ჯეკ კერუაკი ,,დჰარმის მაწანწალები” ზურგჩანთების რევოლუცია

0
127

“გავჩუმდი. უცებ ძალიან შემეცოდა ადამიანები, განურჩევლად ყველა – გაცრეცილი სახეებით, განაწყენებული პირებით, ნაძალადევი მხიარულებით, წვრილმანი სიბილწეებით, დიდი დანაკრგებით, იმ უაზრო და მოსაწყენი ოხუნჯობებით, წამის შემდეგ რომ არავის ახსოვს. რა საჭიროა ეს ყველაფერი? ვიცოდი, რომ გარშემო ყველაფერს მოედო სიჩუმის ხმა, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველაფერი სიჩუმეა. ხომ შეიძლება, ერთხელაც გაგვეღვიძოს და მივხვდეთ, რომ ყველაფერი, რაც ესა და ეს გვეგონა, ესა და ეს არ არის.” – ჯეკ კერუაკი

ჯეკ კერუაკი ერთ-ერთი დიადი მაწანწალა იყო მაწანწალებს შორის. მოიკიდებდა ზურგჩანთას და თავის დარტყმულ მეგობრებთან ერთად მთელ ამერიკაში დაწანწალებდა. ამ მოგზაურობების დროს დაიწერა „გზაზე“, „დჰარმის მაწანწალები“ და „დიდი სური.“

ბიტნიკების მოძრაობა 1944 წლიდან დაიწყო. „დამსხვრეული თაობა“ (ბეატ გენერატიონ) თავის სამეგობროს პირველად ჯეკ კერუაკმა უწოდა. ბიტნიკები უარს ამბობდნენ ტრადიციულ ღირებულებებზე და მარტივი, სპონტანური ცხოვრება სურდათ.

კერუაკმა „დჰარმის მაწანწალები“ 1958 წელს გამოსცა. წიგნი ავტობიოგრაფიულია და გმირების უმრავლესობას რეალური პროტოტიპი ჰყავს. ამ დროისთვის ბიტნიკების მეფედ აღიარებული კერუაკი ბუდიზმითაა გატაცებული და მეგობრებთან ერთად მთებში დახეტიალობს.

მიუხედავად იმისა, რომ ბიტნიკების მოძრაობის დაწყებიდან რამდენიმე წელი იყო გასული, ამერიკული საზოგადოება ისევ ჩაკეტილ საზოგადოებად რჩებოდა. წიგნის ერთ-ერთი მთავარი გმირი, ჯეფი რაიდერი ამბობს:

„ბავშვობაში ორეგონში სულაც არ ვგრძნობდი თავს ამერიკელად. ჩემთვის უცხო იყო პროვინციული იდეალები, სექსთან დაკავშირებული აკრძალვები… მაგრამ შემდეგ ბუდიზმი აღმოვაჩინე და მივხვდი, რომ ადრეც მიცხოვრია, მრავალი საუკუნის წინ, ახლა კი მაშინდელი შეცდომებისა და შეცოდებებისთვის ვისჯები. ასეთი ხვედრი მერგო – დავბადებულიყავი ამერიკაში, სადაც ვერავინ ხალისობს და არავის არაფრის სწამს, განსაკუთრებით კი თავისუფლების.“

„დჰარმის მაწანწალებში“ კერუაკი ბევრს საუბრობს „სერიოზულობით დაღდასმულ სამყაროზე,“ საზოგადოების ცხოვრების მოსაწყენ სტილზე:

„ყოველ სახლში ტელევიზორთან სხედან ადამიანები, უყურებენ ერთსა და იმავე გადაცემას და ერთსა და იმავეს ფიქრობენ. ამ დროს კი მთელი პლანეტის ჯეფი რაიდერები უღრან ტყეებში დაძრწიან, რომ გაიგონონ ბუნების ძახილი, რომ განიცადონ ვარსკვლავური ნეტარება, ჩასწვდნენ ამ უსახური, უგრძნობი, გამაძღარი ცივილიზაციის წარმოშობის ბნელ საიდუმლოს.“

ბიტნიკების მოძრაობამ დიდი გავლენა მოახდინა მაშინდელ საზოგადოებაზე, მათ უამრავი მიმდევარი გამოუჩნდათ და 60-იან წლებში ჰიპების მოძრაობაში გადაიზარდა. ბევრი დღევანდელ ამერიკული თავისუფლების ღირებულებებს სწორედ მათ უმადლის.

„შეხედეთ, რამდენნი არიან ზურგჩანთამოკიდებული დჰარმის მაწანწალები, კიდით კიდემდე ავსებენ ამერიკას. ისინი უარს აცხადებენ, ხელი მოაწერონ კოლექტიურ პოზიციას, შეუერთდნენ საერთო მოთხოვნას: მოგვეცით უფლება, მოვიხმაროთ პროდუქტები, ვიშრომოთ იმისთვის, რომ მოვიხმაროთ. რა თავში იხლიან ამ უბადრუკ ხარახურას: ტელევიზორებს, მაცივრებს, ავტომობილებს – განსაკუთრებით ახალს და ძვირადღირებულს… ათასგვარ წვრილმან ნივთს, შამპუნებს, დეზოდორანტებს, ერთი კვირის შემდეგ ნაგავში რომ უნდა მოისროლო. რაში სჭირდებათ ადამიანების დასამონებლად შექმნილი ეს სისტემა: იშრომე, შექმენი, მოიხმარე, იშრომე, შექმენი, მოიხმარე… ვხედავ დიდ მომავალს – ზურგჩანთიანების დიად რევოლუციას.“

1958 წლის შემდეგ ამერიკაში ბევრი რამ შეიცვალა, თუმცა ნახევარი საუკუნის წინანდელი ამერიკული საზოგადოებიდან დღევანდელ ქართულ საზოგადოებამდე ბევრი პარალელის გავლება შეიძლება – მოძველებული მიდგომები, ტელევიზორს მიჩერებული საზოგადოება და საერთო ცხოვრების სტილი. მართალია, კერუაკი დიდი ხნის განმავლობაში არ იყო თარგმნილი, მაგრამ მაინც კარგად „მოუსწრო“ – ადამიანი, რომელიც ამ რომანს წაიკითხავს, ალბათ დაფიქრდება საკუთარ ცხოვრებაზე, ცოტა ხნით მაინც მოეშვება დიდი მიზნების დასახვას და სადმე მთაში წავა სახეტიალოდ, თანაც კერუაკი ხომ გვაფრთხილებს – „მთიდან ჩამოვარდნა შეუძლებელიაო“.

ქეთი ებიტაშვილი

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი