რენე დეკარტი – ფილოსოფიის დაფუძნება

0
67

დეკარტის ფილოსოფია უეჭველად პასუხობდა ფილოსოფიის რადიკალური დაფუძნების მოთხოვნილებას, რომელიც ევროპულ კულტურაში არსებობდა. საჭირო იყო ubi consistam – ურყევი საფუძველი დოქტრინის შემადგენელ ცნებათა მისაღებად. ფრანგ მოაზროვნეს ყველაზე ნაყოფიერად და შინაარსიანად თვითცნობიერების ubi consistam მიაჩნდა და სწორედ მასზე დაამყარა თავისი ფილოსოფიის მთელი კონსტრუქცია.

იდეა

დეკარტისთვის თვითცნობიერება ყოფნის ღირსებამდე ამაღლებული აზრის თვითხლებაა, თუმცა კი ის ადამიანში და მის გარეთ აზრის გარდა სხვა რეალობის არსებობასაც აღიარებს.

თვითცნობიერების პრინციპს ასევე დროში გავრცობილი მათემატიკური ინტუიცია ერთვის: სიაშკარავე, რომელიც ყველა ფილოსოფიურ დისკუსიასა და პრობლემაში ფიგურირებს, ერთგვარ სიწმინდედ იქცა. მაგრამ აქ იდეის და არა მოსაზრების სიაშკარავეზეა საუბარი. დეკარტის ხელში იდეა ნებისმიერი პრობლემისა და გადაწყვეტილებისთვის განხილვის ერთადერთ ობიექტად იქცა.

ახალი და რთული ფილოსოფია

თვითცნობიერება და სიაშკარავე ახალი, თავისებური ხიბლის მქონე ფილოსოფიის ცნებები იყო. დეკარტმა საქვეყნოდ გაითქვა სახელი და იმდროინდელი გამოჩენილი სწავლულები დიდ პატივად თვლიდნენ მასთან მეცნიერული დისკუსიის გამართვას. ბუნების მეცნიერები მექანიციზმით აღფრთოვანდნენ, ამაღლებული იდეალებით შთაგონებულნი კი სამშვინველის სულიერებას და კოსმიური მექანიციზმიდან (როგორც წყლიდან ხმელეთის) მის ამოსვლას მიესალმნენ. აზროვნების წინა ტრადიციისაგან თავისუფალი დეკარტის ფილოსოფია მაშველ რგოლად მოევლინა რელიგიურ მიმდინარეობებად და დოქტრინებად დანაწევრებულ ევროპას. ეს ფილოსოფია ორიგინალური სინთეზი იყო, რომელშიც მეცნიერული ატმოსფერო, ყოფნისა და იდეის სუარესისეული სქოლასტიკა, ოკამიზმი, ლუთერანიზმისეული თავისუფალი შეფასება და ღმერთის ყოვლისშემძლეობა იყო გაერთიანებული. კათოლიკეებსა და პროტესტანტებს, ფილოსოფოსებსა და მეცნიერებს ახლა უკვე შეეძლოთ შეთანხმება ყოვლისშემძლე უსასრულოს, სამშვინველი – აზრისა და სამყარო – მანქანის საფუძველზე.

კარტეზიანიზმის ასპექტები

უკვე აღვნიშნეთ, რომ დეკარტის ფილოსოფია სუბიექტივიზმი და მათემატიზმია. მას სხვა სახელებიც შეიძლება ეწოდოს და აქვს კიდეც სხვა სახელები. ეჭვის ცენტრალური როლისა და, აქედან გამომდინარე, შემეცნების მიმართ განსაკუთრებულად კრიტიკული მიდგომის გამო კარტეზიანიზმი თანამედროვე ფილოსოფიის კრიტიკული მიმართულების ძირითად ბირთვს წარმოადგენს. გამოცდილებასა და ტრადიციასთან მიმართებაში გონების უპირატესობის მტკიცების გამო ის რაციონალიზმია, იდეის ზედმეტად აღზევების გამო კი – იდეალიზმი. დეკარტი, მართლაც, შეიძლება მივიჩნიოთ თანამედროვე იდეალიზმის მამად. შინაგანი სამყაროს კვლევისა და ავტობიოგრაფიულობის გამო მისი ფილოსოფია ფსიქოლოგიზმია.

კარტეზიანიზმმა დიდი გავლენა მოახდინა თანამედროვე ფილოსოფიაზე, რომელიც ზოგადად სწორედ დეკარტის ფილოსოფიისთვის მისადაგებული სახელწოდებებით შეიძლება დავახასიათოთ. დეკარტის მომდევნო ფილოსოფია მასთან დაპირისპირებით, ინტეგრირებით თუ ხანდახან მისი ზედმიწევნით ზუსტად მიმდევრობით მაინც მუდამ ფრანგ ფილოსოფოსს უწევს ანგარიშს.

თეოლოგიური არბიტრარიზმი

კარტეზიანიზმმა მრავალ პრობლემაზე სცადა პასუხის გაცემა. პასუხები ყოველთვის დამაკმაყოფილებელი არ ყოფილა, მეტიც, ზოგჯერ დეკარტი თავისი პასუხებით ახალ პრობლემებს აყენებდა, რომლებიც მომდევნო თაობებს დარჩა გადასაწყვეტი. თეოლოგიური არბიტრარიზმი გონებრივ ატომებამდე ცნებათა და იდეათა დაყვანის შედეგია. სხვაგვარად შეუძლებელია იმ თეორიის ახსნა, რომლის მიხედვითაც ღმერთს იდეათა შორის დამოკიდებულების შეცვლა შეუძლია. თუ ღმერთს ძალუძს ორისა და ორის ჯამი ხუთად აქციოს, ამის ახსნა მხოლოდ ერთ შემთხვევაში შეიძლება: თუ იდეებს ატომებად გადავაქცევთ, რომლებსაც ღმერთი საკუთარი ნებით აერთებს ან განაცალკევებს. მაგრამ ამ შემთხვევაში ჭეშმარიტების ღირებულება იკარგება.

დუალიზმი და მისი აპორიები

კვლავ გადასაწყვეტი რჩება დუალიზმის პრობლემა (res extensa და res cogitans, სამშვინველი და სხეული, გრძნობა და აზრი, იდეა და გარე რეალობა); სწორედ ის განსაზღვრავს და წარმართავს აზროვნების განვითარებას დეკარტის შემდგომ და თანამედროვე ეპოქაში.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი