
უფრო მეტად დრამატურგად მიიჩნევდა, ვიდრე მწერლად. ის ხომ მხოლოდ სცენისთვის
წერდა. და რადგანაც ასე ვფიქრობ, შემიძლია, ნებისმიერს დავენიძლავო, რომ
უკანასკნელი, რაზეც შექსპირი ჩაფიქრდა, იქნებოდა კითხვა: “ნუთუ ესაა ლიტერატურა?”

როდესაც სიმღერების დაწერა დავიწყე, და მაშინაც კი, როდესაც ჩემმა შესაძლებლობებმა მეტნაკლები აღიარება მოიპოვეს, მაინც არ მიოცნებია ჩემი სიმღერების რაიმე განსაკუთრებულ ბედზე. ვფიქრობდი, რომ ისინი ოდესმე აჟღერდებოდნენ კაფეებსა და ბარებში, შესაძლოა, ნიუიორკის კარნეგ-ჰოლისა და “ლონდონის პალადიუმის” მსგავს დარბაზებშიც. ოცნებაშიც კი ვერ წარმომედგინა, რომ ალბომებს ჩავწერდი და ჩემს სიმღერებს რადიოში მოვუსმენდი.

ჩაწერო ალბომები და საკუთარ სიმღერებს მოუსმინო რადიოში, ნიშნავს იმას, რომ მრავალი ადამიანი გისმენს და სტიმულს გაძლევს გააგრძელო ის საქმე, რომელიც დაწყებული გაქვს.
ჩემს ცხოვრებაში შექსპირის მსგავსად, არასოდეს მქონია დრო მეკითხა საკუთარი
თავისთვის: “ჩემი სიმღერები – ნუთუ ეს არის ლიტერატურა?”

უღრმეს მადლობას მოვახსენებ შვედეთის აკადემიას იმისათვის, რომ მან გამონახა დრო, რათა გაეცა პასუხი ამ კითხვაზე, და იმისთვისაც, რომ ასეთი ბრწყინვალე პასუხი გასცა მას”.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი