Carpe diem

0
242

ადამიანის ქცევას და ცხოვრების გზას  გარკვეული კანონზომიერება გააჩნია. კანონზომიერება, რომელსაც ჩვენ ხშირად ვერ აღვიქვამთ.  ზრდასრულ ადამიანს ჩამოყალიბებული აქვს ქცევის გარკვეული სტერეოტიპები, რომელთაგან გადახვევა ძალიან იშვიათად ხდება. ზოგიერთი ადამიანი მთელი ცხოვრება მიყვება არჩეულ და ჩამოყალიბებულ სტერეოტიპებს, შიში და დაცვითი მექანიზმები არ აძლევს მას საშუალებას შეცვალოს საკუთარი ქცევა, წავიდეს სხვა, ახალი, ჯერ გამოუცდელი და გაუვლელი გზით. ამიტომ არის, რომ უმრავლესობა ჩვენთაგანი უშვებს ერთსა და იმავე შეცდომებს, სტერეოტიპულად აფუჭებს ურთიერთიბებს, ეძებს და პოულობს ადამიანებს, რომლებიც მას უღალატებენ, გულს ატკენენ და კიდევ ერთხელ დაამტკიცებენ მისთვის უკვე აქსიომად ქცეულ რომელიმე მოსაზრებას, მაგალითად,  ყველა ადამიანი ბოროტია, ყველა კაცი ნაძირალაა, ან ყველა ქალი კახპაა.

დიახ, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, როდესაც ჩვენ რამეს გვიშავებენ, ამაში  ჩვენი წილი ბრალეულობაც არსებობს. რეალურად ჩვენ ძალიან იშვიათად გამოგვაქვს სათანადო გაკვეთილი გადატანილი მოვლენებიდან. ჩვენ ემოციურად განვიცდით, ვწვალობთ,  ვადანაშაულებთ სხვას ან საკუთარ თავს, ვთვლით, რომ არასწორად მოვიქეცით, რომ ასე არ უნდა გაგვეკეთებინა. მაგრამ, იშვიათად თუ ვინმე გაანალიზებს, რატომ მოიქცა ასე  (მითუმეტეს, თუ ამგვარად პირველად არ მოქცეულა), რატომ დაუშვა იგივე შეცდომა, რატომ განმეორდა ჩვეული სიტუაცია? იმიტომ, რომ ხშირად პასუხის გაგების გვეშინია. იმიტომ, რომ ადამიანს ძალიან უჭირს იყოს გულახდილი საკუთარ თავთან….თავის მოტყუება უფრო ადვილია. არა და ეს ანალიზი საჭიროა იმისათვის, რომ მან ჩაკეტილ წრეზე არ იაროს, სტერეოტიპული ქცევა არ გაიმეოროს.

ზოგჯერ, იმისათვის,  რომ ამას მიხვდე, ძლიერი სტრესი და ტკივილია საჭირო, რომელიც გამოგაფხიზლებს, ყველაფერს თავდაყირა დაგიყენებს და ცხოვრებას სხვა თვალით განახებს. ამიტომაც ამბობენ:  ყველაფერი რაც არ გვკლავს – გვაძლიერებს. მაგრამ გვაძლიერებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც სწორად გავაანალიზებთ და დასკვნებს გამოვიტანთ. არ ღირს მუდმივად ძველი შეცდომების  თან ტარება, ეს ძალიან მძიმეტვირთია, ბორკილია. ცხოვრება მეტისმეტად ხანმოკლეა ამისათვის. დასამარხი უნდა დამარხო! ადამიანმა კი ყოველთვის წინ უნდა იყუროს.

და კიდევ ერთი მარტივი რეცეპტი (თუმცა პერფექციონისტებისთვის რთულად შესასრულებელი) ბედნიერების მისაღწევად – შეეშვი პერფექციონიზმს – ცხოვრებაში არ შეიძლება ყველაფერი იდეალურად იყოს. ყველა ადამიანს აქვს სხოვრების  საკუთარი სცენარი და როდესაც საქმე ისე არ მიდის, როგორც სცენარში წერია, იგი ნერვიულობს, განიცდის და ცდილობს ცხოვრება სცენარის მიხედვით წაიყვანოს. ფიქრობს, თუ როგორ  შეიძლება ყველაფერი საუკეთესოდ გაკეთდეს. ეს ყველაფერი შფოთვას იწვევს და ართმევს ადამიანს უნარს მიიღოს სიამოვნება მიმდინარე მომენტისგან. ჩემი აზრით, ეს მთავარია – იცხოვრო ისე, რომ სრულად გრძნობდე ცხოვრებას ყოველ მომენტში, მიიღო სიამოვნება მარტივი მიზეზების გამო, გიხაროდეს საყვარელ ადამიანთან ყოფნა „აქ და ამჟამად“ და არ იყო მუდმივად დაკავებული იმაზე ფიქრით თუ რა მოხდება ხვალ, ზეგ და 10 წლის შემდეგ. ხვალემ იზრუნოს ხვალისა.

ადამიანების უმრავლესობა მთელი ცხოვრება „ცხოვრებისთვის ემზადება“ – იწყებს ახალ ცხოვრებას ორშაბათიდან, ახალი წლიდან ან ორშაბათი და პირველი რიცხვი როცა დაემთხვევა. ამ მუდმივ მზადებას და გადაუმუშავებელი წარსული შეცდომების  თან ტარებას  ადამიანი მოგონებებისა და მოლოდინის რეჟიმში გადაყავს და ცხოვრებას ართმევს. რადგან რეალურად წარსული მკვდარია,  მომავალი კი ჯერ არ დაბადებულა, არსებობს მხოლოდ აწმყო, მოცემული მომენტი, სადაც ჩვენ ვარსებობთ. ეცადეთ გამოიყენოთ ეს მომენტი სრულად. ,,კარპე დიემ”!

ავტორი თათა ბაზღაძე

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი