გია ეძგვერაძის ფილოსოფია

0
2238

გია, რას დაარქმევდი საკუთარი ცხოვრების ავტობიოგრაფიას?

შემთხვევითი სიყვარულის უცნაური მეტამორფოზის თავგადასავალი

რა არის შენი დევიზი?

ანტონინ  არტოს სიტყვები: ,,მე ვისვრი ისრებს უკუნეთ ღამეში”. ამაზე ლამაზი, აზარტული, დახვეწილი სულიერად, ფილოსოფიურად და მენტალურად ძნელია რამე მოიძიო ცისქვეშეთში ადამიანისთვის.

რა ხდის შენს ცხოვრებას განსაკუთრებულს?

პროფანულ სივრცესთან უკომპრომისო თამაშის უნარი.

რა არის საყვარელი ცნობილი ფრაზა…

,,არ მქონდა კითხვები შენს რაობაზე — მაგრამ გულგადავსებით გყვარობდი მუდამ.”

თავში მაქვს ჩარჩენილი — უფრო დიდი იდეალიზმი არ გამიგია. მე რომ მკითხოთ რუმის უნდა ეკუთვნოდეს.

ისე კი, მაკარტნიმ “Yesterday” რომ დაწერა, ყველას ეკითხებოდა ვისია ხომ არ იცითო — სხვისი ეგონა. – შეიძლება აქაც ესეთი ისტორიაა.  

გია, რა არის შენი გამოკვეთილი სახასიათო თვისება?

ესქატოლოგიური ორიენტაცია საკუთარ თავთან და სამყაროსთან მიმართებაში. სანამ სამყარო სრულფასოვნად, ანუ  არსობრივად არ ჩამთავრდება ჩემში — ჩემი კოგნიტიური უნარი და მისი ნება ცქმუტვას არ შეწყვეტს არავითარ შემთხვევაში. 

ჩემს ცხოვრებას განსაკუთრებულს ხდის – პროფანულ სივრცესთან უკომპრომისო თამაშის უნარი.

როგორია შენი ახლანდელი სულიერი მდგომარეობა?

გასულხართ ძალიან ძლიერ ქარბუქში გარეთ? აი ფეხზე რომ ვერ დგეხარ და ყველა მიმართულებით რაღაც რომ მოფრინავს გაუგებარი — საგნების ნაფლეთები, მცენარეების ნაგლეჯები, მტვერი ან თოვლი და თუ ეს ყველაფერი კაშკაშა მზის ქვეშ ხდება ეს უკვე ღმერთის თავალის ქვეშ ყოფიერების წამია. აი დღეს ჩემთვის ასეთი ამინდია გარეთ (ეს მოვახერხე!), კარების გაღების და გარეთ გასვლის დიდი სურვილი მაქვს; უკვე სადარბაზოში ვარ, კარის სახელურში მაგრად ჩაბღაუჭებული და სახელური უკვე ქვემოთაც დავუშვი. მაგრამ ჯერ კიდევ ვერ ვაღებ კარს — გარედან ქარი უძლიერესად აწვება. არადა წუთებს ვითვლი, ვ ი ნ მ ე მ სადმე არ წამათრიოს და კარს არ მომწყვიტოს…

გია, რა არის შენი ყველაზე დიდი საგანძური?

ერთი უპატარავესი სათამაშო, რომელიც ალბათ 3-4 წლის ვიყავი როცა ვიღაცამ მაჩუქა: სამ სანტიმეტრიანი სიგრძის ყვითელი (უფროსწორედ მზის ფერი) პლატმასის სპორტული მანქანა (ალბათ ფერარი, არ ვიცი), რომლის გვერდზეც ასევე პატარა კაცუნია დგას ცისფერ პერანგში და ხელები ზეცისკენ აქვს აღმართული ტრიუმფალურად! ნამდვილი მაგია იყო ამ ორ საგანში — თითქოს მათ მთელი ჩემი მომავალი ცხოვრება დაიტიეს. ეხლა კი ვხვდები რატომ! 

რა გენატრება ბავშობიდან ყველაზე მეტად?

ლაღიძის წყლები, ხაჭაპური და გაზაფხულზე ჭადრების სურნელი რუსთაველზეო, ამას ნამდვილად ვერ გეტყვით  — რასაც ქართველობის 98% ელის რომ გაიგოს და გაიხაროს… დედის მზრუნველობა, მამიკოს დამრიგებლურ/კომპეტენტური ტონი, რომ გითხრათ — ამითაც ვერ გასიამოვნებთ; ვერც მოპარული მურაბებით და პატარა გოგონას კაბის ქვეშ პირველი შეხედვა მახსენდება როგორც სანუკვარი.

სულ პირიქით!

ერთადერთი რაც მართლა საშინელებათა ფილმად წარმომიდგენია — ეს ბავშვობაა და ვინმემ რომ დამაძალოს ის კიდევ როდისმე გავიარო (კარმული თეორიით). იმის გაფიქრება, რომ სიტყვა/ნიშნების ამ პირობით სამყაროში თავიდან უნდა გამომკეტონ, ეს სიმშრალე ისევ ავითვისო,  ადღლამუზებული გრძნობები, აზრები, ინსტინქტები კვლავ ჩემ რეალობად წარმოვიდგინო და თან ამის ტარებით ვიხიბლებოდე და მთლად უარესი: ვისაც უნდა და როგორც უნდა — ადამიანებს, სტრუქტურებს, ვექტორებს — ისე მამონებდნენ და მაკონდიციონირებდნენ, არანაირი ჩემი ნება არ გამაჩნდეს და მხოლოდ ჭყავილით და “კაპრიზებით” თუ გაუვმკლავდები “კულტურის” ამ მასსიურ და დამმონებელ შემოტევას ყველა მხრიდან — აი ეს მზარავს და ამიტომ ბავშვობა მძაგს… პიროვნებად ქცევის გზაზე ეს ყველაზე რთული, დამაკნინებელი და მჩაგვრელი პერიოდია. ონტოლოგიურის ზამბარა — ბავშვი,  რომელსაც წნეხის ქვეშ ერთი გამოსავალი აქვს — შვების სახით სოციალურის სიმკვრივეში უნდა ჩავარდეს და ჩაიძროს…

გია, რა პრობლემები გქონდა გარდატეხის ასაკში?

ათას ერთი “დრაივი” (ნება/ჟინის მოძრაობა) მქონდა შიგნით და ყველა ეს დრაივი მანცვიფრებდა და მაღიზიანებდა ერთდროულად! — როგორ აღმოცენდებიან ჩემში ეს მოძრაობები, რა არის ეს მაგნეტიზმი რომელიც ასეთ ლტოლვას აჩენს ჩემში საგნებისკენ, ადამიანებისკენ, მოვლენებისკენ — რამ და ვინ გამოიწვია, ვინ მოქოქა და როგორ ეს მოძრაობები? ამ “დრაივებზე” ჩემს სრულიად არაცნობიერ დამოკიდებულებას ვერ ვეგუებოდი და მათ შეწყვეტის მიზნით მინიმუმ სამი, საკმაოდ თეატრალური სუიციდური მცდელობაც კი მაქვს ადრეულ თინეიჯერობაში ჩადენილი (საწყალი დედაჩემი, რეები ჰქონდა გადატანილი). — რატომ თეატრალური? აბა ჩემისთანა ნარცისი ბიჭუნა პათეტიკურ/რომანტიული ჟესტის გარეშე ხომ არ დავტოვებდი აქაურობას?! დღესაც ცოტა მერიდება როცა ექიმებმა ვენიდან სისხლი უნდა ამიღონ — კითხვები გარდაუვალია — კულტურულ დასავლეთშიც კი.

გია, რომელი სახასიათო შტრიხი გაღიზიანებს ყველაზე მეტად საკუთარ თავში ? 

როცა მიხურდავდება ხედვა, როცა ზოგადის განცდას ვკარგავ და ერთ დიდ სუნთქვად ვერ განვიცდი სამყაროს, ანუ ონტოლოგიურის ნაპერწკალი გამირბის გულიდან! როცა არსებობის ფენომენები დამიბრიყვებენ და ამატყეპებენ ხოლმე საკუთარ თავზე! ეს იშვიათად ხდება და უნდა გითხრათ “დიდი შვებულების” ეფექტს კი ატარებს ვალდებულების მიღმა ყოფნის — და სწორედ ამიტომ მძაგს!

არადა ასეთი ზოგადი ხედვა, პირველად, ჩემში ძალიან უცნაურად გამოვლინდა — ტელევიზორის ცქერისას. საგნებს, ცხოველებს, მოგვიანებით მოვლენებს, ტელევიზორში ნელ-ნელა დიდი განყენებით ვხედავდი — თითქმის ელიენის თვალით; არა, უფრო სწორედ ცოტა სხვანაირად — თან რომ იცი რა ხდება, ბუნდოვნად გახსოვს და თან სრულიად უცხოა ყველაფერი და ვერ ცნობ იმას რაც აღიქმება. მაგრამ ეს საოცარი განცდა რეალურ სამყაროზე არა და არ გადმოდიოდა. ის ძალიან ნელა შემოიპარა ჯერ ადამიანებზე გაჩნდა, მერე საგნების ჯგუფებზე, შემდეგ გარემოებებზე, მერე კი ჩემს წინ მდებარე მოვლენის მთელ ეთოსზე. ამის შემდეგ შიგ ჩატრიალდა და ჩემმა თვალებმა, და არა ცნობიერებამ, დაიწყო ასე ხედვა. მაგრამ ამ ხედვას უწყვეტი გრძლივობა არ გააჩნია და ეს მაცბუნებს, იმის მიუხედავად, რომ ვიცი — პერმანენტულ დონეზე აყვანილი ასეთი განხორციელება ადამიანს უხილავს ხდის სხვებისთვის — ის დაკარგულია.

თვისებები, რომელსაც ყველაზე მეტად ვერ იტანს სხვებში?

“ადამიანობაში” მოკალათების კომფორტს.

“ადამიანებისთვის” მსახურის პათეტიკა/პათოსს.

“ადამიანის” სიყვარულისთვის თვითმიძღვნას და ამით უღრმეს თვითკმაყოფილებას.

სეაერთოდ “ადამიანის” გარშემო ახლომხედველთა ფუთფუთ/ჭიაკოკონობას.

რადგან არ შეიძლება გიყვარდეს ხიდი (ნიცშე), ის ფუნქციური წარმონაქმნია და მისით გატაცება/სიყვარული გზაზე მხოლოდ შეფერხებაა.“    

გია, რა მიგაჩნია შენს ყველაზ დიდ მიღწევად?

ყველა დონეზე და ყველა ტიპის შეღწეული და ნაცხოვრები ტერიტორიების მოშლა და მათ მიღმა გასვლა. იქნება ეს პირადი ცხოვრება, ჩემი დაკავებულობის ფორმა, თუ სულიერი პრაქტიკა.

ამიტომ ვერ ვიტან სიტყვას “კარგი მეოჯახე” (სრული ანაქრონიზმი), “კარგი პროფესიონალი” (სქელკედლიანი ციხის საკანი) და “გურუ-მასწავლებელი” (გარკვეული და კონკრეტული ცოდნის კონსტანტაცია, სტატიკურ/ღირებულებრივად მისი დაფიქსირება — რაც აბსურდის ტოლფასია).

გია, რა მიგაჩნია ყველაზე ღრმა ტანჯვად?

ყველაზე დიდი ტანჯვა ადამიანში, მისთვის ყველაზე უცნობი ტანჯვაა: ჯერ “აქ” დ ა ბ ა დ ე ბ ი ს და მერე “აქ” ა რ ს ე ბ ო ბ ი ს მოდუსი. ეს ორი, რატომღაც, “ძალიან ჭკვიან” ხალხსაც კი, ზოგჯერ დიდ დღესასწაულად მიაჩნიათ, ვიღაცეებს კი სულაც “ცხონებად”…

ძალიან მაინტერესებს ამ ადამიანების მზადყოფნა მარადისობისთვის — რომელიც მათ წინ ელოდებათ.

ისე არ გამოვიდეს, რომ ტანჯვა დღესასწაულად ჰქონდეთ წარმოდგენილი და ნამდვილი დღესასწაული ტანჯვად ექცეთ.

ალბერ კამიუს აქვს ნათქვამი: “აქ” ყოფნის არსი მხოლოდ იმაში მდგომარეობს, რომ სული მარადისობას შევაჩვიოთ.

გია, ყველაზე დიდი შიში რომელია?

ერთხელ, დიდი ხნის წინ, საკუთარი თავის გადაფასებული შეფასების პათოსში ჩავვარდი და ჩავთვალე, რომ მეტ-ნაკლებად სიკვდილისთვის ვარ მზად, რომ ჩემი ნება როგორც იქნა ახერხებს, ამამაღლოს სამყაროს ყველა ტიპის ხიბლებზე და თუ კიდევ ვავლენ რაიმე ხიბლის მიმართ დამყოლობას, ამას მხოლოდ შეგნებულად ვაკეთებ — დაშვების სახით. მედიტაციაში წარმოვიდგინე, რომ ყველაფრისგან გამძარცვეს და მართლაც — არანაირი ცნობილი ხიბლების მიმართ არ ვგრძნობდი მიჯაჭვულობას. მაგრამ, ხიბლისგან დაცლილ შავ უტყვ უწყვეტობაში, სადღაც მის სიღრმეში უეცრად შევამჩნიე, რომ სინანულის პაწაწინა კუნძული მაინც ბჟუტავდა მთვარისებრი შუქით. შევშფოთდი და დავიწყე ამ მთვარეულთან ცნობიერებით მიახლოება. რაღაც მომენტში, ეს პაწაწინა სინანული დიდ კარებად იქცა, რომელიც გაიღო და იქიდან მონუმენტურმა და დიდი სისავსით გამორჩეულმა კითხვითმა ნიშანმა გამოანათა! აღმოჩნდა, რომ სამყაროსთან განშორების წარმოდგენისას მხოლოდ ერთ რამეზე მწყდებოდა გული… ჩემი სამყაროს წვდომის მგზნებარე კითხვით ნიშანზე, რომლითაც სამყაროსთან მაქვს  ურთიერთობა. — ისე რომ კითხვითი ნიშანი გამოდგა ჩემი სამყაროს მიმართ აზარტი — ინგლისურად “inquiry” (შეკითხვის უწყვეტი ტარება). მთელი ჩემი ეროსი ამ უზოგადეს კითხვით ნიშანზე ყოფილა დაფიქსირებული.

ისე რომ არ ვყოფილვარ მზად სიკვდილისთვის — სამორინე მყვარებია!

გია, რას ნანობ ყველაზე მეტად?

რომ არასდროს არ დამიწყვია თავზე ფეხსაცმელები და არ გავსულვარ ოთახიდან. ასეთი გასვლა, როგორც ცნობილია, ყველაზე ტრიუმფალურია ოთახიდან ყველა გასვლათა შორის.

ორი, გვერდიგვერდ მდგარი, ძენის მონასტრის ბინადრები ერთ საყვარელ კატას ვერ იყოფდნენ — ვერ შეთანხმდნენ თუ კატას სად უნდა სძინებოდა, რომელ მონასტერში. ამიტომ მოძღვარს მიმართეს მოწიწებით— აი ასეთი პრობელმა გვაქვს და როგორ უნდა გადავჭრათო. მოძღვარმა ხმალი აიღო, კატა ორად გაჭრა და მხარეებს კატის ნაშთი გაუნაწილა. მალე ძენის პატრიარქი ეწვია მონასტრებს და ეხლა უკვე მოძღვარმა მას მიმართა ასევე მოწიწებით: ჩვენი ორი მონასტრის მოსწავლეებს საყვარელი კატის ბინადსამყოფელის განაწილებაზე პრობლემა გაუჩნდათ, მე ამ პრობლემის გადასაწყვეტად კატა ხმლით ორად გავაპე და მათ კატის ნაშთი გავუნაწილე ¬— როგორ უნდა მოვქცეულიყავი, რომ ეს დავა სწორად გადამეწყვიტა და თან საბრალო ცხოველი არ გამეწირაო.

ძენის პატრიარქმა მოუსმინა მოძღვარს, მერე ფეხსაცმელი გაიძრო, თავზე დაიწყო და ოთახიდან გავიდა.

ეს ონტოლოგიურ სივრცეში გაღწევაა, რომელმაც არ იცის, თუ არ ახსოვს რა არის მიჯაჭვულობა, მერყეობა და მორალი.

ეს ჩემს სინანულზე სულიერი თხრობის დონიდან.

ხოლო პროფანულ სივრცეში სინანულზე ერთმა კურატორმა მითხრა კარგად: ცოლი და ორი შვილი დავტოვე და ისე გული არ დამწყვეტია, როგორც სხვა რამეზე მწყდება გული დღესაც. — პარიზში უნივერსიტეტში რომ ვსწავლობდი იქვე მეორე ქუჩაზე დელიოზი კითხულობდა ლექციებს. არასდროს მივსულვარ. სასწაულად  პოპულარული იყო, ყველა მასთან დარბოდა და მე სიამაყის გამო არ წავედი. ამაზე უფრო არაფერს ვნანობ ცხოვრებაშიო.

ასეა — სიამაყე ყველაფერს დაგაშორებს: ცოდნას, სითბოს, სიყვარულს, ჭეშმარიტებასაც — ამას ყველაფერს გვერდზე ჩაუვლი ამაყად.

გია, რომელი იყო შენი ცხოვრების საუკეთესო მონაკვეთი?

უწინ სხვა ღირებულებები მქონდა: დინამიზმი, ქმედითობა, განხორციელება, გაუგებარი შებყრობილობა, სულის დაუდეგარობა — ეს ყველაფერი საინტერსო იყო.

მერე მოვიდა სხვა: გარემოში და ჩემს ცნობიერებაში მყარად არსებულის დესტაბილიზაცია, ღირებულებრივად დამკვიდრებულის დეკონსტრუქცია; ჯებირების მოშლა, რომ დამდგარი წყალი დაიძრას.  

ეტყობა პირველმა მოამზადა მეორე.“

გამოცდილება, რომელმაც პიროვნულად ყველაზე მეტად გაგაძლიერა?

პროფანულ დონეზე:

დასავლეთში ჩემი ცხოვრების უწყვეტმა დაძაბულობამ. მე საქართველოდან აქეთ წამოვედი როგორც პირველი დამოუკიდებელი მხატვარი, მარტო კაცი! — მე არ მისწავლია დასავლეთში, რომ ჩემს პროფესორს მერე თავის წრესთან ჩემი ინტეგრაცია მოეხდინა და ჩემი კარიერა ეწიკა მთელი ცხოვრება; არც გრანდ გალერეების (სადაც გამოფენები მქონია) მფლობელებისთვის ვყოფილვარ დამჯერი და ტკბილი ბიჭუნა, რომელსაც აწი სიბერემდე მიხედავენ; მე არც ჯობი მიკეთებია, რომ თავი გადამერჩინა მარკეტის კრიზისის მომენტებში. ისე რომ, ჩემი დასავლური ცხოვრება ეს იყო “აფ ენდ დაუნების” (აღმა და დაღმა სვლები) ზამბარასავით დაძაბული რიტმის მქონე რთული რეალობა, სადაც კომპასის არცერთი მიმართულებით არასოდეს კომპრომისი არ გამიკეთებია. თვალები არ მომხიბლავად არავისთვის მიპაჭუნებია და არავისთვის მილოკია არნაირი ადგილი…

სულიერ დონეზე:

ეს იყო დაძაბული თვითმხილების დრო და ძალისხმევა — ეს კი ნიშნავს, კანის (თუ ტყავის) გაძრობას ნელ-ნელა და სრული სიშიშვლისკენ მოძრაობას (უმრავლესობამ არც იცის რა იგულისხმება სიშიშვლეში!) — რაც სივრცესთან მარტო დარჩენით მთავრდება.

კი მოძველდა ნიცშესეული “ვერტიკალური დინამიკა”, მაგრამ მაინც შეიძლება მოიტანო მაგალითად: რაც უფრო მაღლა მიდიხარ მთაში მით უფრო ჭირს სუნთქვა, ნაკლები შემხვედრი გხვდება ბილიკზე, ნაკლებია ცხოველიც, მცენარეულობაც და აი მწვერვალზე სრულ სიმარტოვეში დგახარ; გაუხშოებულ ჰაერში სივრცის წინ, რომელიც არაფერს გპირდება და უბრალოდ გარინდებაში შენს წინაშე გადაიშალა! 

როგორი “არა-ადამიანის” პათოსია ამ აღწერაში. 

გია, რა კითხვაზე ისურვებდი, რომ პასუხი გქონოდა?

უმთავრესი კითხვის აქ გაჟღერებას აზრი არა აქვს, ყველა მეტ-ნაკლებად მოაზროვნე ადამიანმა ის იცის და ჭიასავით არის შეჩენილი მის გულში. საქმე მხოლოდ ამ კითხვის აქტაულიზირების დონეშია და არტიკულაციის ხარისხში. ხოლო ვინც არ იცის ეს უმთავრესი კითხვა, მან თავად უნდა მოიძიოს.

აი მეორადი მნიშვნელობის კითხვებიდან კი მაინტერესებს — “ტექნოლოგიური სინგულარობის” ზემოქმედების დონე ადამიანზე და მართლაც იქნება ეს ის რასაც ელიან — სამყაროში მომხდარი ყველაზე დიდი მოვლენა, ადამიანის გაჩენაზე უფრო მნიშვნელოვანი. თუ, მაინც რაღაცას ისევ იტოვებს ღმერთი თავისთვის საიდუმლოს სახით?! რაც არა მგონია —  მაგრამ მაინც… 

გია, რა მუსიკა და ნახატი მოუხდებოდა  შენს ცხოვრებას?

,,ვან გოგის “კართოფილის მჭამელები” და ვან გოგის სხვა სურათი, გვიანი პერიოდიდან, ისევ გლეხებზე, ოღონდ ამჟამად სახლის წინ ეზოში მდგომ წყვილზე, სადაც ისინი ვან გოგმა უკვე მარადიული სინათლის სხივებით გადანათებულ სივრცეში ჩაძირულებად გამოხატა, ვის ახსოვს აქ “კართოფილის მჭამელებში” გაცხადებული სოციალური ტკივილი… — ადამიანი ამ მეორე სურათში ხომ ღვთაებრივი ჭეშმარიტების გამტარია. 

ეს ორი სურათი ჩემთვის უდიდესი მეტაფორის ილუსტრაციაა: პლატონის გამოქვაბულიდან მზეზე გამოსვლის და ასევე სოციალური გულის გამპობი ტკივილიდან — ონტოლოგიურ სივრცეში სრულფასოვანი ჩაბიჯების, სადაც ადამიანი მთავრდება — რადგან ერთიანი და განუყოფელი ცნობიერების მარად დენადი სიაშკარავე/სიცხადე იჩენს საბოლოოდ თავს მასში და ადამიანი მისი ნაწილი ხდება.

მუსიკაში არაფერს ისე არ მოვუხიბლივარ და არაფერი არ დგას ისე ახლოს “უპირობოდ გადახსნილთან” როგორც ქსენაკისის “პერსეპოლისი” (შედევრი — ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით) და ეს, მესიანის, ბულეზის, ვარეზის, ბერიოს და სხვა თანამედროვე კლასიკის გრანდების ჩემი უსაზღვრო სიყვარულის მიუხედავად.

გია, რა ასაკში მიხვდი, რომ ზრდასრული იყავი?

დიდი ხანი არაა რაც მივხვდი — სწორ გზაზე ვდგავარ და კითხვებზე პასუხების მაგივრად თავად კითხვების სიბასრე და სიჭრელე მამოძრავებს და ვერანაირი კონკრეტული პასუხი ვერასდროს ვეღარ დამაკმაყოფილებს. უპირობოდ გადახსნილი კი პასუხი არ არის — ის თვითსიცხადე/თვითსიაშკარავეა…

ყველაზე მეტად რითი გიყვარს თავის შექცევა?

კინო მიყვარს, პრაქტიკულად ცარიელ კინოდარბაზში ფილმის ყურება მარტო (ამიტომ დილის სეანსებს ვამჯობინებ) და თუ ეს “ლაუნჯია”, მაშინ ხომ ნეტარებას განვიცდი რაღაც უზნეო  სასუსნავების თანხლებით. ამას რომ ვამბობ სირცხვილის გრძნობა საერთოდ არ მაწუხებს, რადგან ჩემი მოკლე ჭკუით ღმერთიც ასე მყავს წარმოდგენილი კინოთეატრის უკუნეთ სიბნელე/სივრცეში სამყაროს ურიცხვი დრამების მაყურებელი…

გია, როგორ წარმოგიდგენია აბსულუტური ბედნიერება?

ერთხელ 90-იანების დასაწყისში, კიოლნში, წითელზე გავაჩერე და სრულიად შემთხვევით ჩემს გვერდზე 3 წლის ჩემმა უნახავმა ქართველმა მხატვარმა გააჩერა მანქანა. ვიცოდი, რომ რამდენიმე წლის წინ იყო ისიც წამოსული დასაველეთში. მივესალმეთ ერთმანეთს, ვკითხე: “როგორ ხარ თქო?” გაღიზიანებით და ცოტა სასოწარკვეთით მიპასუხა: “როგორ ვიქნები, სადაა ეს ყველაფერი?!” — თან ხელი რაღაცისკენ გაიშვირა, რასაც მისი მანქანა ეფარებოდა. მწვანეზე რომ გავიარეთ გამოჩნდა ის რისკენაც მან ხელით მანიშნა; ეს იყო ჰაერში გამოკიდებული უზარმაზარი რეკლამა, ცისფერი ცა, ზღვა, პალმები, ოქროსფერი სილის სანაპირო, თეთრი ქათქათა ცათამბჯენი/სასტუმროთი, ნარინჯისფერ საცურაო კოსტიუმში გამოწყობილი და ნახევრად სავსე შამპანურის “ბოკალით” ხელში მომღიმარი ოქროსთმიანი მაგარი გოგონა — შაპანიურ “პერინიონი”-ს ბრენდის რეკლამა, თავად ცასავით გადაშლილი კიოლნის ცისფერ ცაზე.

ასეთ რამედ წარმოუდგენიათ დასავლეთის ბედნიერების იდეალი დასავლეთის გარეთ მცხოვრებთ!

ეს იყო ბედნიერება ამ ქართველი ახალგაზრდა კაცისთვისაც.

დასავლეთმა კი ამ ბანალურ და ვულგარულ ბედნიერებაზე ბევრი იფიქრა — თუ რატომ არ მუშაობს ეს ბედნიერება, თუ ყველა საშუალება გაქვს განახორციელო სეტის ზემოთ ჩამოთვლილი შემადგენლები, რომელიც ბედნიერების შემადგენლად ითვლება: დალიო “პერინიონი”, გაჟიმო მაღალი სტანდარტის მქონე ყმაწვილი, ან გოგონა, შეეფიცხო ლუქსუს ოტელის აივანზე მზეს. თუ რატომ არის, რომ ამ ყველაფრის მომხმარებელი ხშირად შეიძლება ყველაზე უბედური ადამიანიც კი იყოს და სუიციდითაც კი დაამთავროს სიცოცხლე (როგორც როკფელერის შვილმა). ხოლო ისინი ვინც ასეთ ბედნიერებას “უძლებენ”, ძალიან მალე და ხშირად რობოტებს ემგვანებიან თავის “მექანიკურად განმმეორებადი ბედნიერების” მახასიათებლების მოხმარების გამოისობით. ჰოდა ფილოსოფოსები მიხვდნენ, ადამიანის ცნობიერების მიერ აღქმული ეს ბედნიერების მოცემულობები (ზღვის შხეფებით გაჟღენთილი ჰაერი, ზურმუხტივით ცები, მზეზე ბევრად ლაპლაპა მზეები, შამპანიურები, მანქანები, ნაშები, ფართები) არ არიან სიცოცხლის შემადგენელი და მატარებელი, ისინი მხოლოდ ცარიელი ვიზუალური კულტურული ნიშნების იდეალური ხატების უხორცო ანარეკლები არიან. ანუ, ჰამბურგერის რეკლამა (რომელიც ლამის ტრანსცენდენტური სინათლით ბრწყინავს და უხეში მატერიის მიღმა არსებულ ხელშეუხებელ სილამაზედ აღიქმება), ან ცაში გამოკიდებული “პერინიონის” შამპანურით ნახევრად სავსე “ბოკალის” იმეჯი (რომელიც არამიწიერი გამჭვირვალებით ასხივებს), არანაირად არ ემსახურებიან თავის საცოდავ ორგინალებს, რომლებიც ჩვენ  კბილებში გვეჩხირება ან ყელს გვიშუშხავს. პირიქით, ორგინალები არიან თავმდაბლურ მსახურებაში ამ იდეალურ, განყენებულ და ღვთაებრივობით შემოსილ სარეკლამო ხატებთან. დღეს ყველა “ორგინალს” ჩვენს ცნობიერებაში ასეთი იდეალი აქვს ზედნაშენად, ისე რომ ყველაფერი რასაც ჩვენ მოვიხმართ და ფიზიკურ კონტაქტში ვართ მხოლოდ პროვინციული ანაბეჭდია იმ სიდიადის რასაც ეს გიგანტურ/ეპიკური “სიმულაკრები/იდეალები” ატარებენ. სიმულაკრებმა ჩვენი ცხოვრება პროვინციულ ჩმორად აქციეს და “მედიოკრისიში” გაგვჩხირეს — ხელშეუხებ ოცნებასა და მატერიალურ სიმყიფე/სიუხეშეს შორის.

ასე გაიჩხირა დასავლელი კაცი აღუსრულებელ ბედნიერების (სიმულაკრების) დევნის დინამიკაში. აღუსრულებლობა კი “კლავს” პირდაპირი გაგებით: აჩმორებს, აძაბუნებს, თრგუნავს და ბოლოს “კლავს” — მგრძნობიარე სულებს; თორემ რობოტების ჟრიამული “ბოკალებით” ხელში განუწყვეტლივ ისმის გარშემო. აი ეს გამოიკვლიეს — ფილოსოფოსებმა.

მაგრამ, ფილოსოფოსთა შორის კიდევ უფრო ჭკვიანმა ფილოსოფოსებმა, კიდევ უფრო დიდი დასკვნები გააკეთეს: — არსებობს ცნობიერების მდგომარეობა როდესაც ის სრულფასოვანად არის ამოვსებული სიმულაკრებით, ამ დროს “მყარი საფუძველის მქონე ორგინალების შეგრძნებაზე” დამყარებული სამყაროს განცდა ცნობიერებაში საერთოდ ქრება და იქ მხოლოდ   სიმულაკრების სამყარო რჩება. ამ დროს საგნების ასეთი იდეალური წარმოსახვითი იმეჯები (ეიდოსები) ჰორიზონტლურ სიბრტყეში წარმოიდგინება, ერთღირებულებრივ სიაშკარავეებად, მათ არაფერთან (“მყარი” ბუნების მქონე ორგინალებთან) მიმართებაში აღარ ვხედავთ და ამით ჩვენი ცნობიერება უსხეულო, ტრანსცენდენტური, სინათლის მასხივებელი  სამყარო ხდება. ასეთი ცნობიერების უმაღლეს მაგალითად შეიძლება მოვიტანოთ ენდი უორხოლის ცნობიერება — ერთადერთი ნამდვილად ბედნიერი ადამიანი დასავლეთის სამყაროში.

მან ეს გრანდიოზული მეტამორფოზა ცნობიერებაში მოახდინა — გამოწმინდა ცნობიერება უხეში ტყუილისგან “მყარ და საგნობრივ ორგინალებზე”. რატომ ტყულისგან? — იმიტომ, რომ კვანტურმა მექანიკამ დაამტკიცა — “მყარი” არაფერი არსებობს სამყაროს სიაშკარავეში — ყველაფერი ეფემერაა და ჩვენ, ყ ვ ე ლ ა  ვ ა რ ი ა ნ ტ შ ი, მხოლოდ სიმულაკრებით ვიკვებებით — იდეებს ვღეჭავთ და იდეებს ვყლაპავთ! ამიტომ სამყაროს გადაქცევა სიმულაკრების დინებად, სწორედ ის “პოეზისია” რომელიც ადამიანს ანთავისუფლებს.

დღეს ეს უეჭველია — სამყარო ცნობიერების მიერ წარმოდგენების ერთიანობაა მხოლოდ, ბედნიერება კი ამის სრულფასოვანი განცდა და სუბსტანციის მონობის უკან მოტოვება!

ახლა კი ბრძენ აღმოსავლეთზე გეტყვით და მის ერთ უზოგადეს ცნებაზე — “ანანდა” (სანსკრიტი).

ანანდა არის უმიზეზო, უმაღლესი ექსტატურ/ენერგეტიკული ნეტარების განცდა — როცა სული სრულიად თავისუფლდება ყოველგვარი ტერიტორიალურობისგან და ყოველგვარ ფენომენთა არეკვლისგან მასში.  ეს არის ალბათ საფუძველი და უღრმესი ძირიც იმის რაც აქ დედამიწაზე, ჩვენს დროში და ადამიანთა (ქართულ) საზოგადოებაში ამთავრებს სრულფასოვან ჩამოლაბორანტებას — არაფრის მთქმელ და არაფრის მატარებელ ცნებამდე — “ბედნიერება”!

გია, ყველაზე მეტად რომელ ცოცხალ პიროვნებას მოჰყავხარ აღტაცებაში და რატომ?

ბოლოს ვინც მომიყვანა აღტაცებაში ელონ მასკი იყო, როცა ღმერთკაცს ატარებდა თავის თავში და კაცობრიობისგან არსებობის წარმოების წესის შეცვლას ითხოვდა და არამარტო ელექტრო მანქანებს, მარსზე გასეირნების შესაძლებლობას და “ბრეინ/კომპიუტერ ინტეფეისის” პერსპექტივებს სთავაზობდა, არამედ კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ჩუქნიდა — ჩვენთვის ჯერ კიდევ გაუგებარ მგზნებარებას, აბსურდისკენ სწრაფვას და აბსურდის ზღვრის კიდევ და კიდევ გადაწევას. მასკი ნამდვილი ნიცშეანური “კლასიკური ექსტატური ნიჰილიზმი”-ს გმირი იყო — აბსურდის გმირი, ირაციონალური ენთუზიაზმის ღვთაება!

მაგრამ… ვარსკვლავი ჩაქვრა, დღეს მასკი ღმერთ-კაცი აღარ არის, იგი ძალიან კარგი ანტრეპრენიორია. 

ზოგადად კი აღტაცებაში ახალგაზრდულ ტენდენციებს მოვყავარ. ახალგაზრდებს რომლებიც თავის თვისობრივ მოთხოვნებს ებრძვიან: სექსს, საკუთრებაზე მიჯაჭვულობას, პერსონალურ საგნებზე უარის თქმას, სახლ-კარზე, ბუდეზე დამოუკიდებლობას. ამ ახალგაზრდებმა კონტრ-კულტურის და ბერთა ცხოვრების წესები საზოგადოებრივ სხეულში შეიტანეს. და აი — ასეთმა თაობამ დელეზიანური რეცეფტით დაიწყო დენა და ნომადური გახდა… ზოგი გენდერსაც კი იცვლის წინ და უკან, რაც არაფერში არ ჭირდება — ამას ბიოლოგიურობისგან არადეტერმინირებულობის განცდის გამო აკეთებს და ასევე არტ/შემოქმედებით ფორმას ანხორციელებს!

ეს ახალგაზრდა ადამიანები, ზემოთჩამოთვლილს რაღაც რევოლუციის და “აგიტ-პრომის” რეჟიმში კი არ ანხორციელებენ, არამედ თავის ადამიანურ/პერსონალურ დონეზე და ამას ჰქვია სულიერება და ნამდვილი ძიება, პერსონალური და არა რეცეფტებით! 

ეს ყველაფერი მომავლის ცნობიერების მომზადების პირველი რისკებია და ეს ახალგაზრდული მოძრაობები “სკაუტური” ხასიათისაა. ქართული ფსიქიკა, როგორც კრებითი ფენომენი — წარმოუდგენელი ძველმანია, რომელიც საერთოდ ვერ ხვდება საით მიდის სამყარო თავის ქმედით და შემომტან/გამამდიდრებლ მოძრაობაში.    

გია, თუ გყავს გმირები რეალურ ცხოვრებაში და ვინ არიან ისინი?

გმირებს ვერ ვიტან და ამ ცნებას ხომ საერთოდ — საშინელი პარტიარქალური გადმონაშთია და ყველა მშობელი და სახელმწიფო კრიმინალია — ვინც ბავშვებს გმირების მაგალითებზე ზრდის დღეს! დღეს ცნობიერება რიცომულობისკენ და ტოტალური ჰორიზონტალურობისკენ ისწრაფვის და ტოტალურ/კომუნალურ მსხვერპლზეა საუბარი და არა ინდივიდის საკუთარი თავის მსხვერპლად მოტანის უნარზე; ამის საჭიროება დღეს ჩაბარდა ისტორიას და პატრონს, ასეთ რამეს ისევე აღარ აქვს მნიშვნელობა როგორც მაგალითად ხმალს, ხანჯალს და ფარს დღევანდელ ომში.

რომელ ცნობილ ადამიანთან ისურვებდი შეხვედრას?

“იასნია”  — მასთან ვინც სრულფასოვანად დამასრულებინებდა მგზნებარების იმ მოძრაობას რამაც ამდენი და ასეთი დაძაბულობით მატარა სამყაროში. — ასეთი დასავლეთის ტრადიციაში ერთი იყო და ვიცით!

ასევე ჰაიდეგერთანაც ვისურვებდი შეხვედრას, ოღონდ ისე როგორც ლოგოსის სიმბოლურ აღმნიშვნელთან, რადან მისი საუბარი მაინც ვერასდროს შეედრება მის წერილობით ენაში ჩაქსოვილ სიდიადეს რაც მან სამყაროს განუცხადა და აჩუქა.

ასევე ნიცშეს ჩავხედავდი მის კრისტალივით განწმენდილ მზერაში (სანამ აემღვრეოდა), რომ მენახა პროფანულ სივრცეზე მიმართული მგზნებარების ყველაზე მაღლი ხარისხი!

ასევე რამაკრიშნას ჩავიკრავდი გულში— რომ განმეცადა როგორ ლღვება და თაფლივით იღვრება გული, ადამიანის და სამყაროს წინაშე, სამყაროს შემყურე და მოსიყვარულე!

გია, რომელ ისტორიულ ფიგურასთან ახდენ თვითიდენტიფიკაციას ყველაზე მეტად და რატომ?

ვახდენდი, ოდესღაც, ვექტორებადაც მყავდა წარმოდგენილი მათი განვლილი გზა. დღეს არავისთან, რახან თავისუფალი ტერიტორიების ძებნა არანაირ იდენტიფიცირებას არ გულისხმობს. არ მაქვს თავი ამოვსებული არავითარი კულტურული “ბაგაჟით” და მათი შემომტანების ჩარჩოში ჩასმული პორტრეტებით. მე ეს “ბაგაჟი” და პორტრეტები ჯერ სათავსოებიდან გადმოვყარე და ოთახში ქაოსი მოვაწყვე, ამან დიდი ექსტატური სიამოვნება მომგვარა — მერე კი გავედი ოთახიდან, კარი მოვიხურე და იქ მიყრილ მოყრილი ჭინჭები აღარც გამხსენებია. თუ ურთიერთობებში, ან კომუნიკაციაში რაიმე სამოსი დამჭირდა, იმ ქაოტური ოთახიდან საჭირო ჭინჭი იმ წამსვე მოფრინავს ჩემთან და ჩემს ცნობიერებაში საჭირო ადგილს იკავებს— აი ასე მემსახურებიან როდესღაც სამოსის, სტილის და პრესტიჟის მატარებელი შინაარსები.

გია, სად ისურვებდი ცხოვრებას?

ან-ან.

ან — სადაც სულ მზეა (მაგრამ 24 გრადუსზე ზემოთ არასდროს ადის ტემპერატურა), სულ გრილი ნიავია, რომელიც დროდადრო ქარში გადადის და ქუჩებზე დაფენილი ღრმა ჩრდილები ლურჯად შეღებილ ზეწრებს გვანან.

კამიუმ ამ ადგილს “ქარი ჯემილაში” უწოდა.

ან — ნიუ-იორკში, ამ ქალაქის სრულფასოვან ნაწილად; იმ კულტურული ქაოსის, დაძაბული დაბნეულობის და მომავლის მოლოდინის რაც იქ სუფევს.

ეს (ან-ან) ისე, თამაშით: ჩემი არაცნობიერი კი განუწყვეტლივ ერთ ლოკაციას ეთამაშება წარმოდგენებში, რომელსაც ერთმა ჭკვიანმა ფრანგმა “არა-ალაგი” დაარქვა. 

გია, შენი აზრით, რომელ ღირსებას ეძლევა გადაჭარბებულად მაღალი შეფასება?

სულიერ ტერიტორიაზე დღეს — განდგომა/განყენების უნარს. ეს ღირსება, ისტორიულად, ინდივიდის სულიერი გზის საჭიროებას წარმოადგენდა; დღეს კი ეს გზა მთავრდება, იგი სულიერების კომუნალურმა ერთიანმა ჩაანაცვლა რომელშიც ინდივიდის ცნობიერად განზავებით ხორციელდება ასკეზა და განდგომა/განყენება და სადაც თვითობა ნარჩუნდება.

პროფანულ ტერიტორიაზე კი გადაჭარბებული შეფასება — გმირულ სულისკვეთებას ენიჭება — ამაზე მხოლოდ მეღიმება…

გია, რომელია ის ღირსება, რომელსაც ყველაზე მეტად აფასებ მამაკაცში?

მამაკაცში? — პატრიარქატი მთავრდება, მამაკაცის ყველა ღირსება/თვისებებთან ერთად — ამდენად დღეს მამაკაცის ღირსებები მძაგს, რადგან უკლებლივ ყველა ანაქრონიზმია დროსა და სივრცეში ხელს გვიშლის წინსვლაში — ჩამორჩენილ საზოგადოებებს თუ არ ვიგულისხმებთ!

იყო ასეთი ექსპერიმენტი 7 მამაკაცი ჩასვეს საკანში ორი ტუალეტით და ორი პირსაბანით. სამი თვის განმავლობაში, ამ ორი ტუალეტის მოხმარების განრიგთან კავშირში, ამ 7 მამაკაცს შორის არ ჩამცხრალა დავა და ქიშპობა (რომელიც დროდადრო სერიოზულ პრობლემებში გადადიოდა).

მეორე სიტუაციაში ასევე ერთ სივრცეში 30 ქალი მოათავსეს, ასევე ორი ტუალეტით და ორი ხელსაბანით — ორ კვირაში ქალთა სასუფეველში ყველაფერი გაირკვა და რეჟიმი აეწყო მყარად, მშვიდობიანად, უმტკივნეულოდ და ასე იცხოვრეს ექსპერიმენტის დამთავრებამდე…

პატრიარქალური ფსიქიკის სპეციფიურმა ფორმამ თავისი  მნიშვნელოვანი როლი სამყაროში ითამაშა და მოათავა — მადლობა მას, ახლა უნივერსალური ადამიანის დრო დგება, რომელიც ჰორიზონტალურ სივრცეში ოპრირებს — პატრიარქატის ყველა ღირსებები კი ვერტიკალზე იყო განლაგებული. პატრიარქატის ბოლო ფაზა კაპიტალიზმს ემთხვევა და ორივე წარმატებულად მთავრდება, მთავარია ანაქრონიზმები არ ჩარჩეს დიდხანს და საზოგადოება არ გააწამოს!   

რომელია ის ღირსება, რომელსაც ყველაზე მეტად აფასებ ქალში?

მე პატრიარქალურ საზოგადოებაში გავიზარდე, მერე ამ კონდიცირებულობის მოხსნას შევალიე ალბათ 30 წელი და ახლა ქალში, გასაკვირია პირდაპირ, — მაინც სილამაზეს ვანიჭებ უპირატესობას… — ეს ნახევრად შაყირით  და თვითდაკნინების პათოსში!   

ზოგადად კი ქალებში ვაფასებ: განახლების უშრეტ უნარს და ყველანაირი გარემოებების მიუხედავად კონკრეტული ადამიანის მიმართ სიყვარულის შენარჩუნების ნიჭს!

რა მოხდება, თუკი

ელეინები ჩამოვიდნენ?

არც არაფერი — ან მოვიშინაურებთ და კიდევ ერთი ეგზოტიკური შინაური ცხოველი გვეყოლება, ან ისინი მოგვიშინაურებენ და როგორც იქნა პატრონი გაგვიჩნდებოდა — სულ მაგის ძებნაში არ ვიყავით მაინც?!

გია, რა ისწავლე ღირებული წინა კვირას?

რომ საზოგადოება (მისი ლიდერების ჩათვლით) საკუთარი მოძრაობის მიზეზებს ვერ ხდვდება და ყველაზე სიღრმისეული პროცესები, ასევე სიღრმისეულ უხილავად რჩება მისთვის.

არადა რაც მოხდა, ფარული, მაგრამ დიდი მოვლენაა!

ზოგმა ეს დინამიკა პატრიოტიზმს მიაწერა, ზოგმა უქონელ და საზოგადოებაში არაინტეგრირებულ ახალგაზრდების შინაგან პროტესტს სისტემის და მთავრობის წინააღმდეგ, ზოგმა ეს თავშეყრები “კაიფარიკების” გასართობ ტუსოვკად მონათლა, ზოგი შეგნებული ახალგაზრდების შეგნებული სოციალური ძალისხმევით აღფრთოვანდა და ა.შ.

ახალგაზრდათა ეს დინამიკა ყველა ამ თემას ერთად მოიცავს, მაგრამ აქ ბევრად ზოგად და ინტენსიურ მოვლენას აქვს ადგილი.

მოდით გავერკვეთ.

ცხადია, რომ საქართველში, დამწყებმა კაპიტალიზმმა თავისი განვითარების აჩქარებული ტემპით ისეთ სტადიას მიაღწია, რომ საზოგადოებაში გაჩნდა სპეციფიური მოვლენა: მხოლოდ ნაწილობრივად დასაქმებული, მაგრამ პრინციპულად უქონელ ახალგაზრდა ინდივიდთა შრე – “შემოქმედებითი პრეკარიატი” (დასავლური ტერმინოლოგიით). ეს ახალგაზრდები უმთავრესად ან მოხმარებით, ან ბიუროკრატიულ სფეროში არიან დასაქმებული. მათ ყოფით-მატერიალური ხიბლების გაშლის პერსპექტივა არ გააჩნიათ, ანუ სხვა კლასის მოხმარებით ღირებულებებზე გადასვლის პერსპექტივა მათთვის არ არსებობს.

ამ შრეს თავისი შემოსავლით საკუთარი თავის შენარჩუნების შესაძლებლობა გააჩნია, მაგრამ მათი მდგომარეობა არაა სტაბილურია. დასაქმების დაკარგვის შემთხვევაში, დასავლეთში ეს შრე სოციალურად არის დაცული — ქართულ რეალობაში კი ამ ფუნქციას ოჯახი, ან ნათესავობა ასრულებს. ისე რომ, არც დასავლეთში და არც ჩვენთან ეს არასტაბილურობა კატასტროფაში არ გადადის.

აღწერილი ტიპის უქონლობა და არასტაბილურობა, ისტორიულად (მოდერნული დროის ბოლომდე) სოციალურ კატასტროფად ითვლებოდა, ანუ იმ პერიოდში როდესაც ადამიანის ერთადერთ ჭეშმარიტ მიზანს ოჯახის შექმნა, გამრავლება და მატერიალურად “ფეხზე  მყარად დადგომა” წარმოადგენდა. დღეს ეს მიზნი, როგორც იმპერატიული, მოშლილია და სწორედ ამიტომ ინდივიდის უქონლობაში და ნაწილობრივ არასტაბილობაში, განსაკუთრებულად ცუდი არაფერია, თუ რასაკვირველია ადამიანი ამ მდგომარეობის სიკეთეებს აცნობიერებს (გაიხსენეთ დიოგენე ). სარტრს სწორედ “შემოქმედებითი პრეკარიატი” მიაჩნდა უმნიშვნელოვანესად საზოგადოების შიგნით და ვეცდები ავხსნა რატომ.

ქართული, ისევე როგორც დასავლური  “შემოქმედებითი პრეკარიატის” არსებობის წესის მთავარი უპირატესობა არის — მოცალეობა, მაგრამ მოცალეობა რომელსაც “პრეკარიატის” ცნობიერების სპეციფიური ფსიქოლოგიური ფორმა იყენებს:  ამ ახალგაზრდათა ცნობიერება შეკიდებულია, ანუ არ არის დამონებული მატერიალური ცივილიზაციის მიზან/ამოცანებით. ამასთან ერთად, ამ ახალგაზრდების  ნაწილობრივი არასტაბილურობის, ანუ დასაქმების შესაძლო ხშირი გამოცვლის ფაქტი, მათ არ აძლევს საშუალებას მოდუნდნენ, რადგან გარკვეულ წილად ყოველთვის მობილიზებულ/ფოკუსირებულ მდგომარეობაში იმყოფებიან. აი ასეთი, არა მატერიალურად მიზანსწრაფული და თან შეცბუნებული ცნობიერებისთვის მოცალეობა განძად იქცევა: — ანუ მოწყვლად მდგომარეობაში აქტიური აზროვნების საფუძველად! ანუ აბსტრაქტულ/განყენებული აზროვნების და ამ ნააზრევის გადაუდებელ რეჟიმში ცხოვრებაში შეტანის შესაძლებლობად — რაც ინტენსიურად პროდუქტიული ტიპის აზროვნებაა (აკადემიურ ლოგოსთან შედარებით). მხოლოდ ასეთ აზროვნებაში დგება წარმავალობა კითხვითი ნიშნის ცენტრში! 

ასეთი ვითარების გამო, მხოლოდ “შემოქმედებით პრეკარიატს” აქვს საკუთარ თავზე და სამყაროზე რეალურად მოწყვლადი პოზიციიდან დაკვირვების შესაძლებლობა; გარკვეულ წილად კულტურაზე გულაცრუებით და ონტოლოგიურთან ახლო კავშირში.

სწორედ სოციალურ სივრცესთან პროტესტის ფონზე არსებულ ონტოლოგიურთან შეხების სურვილით იხსნება ახალგაზრდათა ამ წრის ნარკოტიკისადმი ინტერესი (მათი დამოკიდებულება ნარკოტიკისადმი არ არის ბურჟუაზიულ/მოხმარებითი, ის კვლევითია — ანტონინ არტოს, ტიმოთი ლირის გამოცდილების მაგვარად).

“შემოქმედებითი პრეკარიატის” შრიდან დასავლეთში გაფორმდა “მესამე სივრცე” — ანუ კონტრ-კულტურების ერთიანი ტერიტორია. ამ მოძრაობის საწყისი სურათი დასავლეთშიც ისეთივე იყო როგორც დღეს ჩვენთან, რაც  “დაბნეული პროტესტში” იჩენს თავს! ისეთი პროტესტი, რომელიც თავისი შინაგანი მგზნებარებით, აპროტესტებს ყველაფერს რაც კი შეიძლება ზოგადად გაპროტესტდეს ადამიანთა თანაცხოვრების ჭირვეულ ფენომენში! ეს არის თავისუფალი სულის აღშფოთება ყველაფრით (ზოგადად სოციალური კულტურის უნიათო და დამთრგუნველი ბუნებით), რაც გვაბრკოლებს, გვაძაბუნებს, გვკოჭავს და არ გვაძლევს საშუალებას ყოფიერებასთან სულიერი თამაშების ორგანულ ნაწილად ვიგრძნოთ თავი!

შემდგომ ეტაპზე ეს “დაბნეული პროტესტი” დეზინტეგრირდება და კონკრეტულ/კონტექსტუალურ  სახეებს იღებს; მაგრამ ამ გავრცობა/განშტოებების უკან, როგორც ეს სოციალურმა მეცნიერებებმა დააფიქსირეს, ყოველთვის დევს მთავარი და უზოგადესი ფილოსოფიური ტკივილიანი კითხვითი ნიშანი, პროტესტი კაცობრიობის მ თ ა ვ ა რ ი ნება/ჟინის ისტორიული დინამიკის წინააღმდეგ: — გადარჩენა/დამკვიდრების ინსტინქტზე ისტორიულად გაშენებული ცოდნის ფორმების (პრაქტიკულ-კოგნიტიური ლოგოსის ორიენტაციების) და ამ ცოდნის ფორმებიდან აღმოცენებული სახელმწიფო და რელიგიურ/ეკლესიური სტრუქტურების წინააღმდეგ, რაშიც საზოგადოების ცხოვრების წესია ჩაქსოვილი.

ასე, შემოქმედებითი პრეკარიატის “დაბნეული პროტესტიდან” გაჩნდნენ დასავლეთში ბიტნიკები, ჰიპები, პანკები, როკერები, ახალი მემარცხენეები, ჰიფსტერები და ყველა სხვა კონტრ-კულტურები. ისე რომ “მესამე სივრცის” ყველა ტიპის პროტესტი ამ ზემოდაღწერილთან უზარმაზარი ფილოსოფიური შეჭიდების ნაწილია!

ჩვენი დღევანდელი ქართული პროტესტის შემადგენელი  მიმართულია სახელმწიფოს უმთავრესი წარმომადგენლობის წინააღმდეგ (მმართველი პარტია) და მათ მიერ იდეალების დაცვის სრულ უნიათობაზე. მაგრამ, პროტესტანტებმა არ დაიახლოვეს  არც ოპოზიციის წარმომადგენლები — ისე რომ, ამ პროტესტში პოლიტიკური მხარეები უარყოფილია! ასევე ეს პროტესტი არც იმ ხალხს წყალობს ვინც თავის თავს “ეროვნულ ტრადიციებს” აკუთვნებს (ქართული მარში, ვასაძის მიმდევრები, ქართული ეკლესია) — მაშინ რა ტიპის ეროვნულობასთან გვაქვს საქმე პროტესტის შინაარსში? ეს პროტესტი, ზოგადად სოციალური მანქანის გადარჩენა/დამკვიდერბის ინსტინქტის მიერ სულიერი იდეალების გათელვაზეა მიმართული და ამ იდეალებში, როგორც აღვნიშნე დიდი სპექტრი იყრის თავს. სწორედ ასეთი სპექტრის გამო ჩვენი ახალგაზრდების დღევანდელი მოძრაობა “დაბნეული პროტესტი”-ს ხასიათს ატარებს, რაც მას ასე მნიშვნელოვანს ხდის და “მესამე სივრცის” დაბადების უტყუარ ნიშანად აქცევს!

მაგრამ ჩვენს პროტესტს, ასეთი ბუმბერაზი დასკვნის გაკეთებისთვის ჯერ არც ინტელექტი და არც გაბედულება არ ჰყოფნის და ამიტომ საკუთარი აქციების რეალურ მიზეზს სხვადასხვა საბაბამდე ახურდავებს: პატრიოტიზმი, რუსი სავარძელში, საარჩევნო სისტემის ახალი ვარიანტი და ა.შ. და ა.შ.

 “შემოქმედებითი პრეკარიატის” “დაბნეული პროტესტის” არსებობის ფაქტი სულიერად მზარდი საზოგადოების ნიშანია და ძალიან დიდი მიღწევაა (რომლის შესახებაც თავად ახალგაზრდებმა ჯერ თვითონაც არაფრი იციან ). მე პირადად ყველას გილოცავთ ამ მოვლენას, რადგან  ეხლა და ამ წუთიდან — ახალი ცხოვრება იწყება, დამიჯერეთ!

გია, რა არის პატრიოტიზმი?

ონტოლოგიურისკენ მიმავალ ბილიკზე მოძრაობისას:

დღეს და ჩემთვის პატრიოტიზმი სატრფიალო ლექსია, ლამაზი, კლასიკური წყობის და რიტმის, მორცხვად და თავდამბლად მოკლე (ლამის ტანკა, ან ჰაიკუ), ბუნებრივად დაბადებული ადამიანის გულში, ტრადიციული ცნობიერების დაბადების პერიოდში (არავის აერიოს იმ გრძნობაში პირველყოფილი თემი რომ იცავს საკუთარ თავს სხვა თემისგან); ყოველგვარ ვულგარულ გმირობას და პათეტიკას ჩამორეცხილი და პირველი სიყვარულის ფაქიზი და უბიწო ნიშნების მატარებელი. დღეს, ადამიანთა კოგნიტური წვდომის პიკებზე — პატრიოტიზმი არავის იცავს, არაფრისთვის არ იბრვის, რადგანაც ამ გრძნობის ობიექტი, გლობალურ/საზოგადოებრივი ცნობიერის უმაღლეს სართულზე, სრულიად დაცული და დაფასებულია. ეს მოიტანა ახალი დროის ინტერნაციონალურ/გლობალურმა მორალმა და თავის ბუნებრივ სინატიფეში აღადგინა ეს გულუბრყვილო და მოწყვლადი გრძნობა — ესაა პატრიოტიზმი.

პროფანულ სიბრტყეში:

“საქ-ჯოს”-კი, ზემოდ აღწერილი ნატიფი გრძნობის უხეში ზედნაშენია სოციალური სიბრიყვეების ბრძოლის ველზე. ველზე, რომლშიც სამწუხაროდ და სევდის მომგვრელად ორივე ფეხი მყარად გვაქვს ყველას ჩადგმული და ამას ვერავინ დავუძვრებით. გასავლელი გზა გასავლელია. 

ქვეყანა დღეს უამრავი გამოწვევის წინ დგას, რას გამოყოფდი, რა არის ის, რაც ყველაზე მეტად იწვევს შენს გულისტკივილს?

პირველი და უმთავრესი: ნამდვილმა ქართველებმა, აქ საქართველოში უნდა მოვიგოთ ომი, გამყიდველ, სუსტი ბუნების, მაგარამ ასევე ქართული მოდგმის არსებებთან (მათ ქართველებს ვერ ვუწოდებ), რომლებიც თავისი სისუსტის გამო (რომელსაც ცივილურ ენაზე — “ინცესტუოზური კომპლექსი” ჰქვია, რაც რუსული ერის ქრონიკული დაავადებაა) გამუდმებით პატრონს და მეუფეს ეძებენ და ამჟამად მათ ასეთ როლში რუსეთი ელანდებათ. როგორც კი საქართველო, გონივრული, “ინცესტგადაძლეული”, ერთიანი ეროვნული დამოკიდებულებით გაერთიანდება (პრიბალტების მაგალითი იდელაურია), ყველა პრობლემები ისევე გადაიჭრება, როგორც ეს ბალტიისპირეთში მოხდა. პრობლემებს პირველ რიგში ერთსულოვნების უქონლობა ბადებს. ეს არის ძირეული და უმთავრესი პრობლემა.

გია, რომ შეგეძლოს ერთი რამის შეცვლა საქართველოსთან მიმართებაში, რა იქნებოდა ეს?

ორი იტალიელი, ორი ებრაელი და ორი ქართველი მამაკაცი ცალცალკე ასეთ წყვილებად სამ უკაცრიელ კუნძულებზე დაასახლეს.

ერთი თვის შემდეგ მივიდნენ იტალიელებთან და რას ხედავენ — ერთი მამაკაცი დგას ამაყად, მეორე კი, პატარძლის სამოსში გამოწყობილი ზის მის გვერდზე მოკრძალებით და სიყვარულით შეჰყურებს პირველს. რას შვებითო ჰკითხეს. — არაფერსო, ასე ვიცვლით როლებს კვირაში ერთხელ და მოვაწესრიგეთ ცხოვრებაო.

მერე ებრაელებთან მივიდნენ და რას ხედავენ… ქალია კუნძულზე და ამ ორ კაცს უვლის და თავზე ევლება — ესიყვარულება! საიდანო? —კითხეს გაოცებულებმა. ძალიან ძნელი იყო მაგრამ ვიშოვეთო! — იყო ებრაელთა პასუხი.

ეხლა ქართველებს მიადგნენ კუნძულზე და ხედავენ ერთი ქართველი ერთ ხეზეა დაბმული, მეორე ქართველი კი მეორე ხეზე. რა არის ესო ეკითხებიან ქართველებს. — იცი მაინც ,“ნა ვსიაკი სლუჩაი” (ყოველი შემთხვევისთვის) დავიბით თავი, რამე რომ არ შეგვეშალოსო…

აი ეგეთ ჯიშს გავყრიდი საქართველოდან და ამით დავამთავრებდი ბაიყუშების მოდგმას — გადაგვარებული პატრიარქატის ნაშთ-მეტასტაზებს ქართულ ცნობიერებაში.

პოლიტიკურად მომწიფებული ერი ვართ თუ ისევ უმწიფარი?

საქმე იმაშია თუ რას ნიშნავს “პოლიტიკურად მომწიფებული”? თუ ამ სიტყვებში გაქნილობას, ჩემი პირადი, ან პარტიული ინტერესისთვის მორალის მიღმა ქმედებას და ჭკუა გადაკეტილ ძალის და ტვინის სხმევას ვგულისხმობთ — კი! — მზად კი არა და ამაში უკვე დავბრძენდით.

მაგრამ, თუ პოლიტიკა საკაცობრიო ინტერესებთან და კაცობრიობის მიზნებთან ეროვნული ინტერესების მოთხოვნების გონიერ ბალანსს ნიშნავს და მცირე კალიბრის და მეორადი ხარისხის პრობლემების დიდი მაშტაბის საჭიროებებისგან გამორჩევას (ანუ დიდ სუნთქვას), მაშინ ჯერ მოკლე შარვლებში დავრბივართ.

რა აკლია დღევანდელ საზოგადოებას და ქართულ პოლიტიკას?

“შეყვარებულებს ერთმანეთი თავისი სიყვარულის მიღმა უნდა უყვარდეთ” — ამბობს ნიცშე! ერთი პოლიტიკოსი დამანახეთ, რომელიც პოლიტიკას პოლიტიკურის მიღმა არსებულის მისაღწევად ანხორციელებდეს! ზუსტად ასეთი იყო მაჰატმა განდი — თუ შენს უკან რაღაც გაცილებით დიდი (ონტოლოგიური) არ დგას და შენ ეს დიდი არ გამოძრავებს, შენ, პოლიტიკის ცდუნებებით სავსე  ტერიტორიას ვერსდროს გაუძლებ და ავტომატურად შენში კორუფციაა დაწყებული. ამაზე გვაფრთხილებდა პლატონი და ამის გამო თვლიდა, რომ მთავრობა ფილოსოფოსებისგან უნდა შედგებოდეს! პოლიტიკა ხომ უსაზვრო შესაძლებლობაა ყველა კლასიკურ ცოდვაში ფეხის ჩასადგმელად: ძალაუფლების პირად მიზნებში ან ზედმეტი გამოყენება, საკუთარი ეგოცენრიზმის აღზევების და სხვებზე თავის მოხვევის შესაძლებლობა, ქვეყნის საკუთარ ინტერესებში მოქცევის და რა ვიცი კიდე რა არა… ¬— ანუ ყველაფერი, რაც ნებას ემორჩილება და სამყაროში კი ყველაფერი ასეთია. პოლიტიკა ნების თამაშებია, თუ ამ ნებას პერსონიფაკაციის რაიმე ელფერი დაედო — მორჩა — “კრიშკა”! არადა ასეთ  უზნეობაში გადასასვლელად წამია საჭირო! დღევანდელ საზოგადოებას და პოლიტიკას აკლია ერთი და უმთავრესი: ონტოლოგიური ფონიდან ქმედება და არა ატყეპება იმასთან “რაც არის და როგორც ვართ”.

გია, როგორ ფიქრობ, რა გამოცდილება მივეცით ძველმა თაობამ ახალ თაობას?

ნეგატიური გამოცდილება — ჩვენი შეცდომების და ჭრილობების. რისი უმთავრესი მიზეზიც გამოიხატება იმაში, რომ ჩვენი საბჭოთა წარსული და იმ დროინდელი ღირებულებები, რომლებიც ჩვენ სისხლში და ხორცში გვქონდა გამჯდარი და ზოგიერთ მათგანს “ეროვნულსაც” კი ვუწოდებდით — ფასეულად  და გამოსადეგად წარმოვიდგინეთ. ის კი არა და ბევრს ეს “ბაგაჟი” ზოგადადამიანურ ჭეშმარიტებად მიაჩნდა და მხოლოდ რუსეთის რეჟიმული წნეხიდან უნდოდათ გამონთავისუფლება. ახალი ადამიანის გააზრება ან არავის ესმოდა რას ნიშნავს, ან არ უნდოდათ, ან ეზარებოდათ. ეს იყო მეტასტაზებში გახვეული ცნობიერება (შევარდნაძის ჩამოყვანის იდეა, იდეალური მაგალითია ასეთი ცრურწმენების). წარმოდგენა არ გვქონდა, რომ ახალი ადამიანი უნდა შესდგეს, ისტორიას მოწყვეტილი, სრულიად ახალი, არასტატიური ხედვა/გააზრებების რიგით ცნობიერებაში. დღევანდელი მთავრობა ზუსტად იმ მეტასტაზის შემადგენელია და ყველაზე უარესი ისაა რომ სრულიად არ გრძნობს ამას!

შემდეგი ნეგატიური გამოცდილება იყო ახალგაზრდა, თბილისელი, კარგი (ოჯახებიდან) და ლაღი ბიჭების შეცდომა მათი მთავრობაში მოსვლის მომენტიდან, როცა მათ თავისი საკუთარი შეზღუდული კულტურული ჰორიზონტის ცხადი ხედვა სრულფასოვან მსოფლმხედველობად წარმოიდგინეს და იდეალურ ბიჭებად დაინახეს საკუთარი თავი, რომელთაც სრული მორალური უფლება ჰქონდათ ერთპიროვნულად ემართად ქვეყანა, ასე, — კუტოკ/კლანურ შეკრულად, ¬¬რადგან დარწმუნებული იყვნენ 100%-ით, რომ მათზე უკეთესი მაინც არავინ მოიძებნებოდა გარშემო! ეს არის საკუთარი თავის მიმართ სკეფსისის არ ქონა და კითხვითი ნიშნის ძალიან დიდი ნაკლებობა, ანუ ლამის ბუნებრივობამდე დასული გონორი. ეს ნაკლი სამწუხაროდ, უკვე გაზრდილ ბიჭებს დღევანდლამდე მოჰყვებათ.

ყველაზე მძიმე  გამოცდილება კი საქართველოსთვის ეკლესია გამოდგა. რომელიც ზოგადად მთვრალია, მთვრალი კაცის ბოდვებშია და კიდევ უარესი ისაა, რომ რუსულმა “ვოდკამ” დაათრო და ჭაჭის სიმთვრალეშიც კი ვერ გადმოცხოვრდა!

აი ეს სამი ძლიერი ნეგატიური გამოცდილება.

რა გამოცდილება არ გვქონდა ძველ თაობას?

უსაფუძვლობაში ცხოვრების; თავისუფლებაში ორიენტაციის; თავისუფლებაში ახალი ფასეულობების შემოქმედების და მხოლოდ დროებით მათი სამოძრაო ვექტორებად დამკვიდრების;  ზოგადად, კულტურული მატრიცების გარეშე აზროვნების. წარმოდგენა არ გვქონდა და არც გვაქვს რასაკვირველია, რისთვის და საით მოძრაობს ისტორია; პრინციპში ვერც გვექნებოდა — რადგან ეს საიდუმლო სწორედ ბოლო 30 წელიწადში გაცხადდა დასავლეთშიც, ანუ ამ მოძრაობის ეპიცენტრშიც! მაგრამ ჩვენ, დღესაც კი არ გვაქვს ამ მიმართულებით მზერა დაყენებული.

ძველი თაობის საბედისწერო შეცდომა/შეცდომები, რომლის გადახდაც ახლა გვიწევს?

ფილოსოფიურ დონეზე ეს (ქართველი) ადამიანების ცნობიერების ეგზისტენციასთან სრული ატყეპებაა, ზოგადად ეგზისტენციის მიმართ სკეფტიციზმის ნულოვანი დონე. ასეთ ფსიქიკას ინდოეთში ერთხელ დაბადებულს ეძახიან (ანუ სხეულად დაბადებულს; მეორედ დაბადება სულიერი თვითობის აღმოჩენას გულისხმობს).

ერთხელ დაბადებული საკუთარ შვილს ახალი სტატუსისკენ ვერ მიმართავს, ჰოდა ასეც გვზრდიდნენ — სხეულში სხეულად, საგნებს შორის საგნად.

დამოუკიდებლობის შემდეგ ეკლესიამ ამას ვერ უშველა — სხეულ/საგანს (ქართველ ადამიანის ცნობიერებას) ზემოდან მითის სამოსი ჩამოაფხატა და კიდევ უფრო დააშორა ადამიანი საკუთარ რეალურ არსს — სულიერის თვითობაში ჩაძირვას და სამყაროს ასეთ თვითობად განცდას.

სოციალურ დონეზე კი:

საბჭოთა კავშირიდან გამოყოლილი, ყოველგვარ კულტურას მოკლებული კარიერიზმი, სრულიად უზნეოდ ჩაბღაუჭებული და დაფუძნებული გადარჩენა/დამკვიდრების ინსტინქტზე (არ შემიძლია ამ კარიერისტებს შორის თბილისის სამხატვრო აკადემიის მორალზე ხელაღებული მესვეურები არ მოვიტანო იდეალურ მაგალითად!).

ამ ეგო/კარიერიზმმა დაანგრია ინსტიუციები — გახადა ისინი არაშემოქმედებითი, უნებისყოფო, ყოველგვარ დინამიზმს მოკლებული, გადააქცია დროში ჩარჩენილ ბუდე/მოკალათების ადგილად!

ეს კი ჩაშლილ და უპერსპექტივო სახელმწიფოს ნიშნავს.

როგორ საქართველოში ისურვებდი ცხოვრებას?

მე ვისურვებდი — სამყაროს უმთავარეს, კულტურის გადამლახველ (დამასრულებელ) მოძრაობას სრულფასოვნად ნაზიარებ საქართველოში მეცხოვრა, ამაზე მეტს საქართველოს ვერავინ ვერაფერს უსურვებს… ასეთი ერი სამყაროში ცოტაა და ჩვენ წამყვანთა შორის ვიქნებოდით!

“არამარტო პურით” თქვა იესომ და ეხლა პურზე არ მალაპარაკოთ… მშვიდობაზე, სიკეთეზე, გაძღომაზე, “კოკტეილზე ყველასთვის”… — პურისთვის და სხეულისთვის იმდენს იბრძოდა და იბრძვის ადამიანი, თან ისე მედგრად და ისე სტაბილურად ისტორიაში, მისი გადარჩენის ინსტინქტი იმდენად აღემატება ისტორიულად ყველა სხვა საარსებო რესურს, განსაკუთრებით სულიერს, რომ დღეს ეს თვითონაც ამოუვიდა მემგონი ყელში — ახალგაზრდობას ნამდვილად! დასავლეთში ეს სრულიად თვალსაჩინოა ახალგაზრდებში, რომელთა საკმაოდ დიდი ნაწილი, როგორც უკვე ვახსენე, უარყობს და უარს ამბობს სექსზე, ყველა ტიპის საკუთრებაზე, სახლ/კარზე… და ეს ახალგაზრდები კონტრ-კულტურის ნაწილი არ გეგონოთ, რომელიც ზოგადად საზოგადოებას და მის ზნე/ჩვეულებს ედგა კრიჭაში. არა, ამ ახალგაზრდებს უკვე სურთ უსხეულო, ვირტუალური მომავლის ნაწილი გახდნენ, რომელიც არცერთ ისტორიულ “დრაივს” (ნება/ჟინის მოძრაობა) არ იზიარებს და არ ჰგავს: არც გადარჩენის, არც სიამოვნების, არც მსახურების პრინციპს, არამედ უნდა, რომ იყოს “შემოქმედება/თამაშის” არსება. ჰოდა უსხეულობა (ადამიანის ბიოლოგიური საწყისის გადალახვა) ზღვარმოხსნილ შესაძლებლობებს იძლევა ამ მიმართულებით.

რას შეცვლიდი ხვალ, რომ სამყაროს დასასრული დგებოდეს?

თუ ღმერთი ვარ — “უპირობოდ გადახსნილს” შევაგრძნობინებდი ყველა ადამიანს, რომ ერთხელ მაინც ენახათ რა იდეისთვის იწვალეს და იარეს ამ ჭრილობებით გადავსებულ ისტორიის გზაზე.

გია, გვითხარი ის სიტყვები ან ფრაზები, რომლებსაც ყველაზე ხშირად იყენებ?

მე იმ ტერმინებს გამოვყოფ რომელთაც ქართულ სივრცეში აქტუალიზაცია გავუკეთე:

ირაციონალური ენთუზიაზმი — ადამიანის მგზნებარე ქმედების ფორმა, განსაკუთრებით მაშინ, როცა მისთვის ცნებათა სამყაროს ღირებულებები დევალვირებულ/გაუქმებულია, არადა სოციუმში და სოციუმისთვის უწევს მუშაობა. ნიცჩეანური მგზნებარება/პათოსი.

ყოფიერება (ონტოლოგიური არა-ალაგი)  და არსებობა (სოციალურ/კულტურული რეალობა) როგორც ბინარული წყვილი  (ჰაიდეგერი) — ამ ბინარულობას თუ სრულიად არტიკულირებულად და გამჭვირვალედ არ აცნობიერებს ადამიანი, მას ჯერ სამყაროზე არანაირი ძირეული წარმოდგენა არა გააჩნია.

უპირობო სიყვარული — ადამიანისთვის ყველაზე უცნობი სახელდებული ფენომენთა შორის. ადამიანმა ამ განცდის შესახებ არაფერი იცის, ერთის გარდა, რომ ეს განცდა ქრისტეს უმაღლესი ცოდნის ბოლო განხორციელებული ეტაპია. 

სიქვენტური ცნობიერება — ადამიანის კლასიკური ცნობიერების ჩამნაცვლებელი “დინებადი ცნობიერება” უპირობოდ გადახსნილში თვითობის ფორმით ყოფიერების ერთადაერთი შესაძლებლობა— სტატიური ნიშან/ფასეულობების  და არსებობის განცდის ფორმის მიღმა.

უცნობი მომავალი — მომავალის ახალი ფორმა, რომელსაც წარსულთან (გადარჩენა/დამკვიდრების ისტორიულ ფსიქოლოგიასთან და მის კულტურულ სხეულთან და კუდთან) კავშირი აქვს გაწყვეტილი და ხარისხობრივად არაფერი საერთო.

ადამიანი — როგორც კულტურული კონსტრუქტი და საგანთა შორის საგანი.

იდეოლოგია — როგორც გასაუქმებელი მენტალური კვანძი/პროცედურა 

არის კიდე რამდენიმე ცნება, რომელებსაც მე სპეციფიური კუთხით გავუკეთე აქტუალიზაცია ქართულ კულტურულ რეალობაში.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი